Wednesday, December 4, 2013

დავეწიოთ და გავუსწროთ... ბერძნებს!

მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა თავისი წარსულით. რომ არა ეგენი, დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. დიდი ალბათობით, ბევრად უარესად იქნებოდა. არ ვიცი, რომელი ქვეყანა გაბედავს და იტყვის რომ შეძლებდა მსგავსი  მოაზროვნეების დაბადება-გაზრდას, როგორც ეს ათასწლეულების წინ საბერძნეთმა შეძლო.

ქვეყანა - გამორჩეული ისტორიით და გენიოსებით.

საბერძნეთში იციან, მსოფლიოში ძნელად რომ მათ რომელიმე ერი-სახელმწიფო შეედაროს.

ფაქტები ჯიუტია - ისტორია აშკარა.

ან, მიდი და გაზომე, აწონე, დააკვირდი - თითქმის ყველაფერი მაინც ბერძნების მოგონილია, როგორ გინდა რამეში გამოიჭირო?!

საქართველო?

საქართველო ღვინის სამშობლოა და უძველესი ცივილიზაციის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ბოლო-ბოლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქრისტეს კვართი საქართველოშია.

რა ჰაგიოგრაფია, რა ოქრომჭედლობა, რა მხედართმთავრები...

ბევრი ვერ დაიკვეხნის, ისტორიაში ისეთი ამბები მოგვეპოვება. ერთი ქართველი მეომარი ათეულობით მომხდურს ანადგურებდა...

ბერძნების არ იყოს, ჩვენც გვაქვს ჩვენი სატრაბახო.

ბერძნები არ ჰგვანან გერმანელებს და იაპონელებს. ბერძნებმა იციან საკუთარი თავის დაფასება - მსგავსი ცივილიზაცია და მეცნიერება ბარე ორს შეშურდება, ამიტომ იაპონელებივით დღე და ღამე შრომაში თავჩარგული ყოფნა აუცილებელი არ არის.  ბერძნებმა იციან საკუთარი საამაყო წარსული და რამდენიმე წლის წინ ისეთი კარგი მთავრობა აირჩიეს, რომელმაც არც სახელმწიფო სამსახურებში დაიშურა მაღალი ხელფასი და არც მაღალი პენსია მოაკლო დიდი წინაპრების შთამომავლებს.

საქართველოს მთავრობაც გულკეთილია. საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, უფასო სწავლა-განათლებისკენ სწრაფვა.

ვერ გაბედეს, თორემ 230 ლარიან პენსიასაც ჰპირდებოდნენ ხალხს...

საბერძნეთს დაახლოებით 330 მილიარდი ევრო ვალი აქვს, გასულ წლებში ასეულობით მილიონი ევროს ვალი ჩამოაწერეს... ორიოდე კვირის წინ კი საბერძნეთი განვითარებული ქვეყნის სტატუსს გამოემშვიდობა.

საქართველოს საგარეო ვალი 13,4 მილიარდი დოლარია. ეს არ არის ისეთი დიდი ვალი, რომლის გადახდაც შეუძლებელია. მაგრამ, თუ ეკონომიკა შემცირებისკენ წავიდა, ცხადია ეს ვალიც დამოკლეს მახვილივით დაეშვება საქართველოს სნეულ ეკონომიკაზე.

ამ დროს დამატებით სახელმწიფო ხარჯების გაზრდა, როცა ეკონომიკა მცირდება, ახალი ვალების აღების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ბიუჯეტის პროექტს, სადაც მომავალი წლისთვის ბიუჯეტი იღებს შიდა ვალს 600 მილიონ ლარს, საიდანაც 400 მილიონი „საყოველთაო ჯანდაცვას“, ხოლო 200 მილიონი ეკონომიკის სტიმულირებას - „იაფი სესხების“ დაფინანსებას და ა.შ. უნდა მოხმარდეს. ასევე იზრდება საგარეო ვალი 1,036 მილიარდი ლარით. საბოლოო ჯამში 2014 წელს ქვეყნის ვალი 1,636 მილიარდი ლარით მატულობს.

საბერძნეთის მაგალითი მთელი მსოფლიოს თავისტკივილია. მივყვეთ საბერძნეთს ხრამში?

არ დაგვავიწყდეს, საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და ბოლო წლებში ევროკავშირმა საბერძნეთს 107 მილიარდიანი ვალი ჩამოაწერა და 2014 წლამდე საბერძნეთის დასახმარებლად 237 მილიარდი ევროს ეტაპობრივად გამოყოფის გეგმაც დაამტკიცა...

ჩვენ ვინ დაგვეხმარება, ყველაზე მდიდარი ქართველი?

ისევ ელოდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან ფულს ამოიღებს და იმით „აგულავებს“ მადლიერ ქართველ ერს?

ნეტარ არიან...

No comments:

Post a Comment