Saturday, October 10, 2009

ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN), 
გადაცემა "მთელი კვირა", 2009 წლის ნოემბერი

გასულ კვირას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ილია მეორის მისამართით რამდენიმე ადამიანმა 27 შეკითხვა ჩამოაყალიბა და პატრიარქისგან ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა. ზუსტად იგივე ადამიანებმა 14 შეკითხვა ხელისუფლების მისამართითაც შეადგინეს.
პატრიარქისგან და ხელისუფლებისგან პასუხების გაცემის მოთხოვნას ინტერნეტის სოციალურ ქსელში - ფეისბუქში - ორიოდე დღეში 235 მხარდამჭერი შეუერთდა. საყურადღებოა, რომ 235 ხელმოწერის შეგროვება მხოლოდ ინტერნეტში მოხერხდა და ხელისუფლების თუ საპატრიარქოს მიმართ შეკითხვებზე პასუხის მიღების მსურველები ქუჩა-ქუჩა არავის უძებნია.
შეკითხვების ერთ-ერთი ავტორი თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახლავთ, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების რისხვის ობიექტი გახდა. შეკითხვების ავტორები და ამ შეკითხვებზე პასუხის მიღების მსურველი 235 ადამიანი არც საზოგადოების ნაწილად და არც ანგარიშგასაწევ ძალად არ მიაჩნიათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს. აგრესიულია პოლიტიკოსთა თითქმის მთელი შემადგენლობა - პატრიარქის მიმართ შეკითხვა პოლიტიკოსებს არასდროს უჩნდებათ.
კონკრეტულად რას შეეხება შეკითხვები და რა გახდა პატრიარქისთვის ამ ფორმით მიმართვის მიზეზი - ბექა მინდიაშვილი რადიოჟურნალ „მთელ კვირას" ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

- ვისი იდეა იყო „შეკითხვები პატრიარქს" და რა შედეგს ელოდებით ამ შეკითხვებით?

- შეკითხვები წლების განმავლობაში არსებობს საპატრიარქოს მიმართ, ვინაიდან საპატრიარქო არის ყველაზე უფრო დახშული, ყველაზე დახურული ინსტიტუტი საქართველოში. ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ამ თვალსაზრისით დახშულია ელექტრონული მედია.
თუ კი, ვთქვათ, საპატრიარქოსთან ან რელიგიურ თემასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ პანიგირიკული ხასიათი აქვს ამა თუ იმ მედია პროდუქციას. ბეჭდვითი მედიაც ამ თვალსაზრისით ტაბუირებულია. ვინაიდან, ეს შეკითხვები არის პასუხგაუცემელი, მას შემდეგ რაც გაიხსნა ინტერნეტ-სივრცე, სადაც ცენზურა არ მოქმედებს, შემოვიდა სოციალური ქსელების კულტურა და შესაძლებელი გახდა დისკუსიების გამართვა - ეს შეკითხვები გახდა მსჯელობის და დისკუსიის საგანი.
შესაბამისად, ჩამოყალიბდა შეკითხვების მთელი სპექტრი და დაახლოებით 30 კაციანმა ჯგუფმა მოვახდინეთ ამ შეკითხვების ფორმულირება თემების მიხედვით. თემები არის დაკავშირებული საბჭოთა მემკვიდრეობასთან - ანუ რა ურთიერთმიმართებები არსებობდა საბჭოთა ხელისუფლებას და ეკლესიას შორის; რა ურთიერთკავშირი არსებობდა ტოტალიტარიზმის ეპიცენტრს - „კა-გე-ბე"-ს და საპატრიარქოს შორის და უშუალოდ პატრიარქს შორის;
შეკითხვები დაკავშირებულია ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებთან რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსეთის საპატრიარქოსთან, რომელიც უკვე ცნობილია და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ რუსეთის ეკლესიის პირველი იერარქები თანამშრომლობდნენ და დღესაც თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან; რუსეთის ეკლესია დღესაც აქტიურ იდეოლოგიურ იარარად გამოიყენება რუსეთის ხელისუფლების მიერ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე შიდა პოლიტიკურ სივრცეშიც;
დასმული შეკითხვები ასევე დაკავშირებულია საპატრიარქოს კორუფციულ საქმიანობასთან; ასევე ზოგადად, საპატრიარქოსტან მიმართებაში ქრისტიანულ მორალთან და ჰუმანიზმთან. მაშინ, როდესაც წლების განმალობაში ვაწყდებით ძალადობას საპატრიარქოს სახელით მოქმედი სასულიერო პირებისა თუ ჯგუფების მიერ - სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ თუ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მიმართ. გნაბავთ, გავიხსენოთ „ჰელოვინის" აღნიშვნა ახალგაზრდების მიერ, რომელიც სასტიკად იქნა ძალადობრივი გზით დარბეული და აღკვეთილი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს და არანაირი შეფასება ამ ქმედებას არ მოჰყოლია არც საპატრიარქოს მხრიდან და სხვათა შორის, არც ხელისუფლების მხრიდან.
შეკითხვები არის ასევე დაკავშირებული იმასთან, თუ რატომ აძლევს საქართველოს საპატრიარქო შესაძლებლობას რუსეთის საპატრიარქოს - გამოიყენოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია თუ მრევლი, რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ და რატომ არ გმობს ამას ღიად და სააჯროდ.

