Tuesday, November 15, 2011

სტიგ ლარსონის - „გოგონა დრაკონის ტატუთი“

რამ გადამაფიქრებინა დეტექტივების კითხვა

დეტექტივი, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და მე საჩუქრად შევიხვედრე - სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. შვედეთში მომხდარი ამბები, სადაც ნაწარმოების მთავარი გმირების მიზანი 40 წლის წინანდელი მკვლელობის გახსნა, ასევე ფინანსური მაქინატორის გამოაშკარავება და სასამართლოში შელახული რეპუტაციის აღდგენაა, საქართველოშიც ძალიან საინტერესოდ იკითხება. მეტადრე მაშინ, როდესაც „ქალთმოძულე კაცები“ (ნაწარმოების დასახელება შვედურ ორიგინალში) არც საქართველოშია დეფიციტი.

ნაწარმოებში, ვინც უარყოფით მამაკაც გმირს წარმოადგენს, ყველა „ქალთმოძულეა“. მათი „დაბალანსებაც“ დადებით -  „ქალების მოყვარულ“ გმირებს უხდებათ. თუმცა, მსხვერპლი ქალი იქნებოდა თუ კაცი, მწერლის დამსახურებით მაინც მშვენიერი დეტექტივი გამოვიდოდა.

ამ ჟანრის ნაწარმოებები კარგა ხანია არ წამეკითხა. დეტექტივები როგორ არ მიყვარდა?! აგატა კრისტის ნაწარმოებებსაც ვკითხულობდი ხოლმე და საბჭოთა მილიციელების „თავდაუზოგავი შრომის“ შედეგად გახსნილი საქმეების შესახებაც წამიკითხავს რამდენიმე თხზულება. მაგრამ, დეტექტივების მიმართ ჩემი ინტერესი დიდი ხნით მოკლა არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსმა“. მართალია, ჰოლმსის თავგადასავალი მეცხრამეტე საუკუნის პერიოდში ხდებოდა, მაგრამ კონან დოილის დამსახურებით ყოველი მოთხრობის წაკითხვისას სწორედ მაშინდელ დროში და მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში აღმოვჩნდებოდი ხოლმე - ტორფის ჭაობებშიც დავაბიჯებდი და ზურგსუკან ბასკერვილების ძაღლის სუნთქვასაც ვგრძნობდი; წვიმიანი ლონდონის ქუჩებში ჩავლილი კების ბორბლების ხმაც ჩამესმოდა და ბეიკერ სტრიტის 221/ბ-ში ფიქრებში ჩაფლული ჰოლმსის ვიოლინოს ხმაც. სხვა დეტექტივებში მსგავსი „თანამონაწილეობა“ რომ ვერ ვიგრძენი დეტექტივების კითხვას კარგა ხნით თავიც დავანებე.

რატომ დამაინტერესა „გოგონამ დრაკონის ტატუთი“

მთავარი მიზეზი, მარტივია: „მუქთა კუბოც კარგიაო“. ჰოდა, რაც წიგნი ხელში მუქთად ჩავიგდე, „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გადავშალე და კითხვას შევუდექი, სულ მალე მოთხრობის შინაარსსა და ჩემს შორის უამრავი საერთოც აღმოვაჩინე. მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი ჟურნალისტი, ეკონომიკის თემების მიმომხილველია. ჩემი ჟურნალისტური დებიუტი გაზეთის ეკონომიკის განყოფილებაში შედგა. მას შემდეგ კი, ძირითადად სწორედ ეკონომიკის თემებზე მიწევს მუშაობა. ბლუმკვისტი შვედეთში ცნობილი ჟურნალ „მილენიუმის“ რედაქტორი გახლავთ -  მართალია ნაკლებადცნობილი, მაგრამ მე საქართველოში გამომავალი ეკონომიკური ჟურნალის რედაქტორი და ჟურნალისტი ვარ; ბლუმკვისტი კოლეგებს არ ინდობს და ეკონომიკურ საკითხებზე  მომუშავე რეპორტიორების უმეტესობას აქილიკებს, მეც არამგონია ქართველი რეპორტიორების მეხოტბე ვიყო - უგუნურ ჟურნალისტებზე ჩემს დამოკიდებულებას არასოდეს ვმალავ. ჰოდა, როდესაც მიქაელ ბლუმკვისტმა თაღლით ბიზნესმენ ევენერსტრომის საქმიანობას ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა, ბიზნესმენმა კი უჩივლა და სასამართლოშიც მოუგო, ბლუმკვისტის მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდა. სწორედ, ცილისწამებაში ბრალდებულმა და სასამართლოსგან გვარიანად დაჯარიმებულმა ბლუმკვისტმა მიიღო 82 წლის ჰენრიკ ვანგერის შემოთავაზება ორმოციოდე წლის წინანდელი გაუხსნელი საქმის გამოძიებაში მონაწილეობაზე კარგი ჰონორარის სანაცვლოდ...

კიდევ ერთი საერთო, რაც ლარსონის ნაწარმოებში აღმოჩნდა, ეს მეორე მთავარი გმირის  - ჰაკერ ლიზბეთ სალანდერის საქმიანობაა. ჩემმა სამეგობრომ, ვინც „ფეისბუკის“ მომხმარებელია, იციან როგორ დამებლოკა პროფილი. მას შემდეგ, რაც პროფილი გამოვიგლოვე და მეორედ დავრეგისტრირდი ახალმა პროფილმაც პირველის ბედი გაიზიარა - ვიღაც „მანიაკი“ გადამეკიდა. იმავდროულად „იაჰუს“ ფოსტაც დამებლოკა - ეს ყველაფერი „დრაკონის ტატუიანი გოგონას“ ჰაკერული საქმიანობის წაკითხვისას კიდევ ერთხელ გამახსენდა. რომელმა დრაკონის ტატუიანმა გოგონამ მოიცალა ჩემთვის? ოცდაოთხი წლის ლიზბეთ სალანდერის მსგავსი ნიჭიერი ჰაკერი ჩემს ნაცნობებში არავინ მეგულება...

ალბათ, იმის გამო, რომ თანამედროვე ნაწარმოებებს იშვიათად ვკითხულობ, სტიგ ლარსონის „გოგონამ დრაკონის ტატუთი“ დღევანდელ დღეს განვითარებული მოვლენებითაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. მეოცე საუკუნის მწერლებისთვის არც ინტერნეტი ყოფილა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არც უახლესი ლეპტოპები და არც აიპოდი - ამ ყველაფერმა იმის საშუალება მომცა, ნაწარმოების გმირებთან ერთად აღმოვჩენილიყავი მოვლენების ეპიცენტრში. ავტორის დამსახურებაც ხომ სწორედ ესაა - მკითხველი თავის შემქნილ სამყაროში გადაათრიოს და ის ემოცია გადასდოს, რაც მთავარ გმირებს აქვთ.

მშვენივრად არის ამ დეტექტივში სხვადასხვა ჯურის ადამიანების თვისებები აღწერილი. უხამსი გარყვნილების მოყვარული ადვოკატი ბიურმანი და დანაშაულის ჩამდენი მანიაკის ქმედებები; მთავარი გმირების სასიყვარულო სცენები მწერალს კარგად აქვს აღწერილი და ნაწარმოებს რასაც ჰქვია, ალამაზებს. დასასრულიც ისეთია, რომ „ტრილოგიის“ შემდეგი ნაწილების წაკითხვის  მადას აღძრავს. საკითხავი ახლა ის არის: დაველოდო სულაკაურის გამომცემლობას, როდის გამოსცემს შემდეგ წიგნებს თუ რუსულად წავიკითხო? თანაც, იქნებ ჩემი ჰაკერის ამოცნობაშიც დამეხმაროს „მილენიუმის საგას“ დარჩენილი წიგნები?

შენიშვნები

ნაწარმოები კარგად იკითხება. ჩემი აზრით ინგლისურიდან კარგი თარგმანია, მაგრამ შვედური ვინც იცის, ორიგინალს ის უკეთ შეადარებს. თუმცა, თვალში რამდენიმე სტილისტური და კორექტული შეცდომაც მომხვდა. მომეჩვენა, რომ ნაწარმოების დასაწყისი ცოტა გაწელილი იყო, მაგრამ რაც წიგნი დავასრულე და ხელახლა გადავხედე - მშვენივრად იკითხება.

Friday, November 4, 2011

მოლაპარაკეები, მოჭიდავეები და მდუმარენი

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციამ ხალხს ლაპარაკის ახალი მიზეზი მისცა. ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება ლაპარაკი. არც არის გასაკვირი - ერთი რამ, რაც აქ თითქმის არ ეზერებათ - ლაპარაკია. ჰოდა, მოხალისე მოლაპარაკეები ალაპარაკდნენ ყველაფერზე, რაც იყო და რაც არ იყო: ბიძინამ ქართველ ჟურნალისტებს მასტერ-კლასი ჩაუტარა, ზოგი უფრო რადიკალია - ბიძინამ ქართველ ჟურნალისტებს „დაახურა“, ან კიდევ უფრო შორს წავიდა - „ბიძინამ ჟურნალისტებს ჩახადა“.

„ეს რა ნახირია, ესენი კოიოტები არიან - ამათ მკითხავი ვერ უშველით, მაგათთვის ფსიქიატრია საჭირო, ვაი და ვუი...“ ყველა ისე ლანძღავს ამ ჟურნალისტებს, თითქოს, სულ მაგათი ბრალია ნატოში რომ არ გვიშვებენ, რუსეთი რომ საქართველოდან ფეხს არ იცვლის და ამერიკულმა სიმინდმა რომ ქართული სოფლის მეურნეობა ვერ ააყვავა.

პრესკონფერენციაზე ზედმეტ აქტიურობაში და არც თუ დახვეწილი შეკითხვების დასმაში  შემჩნეულ ჟურნალისტებს ძირითადად ისევ ჟურნალისტები ლანძღავენ. ოღონდ ისინი, ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის იმედად რომ ჩუმად არიან და „გამაღიზიანებელ“ შეკითხვებს ჩურჩულითაც არ ამბობენ. ასეთი ჟურნალისტები თუ ექსპერტები სდუმან და ელიან. უსაზღვროა მათი მოლოდინი...

სამაგიეროდ, ზომაზე მეტად ხმაურობენ, მიკროფონებს ეჭიდავებიან და ცდილობენ მორიგი პასუხგაუცემლობისთვის განწირული შეკითხვა დასვან ბიძინასთან მოლოდინის რიგში არ-ჩამდგარმა ჟურნალისტებმა.

„ეს არის ჟურნალისტების საქციელი? ასეთი რამ არცერთ პრესკონფერენციაზე ხდება! ეს არის ქართველი ჟურნალისტის დონე?“ - შფოთავს ყველა.

მაგრამ, ამდენ მოლაპარაკეთაგან რატომ არავინ დასვა შეკითხვა ან პრესკონფერენციისას ან შემდეგ - ბატონო ბიძინა, ერთი საწყალი პრესკონფერენციის ორგანიზება ვერ შეძელით, სადაც ჟურნალისტებს ჭიდაობის გარეშე მიკროფონს არავინ მისცემდა  და რატომ გგონიათ რომ ქვეყნის მართვას შეძლებთ? იმ ქვეყნის მართვას, რომელსაც არც საგარეო მტერი აკლია და არც ფულზე იოლად დახურდავებული საკუთარი მოქალაქეები? ან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ნუთუ არავის აინტერესებს - რატომ აიღო საფრანგეთის მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მას რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭა? ხომ იცოდა ივანიშვილმა, მესამე ქვეყნის მოქალაქეობას თუ მოინდომებდა, საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთმეოდა?