Monday, August 22, 2022

ხვიჩა კვარაცხელია და ქართველი პრაფესორები

ხვიჩა კვარაცხელიაზე იმდენი სადღეგრძელოები წავიკითხე, ერთი მეც რომ მივამატო, ალბათ არაფერი დაშავდება.

ხვიჩა უკვე კარგად გაიცნეს ნეაპოლში. კვარაცხელია სულაც ბომბარდირთა შორის ლიდერია იტალიის ჩემპიონატში. ხვიჩამ თითქმის ყველა აიძულა მის მიმართ მოწონებით განეწყონ. ფეხბურთიც რომ არ ესმით, ისინიც - ხვიჩა ახლა რეიტინგს წერს და ბევრი ცდილობს კვარაცხელიას სახელის ყვირილით თავადაც რაიმე იხეიროს...

ფეისბუკზე უამრავი რამე იწერება, უამრავი კომენტარებია, ცუდს ვერავინ ამბობს, ხვიჩამ კრიტიკოსები დაადუმა. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ეგრეა. ამ ფონზე კი ღიმილისმომგვრელია იმ ხალხის ბრტყელ-ბრტყელი ქება-დიდება, რამდენიმე თვის წინ ხვიჩას რომ ლანძღავდა - რუსეთში რატომ თამაშობსო, მერე იმიტომ ლანძღეს, ომის დაწყებისთანავე რატომ პუტინს დედა არ აგინაო, მერე „ნაპოლიში“ რომ წარადგინეს, რატომ არ თქვა საქართველო რუსეთს ოკუპირებული აქვსო, დღეს კი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, ვითომც არ ელანძღოთ.

ზოგმა „პარალელგამვლებმა ექსპერტმა“ აი, მებრძოლმა დვალიშვილმა თუკი თქვა საქართველო ოკუპირებულია, ხვიჩასაც ეგრე უნდა ეთქვაო. ერთმა „ნაღვლიანი“ პოსტიც დადო - რა დღეში ვართ, ჩვენი ოქრო ვერ შევინარჩუნეთ და იტალიაში უწევს თამაშიო...

იქით ღარიბაშვილი და მისი ფან-კლუბი აზიარებს კვარაცხელის ფოტოებს და „კვარა, კვარას“ გაიძახის, აქეთ ოპოზიცია თან აქებს და თან ჭკუას არიგებს, იცოდე, მომავალში არ გაქოცდეო...

ძვირფასებო, მთავრობაც და ოპოზიციაც, კი ცდილობთ 21 წლის ბიჭის ხარჯზეც მიიქციოთ ყურადღება და ყველაფერს აკეთებთ შესატენად, მაგრამ, მოდი რა, შეეშვით. გაანებეთ თავი. ხვიჩა ფეხბურთის სათამაშოდ არის დაბადებული და სხვა ამბებზე ნუ აფიქრებთ. მილიონობით ადამიანისთვის დიეგო მარადონა სოციალისტი, ფიდელ კასტროს ძმაკაცი და პუტინთან დაახლოებული ტიპი იყო. მაგათ ფეხბურთი არ ესმით. ვისაც ფეხბურთი ესმის, მარადონას ხსენებისას მავნებელი სოციალისტები, კომუნისტები და დიქტატორები კი არა მოგებული მუნდიალი, იტალიის ჩემპიონობა და უამრავი საფეხბურთო ტიტული, უმთავრესი კი არგენტინელი ხალხის და მთელი მსოფლიოს ირგვლივ მილიონობით გულშემატკივრის გულწრფელი სიყვარულია. მაგას ვერც ფიდელი დაჩრდილავს და ვერც პუტინთან ხელის ჩამორთმევა.

ჰოდა, ხვიჩას რომ ჭკუას არიგებთ, თქვენ რა უნდა ასწავლოთ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც თინეიჯერობისას უკვე იცოდა რა უნდოდა, საით მიდიოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ თავის უდიდეს მიზნებს უახლოვდება კიდეც. მათ შორის, რუსეთის ჩემპიონატიც კი, სწორედ მიზნის მისაღწევად რომ წაადგა, ყველა გადასარევად ხედავს. ამიტომ, მორალისტებმაც და შემტენებმაც რომ ჭკუის დარიგებას და საჯარო სადღეგრძელოებს თავი დაანებონ, დატკბნენ ხვიჩას თამაშის ცქერით, ყველაფერს აჯობებს. მაგრამ, მაგას სწორედაც რომ მორალი სჭირდება. მორალი კი დეფიციტია.



ამიტომ, ხვიჩას ვუსურვებ თავისუფლად იყოს, ითამაშოს თავისი ფეხბურთი, გაიზარდოს, მოუმატოს, „ნაპოლიშიც“ თავისი ისტორია დაწეროს და საქართველოს ნაკრებსაც დაეხმაროს. თავის დასახულ სპორტულ მიზნებს რომ მიაღწევს, მერე თუ უნდა პოლიტიკაშიც მოვიდეს და თუ უნდა კერძო ბიზნესი შექმნას, ან ის აკეთოს რაც გაუხარდება ან წყნარად და მშვიდად იცხოვროს გამომუშავებული მილიონებით. ეგ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. გაანებეთ თავი ჭკუის სწავლებას, მორალისტობას და ხვიჩას ხარჯზე ყურადღების მიქცევას.

ვისაც ფეხბურთი გესმით, აცადეთ და დატკბით ფეხბურთით. რაც მთავარია, დაუჯერეთ ხვიჩას, არ ჩაგეძინოთ, თორემ ბევრ სანახაობას გამოტოვებთ.