Monday, December 24, 2012

ტარიფები და ჰარიფები


ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ დენის და გაზის გაიაფებაზე. საპარლამენტო უმრავლესობაში მოსული „ქართული ოცნება“ ხალხს „უკეთესი ცხოვრებისთვის“ ტარიფების განახევრებას დაჰპირდა. გამოდის, დენის ფასი თუ განახევრდება, დაახლოებით 8-9 თეთრი უნდა ღირდეს. ასეთი ფასი დენზე თბილისში 2000 წელს იყო და ნამდვილად არ და ვერ მოიხმარდნენ თბილისელები უფრო მეტს, ვიდრე დღევანდელ „ძვირ“ დენს. მიზეზი – მაშინ ბევრად ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ და „იაფ დენსაც“ ნაკლებს ყიდულობდნენ.

საინტერესოა, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასი 2006 წლიდან, ხოლო გაზზე კი 2006 წლიდან არ შეცვლილა. მას შემდეგ ენერგორესურსები საკმაოდ გაძვირდა. 2005 წელს მაგალითად, ბენზინი „რეგულარი“ დაახლოებით 1,4 ლარი ღირდა, დღეს 2,1 ლარი ღირს.

რამდენად რეალურია „ძველი კაი ფასების“ დაბრუნება უკეთესად ცხოვრებისთვის – მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითიც გამოდგება.

1910 წელს ამერიკაში ღირდა: 1 კგ-იანი პური 5 ცენტი, საფოსტო მარკა 2 ცენტი, საშუალო სახლი 4000 დოლარი, ჩვეულებრივი ავტომობილი 500 დოლარი, ქილა კოკა-კოლა 5 ცენტი, კინოს ბილეთი 7 ცენტი, 12 ცალი კვერცხი 34 ცენტი, კილოგრამი ფქვილი 6 ცენტი, ფოტოაპარატი 7 დოლარი, სააბაზანო ხალათი 1,74 დილარი, ქოლგა 1,29 დოლარი, კილოგრამი ხორცი 40 ცენტი...

და რა? ნებისმიერი ამერიკელისთვის ძალიან ხელმისაწვდომი გვგონია მაშინდელი ფასები? მაშინდელი საშუალო ხელფასი წლის მანძილზე მხოლოდ 963 დოლარი იყო...

და მაინც, როდესაც საქართველოში ადამიანებს სურთ მეტი ელექტროენერგიის ან მეტი გაზის ყიდვა, დენი და გაზი უნდა გაიაფდეს თუ ამ ადამიანის შემოსავალი უნდა გაიზარდოს?

თავის დროზე, ამერიკელმა მეწარმემ, ჰენრი ფორდმა თავისი პირველი სერიული ავტომობილი „მოდელი ტი“ 1908 წელს რომ გამოუშვა, ღირებულება $850-ით განისაზღვრა, მას შემდეგ რაც სერიულმა წარმოებამ და ფორდს 1916-1917 წლებში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 785 432 ცალამდე გააზრდევინა, ერთი ახალი მანქანის ფასი 350$-მდე შეამცირა. თუმცა, ეს 350 დოლარიც არ იყო ის ფასი, რაც ყველა ამერიკელს ახალი მანქანის ყიდვის საშუალებას მისცემდა.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ახალი „ფორდი ფიესტა“ მინიმუმ $10.000 მაინც ღირს და გაცილებით მეტ ამერიკელს შეუძლია ბევრად ძვირი „ფიესტას“ შეძენა, ვიდრე ეს 1917 წელს „მოდელი ტი“-ს $350-ად შეეძლოთ. რატომ?

ამერიკელთა კეთილდღეობა შემოსავალთან ერთად იზრდებოდა იმის მიუხედავად, რომ პროდუქციაც ძვირდებოდა. საშუალო ხელფასი აშშ-ში 1950 წელს 203 დოლარი იყო თვეში, 2011 წელს დაახლოებით 4.000 დოლარი. ბენზინის ფასებს რომ შევადაროთ, 1 თვის ხელფასით ამერიკელი 1950 წელს ყიდულობდა 4213 ლიტრ საწვავს, 2010 წელს კი 4375 ლიტრს.

