Monday, September 14, 2020

თორნიკე შენგელია „ცსკა“-ში – გაუმართლებელი ტრანსფერი თუ კარიერული წინსვლა

ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“ №2(63)


რატომ მოექცა კრიტიკის ქვეშ საქართველოს ნაკრების კაპიტანი

 გასულ თვეში სოციალურ ქსელებში თუ მედიაში ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, ესპანეთის წლევანდელი ჩემპიონის – კლუბ „ბასკონიას“ კაპიტნის თორნიკე შენგელიას ტრანსფერი გახდა. როგორც უკვე ლამის მთელმა ქვეყანამ იცის, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-სთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სწორედ ამ ტრანსფერის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტნის ლანძღვაა გაჩაღებული. შენგელიას „ამკობენ“ უამრავი ეპითეტებით – „ქვეყნის მოღალატე“, „ოკუპანტის არმიის რიგებში გადასული“, „ფულის მონა“, „უღირსი“ და კიდევ უამრავი მსგავსი...

ვინ არის ცსკა?

მოსკოვის კლუბი ცსკა (Центральный спортивный клуб армии – არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) დაფუძნებულია 1923 წელს, უშუალოდ საკალათბურთო გუნდი კი 1924 წლიდან იწყებს არსების ისტორიას. საბჭოთა პერიოდში „ცსკა“ ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იყო კავშირშიც და გამორჩეული ევროპის მასშტაბითაც.

საბჭოთა პერიოდის შემდეგაც „ცსკა“-მ რამდენჯერმე მოიგო „ევროლიგა“. 2005/06 წლის სეზონზე, ცნობილი იტალიელი მწვრთნელის – ეტორე მესინას ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, რუსეთის თასი და გახდა ევროლიგის ჩემპიონი.

2010 წელს „ცსკა“-მ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდმა ევროპაში პირველად წააგო და ეს მოხდა „კლივლენდ კავალიერსის“ ოკეანისგაღმა ტურნირის დროს.

2019 წელს კლუბმა შეძლო ევროლიგის მერვედ მოგება და მხოლოდ 1 ჩემპიონობით ჩამორჩება მადრიდის „რეალს“.

„ცსკა“-ს შემადგენლობაში მთელი პერიოდის მანძილზე ხშირად თამაშობდნენ კალათბურთელები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან. იცვლებოდნენ მწვრთნელებიც – რუსებიც და უცხოელებიც.

საინტერესოა, რომ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბიდან საკალათბურთო კლუბი უკვე დიდი ხანია სახელმწიფოს საკუთრებაში აღარ არის. 2003 წლიდან საკალათბურთო კლუბ „ცსკა“-ს მფლობელია სამთო მეტალურგიული კომპანია „ნორნიკელი“. იმ პერიოდში „ნორნიკელის“ მთავარი აქციონერი გახლდათ რუსი ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი, რომელმაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღო მონაწილეობა. პროხოროვი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ „12 წელი ხელისუფლებაში ყოფნა მეტისმეტია. რუსეთში კი ცვლილებების დროა“.

მიუხედავად კერძო საკუთრებაში გადასვლისა, კლუბს შენარჩუნებული აქვს სახელწოდება და დღემდე „არმიელებად“ მოიხსენიებენ. 2007 წლიდან კლუბის ჯერ გენერალური დირექტორი, მოგვიანებით კი პრეზიდენტია ყოფილი სპორტული ჟურნალისტი ანდრეი ვატუტინი.

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა

    
                                  

რატომ გადაწყდა შენგელიას გადასვლა ცსკა-ში?

