Wednesday, September 16, 2009

ინტერვიუ ვასილ კობახიძესთან

საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN), 
გადაცემა "მთელი კვირა", 2009 წლის ოქტომბერი

 

ბოლო პეროიდში ახალი ძალით გააქტიურებული თემა, რომელსაც აქტუალობა არასდროს აკლდა - საპატრიარქოს პოლიტიკის მოწინააღმდეგე ხალხის და საპატრიარქოს წარმომადგენლების დაპირისპირება. თემა, რომლის განხილვის დაწყებას ფართოდ გავრცელებული მედიის თითქმის ვერცერთი საშუალება ბედავს. ტაბუდადებულ თემებზე დღეს შეუზღუდავი მსჯელობა მხოლოდ ინტერნეტშია, თუმცა ვირტუალურ სამყაროში დაწყებული კამათის შედეგად განსხავებული აზრის პატრონებს რეალურ ცხოვრებაში სიკვდილის მუქარა არ აკლიათ. ჩვენ არ მოვერიდეთ ტაბუდადებულ თემაზე მსჯელობას და ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, სასულიერო აკადემიის ყოფილ პრორექტორს და კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი თანამდებობების ყოფილ წარმომადგენელს - ვასილ კობახიძეს. მან 2007 წელს პროტესტის ნიშნად მღვდლობაზე უარი თქვა და დღესაც აქტიურად აკრიტიკებს იმ რელიგიურ პოლიტიკას, რასაც საქართველოს საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად ეწევა.


- ჩემთვის სავალალოა ის, რომ ამ სამ წელიწადში მთლიანად საპატრიარქოს პოლიტიკა გახდა კიდევ უფრო უარესი. მიზეზიც არის ის, რომ საზოგადოება აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას და ერთადერთი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ არის რაღაცა მისტიური მოწიწება და შიში. არ არის მსჯელობა ჩვენთან საეკლესიო-საზოგადოებრივ საკითხებზე და ამიტომაც პასუხს არავინ არ სთხოვს სასულიერო პირებს და თუნდაც საპატრიარქოს, როგორც ადმინისტრაციას იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ის დგამს. უხეშად რომ ვთქვათ, გასდით და აკეთებენ იმას, რაც უნდათ. აი, რუსეთშიც კი, არის სეგმენტი მედიაში, სადაც მიდის მსჯელობა, ანალიზი და კრიტიკა ამ საკითხებზე. ჩვენს მედიაში და მთლიანად, საჯარო სივრცეში არის სრულიად ტაბუირებული.

- 1-2 კონკრეტული ფაქტი რომ მოიყვანოთ, რამაც გამოიწვია თქვენი წამოსვლა?

- ეს იყო აბსოლუტურად პრორუსული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი და კრემლი მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იყენებს რელიგიურ ფაქტორს თავის პოლიტიკაში. ყოველთვის ასე იყო, ჯერ კიდევ ცარისტული რეჟიმის დროს და შემდეგ საბჭოთა პერიოდში მართლმადიდებელი იერარქები იყვნენ კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდისტები. მათ აგზავნიდნენ საზღვარგარეთ და ისინი იქ იძლეოდნენ ინტერვიუებს და ამბობდნენ, რომ არანაირი დევნა ეკლესიისა არ არის საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირი არის ყველაზე საუკეთესო ქვეყანა რომ იცხოვროს მორწმუნემ. ასეთი ინტერვიუ საბჭოთა პერიოდში ჩვენს კათალიკოს-პატრიარქსაც მრავალჯერ აქვს მიცემული.

ეს სამწუხაროდ, გაგრძელდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, რამაც გამოიწვია ჩემი პროტესტი. მე საპატრიარქოში მეკავა მაღალი თანამდებობები. გარდა იმისა, რომ სასულიერო პირი ვიყავი, ვიყავი პატრიარქის პრესმდივანი, სასულიერო აკადემიის პრორექტორი, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიულ-კანონიკური საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რომ დავინახე, ჯერ რა თქმა უნდა შიგნით, ეკლესიის შიდა წიაღში დავიწყე ამის გაპროტესტება, მაგრამ, რომ ვერაფერი გავაწყვე, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში - საერო გაზეთებში ვცდილობდი ჩემი პროტესტის გამოხატვას.