- დაგმობა მოიტანს რაიმე შედეგს?

- ამ შემთხვევასი დაგმობა მოიტანს იმ შედეგს, რომ საპატრიარქო ერთი მხრივ დისტანცირებას მოახდენს რუსულ პოლიტიკურ ინტერესებთან და მეორე მხრივ, საპატრიარქო რაღაცნაირად უფრო ფოკუსირებული გახდება უშუალოდ მართლმადიდებელ ოსებთან და მართლმადიდებელ აფხაზებთან დიალოგზე, საითაც მას არ გადაუდგამს წლების განმავლობაში ნაბიჯი. ესეც იწვევს ერთ შეკითხვას.
თუკი, 90-იან წლებში, მაშინ როდესაც გაჩაღებული იყო ანტიოსური კამპანია და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე იდევნებოდნენ ოსი ეროვნების მოსახლეობა, მაშინ როდესაც აფხაზებს „აფუებს" და „ჩამოთესლილებსაც" კი უწოდებდნენ, თუკი მაშინ, გამსახურდიას პერიოდში, არ აღუდგა წინ ამგვარ მასობრივ ქსენოფობიურ გამოვლინებებს საქართველოს საპატრიარქო, რატომ ფიქრობს რომ ის სამშვიდობო ხიდების გადებას მოახერხებს რუსეთთან და რაღაცნაირად ის აღადგენს კავშირებს რუსეთის ხელისუფლებასთან?
რუსეთის ხელისუფლების და რუსული ეკლესიის ერთადერთი ინტერესი არის, პირობიტად რომ ვთქვათ აღმართოს რუსული დროშა თბილისის თავზე. ამ რეალობას რომ არ ითვალისწინებს საქართველოს საპატრიარქო - ესეც ბადებს კითხვებს მის ინტერესებთან დაკავშირებით.
შეკითხვები არის დაკავშირებული წლების განმავლობაში ეკლესიის კომერციულ საქმიანობასთან. ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც კორუფციულ სახეს იძენს სასულიერო პირების, მაღალი იერარქების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა. იქნება ეს ჰუმანიტარული ტვირთის სახით შემოტანილი და აქ კომერციულ ფასებში გაყიდული საქონელი თუ სხვა საქმიანობები.

- თქვენს საწინააღმდეგოდ გამოთქმულ მოსაზრებებში ასეთი არგუმენტიც მოჰყავთ ხოლმე: რატომ ახლა, რაღა მაინცდამაინც ახლა გააქტიურდა საპატრიარქოს წინააღმდეგ ეს ჯგუფი, ვინც საპატრიარქოს შეკითხვებით მიმართა?

- ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლეა. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, მთლიანად დახშული იყო ყველა მედია საშუალებები; იმის გამო, რომ თუნდაც 2004 წელს სასულიერო სემინარიის და აკადემიის სტუდენტები ვსვამდით დაახლოებით ანალოგიურ შეკითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით და ჩაიხშო მთლიანად ჩვენი ეს მოძრაობა. იდებვებოდნენ კიდეც სტუდენტები. რამდენიმეს, ამის გამო ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. განდევნეს სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან. დასაჯეს მღვდლები. მათ შორის იყო ბასილ კობახიძე, დეკანოზი ზაზა თევზაძე, ვინც მხარი დაგვიჭირა.
მთლიანად, ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერითაც კი მოხდა არსებული პრობლემების დადუმება და მიყუჩება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთოდ ვერსად ვხვდებოდით ამ თემებზე საუბარს. ბოლო პერიოდში შესაძლებლობა მიეცათ ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ამ საკითხებით, გამოხატონ საკუთარი პოზიცია ინტერნეტ-მედიის საშუალებით, ჩემთვის ეს არსი ერთი ახსნა - რის გამოც სწორედ ახლა მოხდა ამ შეკითხვების ფორმულირება და გასაჯაროვება.
ვიმეორებ, ეს შეკითხვები არსებობდა წლების მანძილზე. ეს არის წლების მანძილზე პასუხგაუცემელი შეკითხვები. შეკითხვები დაკავშირებული წარსულთან და აწმყოსთან.
მაგრამ, ხაზგასასმელია ისიც, რომ, საზოგადოების ერთი ნაწილი ამას აღიქვამს როგორც ეკლესიის წინააღმდეგ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიად. აყალიბებს რაღაც შეთქმულების თეორიებს აბამს ამ პროცესს.
მე კი ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს არის ბრძოლა - არ შემეშინდება ამ სიტყვისა - ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ბრძოლა ქრისტიანობისთვის და არ აპირიქით. შეუძლებელია ეკლესია დაკავშირებული იყოს უსამართლობასთან, შეუძლებალია ეკლესია ერთი მხრივ მსახურებდეს სიმართლის მზეს - როგორც წმინდა მამები უწოდებენ ქრისტეს და მეორე მხრივ მსახურებდეს ბოროტების იმპერიას. ეს ორი რამ შეუთავსებელია.

- იყო ასევე „შეითხვები ხელისუფლებას". ამ შეკითხვებით არავინ გაღიზიანებულა. არადა ამ შეკითხვების ავტორები და ხელისმომწერები ერთი და იგივე ხალხია... თქვენი კომენტარი როგორია ამ შემთხვევაში?

- ერთი ფაქტორი ალბათ არის ის, რომ ხელისუფლების კრიტიკა არ არის უჩვეულო რამ. მაგრამ, საპატრიარქოს ნებისმიერი სახით კრიტიკა ყოველთვის განიხილებოდა საპატრიარქოს და ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ როგორც შეურაცხყოფა, კადნიერება, სატანიზმი და ასე შემდეგ. მე ერთ ფაქტს შეგახსენებთ, როდესაც 2005 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ფორმაზე, ისაუბრა იმაზე, რომ ის შეღავათები გათვალისწინებული უნდა იყოს რელიგიური უმცირესობებისთვისაც, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმების შესაბამისად. ისაუბრა იმაზე, რომ უნდა დაუბრუნდეს ქონება რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა - პარლამენტმა დემარში მოუწყო ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველს. ეკლესიის მხრიდან და მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდანაც ეს შეფასდა როგორც შეურაცხყოფა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

- ეს რა ქონება იყო, მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა კონფესიების მიმდევართა ქონება აქვს ხელში ჩაგდებული?