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსკოვის საკალათბურთო კლუბი ადრეც ცდილობდა თორნიკე შენგელიას გადაბირებას, თუმცა, მანამდე ვერ მოხერხდა შეთანხმება ესპანურ კლუბ „ბასკონიასთან“. შენგელია „ბასკონიას“ რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა. მანამდე ნათამაშები აქვს: ესპანურ „ვალენსიაში“, ბელგიურ „შარლერუაში“, NBA-ს გუნდებში „ბრუკლინ ნეტსში“ და „ჩიკაგო ბულსში“, თუმცა, ამერიკის ჩემპიონატში შენგელია ვერ დამკვიდრდა და კვლავ ევროპაში გააგრძელა თამაში. აღსანიშნავია, რომ შენგელიამ „ვალენსიასთან“ ერთად შეძლო „ევროპის თასის“ მოგება 2010 წელს და უკვე კაპიტნის რანგში, 2019/2020 წლის სეზონი შენგელიამ და ბასკურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონობით დაასრულეს.

ორიოდე თვის წინ მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ თორნიკე „ბასკონიას“ დატოვებდა და სავარაუდო კლუბებს შორის „ცსკა“-ც სახელდებოდა. „ბასკონიადან“ გადასვლის მოტივი მარტივია – ესპანეთის ჩემპიონატში არაერთხელ თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებულ შენგელიას სპორტული ამბიცია აქვს, რომ მოიგოს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული – ევროლიგა. ევროლიგა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს ესპანურ „რეალს“, ერთით ნაკლებად იზეიმა ჩემპიონობა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სწორედ მოსკოვის „ცსკა“. ევროლიგის მოგების ფავორიტი კლუბებია აგრეთვე ესპანური „ბარსელონა“, ბერძნული „ოლიმპიაკოსი“, თურქული „ფენერბახჩე“, იტალიური „ოლიმპია“ (მილანი). როგორც შენგელიას აგენტისგან გაირკვა, მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“ ქართველის გადაბირების სურვილი არ ჰქონდათ, რადგან ფორვარდის პოზიციაზე, სადაც შენგელია თამაშობს, ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ. ასევე გაირკვა, რომ ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ და თურქულ „ფენერბახჩეს“ აგრეთვე არ ჰქონდათ შენგელიას შეძენის სურვილი, რადგან კლუბებს ფინანსურად არ ულხინთ. გამოირიცხა მილანიც. შენგელიას კი კონტრაქტით „ბასკონიასთან“ კიდევ 2 წელი აკავშირებდა. შესაბამისად, მისი გამოსყიდვა იაფი არ დაჯდებოდა. შექმნილ სიტუაციაში გაირკვა, რომ შენგელიას შეძენის სურვილი მოსკოვის „ცსკა“-მ გამოხატა და იაქტიურა კიდეც. ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე, ევროლიგის სამგზის გამარჯვებული, მრავალი ტიტულის მფლობელი ანდრეი ვორონცევიჩი „ცსკა“-დან წავიდა. საჭირო გახდა სხვა მძიმე ფორვარდის მოყვანა. სწორედ ასეთად მიიჩნიეს თორნიკე შენგელია და „ბასკონიადან“ გამოისყიდეს კიდეც.

ფინანსური დეტალები ყოველთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოსასყიდი თანხა 1.5 მილიონი ევროზე მეტი იყო. სულაც არ არის გასაკვირი, პოსტ-პანდემიურ და კრიზისულ პერიოდში თუკი კლუბები ამ ფაქტორის გამო ფეხს აითრევდნენ შენგელიას გადაბირებისგან. ბერძნული სააგენტო შდნა.გრ-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 წლის მანძილზე ქართველი ფორვარდი 6 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, სავარაუდოდ, თანხა გაცილებით მეტი იქნება.

„ბასკონია“ მოგებული დარჩა – მოთამაშე სარფიანად გაყიდა, დაზოგა ტოპ-მოთამაშისთვის გადასახდელი მაღალი ხელფასიც.