შემდეგი მიზეზია კორუფცია. უკანონო ეკონომიკური საქმიანობა, როგორც თვითონ საპატრიარქოსი, ასევე ცალკეული სასულიერო პირების. ასევე უკანონო გარიგებები სხვადასხვა ფირმებსა და საპატრიარქოს შორის - რათა საპატრიარქო გამოეყენებინათ როგორც „კრიშა“, რადგანაც იგი იყო და არის გადასახადებისგან გათავისუფლებული. ეს ამ ფირმებისთვის იყო ძალიან მომგებიანი.

- კონკრეტულად თუ შეგიძლიათ მაგალითების დასახელება?

- ეს არის 90-იან წლებში საპატრიარქოს მიერ განხორციელებული უამრავი სავაჭრო ოპერაცია. აქედან გატანა ძვირფასი ჯართის - სპილენძის თურქეთში, იქიდან შემოტანა სიგარეტის, ალკოჰოლური სასმელების, კოკა-კოლასი, ფქვილის, ლუდის... ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული.

ასევე სულ ახლახანს მოხდა ჰუმანიტარული ფქვილით სპეკულაციის ცნობილი სკანდალი. საპატრიარქოს შემოჰქონდა როგორც ჰუმანიტარული დახმარება ფქვილი თურქეთიდან და აქ ჰყიდდა კომერციულ ფასებში. თვითონ სუბიექტები ამ ეკონომიკური აფიორების იყო როგორც საპატრიარქოს საგარეო ეკონომიკური განყოფილება, ასევე ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია. ასევე იურიდიული სუბიექტები.

საპატრიარქოში მოვიდა საბერძნეთის მაშინდელი ელჩი ბატონი ანასტასიოს კრეუკოკასი. მე ვესწრებოდი საუბარს - ვთარგმნიდი. მან უთხრა პატრიარქს, რომ „მე ბერძენი და მართლმადიდებელი ვარ და გული შემტკივა, ყველა ელჩები საქართველოში ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი საპატრიარქოს ეკონომიკური ფართომაშტაბიანი საქმიანობის მიმართ. საპატრიარქოს სახელით შემოაქვთ არაყი, სიგარეტი - იქნება როგორმე მოაგვაროთ ეს საკითხი“. პატრიარქმა გასცა პასუხი, რომ მე არაფერი ვიციო.

- იქნებ არ იცოდა?

- ეს არის გამორიცხიული, იმიტომ რომ საპატრიარქო არ არის დემოკრატიული ორგანიზაცია. ეს არის მკვეთრად იერარქიული ორგანიზაცია, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე შეეხება ფულს!
ამას ემატება კრემლის ქართული თუ სხვა წარმოშობის ბიზნესმენებისაგან ფულების აღება. ცნობილია, რომ ეს ბიზნესმენები ერთი მხრივ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, მეორე მხრივ - მათი უზარმაზარი სიმდიდრე არალეგალურად არის შექმნილი. ხდება ფულის აღება ქურდებისაგან და მერე ეკლესიების მშენებლობა, რასაც საპატრიარქოს წარმომადგენლები უტიფრად ამართლებენ!

შემდეგი საკითხი იყო რელიგიური ექსტრემიზმი და ძალადობა. სიძულვილის გაღვივება როგორც არაქართველი მოსახლეობის მიმართ, ასევე რელიგიური უმცირესობების მიმართ. მათი ცემა წლების წინ დაიწყო და ეს დღესაც გრძელდება.

- თუ მიდის ძიება ამ საქმეებზე და პასუხი თუ მოსთხოვეს ვინმეს?