- პრობლემა ორმხრივია. სხვათა შორის ეს შეკითხვა არის დასმული გაგზავნილ შეკითხვებში როგორც პატრიარქის მიმართ, ასევე ხელისუფლების მიმართ. კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულად 5 კათოლიკური ტაძარი
დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაშია. ეს არის ცხადი უსამართლობა! ვისაც კი ეჭვი ეპარება, რომ ეს კათოლიკური ეკლესიის ისტროიული მემკვიდრეობაა, საკმარისია შეათვალიეროს ბათუმის აწ უკვე მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც თავის დროზე ზუბალაშვილების მიერ არის აგებული. მისი არქიტექტორული იერსახე მთლიანად კათოლიკურია, ისევე როგორც გორის, ქუთაისის, უდეს და ივლიტის ტაძრები, სადაც კათოლიკე სასულიერო პირების საფლავებია, კათოლიკური სკულპტურებია. ეს ერთი მხარე.
მეორე მხარე დაკავშირებულია სომხური სამოციქულო ეკლესიის ქონების და მემკვიდრეობის დაბრუნებასთან. სომხური სამოციქულო ეკლესია ითხოვს ექვს ტაძარს საქართველოს ტრერიტორიაზე. უმოქმედოა ეს ტაძრები. მე ვფიქრობ რომ 1995-1996 წლებში იყო მცდელობა ამ ტაძრების დასაკუთრებისა საპატრიარქოს მხრიდან, მაგრამ, მე ვფიქრობ რომ მაშინ ვერ მოხერხდა ეს, ვინაიდან სომხური თემი გაცილებით ძლიერია საქართველოში, ვიდრე კათოლიკური თემი და გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატეს უშუალოდ სომხეთის მხრიდან. იყო მცდელობა, რომ ჩატარებულიყო წირვა. მაგალითად, ნორაშენის ტაძარში, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე დგას და ამის შემდეგ ეს საკითხი დაიხურა. 1995 წლიდან ფაქტობრივად, ტაბუ ადევს ამ საკითხს.
ამ პროცესში უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტაძრები ინგრევა. ეს არის თბილისის არქიტექტურული მშვენებები. 2 ტაძარია უკვე დანგრეული. ერთი 1989 წელს დაინგრა, მეორე სულ ახლახანს, ერთი თვის წინ - მოღნისის სომხური ტაძარი. გუმბათი ჩამოენგრა.
ეს არის სახელმწიფოს უნიათობის და საქართველოს საპატრიარქიოს შეუწყნარებლობის შედეგი. სახელმწიფოს უნიათობაში ვგულისხმობ იმას, რომ მას არ შეუძლია გადადგას ნაბიჯი - აღადგინოს სამართლიანობა საპატრიარქოს უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ. ვინაიდან მას ჭირდება საპატრიარქოს ავტორიტეტი მისი ლეგიტიმაციის გასამყარებლად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ყოველთვის ერიდება ამ საკითხებს. მეორე მხრივ, საპატრიარქო აბსოლუტურ შეუწყნარებლობას გამოხატავს ამ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩუმი ვანდალიზმი, რომელიც ანგრევს ამ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის არა მხოლოდ სომხების კუთვნილება. ეს არის თითოეული მოქალაქის კუთვნილება და მას მოვლა-პატრონობა ჭირდება.

- შეკითხვებში საუბარია აგრეთვე გაიოზ კერატიშვილის ამბავზე - შეეხო თუ არა პირადად კათალიკოს-პატრიარქი მის საქმეს, რომ ჩამოეცილებინათ პატრიარქის პოსტზე მისი მოხვედრისგან და მოხდა მისი გადასახლება; ასევე შეკითხვებში არის მოყვანილი, რომ პატრიარქის მხიდან ხდებოდა „თვითმფრინავის ბიჭების" ბრალდების დამძიმება; ასევე შეკითხვე შეეხება რატომ არ დაიცვა პატრიარქმა მღვდელი ჩიხლაძე... ეს უკვე ჩავლილი ამბებია, მათი გადამოწმება კი რთული. ამიტომ, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინასწარვე განზრახულია პატრიარქის კომპრომეტაცია?

- „თვითმფრინავის ბიჭებბზე" არ არის ლაპარაკი... აქ ლაპარაკია, რატომ არ დაიცვა პატრიარქმა მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო და ეს ყველამ კარგად იცის. არსებობს ჩანაწერი, სადაც პატრიარქი საუბრობს იმაზე, რომ ერთადერთი იარაღი მღვდლისა, უნდა იყოს ჯვარი. ამით რაღაცნაირად ადასტურებს იმას, რომ მღვდელს ჰქონდა იარაღი და ამ ჯგუფთან გარეული იყო...

- პატრიარქს ეს პირდაპირ ხომ არ დაუდასტურებია?

- სწორედ ამიტომ არის შეკითხვა დასმული, რომ გამოხატოს პატრიარქმა თავისი პოზიცია. თუ ეს ასე არ იყო, უნდა დაასაბუთოს. ეს არის შეკითხვები, რომელიც არ ხუნდება. ისევე, როგორც არ შეიძლება შეკითხვები გახუნდეს რომელიმე ავტორიტარ მმართველთან მიმართებაში; როგორც არ შეიძლება გახუნდეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა 7 ნოემბერს ამ ფორმით და ასე სასტიკად მომიტინგეების დარბევა; ასევე არ შეიძლება გახუნდეს ნებისმიერი შეკითხვა მოქმედი პატრიარქისადმი, რომელიც წარმოიშვა მისი პატრიარქობის ჟამს.
თუმცა, ზოგადად, ისტორიული შეფასება უნდა მიეცეს საბჭოთა ხელისუფლებასთან ეკლესიის ურთიერთმიმართებას. განსაკუთრებით 1943 წელს... ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, ერთი მთავარი სურვილი გვამოძრავებს: ეს სურვილი არის ეკლესიის იმ ნაშთებისგან გათავისუფლება, რასაც საბჭოურობა ჰქვია, რასაც ტოტალიტარული კულტურა ჰქვია. მიზანი ამ შეკითხვებისა იყო სწორედ ის, რომ ეკლესია დაბრუნებოდა სახარებისეულ სწავლებას: ეს მორწმუნე ადამიანებისთვის; მეორე მხრივ კი, გათავისუფლებულიყო საბჭოთა მემკვიდრეობისაგან. სწორედ ეს ამ შეკითხვების ცენტრალური ხაზი.

