Monday, February 21, 2011

საგარეო ვალი – დამოკლეს მახვილი სახელმწიფო ბიუჯეტზე


ეკოპალიტრა (21.02.2011)

 

ვალი ავიღეთ, ვალი დავფარეთსარგებელი რა ვნახეთ?

სახელმწიფო ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმილი, მისაღები და გადასახდელი ფულის ერთობლიობაა. ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდა, თუმცა წლეულს შარშანდელთან შედარებით მცირე კლებაა. თავის მხრივ, ბიუჯეტის ზრდა მაინცდამაინც ეკონომიკის ზრდას არ ნიშნავს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ახალ-ახალი საგარეო სესხები მუდმივად ჩნდება და მათი პროცენტების თუ ძირითადი თანხის გასასტუმრებლად სახელმწიფო გვარიან თანხასაც იხდის.

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისთვის 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 332,761 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ცხადია, ბიუჯეტს, რომელიც დაახლოებით 7 მილიარდ ლარს აღწევს, 332 მილიონის გადახდა არ დააქცევს, მაგრამ თუ ვნახავთ, რატომ იხდის ქვეყანა ამ ფულს და რა ელის 2013 წლისთვის, საქმე მარტივად აღარ მოგვეჩვენება.
2009 წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 228,806 მილიონი ლარია გადახდილი; 2010 წელს _ 261,311 მილიონი ლარი, წლეულს 332,761 მილიონი უნდა გადავიხადოთ. ეს თანხა გაისადაც მოიმატებს. რაც შეეხება 2013-, ეს წელიწადი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება: დოლარის დღევანდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ, 2013 წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის ქვეყანას ერთ მილიარდ ლარზე მეტი ექნება გადასახდელი.

საიდან მოვიდა ამდენი ვალი

ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საგარეო დახმარების თუ სესხების გარეშე ვერც "ვარდების რევოლუციამდე" დაემსგავსებოდა სახელმწიფოს, ამდენად, 2003 წლიდანაც მთავრობას ქვეყნის საკუთარი სახსრებით გაძღოლა და უცხოურ სესხებზე უარის თქმა არც უფიქრია. 2006-2007 წლებში სახელმწიფო სტრატეგია საგარეო ვალდებულებების შემცირება იყო და ვალებიც იკლებდა. აგრესიულმა პრივატიზაციამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებამ თუ დიდმა დაბანდებებმა ბიუჯეტი პროფიციტულიც კი გახადა. შესაბამისად, ქვეყანას გაუჩნდა შესაძლებლობა, ძველი ვალები გადაეხადა და ახალი სესხი არ აეღო. თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 2008 წელს, როცა ოფიციალური ინფორმაციით, ინვესტორები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ საქართველოში და არც ბიუჯეტს აკლდა ფული, სახელმწიფომ ლონდონის ბირჟაზე ევრობონდები განათავსა. მაშინ მთავრობამ $500 მილიონის ევროობლიგაცია გამოუშვა, ხოლო მათი განთავსებიდან მიღებული თანხა 2013 წელს უნდა დაფაროს. ნახევრად გასაიდუმლოებულ ეკონომიკურ სპეცოპერაციას, რამაც სახელმწიფო ვალი ნახევარი მილიარდით დოლარით გაზარდა, ამ ფულის ლამის სრულად გასაიდუმლოებული დახარჯვა დაერთო. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ია და რომ 2013 წელს პროცენტებიცა და ძირითადი თანხაც ქვეყანამ აუცილებლად უნდა დაფაროს. ექსპერტების შეფასებით, წლიური 7,5 საკმაოდ მაღალი პროცენტია. 2009 წლიდან მოყოლებული, ეს 7,5% ბიუჯეტში ზის და ქვეყანა ყოველწლიურად 37,5 მილიონს იხდის. საყურადღებოა, რომ 2009 წელს თუ დოლარი ლამის 1,4 ლარამდე დაეცა, ამჟამად 1 დოლარი 1,75 ლარი ღირს.

ფრთხილად, კრიზისი ახლოვდება...

ევრობონდების დაფარვის ვადა 2013 წელია. სწორედ ამ წელიწადს მიიჩნევენ საგარეო ვალების გადახდისთვის ყველაზე კრიტიკულ წლად.
2009 წელს საგარეო ვალდებულებებისთვის გადახდილი 228,806 მილიონი ლარიდან პროცენტებში 112,926 მილიონი წავიდა. 2010 წელს გადახდილი 261,311 მილიონი ლარიდან კი პროცენტებს 135,969 მილიონი მოხმარდა. წლეულს გათვალისწინებული 332,761 მილიონი ლარიდან 193,877 მილიონს პროცენტები "შეჭამს".

შოთა მურღულია (საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტი): "2013 წელი პარამეტრებით ძალიან განსხვავებული იქნება როგორც წლევანდელი, ისე 2012 წლისგან. 2013 წელს ევრობონდებისთვის მოგვიწევს 850 მილიონი ლარის (ანუ $500 მლნ) გადახდა, ამას მივუმატოთ სხვა სესხების ძირითადი თანხის დაფარვა, რაც ჯამში ერთ მილიარდზე მეტი იქნება, ისიც მხოლოდ ძირითადი თანხისთვის გადასახდელი. დავუმატოთ ამას სესხის მომსახურების პროცენტები... ამდენს ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. რომც დავუშვათ, რომ 2013 წელს ბიუჯეტი ძალიან დიდი იქნება, ვთქვათ, 8 მილიარდ ლარს მიაღწევს, 1 მილიარდზე მეტი ლარი რომ ვალების გასასტუმრებლად წავა, ბიუჯეტისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება".

დავით ნარმანია ("კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი): "ქვეყნის სავალო მდგომარეობა უარესდება. საქართველო 2011 წელსაც განაგრძობს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღებას. საგარეო ვალდებულებების ზრდა დაახლოებით 620 მილიონი ლარია".

ჩასესხება "ბრეგვაძეების მეთოდით"

ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდებს მეორედ განათავსებდა. თუმცა პრემიერ-მინისტრს მაშინ თანხის მოცულობა არ დაუსახელებია. ბოლო დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში ფიქრობენ, გამოუშვან ორი სახელმწიფო კომპანიის ევროობლიგაციებიც. ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, მთავრობას "ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. განიხილება ამ კომპანიების ევროობლიგაციების გამოშვება და მათი პირველადი განთავსება საერთაშორისო ბირჟაზე. სავარაუდოდ, ახალი ვალების დიდი ნაწილი ძველი ვალები დაფარვას მოხმარდება.

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი ევრობონდი აუცილებლად უნდა გამოუშვას. "ჩვენი მიზანია, ევრობონდის ხანგრძლივობა 5-დან 7-10 წლამდე გავზარდოთ. ეს მომავალში კომერციული სექტორისთვის უფრო გრძელვადიანი რესურსების მოზიდვას გააადვილებს", - ამბობს ბაინდურაშვილი, რომლის მტკიცებით, ქვეყანა ახალი ევრობონდის გამოშვების გარეშეც დღესაც მზად არის, სრულად დაფაროს 2008 წლის ევრობონდი მთავრობის თავისუფალი დეპოზიტებიდან. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი (საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალის ერთობლიობა) მთლიანი შიდა პროდუქტის 47%- არ აჭარბებს, ქვეყნის საგარეო ვალი კი მშპ-ის 38%-ია. "ჩვენი მიზანია, ქვეყნის ვალი მშპ-ის 60%- არ აჭარბებდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ეს მოცულობა მშპ-ის 45%- არ აღემატებოდეს, რაც კრიზისულ სიტუაციებში მანევრირების საშუალებას დაგვიტოვებს", - განმარტავს ბაინდურაშვილი.

ასე რომ, თუ ფინანსთა მინისტრს დავუჯერებთ, ქვეყანას დღესვე შეუძლია ევრობონდების დაფარვა საკუთარი სახსრებით. ამასთან დაკავშირებით ექსპერტს კითხვა უჩნდებათ.

შოთა მურღულია: "გამოვიდა ფინანსთა მინისტრი და თქვა, დღესვე შესაძლებელია ამ ვალის გასტუმრებაო. მაშინ ჩნდება კითხვა - თუ ქვეყანას ფული აქვს, რატომ აქვს დეფიციტი?".

თუმცა მსგავსი კითხვა ისევე რიტორიკულია, როგორც 2008 წელს პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში $500 მილიონიანი სესხის აღებისას გაჩენილი შეკითხვები.

No comments:

Post a Comment