შეეძლო შენგელიას უარის თქმა? ცხადია, შეეძლო, თუმცა, რადგან ზუსტად არ ვიცით „ბასკონიასთან“ კონტრაქტის პირობები, არც ის ვიცით რა დონის სანქციები დაემუქრებოდა კლუბის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში. უნდა ეთქვა კი უარი? თუ გავიხსენებთ, „ბასკონიაში“ ყოფნის დროს, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და კაი ხანს არც უთამაშია. ამის მიუხედავად, „ბასკონიას“ ხელმძღვანელებს თორნიკე კლუბიდან არ გაუშვიათ.  ბასკონიას და შენგელიას შორის აშკარად თბილი ურთიერთობები იყო. ახლა კი, თორნიკეს შესაძლებლობა მიეცა, კლუბისთვის ერთგვარად სიკეთით ეპასუხა და მისი „ცსკა“-ში გადავლით „ბასკონიას“ 1.5 მლნ ევრო მიეღო.

იმავდროულად, შენგელიას ძალიანაც სურდა „ცსკა“-ში გადასვლა, რადგან როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მისი მიზანი ევროლიგის მოგებაა. ამ ტიტულის მოგების ფავორიტი გუნდები კი სულ რამდენიმეა.

გამოხმაურებების სპორტული და პოლიტიკური თვალსაზრისით

ვინც კალათბურთს უყურებს და ევროლიგის თამაშები აინტერესებს, საკამათო არ არის, რომ მოსკოვის „ცსკა“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მის შემადგენლობაში მსოფლიო დონის კალათბურთელები თამაშობენ ამერიკიდან, ბალტიისპირეთიდან, სერბეთიდან თუ ესპანეთიდან. ევროლიგის ჩემპიონატი, მსოფლიოში სიძლიერით მხოლოდ NBA-ს ჩამორჩება. „ცსკა“ კი ევროლიგის გამარჯვებულია და სურს ტიტულის დაცვა. ამბიციურ კლუბში ამბიციური მოთამაშე გადავიდა – შეიძლება მარტივად ასე შეფასდეს შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლა.

შენგელიას ტრანსფერით კმაყოფილია „ცსკა“-ს ხელმძღვანელობა და ასევე კლუბის ბერძენი მწვრთნელი.

დიმიტრის იტუდისი (მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი):

„ვფიქრობ, ჩინებული ნაბიჯი გადავდგით, ამდენად, ვულოცავ კლუბს, მის ხელმძღვანელ ანდრეი ვატუტინსა და ჩვენს მფლობელებს „ნორნიკელიდან“. ვულოცავ თოკოსაც, რომელმაც „ცსკა“-ში თამაშის უდიდესი სურვილი გამოთქვა. ჩვენ მას რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ბოლო-ბოლო ეს ტრანსფერი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, შენგელია გუნდის სხვა წევრებთან ერთად დაგვეხმარება, რათა ევროპული კალათბურთის უძლიერეს გუნდებს შორის დავრჩეთ“.

 კმაყოფილება არ დამალა შენგელიამაც:

„მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, „ცსკა“-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ“, – განაცხადა 28 წლის ქართველმა.

სპორტული თვალსაზრისით რომ თორნიკემ მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა, ცხადია, მაგრამ...

„მაგრამ“ არის ის მომენტი, რაც რუსეთს და რუსულ კლუბში თამაშს უკავშირდება. ცხადია, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მისი პოლიტიკა 2008 წლის ომის შემდეგ სულ უფრო ანტიქართულია, ამას საქართველოში ალბათ არავინ უარყოფს. მაგრამ, არის ოკუპაციის მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას გადასვლა მოსკოვურ კლუბში? შენგელიას „ცსკა“-ში გადასვლის მოწინააღმდეგეები სწორედ ამ ამბავზე ამახვილებენ ყურადღებას.

შენგელიას კრიტიკამ კამპანიური სახე მიიღო და საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციის თუ ხელისუფლების მომხრეებიდან ერთხმაში ალაპარაკდნენ. ისტერიამდე მისულ კამპანიას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“, – დაწერა ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.

ტრანსფერს სამწუხარო ფაქტი უწოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა  და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

აქვე, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკით აღფრთოვანებულებს შევახსენებთ, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი გახლდათ, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ადანაშაულებდა და ვის განცხადებებსაც ოკუპანტი რუსეთი „არგუმენტებად“ ასაღებდა უმაღლეს დონეზე.