- თქვენს ოპონენტებს ასეთი არგუმენტიც მოჰყავთ ხოლმე: უნდოდა თუ არა, დრო იყო მაშინ ისეთი და პატრიარქი იძულებული იყო ეთანამშრომლა საბჭოთა სუკთან. სამაგიეროდ, იმ ფარგლებში დაეცვა ქრისტიანობა, ქრისტიანი ადამიანი. ეს თანამშრომლობა თითქოს არც არის გამორიცხული და კანონზომიერადაც მიაჩნიათ ხოლმე.

- ეს პრობლემა, თანამშრომლობა საბჭოთა სამსახურებთან - არსებობდა საბჭოთა დროს ყველა რელიგიურ 
გაერთიანებასთან მიმართებაში და არსებობდა აღმოსავლეთ ევროპულ სივრცეში - ასევე რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით. 1997 წელს, რუმინეთის პატრიარქმა თეოკითისტმა განაცხადა, რომ ის მართლაც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, ტოტალიტარულ სისტემასთან; ვერ ახერხებდა მორწმუნეების დაცვას; მოინანია ეს ფაქტი და გადადგა. თუმცა, ამას მოჰყვა საპირისპირო ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან. მრევლმა მოსთხოვა მას, ამ გმირული აღიარების გამო, დარჩენილიყო მის სულიერ ლიდერად. მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს. იყო დასმული ეს შეკითხვა 1995 წლის გაფართოვებულ კრებაზე, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა იქვე მოკვდა. განაცხადეს რამდენიმე სასულიერო პირმა, რომ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან, მაგრამ ამას არ მოჰყოლია აღიარება უშუალოდ პატრიარქის მხრიდან.

- რა იცვლება ამ აღიარებით?

- იცვლება მთავარი რამ, რაც უკვე ვთქვი: შეუძლებელია ერთი მხრივ მსახურებდე განსხეულებულ პოლიტიკურ, მორალურ თუ რელიგიურ ბოროტებას და მეორე მხრივ იდგე ქრისტეს საკურთხევლის წინაშე. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, ნიმუშად ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისა, ვიღებთ ამბროსი ხელაიას მაგალითს; გრიგოლ ფერაძის უშეღავათო დამოკიდებულებას ფაშისტურ რეჟიმთან - როდესაც მან, არცერთი კონფორმისტული ნაბიჯი არ გადადგა ფაშისტურ რეჟიმთან სათანამშრომლოდ. ამბროსი ხელაიამ უკვდავი სიტყვები დაუტოვა ისტორიას, რომ მისი სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული სამშობლოს და ლეში კი კომუნისტებისთვის მიმიგდიაო...
ასეთი სულისკვეთება უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი ეკლესიისთვის. ეკლესიას ვერავინ ვესასოდეს ვერ მოერევა - მორწმუნე ადამიანისთვის ეს ასეა. ვინაიდან ეკლესიის სხეული არ არის მხოლოდ ადამიანური, სოციალური სხეული. ეს არის ღვთაებრივი სხეული, ეს არის ქრისტეს სხეული - რელიგიური სწავლებით. შეუძლებელია მას მოერიოს რაც არ უნდა დიდი იმპერია იყოს, რაც არ უნდა უზარმაზარ მილიტარისტულ ძალას ფლობდეს ის. ამიტომ, აქ, ამ თანამშრომლობაში ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ კომფორმიზმს და არა იმას, რომ რაიმე სახით გადარჩენილიყო ეკლესია. კონფორმიზმი გამოიხატებოდა კონკრეტული ფორმებით. პრივილეგიებით სასულიერო პირებისადმი საბჭოთა პერიოდში. ძვირფასი მანქანები მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო... იყვნენ უზრუნველყოფილი ცხოვრებით. აქ მერკანტილიზმია მთავარი და არა ეკლესიის გადარჩენის სურვილი.