ასე რომ, ადამიანმა რომ ესა თუ ის პროდუქტი იყიდოს, სჭირდება ფული. თუ საკმარისი ფული არ აქვს, მაშინ ან მეტი უნდა იშოვოს, ან პროდუქტი უნდა იყოს იაფი. სხვა კანონიერი გზა უბრალოდ არ არსებობს.

შემოსავლის გაზრდას მინიმუმ მეტი შრომა სჭირდება იმ სამსახურში, სადაც მუშაობ. თუ მეტ ხელფასს არ გიხდიან, მაშინ ისეთი სამსახურის მონახვაა საჭირო, სადაც მეტს გამოიმუშავებ. თუმცა, პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ამომრჩეველს უფრო მარტივ გზას ჰპირდება – შენ არ გინდა უკეთეს შემოსავლიანი სამსახურის ძებნა და მეტი მუშაობა, ამირჩიე მე, მოვალ ხელისუფლებაში და გავაიაფებთ დენს და გაზს, გავაიაფებთ საწვავს და დღევანდელი ხელფასით მეტს იყიდი.

ვისაც საბჭოთა პერიოდი და ფასების „ზემოდად“ დადგენა ახსოვს, ისიც ემახსოვრება რა მოჰქონდა მთავრობის დადგენილ ფასებს: ნებისმიერი პროდუქტის დეფიციტი და ტალონები, სადაც განსაზღვრული იყო რამდენი გრამი კარაქის, ყველის, ხორცის თუ პურის ყიდვა შეეძლო ადამიანს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, პრეზიდენტმა გამსახურდიამ რომ სცადა პურის ფასის ზემოდან დადგენა და 1 ცენტზე იაფად გაყიდვა – აღარც პური დარჩა აღარც ტალონი. მაშინდელი „იაფი დენიც“ რომ ძალიან იშვიათი მოვლენა იყო – ალბათ ეგეც გვემახსოვრება.

ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური მოსახლეობას „სოლიდურ შეღავათებს“ დაჰპირდა:

„რაც შეეხება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ტარიფებს, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე შესაბამის სამსახურებთან ერთად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ  მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათს მიიღებს“.

ფასების ხელოვნურად შემცირება რომ სისულელეა, საქართველოში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებული ტარიფების განახევრება არ მოხდებოდა
და ამომრჩეველი იმით დააიმედა რომ 10%-ით მაინც შეეცდებოდნენ დენის და გაზის გაიაფებას.

ორიოდე დღის წინ უკვე გახდა ცნობილი, რომ არც განახევრება, არც 10%-ით გაიაფება, მითუმეტეს არც ხადურის დაპირებული „სოლიდური შეღავათი“ წლევანდელ ზამთარში არ იქნება. კომპანია „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ტარიფების თემაზე მუშაობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის გადაიდო.

და ისევ, ძველი და ახალი ფასები - 1995 წელს საქართველოში ლარი შემოიღეს და მალევე თბილისის „მარშრუტკები“ 50 თეთრი გახდა. „მარშრუტკებზე“ ეს ფასი 2011 წლამდე უცვლელი იყო და ამჟამად 80 თეთრია. ვითომ, დღევანდელი 80 თეთრი უფრო ძვირია, ვიდრე 1996 წელს 50 თეთრი იყო? თუ საწვავის ფასით ვიანგარიშებთ, 1996 წელს 50 თეთრად 1 ლიტრი ბენზინი მოდიოდა, ახლა კი 80 თეთრით 400 გრამი ბენზინიც არ მოდის...

ასე რომ - ხელისუფლების საქმე ტარიფების შემცირება კი არ არის, არამედ დასაქმების ხელშეწყობაა, რაც ადამიანებს შემოსავალს გაუზრდის და ამა თუ იმ პროდუქტის უფრო მეტი მოცულობით ყიდვის საშუალებას მისცემს. დღეს კი ხელისუფლება ასევე ხშირად იმეორებს დამსაქმებლების უფლებების შეზღუდვაზე და სხვადასხვა რეგულაციების შემოღებაზე. ეს გზა კი ნამდვილად არ მიიყვანს ხალხს მეტი შემოსავლის მიღების და მსოფლიოში გაძვირებული რესურსების მსყიდველობითუნარიანობის გაზრდამდე...