ხიდაშელთან დაკავშირებით, შეგვიძლია გავიხსენოთ 2014 წელი, მაშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხიდაშელი ამტკიცებდა, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე, რომელსაც ბოიკოტი მრავალი ქვეყნის უმაღლესმა პირმა თუ ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა...

რაც შეეხება ოპოზიის წარმომდგენლებს და მათ მხარდამჭერებს, აქ საერთოდ ისტერიული ლანძღვა გაჩაღდა – „შენგელიას არ აქვს მორალური უფლება იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი“, ზოგი საერთოდ ნაკრებიდან მის მოკვეთას ითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა საზოგადოებას ამცნო, რომ შენგელია გადავიდა იმ კლუბში, რომელის მფლობელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროა. ამ მოსაზრებას იზიარებენ პარტიის მხარდამჭერებიც...

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკალათბურთო კლუბი „ცსკა“ არ არის თავდაცვის სამინისტროს გუნდი. მისი მფლობელი „ნორნიკელია“ და შენგელიას „გასაშავებლად“ ხალხის შეცდომაში შეყვანა მთლად კარგი საქციელი არ არის.

მას შემდეგ, რაც შენგელია საყოველთაო კრიტიკის ქვეშ მოექცა, მისი მხარდაჭერა გამოხატა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ. არველაძის თქმით, ქვეყანამ ჯერ ის უნდა გაარკვიოს რა არის წითელი ხაზი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში გადის და მერე გააკრიტიკოს ცალკეული ადამიანები, ვინც რუსულ კლუბებთან გადაწყვეტენ ურთიერთობას.

„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“, – დაწერა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე შოთა არველაძემ.

ტრანსფერს გამოეხმაურა ვეტერანი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თორნიკე კი მისი მეგობარი. მისი თქმით, თორნიკე ქვეყნის პატრიოტია და მინიმუმ სირცხვილია მის სულიკვეთებაში ეჭვის შეტანა. ნაცვლიშვილი ტრანსფერის შესახებ ამახვილებს ყურადღებას:

„ბასკონიასა“ და „ცსკა“-ს შორის განხორციელდა ჩვეულებრივი ტრანსფერი! ანუ „ბასკონიამ“ გაყიდა თავისი კუთვნილი მოთამაშე „ცსკა“-ზე, რაშიც საკმოდ სოლიდური თანხა აიღო! (ზოგადად კალათბურთში, ტრასფერი იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი მოვლენაა, ფეხბურთისგან განსხვავებით) სავარაუდოდ ფინანსური მხარის გამო დათმო „ბასკონიამ“ თორნიკე:

1) გამოინთავისუფლა მისი მაღალანაზღაურებადი ორწლიანი კონტრაქტი;

2) ტრასფერიდან სილიდური თანხა მიიღო!

ასე რომ თორნიკე თავისი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში! კითხვა: შეეძლო თუ არა თორნიკეს ხელი შეეშალა ტრანფერისთვის? სავარაუდოდ შეეძლო, მაგრამ დიდი ალბათობით რისკის ქვეშ დადგებოდა მისი არსებული კონტრაქტის პირობები „ბასკონიასთან“ და საერთოდ მისი კარიერაც. ერთი სიტყვით, დიდად თორნიკე ვერაფერს შეცვლიდა ამ მოლაპარაკებებში!“ - წერს ნაცვლიშვილი.

 „პარალელები“ და ვარაუდები შენგელიას ტრანსფერის „გასაშავებლად“

 თორნიკე შენგელიას საწინააღმდეგო კამპანიაში რამდენიმე მომენტზეა ყურადღება გამახვილებული და მისი კრიტიკოსები უამრავ პარალელებს ავლებენ სხვა სპორტსმენებთან.

 „შენგელიას მსგავსად შეეძლო „ცსკა“-ში თამაში თბილისის „დინამოს“ კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინს, მაგრამ არ გადავიდა და ღირსეულად მოიქცა“.