- აქ, ამ სიტუაციის გაუარესების მთავარი მიზეზი არის დღევანდელი ხელისუფლება. რადგანაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მთლიანად აკრძალა კრიტიკა არამარტო მედიაში, არამედ საერთოდ. ასეთი პოლიტიკა აირჩია, რომ განადიდოს ეს ინსტიტუცია, განადიდოს ეკლესიის მმართველი ოჯახური კლანი. რამდენადაც, საქართველო ჯერჯერობით სამართლებრივი სახელმწიფო არ არის, ბუნებრივია, რომ პოლიციაც მიჰყვება ხელისუფლების პოზიციას.
არამარტო პოლიცია, არამედ ყველა გუბერნატორი, ჩინოვნიკი რეგიონების დონეზე. ეხლა ხომ სასულიერო პირი გახდა ადგილობრივი ელიტის წევრი. წინათ თუ იყო რაიკომის მდივანი, აღმასკომის მდივანი, მილიციის უფროსი, ნევთობაზის დირექტორი - ახლა ამ ელიტაში შევიდა ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი უკვე არის მოცემული რაიონის ერთ-ერთი ბობოლა; უფრო მცირე ტერიტორიული ერთეულისა - ადგილობრივი მღვდელი. მაღალი იერარქიებისადმი მთელს საქართველოში არის მისტიური მოწიწება. მაგალითად, თელავში, საბავშვო ბაღის შენობას ითხოვდა სასულიერო პირი. დაიბეჭდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერვიუ, სადაც ადამიანს ბავშვივით ეშინობა. მღვდელი აკეთებდა ძალიან მკვეთრ განცხადებებს და ხელისუფლების წარმომადგენელი კი შეშინებული ამბობდა: დიახ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ, ვაიმე და ასე შემდეგ...

- რა უნდოდათ?

- შენობის აღება უნდოდათ და აიღეს კიდეც!

- ვინმე ოპონენტი რომ იყოს, აუცილებლად გეტყოდათ - ხელისუფლება საპატრიარქოს ებრძვისო. თუნდაც ბოლოდროინდელი ამბები: თეა თუთბერიძის სკანდალი... რომ ეს ხელისუფლების შემოგდებული თემაა, რათა სახელმწიფომ ნელ-ნელა დაასუსტოს ქვეყანაში არსებული ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია - საპატრიარქო.

- ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ და რაზეც ვილაპარაკეთ ეს ქრისტიანობას არ ეხება. ეს რელიგია ხომ არ არის? ეს არის პოლიტიკა, ეკონომიკა. ჩვენთან რელიგია არის პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული. გამოიყენება იდეოლოგიაში და პოლიტიკაში. პირდაპირ აცხადებენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, კათალიკოს-პატრიარქის მეთაურობით, რომ საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგია უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანობა, რაც არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში სახარების სწავლებისა. არ შეიძლება რწმენა იდეოლოგია იყოს!

ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც არის საქართველოში, ყველა ცდილობს, რომ ეს მომგებიანი საკითხი გაამოიყენოს თავის სასარგებლოდ: როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური ჯგუფები.

ეს სისულელე, რაც თეა თუთბერიძის მიერ ინტერნეტში დადებულ იდიოტურ კლიპებს ეხება, და მასზე განცახადებას აკეთებს პრეზიდენტი, პატრიარქი, ინტელიგენცია, ახალგაზრდობა, ეს ყველაფერი როგორც ლაკმუსის ქაღალდი ძალიან კარგად წარმოაჩენს ერთი მხრივ რელიგიური თემებით სპეკულირებას, მეორე მხრივ იმ მოუთმენელ ლოდინს მრავალი პოლიტიკური ჯგუფებისა, რომ სწორედ ასეთი საკითხი წამოჭრილიყო.