- შეკითხვები ასევე შეეხება ლუსტრაციის კანონს. ეს საკითხი დაყენებულია როგორც პატრიარქის მიმართ დასმულ შეკითხვებში, ასევე ხელისუფლების მისამართით დასმულ შეკითხვებშიც. რატომ აქამდე არ მოხდა ამ კანონის მიღება; თქვენი აზრით, ლუსტრაცია ხელისუფლებას უფრო აშინებს თუ ეკლესიას?

- უმთავრესი ნაწილი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევაზე არის სწორედ ლუსტრაციის გზის არჩევა. ლუსტრაცია უნდა ეხებოდეს როგორც სასულიერო პირებს, ასევე მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ეს მართლაც სერიოზული და დამაფიქრებელი შეკითხვაა. ვინაიდან ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთი მხრივ ჭირდება ეკლესია დღესდღეობით მისი პოლიტიკური არსებობისთვის; ჭირდება იმისთვის, რომ გამყარებული იყოს მისი ლეგიტიმაცია - ეს შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ტრადიციაა. შეიძლება ლუსტრაციის დაწყება სწორედ ამის გამოც არ აძლევდეს ხელს, ვინაიდან, ლუსტრაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოაშკარავდება, ვინც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან;
მეორე მხრივ, თვითონ პოლიტიკურ სპექტრში რა ურთიერთმიმართებებია ჩამოყალიბებული დღესდღეობით - ჩემთვის ეს უცნობია. მაგრამ, ამ თვალსაზრისით ასეთი სტერეოტიპი არსებობს, საკმაოდ არგუმენტირებულიც - „ყოფილი სუკის აგენტები არ არსებობენ". შესაბამისად, ამ კუთხით რა პრობლემებს წავაწყდებით, ჩვენ ხომ არ ვიცით. ამიტომაც, რელიგიურ ნაწილს რომც დავანებოთ თავი, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც შესაძლოა მიუღებელი იყოს როგორც ხელისუფლების, ასევე მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის ამ პროცესის დაწყება.

- ამ შეკითხვების ღიად დასმით - რა შედეგი მიიღეთ შეკითხვების ავტორებმა, ან ქვეყანამ რა შედეგი მიიღო აქედან?

- შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, უმთავრესი რაც ჩვენ დავინახეთ არის ის, რომ საპატრიარქო არის მთლიანად მოწყვეტილი და აცდენილი თავის საფუძველს - ქრისტიანობას. ვინაიდან, ამ შეკითხვების პასუხად ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენ არა ვართ საზოგადოების წევრები, ფაქტობრივად, ჩვენ არა ვართ ადამიანები. ახლა რომ იყოს შუასაუკუნეები, საპატრიარქო ალბათ, ჩვენი ფიზიკური დასჯის მოთხოვნითაც გამოვიდოდა.
ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვები სამომავლოდ იქნება მყარი საფუძველი როგორც საჯარო სივრცის, პოლიტიკური სივრცის დესაკრალიზაციისთვის, გაჯანსაღებისთვის, ასევე ეკლესიაში რეფორმების წამოსაწყებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ეკლესიიის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ემზადებიან სამომავლოდ ეკლესიაში ქრისტიანული რეფორმების ჩასატარებლად. ასევე არიან ადამიანები პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, რომელთაც აღარ სურთ გამუდმებით სერვილისტურ, მონურ დამოკიდებულებაში იყვნენ საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ საერო ხელისუფლება მისი წიაღიდან უნდა წარმოიშვას. ვგულისხმობ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. პატრიარქს სურს რომ ის იყოს უზენაესი ხელისუფალი. რელიგიური ხომ არის და სურს იყოს ასევე საერო უმაღლესი ხელისუფალი. ეს განცხადება სხვას არაფერს ნიშნავდა.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ამ განცხადებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ უფლისწული უნდა აღზრდილიყო პატრიარქის კარზე, ხოლო მანამდე მეფის - რეგენტის უფლებით ესარგებლა პატრიარქს. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა ესარგებლა მეფის უფლებით.
თავი რომ დავანებოთ იმას, რა დამოკიდებულება აქვს დღეს რეალურად საპატრიარქოს რუსეთთან; მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი; მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური გვამია; ამ ფონზე, კი პატრიარქი აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მიმართარის კეთილგანწყობილი - ჩემთვის კითხვები აღარ რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება დღეს საქართველოს საპატრიარქო.