Thursday, September 17, 2009

ბოლშევიზმის აჩრდილი დღევანდელ საქართველოში


"კვირის პალიტრა" 2008 წლის თებერვალი



ბოლშევიზმი არის შავი ჭირი და მისკენ გახედვაც არ შეიძლება, - ედუარდ შევარდნაძე ზოგჯერ სიმართლესაც ამბობდა ხოლმე. ბოლშევიზმს ებრძოდა მთელი მსოფლიოს პროგრესული ხალხი. ამ შავ ჭირთან ბრძოლას საქართველოდანაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი შეეწირა...
ბოლშევიკებმა საქართველოში მოღვაწეობა კერძო საკუთრების დარბევით და ხალხის გაკულაკებით დაიწყეს. იმ დროიდან ხალხს ჩაუნერგეს, რომ მდიდარი ადამიანი არის ხალხის მტერი, ქვეყანაში მდიდარი უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო და სამაგიეროდ ხალხის მეგობარი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უფასო ჯანდაცვას, უფასო საგზურებს და მსგავს ღონისძიებებს არ მოაკლებს. ბოლშევიზმი და სოციალიზმი რომ შავი ჭირი და გადამდები დაავადებაა, ბოლო წლების საქართველოშიც გამოჩნდა. კონსტიტუციით დადგენილ არჩევნებს ვინ დაეძებს, ბოლო წლებში ქვეყანამ არაერთი ვადამდელი არჩევნებიც გადააგორა. სოციალიზმის ბაქტერიებიც სწორედ წინასაარჩევნოდ გააქტიურდება ხოლმე. ბოლოს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლისთვის უფასო ბედნიერება ისევ ერთ-ერთი სასურველი დაპირება აღმოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილის ამომრჩეველი 140 846 ადამინი ისევ სამადლოდ გადმოგდებული ლუკმის მომხრე იყო. პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამა მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გადახდას ითვალისწინებდა. თუმცა, რატომ, რისთვის უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ჩემი დახარჯული დენის, გაზის თუ წყლის გადასახადი ჩემთვის გაუგებარია.
შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ `მდიდარი კაცი ცუდია, ამიტომ მათ კეთილი უნდა ინებონ და 2 წლის მანძილზე დანარჩენ მოსახლეობას გადაუხადონ კომუნალური გადასახადები, ხოლო იმ მეწარმეებმა, რომლებიც ბინებს აშენებენ, კეთილი უნდა ინებონ და ყოველ აშენებულ კორპუსში 2 სართული უბინაო ხალხს უფასოდ უნდა დაურიგოს. ამ მოწოდებამ კი ქართველ ლეიბორისტთა ლიდერს 128 589 ხმა მოუტანა.
რეიტინგის მოსაპოვებლად სოციალისტური ლოზუნგები ყველაზე ეფექტიანია. რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, ამ აზროვნების შენარჩუნებას ოპოზიციასთან ერთად თავად ხელისუფლებაც ხელს უწყობს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, კახა ბენდუქიძის წყალობით ქვეყანამ ლიბერალური კურსი აიღო, მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის სოციალისტურ-ბოლშევიკური იდეოლოგიის დავიწყება საკმაოდ რთულია - საბჭოთა ადამიანს ძნელად დაავიწყებ უფასო ბედნიერებას. თუმცა, თანამედროვე ხელისუფლება იმისთვის არსებობს, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს შესაფერი ქვეყანა ააშენოს და ბოლშევიკური ჭაობიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოათრიოს. პოსტ-სოციალისტურ პოლონეთში 1989 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეხ ვალენსას პარტია სოლიდარობამ გაიმარჯვა. მაშინ, ვალენსამ უარი თქვა კომუნისტებთან ერთად მთავრობის ჩამოყალიბებაზე, 1990 წელს კი მთავრობა იძულებული გახდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვალენსამ გაიმარჯვა და თანამოაზრე ლეშეკ ბალცეროვიჩის მეშვეობით პოლონეთში სოციალისტური ეკონომიკა კაპიტალისტურად გარდაქმნა. თუმცა, მკვეთრი ლიბერალიზმი სოციალიზმგამოვლილი პოლონელების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - ვალენსას პოსტი მტკივნეულ რეფორმებს შეეწირა. სამაგიეროდ, პოლონეთის ეკონომიკა სწორ გზას დაადგა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, სოციალიზმით გაჟღენთილი ქართველებისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა დიდი პრივატიზაცია, ბიზნესმენების მომრავლება, სახელმწიფოს მიერ სოციალური პროგრამების დაუფინანსებლობა... ხელისუფლებასაც არ ეყო გამბედაობა და ბიზნესის დაწყების გამარტივების თუ გადასახადების შემცირების პარალელურად სოციალისტური პრინციპები ვერ დაივიწყა: უფასო სასადილო, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, წინასაარჩევნოდ დენის და გაზის 50 ლარიანი ვაუჩერები, სოფლად უფასოდ ხან 20 ლიტრი საწვავი და ხან უფასო 5 კუბური მეტრი შეშა 50 კილოგრამ ფქვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილს 1 060 042 ხმის შეგროვებაში და ხელმეორედ გაპრეზიდენტებაში დაეხმარა...
ამ აქციებით ხალხის მოხიბვლა ნამდვილად გამოდის, საბოლოო შედეგების მხრივ კი შედეგი ხშირად სავალალოაუფასო განათლება ხშირად გაუნათლებლობას ნიშნავს, რადგან სკოლაში მუქთად მიღებული ცოდნა თითქმის არასდროს არის საკმარისი უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად, უფასო სასწრაფოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებამ ბაზარზე კონკურენცია მოსპო - კერძო სასწრაფო დახმარების მანქანები აღარსად ჩანდნენ და სანამ სამედიცინო დაზღვევა მეტ-ნაკლებად არ ამოქმედდა და კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები კანტი-კუნტად არ გამოჩნდნენ, 03- კონკურენტი არ გააჩნდა. არაკონკურენტულმა მდგომარეობამ კი 03-ის მიმართ პრეტენზიები გაახშირა; სოფლად 20 ლიტრი საწვავის თუ 50 კილოგრამი ფქვილის ჩამორიგება მომენტალურად აძვირებს ხოლმე საწვავსაც და ფქვილსაც... დენის და გაზის ვაუჩერების დარიგება ინფლაციას უწყობს ხელს... მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და ამიტომაც, ოპოზიციის თუ ხელისუფლების ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური ლოზუნგების მიღმა ბოლშევიზმის აჩრდილი კვლავაც არხეინად დასეირნობს...

No comments:

Post a Comment