ჯერ ერთი, ხელისუფლებას რომ უნდოდეს ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცა ბრალდების წამოყენება, იმდენი სერიოზული არგუმენტი და ფაქტია, რომ მაპატიეთ და რაღაცა აბსოლუტურად სულელური კლიპები საჭირო არ იყო. მეორეც - ხელისუფლებას ცალსახად აქვს მაქსიმალურად პირმოთნე დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და არა მარტო აფინანსებს, არამედ ხმარობს „პიარის“ და პროპაგანდისტულ საშუალებებისთვის. ხელისუფლების პოლიტიკაა განადიდოს როგორც პირადად პატრიარქი, ეკლესია, ასევე სხვადასხვა იერარქები და ასე შემდეგ. პიარ-მენეჯერების მთელი სისტემაა ჩართული, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს აკეთებენ: ვთქვათ, ოპერაში ჩამოდის ელენე ობრაზცოვა და მღერის კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. აქედან საპატრიარქოსი რა მიდის? არც არაფერი. „ლოცვა-კურთხევა!“. ფული და ყველაფერი სახელმწიფოსგან იხარჯება. ეს პატარა მაგალითებიც მეტყველებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას საპატრიარქოს მიმართ, რომ დავანებოთ თავი საპატრიარქოს ტელევიზიის, რადიოს და , სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას.

ამდენად, მე მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ შევარდნაძის პერიოდში არ იყო ასეთი პიროვნების კულტი პატრიარქის, როგორც არის ახლა - „ვარდების რევლულუციის“ შემდეგ. „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ეს ადამიანი აღქმულია როგორც ღმერთი.

- კი, მაგრამ, პატრიარქი თუ დაინტერესებული იყო რუსეთის პოლიტიკის გატარებით, მაშინ ცალსახად დაუჭერდა მხარს ოპოზიციას და მთავრობის დამხობას...

- პატრიარქი არის გამოცდილი პოლიტიკოსი. დაინახა რომ ოპოზიცია არის სუსტი. რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას სათავეში არ ჩაუდგებოდა. პირდაპირ დარტყმას თავის თავზე არ აიღებს. გაძლიერდეს ოპოზიცია და მაშინ დაუჭერს მხარს. ახლაც ფაქტობრივად ხომ მხარს უჭერს და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ - ირიბად. ასეთ სუსტ ოპოზიციას ღიად 26 მაისს მხარს არ დაუჭერდა.

- და მაინც, თუ რუსეთი დაინტერესებული იყო ხელისუფლების დამხობით და ამ აზრის განხორციელებაში მას ეხმარებოდა საპატრიარქო, მაშინ მარტივად შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა...

- მაგას ვამბობ, რომ არ შეიძლებოდა. პატრიარქი არის ჭკვიანი პოლიტიკოსი და ის ხედავს რომ: ერთი - ეს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ხელისუფლება და ასე ადვილად მას ვერ დაამხობ და მეორე - სიტუაცია არ არის მომწიფებული. ოპოზიცია არის სუსტი და არ არის ქვეყანაში ისეთი არეულობა რომ ხელისუფლება დაემხოს. შესაბამისი დონის არეულობა არის საჭირო. თორემ, ის, რომ პატრიარქი უსაზღვრო სიმპატიით იყო და არის შევარდნაძის მიმართ - უდავოა. მაგრამ, რატომ არ მივიდა პარლამენტში? რატომ არ დაუჭირა მხარი? დაინახა რომ მაშინ შევარდნაძის საქმე იყო წასული. თუკი ოპოზიცია და პრორუსული ჯგუფები - ალექსანდრე ებრალიძე და სხვა ძალები ისე არევენ სიტუაციას...

- საპატრიარქოს დაფინანსება. წლევანდელ ბიუჯეტში არის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი. ამას ემატება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არაერთი დაფინანსება. რამდენად უნდა ყოფნიდეს საპატრიარქოს 25 მილიონი საპატრიარქოს 1 წლის განმავლობაში?

- რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მე დავამატებდი შემდეგს: გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ოფიციალური ბრძანებულება - პატიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად შარშან 500 000 ლარი იქნა გადარიცხული. საპატრიარქო ასევე ფინანსდება კრემლის ბიზნესმენებისაგან. რუსეთიდან ფინანსდება. მაგალითად, შალვა ბრეუსი ეს ცნობილი ბიზნესმენი და კრემლის პოლიტიკოსი მრავალი წელია აფინანსებს ეკლესიას და კერძოდ ბათუმის მიტროპოლიტს. იმიტომ რომ თვითონაც ბათუმიდან არის წარმოშობით.
სოსო ორჯონიკიძე, ლუჟკოვის მოადგილე, ცნობილი კრიმინალური პოლიტიკოსი და ბიზნესმენი აფინანსებს ბორჯომ-ბაკურიანის მთავარ ეპისკოპოსს სერაფიმე ჯოჯუას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრორუსულია. ქართულიც არ იცის კარგად, რუსული აქცენტით ლაპარაკობს. ვიაჩესლავ კოვალენკოს - რუსეთის ყოფილი ელჩის ახლო მეგობარია.
ლევან ვასაძე აფინანსებს საპატრიარქოს. ასევე განსვენებული მამუკა ჯინჭარაძე. განსვენებულ ბადრი პატარკაციშვილზე აღარაფერს ვამბობ. კიდევ მრავალი საშუალო და მსხვილი ბიზნესმენი საქართველოში.