 შედარება უადგილოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიკოლოზ დერიუგინი თბილისის „დინამოში“ თამაშის დროსაც საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა და მოსკოვურ კლუბში გადასვლის შემთხვევაშიც იგივე სტატუსი ექნებოდა. დერიუგინმა საკუთარი კლუბის მიმართ გამოიჩინა ერთგულება და ქვეყნის პატრიოტიზმი აქ არაფერ შუაშია.

 „1992 წელს, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მანამ არ ავიდა კვარცხლბეგზე, სანამ ტაბლოზე მისი გვარის გასწვრივ GEO არ დაწერეს. შენგელიამ კი ქვეყანას უღალატა“.

 მაშინ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით არ გამოდიოდა და ამიტომ, ცხადია, კახიაშვილის საქციელი დასაფასებელია. თუმცა, კარგად გვახსოვს, რომ მომდევნო ოლიმპიადებზე კახიაშვილი საბერძნეთის სახელით მონაწილეობდა და ოლიმპიადებს იგებდა კიდეც. თორნიკე შენგელიას კი საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და არც სხვა ქვეყნის სახელით აპირებს ასპარეზობას.

 „მოსკოვის „ცსკა“ ქართველ კალათბურთელს ნაკრების თამაშებზე არ გამოუშვებს“.

 აღსანიშნავია, ორიოდე წლის წინ მიღებული რეგულაციებით, ევროლიგის მსვლელობის დროს კალათბურთელების საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა. შესაბამისად, „ბასკონიაში“ თამაშისას თორნიკე შენგელიას მოუწია საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაშის გამოტოვება. ცსკა-ში გადასვლისას კი შენგელიამ პირობა დააყენა და ერთადერთი კალათბურთელია ევროლიგაში, რომელსაც კლუბი ქვეყნის ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლას ხელს არ შეუშლის. ცხადია, როდესაც „ცსკა“-ს თამაში არ დაემთხვევა საქართველოს ნაკრების თამაშის დროს.

 პოლიტიკური კონტექსტის თავის არიდება რომ შეუძლებელია, კარგად იცის თავად „ცსკა“-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.

 „როდესაც ამ თემას ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა და პროფესიონალი სპორტსმენის არჩევანის თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა, ამან ჩემში გაოცება გამოიწვია“, – განაცხადა ვატუტინმა.

 „მოლაპარაკების პირველი დღიდან თოკოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო და ჩვენ ამაზე დავთანხმდით.

 ჩვენი ქმედებებისას პოლიტიკური მოტივებისგან ძალიან შორს ვართ, უბრალოდ, გვინდა კალათბურთი ვითამაშოთ, მატჩები მოვიგოთ და მაყურებლები გავახაროთ. მეტი არაფერი. საქართველოსა და მის ისტორიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, ამდენად, „ცსკა“-ს მატჩებზე თორნიკეს ყველა თანამემამულესაც ველით. დარწმუნებული ვარ, იმ ქართველებს, რომლებიც ჩვენი გუნდის ქომაგები არიან, ეს, პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ შეუშლით. საქართველომ მხოლოდ უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა“, – ასეთია ცსკა-ს პრეზიდენტის პოზიცია.

 ჩვენი მხრიდან კი, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ: ცხადია, რუსულ კლუბში თამაშს ევროპულ გრანდში თამაში ჯობია; ევროპულ საუკეთესო კლუბში თამაშს კი სულაც NBA-ში. მაგრამ, როდესაც არ არის უკეთესი შემოთავაზება, ვიდრე „ცსკა“-ში გადასვლაა, მორალისტობა და შორიდან გაქილიკება უადგილოა. ვუსურვოთ წარმატებები თორნიკე შენგელიას როგორც საკლუბო დონეზე, უმთავრესად კი საქართველოს ნაკრებში თამაშში. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია და საუკეთესო ფორმაში მყოფი თორნიკე უდიდესი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის.