Monday, February 20, 2012

ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ირანის საწინააღმდეგო სანქციებით

ეკოპალიტრა (20.02.2012)

ეკონომიკური სანქციების პარადოქსი

ირანი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. აშშ-სთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებმაც ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი. დასავლეთში ცდილობენ, ამ გზით ირანის ბირთვულ პროგრამებს შეუშალონ ხელი. როცა ირანმა ბირთვულ სფეროში ახალი მიღწევების შესახებ განაცხადა, რამაც დასავლეთსა და ისრაელში მღელვარება გაამწვავა, მოიმატა სამხედრო მოქმედებების ალბათობამაც. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალის გამოყენებამდე საქმე მაინც არ მივა. ძნელი სათქმელია, უშველის თუ არა სანქციების დაწესება ირანის "მორჯულებას", მაგრამ ის ხელშესახებ საერთაშორისო ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს. ფაქტია ისიც, რომ ირანის ეკონომიკა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ამ ქვეყნისთვის არც სანქციებია „უცხო ხილი".

ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან ერთად, აკრძალვები ირანის ცენტრალური ბანკის მუშაობასაც შეეხო. გამკაცრებული სანქციებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა ირანული სახელმწიფო აქტივი, მათ შორის ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები დაიბლოკა. ამერიკა წყვეტს გარიგებას ყველა ფინანსურ ინსტიტუტსა და კომპანიასთან, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ასე თუ ისე თანამშრომლობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაავალდებულა ყველა უცხოური კომპანია, რომელთა აქციებით ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობენ, წარადგინონ დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ირანულ კომპანიებთან მათი კავშირის არარსებობა.

სანქციების სავარაუდო შედეგები
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ირანის წინააღმდეგ სანქციები 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. აკრძალვები დაწესდება ნავთობპროდუქტების როგორც შესყიდვაზე, ასევე ტრანსპორტირებაზე, მათთან დაკავშირებულ საფინანსო და სადაზღვევო ოპერაციებზე. აიკრძალება ირანში ექსპორტი ნავთობქიმიური კომპლექსების ტექნოლოგიური აღჭურვისთვის, შეიზღუდება დაბანდებები ნავთობმოპოვებაში და ერთობლივი პროექტები ირანთან.

სანქციები ირანისთვის აქამდეც არაერთხელ დაუკისრებიათ. ჯერ კიდევ პრეზიდენტ რეიგანის დროს, ირანიდან აშშ-ში პროდუქციის იმპორტი აკრძალული იყო. კლინტონის პრეზიდენტობისას, 1995 წელს ქვეყნებს შორის საერთოდ ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. კლინტონის ბრძანებით, სანქციები დაემუქრა იმ უცხოურ კომპანიებსაც, რომლებიც ირანთან ვაჭრობდნენ. მოგვიანებით სანქციები შერბილდა, მაგრამ ნორმალურ ურთიერთობამდე საქმე არასდროს მისულა.
აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირი არასდროს ყოფილა ირანთან მწვავე დაპირისპირების მომხრე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული პროგრამა ამოქმედდა, ევროპელებმაც დაიწყეს ირანთან ურთიერთობის შეზღუდვა. საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ სრული ეკონომიკური ემბარგოს დაწესებას, თუმცა კომპანიებს ადაპტაციისთვის დრო დაუტოვეს და სანქციები 2012 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკასთან ყველა ურთიერთობა გაიყინება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთმა სანქციებმა ბირთვული პროგრამის გაჩერება კი არა, შესაძლოა ქვეყნის კრახი გამოიწვიოს.

წაგებულები
ცხადია, ირანისთვის ეს სიახლეები სასიამოვნო სულაც არ არის. საზღვარგარეთ ნავთობის გაყიდვა ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყაროა. მასზე სავალუტო შემოსავლის დაახლოებით 90% და ქვეყნის ბიუჯეტის 60% მოდის. სანქციები ძირითადად სწორედ ნავთობით ვაჭრობას უკავშირდება. ნავთობთან შედარებით სხვა შეზღუდვები შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი ჩაითვალოს. დღევანდელი მდგომარეობითაც ირანის ეკონომიკა მძიმე დღეშია. არადა, ემბარგო ჯერ ძალაში არც შესულა. წლის დასაწყისიდან ირანის ეროვნული ვალუტის, რიალის კურსი 20%-ით არის შემცირებული.
სანქციები ირანისთვის სახარბიელო პერსპექტივებს ნამდვილად არ ქმნის. ირანის მთელი ნავთობის ექსპორტიდან ევროკავშირის ქვეყნები დაახლოებით 20%-ს მოიხმარენ. ირანი დღე-ღამეში საშუალოდ 2,15 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდის. ნავთობის ახალი მყიდველი ქვეყნების მონახვას დრო სჭირდება; გართულდება ვაჭრობა იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც ანგარიშსწორებას აშშ დოლარით ან ევროთი ამჯობინებენ.

თუმცა ზოგიერთი ეკონომისტი ირანის ეკონომიკის კოლაფსს არ ვარაუდობს. მათი აზრით, ქვეყანაში ვალუტა სხვა წყაროებით მაინც შევა. მოსალოდნელია კონტრაბანდის აყვავება, რაც, პირველ რიგში, აჰმადინეჯადის გარემოცვას მოუტანს შემოსავალს და შესაძლოა, ეს რეჟიმი კიდევ უფრო მკვიდრადაც დარჩეს ხელისუფლებაში. თუმცა ცხადია, სანქციებით ირანი მაინც საგრძნობლად დაზარალდება, მაგრამ მარტო ნამდვილად არ დარჩება. დაზარალდებიან სანქციების შემომღებნიც. სამხრეთ ევროპის ქვეყნები: პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, რომლებსაც ისედაც უტევს სავალო კრიზისი, ირანულ ნავთობს მოიხმარენ. შესაბამისად, ამ ქვეყნებს ნავთობპროდუქტების გაძვირებაც დააზარალებთ (საბირჟო გარიგებების მიხედვით, ბარელ ნავთობზე ფასმა $118-ს მიაღწია). ამასთან, ისინი ირანისგან ნავთობპროდუქტებს ყიდულობენ და არა ნავთობს და ალბათ არც სხვა სტაბილური მომწოდებლის პოვნა იქნება ადვილი. ხარჯების გაზრდა ისედაც მწვავე კრიზისში მყოფი იტალიელებისა და ბერძნებისთვის აღმართში დაწეულ ქვას დაემსგავსება.

მოგებულები
შექმნილი ვითარება ზოგიერთი ქვეყნისთვის ხელსაყრელიცაა. რაც მთავარია, სანქციებით არაფერს მოიგებენ მისი შემომღებნი. ჩინეთი კი, ირანული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი, სულაც არ აპირებს სანქციების დამწესებლებთან მიერთებას. ირანული ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე უარს აცხადებს თურქეთიც. შესაბამისად, ჩინეთი მაქსიმალურად შეეცდება, ირანს ნავთობზე ფასი დააკლებინოს. ჩინეთი მომგებიან ვითარებაში მით უფრო აღმოჩნდება, თუკი აშშ შეძლებს და სანქციებზე აზიის დიდ ეკონომიკებს – იაპონიასა და სამხრეთ კორეას დაითანხმებს. ამერიკის დემოკრატიის დაცვის ფონდის ექსპერტ მარკ დუბოვიცის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ჩინეთმა შესაძლოა ირანულ ნავთობზე 40%-იან ფასდაკლებასაც გამოჰკრას ხელი. ასე რომ, როცა ნავთობი მთელი მსოფლიოსთვის ძვირდება, ჩინეთისთვის შესაძლოა გაიაფდეს კიდეც.

სარგებელი შესაძლოა ნახოს რუსეთმაც. მოსკოვმა აქამდეც თითქმის ყველა კრიზისის დროს იხეირა და ნავთობსა თუ გაზს მაქსიმალურ ფასად ყიდის. ე.წ. მძიმე ნავთობი, რომელსაც ირანი მსოფლიო ბაზარზე ყიდის, ქიმიურად ყველაზე ახლოს დგას რუსულ Urals-თან. ექსპერტთა აზრით, ირანული ნავთობის ჩანაცვლება შესაძლოა საუდის არაბეთმა სცადოს, მაგრამ ამ ქვეყნის ნავთობი ზედმეტად შეიცავს გოგირდს, რასაც Urals-ზე ვერ ვიტყვით.

ირანული სანქციებით შეიძლება მოიგოს BP-მაც. კომპანიის ლობისტები ცდილობენ დაარწმუნონ ამერიკელი მოხელეები და კონგრესმენები, მათთვის გამონაკლისი დაუშვან. საქმე ეხება კასპიურ შაჰ-დენიზის საბადოს, სადაც BP-ი ირანულ სახელმწიფო კომპანია Naftiran Intertrade-სთან ერთად მუშაობს. თუ გამონაკლისი მართლაც დაუშვეს, BP-ი თავის პარტნიორთან ერთად, ზემოგების მიღებას შეძლებს.

ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა
- ირანი მსოფლიოში მესამეა ნავთობის, და მეორე - ბუნებრივი აირის მარაგით.
- ირანის ეკონომიკა ერთ-ერთი უმსხვილესია აზიაში და მშპ-ის მოცულობით მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.
- ირანის ეკონომიკა ერთ-ერთ იშვიათი გამონაკლისია, რომელიც 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, 2011 წლის ჩათვლით, იზრდებოდა.