შეიძლება ითქვას, ამ ბიზნესმენებისაგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი დაფინანსება შესდის საპატრიარქოს, რაც საზოგადოებისთვის უცნობია. ეს ბიზნესმენები ზოგი თავისი ნებით აფინანსებს და ზოგი ხელისუფლების ზეწოლით. ხელისუფლება მარტო 25 მილიონს და კიდევ ასი ათასებს კი არ აძლევს, არამედ აფინანსებინებს კიდეც... სანამ ხელისუფლების კაცი იყო გოჩა ძასოხოვი, ის აფინანსებდა საპატრიარქოს, როცა ჰქონდა შაქრის წარმოება და ეს ოფიციალურად არის გამოქვეყნებული.

როცა ადამიანი ჩართავს ტელევიზორს და უყურებს რომ აჩვენებენ ჩვენს ძველ ტაძრებს და უცებ ბოლოს ამბობენ, რომ რადგან ამდენი იწვალა ქართველმა ხალხმა, მოგვეცით ერთი ლარი ჩვენ - საპატრიარქოს. ეს რა არის? ეს არის სასაცილო და ადამიანის შეურაცხყოფა. ანუ, აქ არის იაფფასიანი სპეკულაცია. იყენებს რა რელიგიურ-პატრიოტულ გრძნობებს, საპატრიარქო ცინცლავს ერთ ლარს. თან, ასეთი მომენტია: თუ ჩვენ მოგვცემ ერთ ლარს, შენი ბავშვები ბედნიერები იქნებიან. არ დაემართებათ ავადმყოფობა... ასეთ პრიმიტიულ გრძნობებზე თამაშობენ და ნამდვილად არ ჭირდებათ ეს ერთი ლარი!

განსაკუთრებით აქტიურობს ფოთის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი (რასაც ვიტყვი ეს არის ოფიციალური ინფორმაცია), რომელიც ერისკაცობაში არის 4-ჯერ ნასამართლევი ქურდობისა და თაღლითობისათვის, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში. ეს კაცი არის მონაწილე იმ სკანდალისა, როდესაც მოითხოვა, რომ სახელმწიფოს მიერ გადარიცხული ფული ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის, მისთვის პირად ანგარიშზე გადაერიცხათ. გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ თქვა უარი და ამაზე ატყდა სკანდალი. ეს გამოვიდა პრესაში. იყო სიუჟეტები ტელევიზიაშიც... გოროზიას უარი ეკლესიამ და მიტროპოლიტმა გადაიყვანა, რომ „ქრისტეს ებრძვიან“. მე თუ რაღაცაზე მაკრიტიკებ, შენ „ქრისტეს აკრიტიკებ“ და მოითხოვა ბოდიშის მოხდა. ჩემი ინფორმაციით, მერე გოროზია იძულებული გახდა, რომ ხელისუფლების ბრძანებით ბოდიში მოეხადა. დაპირისპირების პირველ ეტაპზე იყო რა მართალი, გოროზია რიხიანად გამოდიოდა და ამბობდა, რომ კანონის მიხედვით მე რატომ უნდა გადავურიცხო ამხელა თანხები პირად ანგარიშზე? მიტროპოლიტი კი ამბობდა, მე პირადი არაფერი მაქვს, ყველაფერი ეკლესიას ეკუთვნის, ჩემი პირადი ანგარიშიცო. ასე უტიფრად აცხადებდა. მაგრამ, ანაფორიანმა და წვერმოშვებულმა კაცმა რა სისულელეც არ უნდა თქვას, დღევანდელ საქართველოში, ხალხი ყველაფერს ყლაპავს. ეს არის ძალიან სამწუხარო და ამაში საპატრიარქოს რა თქმა უნდა ლომის წილი მიუძღვის, მაგრამ, დიდი დამსახურებაა ვიმეორებ, ხელისუფლების! იმიტომ, რომ მან აკრძალა მსჯელობა. 2004 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტიდან ფაქტობრივად, მედიას ინსტრუქცია მისცა, რომ შეწყვიტეთ ყოველგვარი ანალიზიც კი, კრიტიკაზე აღარ არის ლაპარაკი. ანალიტიკური სტატიებიც არ იბეჭდება რელიგიაზე. მარტო რაღაც ანგარიშები და დიდება, ქება... როგორც ბრეჟნევის დროს იყო და პლუს ამას ემატება რომ ეკლესია წარმოჩენილია ყოველდღე მოდღესასწაულო ორგანიზაციად. ხან რას დღესასწაულობს და ხან რას. ტაშ-ფანდურია. დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს განსაკუთრებული დღეა... ანუ, ასეთი მაგიურ-საკრალური დამოკიდებულების კულტივირება ხდება საზოგადოებაში და ამას ემატება ძალიან კატასტროფული მდგომარეობა კულტურული და ინტელექტუალური დონისა ჩვენი სამღვდელოების. საქართველოში დაახლოებით 3 ათასი მღვდელია ბერ-მონაზვნების ჩავთვლით. მათი განათლება აბსოლუტურად არის ნულის ტოლი. მაგრამ, მათი პროფესია არის, რომ ხალხს ასწავლონ ჭკუა, რაღაც მსოფლმხედველობა და ნერგავენ შესაბამის მსოფლმხედველობას. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ქართული სამღვდელოება არის მძიმე კულტურული პრობლემა.

სასულიერო სემინარია არსებობს ნომინალურად. ვინც განათელება საზღვარგარეთ მიიღო - ყველანი გაადგეს. იმიტომ, რომ ინტელექტუალური და განათლებული ადამიანები არ ჭირდებათ. რადგან ისინი აზროვნებენ, მათ ჭირდებათ მონები!

- გამოსავალი?

- პირველი გამოსავალი, ეს არის საჯარო სივრცეში ამ თემატიკის გადმოტანა და საჯარო განხილვის დაწყება. რატომ ვთქვი დასაწყისში, რომ „გასდით და აკეთებენ“. „დიდ ათეულთან“ დაკავშირებულ დებატებზე, რომელიც პირველ არხზე გაიმართა, ძალიან კარგად გამოჩნდა ინტელექტუალური უსუსურობა და უმწეობა საპატრიარქოს წარმომადგენლების - მთავარეპისკოპოს პეტრე ცაავასი და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის. მაშინ ვნახეთ, რომ საზოგადოება და ეს ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს. სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს და ფაქტობრივად, არის კულტურული შოკი! ამდენად, თუ კი აღარ გაუვათ, მდგომარეობა შეიცვლება. როგორ არ უნდა გაუვიდეთ? პირმოთნეობას ხელისუფლება და პოლიტიკოსები არ შეწყვეტენ, მაგრამ საზოგადოებაში მთავარი როლის შესრულება შეუძლია მედიას. ეს პირველი პრობლემა - საზოგადოების და ეკლესიის ურთიერთმიმართება გადაიჭრება. რაც შეეხება, თვითონ შიგნით ეკლესიაში გაჯანსაღებას, ამასაც შეუწყობს ხელს, თუმცა ამას დიდი ხანი დაჭირდება და მე ალბათ ვერ მოვესწრები. მაგრამ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ საზოგადოებრივი დებატების პარალელურად ნელ-ნელა მივლენ ეკლესიაში, უკვე აღარ იქნებიან ისეთი მონები და შეზღუდულები, და ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი ნაცისტები, როგორებიც არიან დღეს.

No comments:

Post a Comment