Wednesday, November 24, 2010

ინტერვიუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან

ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი" N2(26) 2010
 



მინი დოსიე
კონსტანტინე კუბლაშვილი დაიბადა 1973 წლის 30 მარტს ქალაქ ტყიბულში.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
21.04.95 – 21.08.95 – ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადიპლომო ნაშრომი: "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები";
1995 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი;
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო შემდგომ ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ.
1998-2000 წლებში იყო გერმანიის ქალაქ ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი.
2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.
2000-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2003 წლებში მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის".
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს ჯერ წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.
არის არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებში.
ფლობს გერმანულ, რუსულ ენებს კარგად, საუბრობს ინგლისურ და ესპანურ ენებზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


_________________________________________

- ბატონო კოტე, როგორ მოხდა თქვენთვის თავმჯდომარეობის შემოთავაზება და რა მდგომარეობა იყო მაშინ სასამართლო სისტემაში?
- ეს გახლდათ 2005 წლის თებერვალში. ვერ ვიტყვი, რომ 2003 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინცდამაინც შეცვლილი იყო. რეფორმა სასამართლოში დაწყებული არ იყო. ამ ქვეყანაში, მაშინ ყველაფერში პრობლემა იყო. მაშინ ყალიბდებოდა ის კონცეფციები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა მიმართულებით: იგივე პოლიციაში, პროკურატურაში თუ ჯანდაცვის მიმართულებით უნდა დაწყებულიყო ცვლილებები და რეფორმები. მე მივიღე ეს შემოთავაზება პრეზიდენტისგან. ყველამ ვიცოდით, რა ხდებოდა სასამართლოში. ძალიან რთული სიტუაცია იყო. მიუხედავად ამისა, ვიცოდი საით უნდა წავსულიყავით და საით მიგვემართა ჩვენი რეფორმის მიზნები. ამის გათვალისწინებით მეც დავთანხმდი და დავიწყე მუშაობა.

- რეფორმების გასატარებლად თქვენი გეგმით მიხვედით თუ რამე ერთობლივი გეგმა არსებობდა; ასევე, თუ იყო იმ პერიოდში სახელმწიფო მოხელეები თუ ერეოდნენ სასამართლოს საქმიანობაში?

- რაც მანამდე ხდებოდა სასამართლო სისტემაში, გრძელდებოდა ინერციით. მაგალითს გეტყვით: მე რომ აქ დავინიშნე ერთი კვირაც არ იყო გასული, ერთ-ერთი მოსამართლე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ეხლა პარლამენტის წევრი იყო მოსული, რომელიც პირდაპირ ჩემს კაბინეტში შემოვიდა და თავის საქმეზე დამიწყო საუბარიო. მე ასე აღვიქვი, რომ ეს იყო ყოველდღიური ამბავი, როდესაც მოსამართლესთან ასე თავისუფლად შემოვიდა ვიღაც, რომელიც იყო საჯარო მოხელე, თუნდაც პარლამენტის წევრი. შევიდა პირდაპირ. არავითარი საბუთი მას არავინ არ მოსთხოვა.

ეს მდგომარეობა ყველამ ვიცოდით. რაც შეეხება როგორი გზით უნდა წავსულიყავით, რა თქმა უნდა, მე ჩემი ხედვა მქონდა. პრინციპში, ხედვა არ იყო ძალიან რთული განსასაზღვრი. დიდი განსაკუთრებული ჩამოყალიბება არც უნდოდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მომხდარიყო სასამართლოში. კორუფციის ფაქტები კი არ იყო სასამართლოში, კორუფციის ზღვა იყო. საჭირო იყო ეს ყველაფერი მაქსიმალურად შეგვემცირებინა.

- ვინ იყო ის პარლამენტის წევრი, ან რა რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს?
_ სიმართლე გითხრათ, მაშინ ის დეპუტატი არ დასჯილა. უბრალოდ, მოსამართლეს ვუთხარი, რომ ეს საქმე გადაწყდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი და არა ისე როგორც ამას მოითხოვს ვიღაც კონკრეტული ადამიანი.

სულ ცოტა ხანში იგივე განმეორდა, ოღონდ უკვე სხვა სახელმწიფო მოხელე, სააპელაციო სასამართლოში. ანუ, თითქმის ყოველდღიური ამბები იყო. ამ ყველაფრის აღმოფხვრა მოგვცემდა იმ შედეგს, რისი მიღწევაც გვსურდა – სასამართლო ყოფილიყო თავისუფალი ასეთი ჩარევისაგან. ეს კი ნიშნავდა, რომ ობიექტურიც იქნებოდა. ყველაფერ ამასთან ერთად იგულისხმებოდა ასევე კორუფციის აღმოფხვრა, მაგრამ ეს მთლიანად პოლიტიკური ხელისუფლების და სასამართლო ხელისუფლების საერთო მიზანი იყო. არამარტო სასამართლო ხელისუფლებაში უნდა მომხდარიყო კორუფციის გადაწყვეტა, არამედ მთლიანად ქვეყანაში. ერთ-ერთი მიმართულება რა თქმა უნდა, სასამართლო იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ხალხის აზრი – გაჭიანურებული პროცესების საკითხი როგორ გადაგვეწყვიტა; მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი როგორ გადაგვეწყვიტა და ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი როგორი ყოფილიყო. ეს ყველაფერი შემდეგ მოდიოდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის მოწესრიგება, სასამარლოებში წესრიგის დამყარება.

თქვენ გახსოვთ, ჟურნალისტებს როცა უნდოდათ მაშინ შევიდოდნენ დაწყებულ პროცესზე და ხმას ვერავინ სცემდა. ასევე სხვებსაც. შემდეგ, როცა უნდოდათ გამოვიდოდნენ, მერე ისევ შევიდოდნენ. აბსოლუტურად უმართავი პროცესები მიმდინარეობდა, წესრიგი არ არსებობდა. ამ ყველა პრობლემას უნდოდა მოვლა. ჩვენ ეს პრობლემები ვიცოდით და აქეთ გვქონდა მიმართული ყურადღება.

- თქვენ ახსენეთ რომ სახელმწიფო მოხელეები ცდილობდნენ სასამართლოში ჩარევას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეს. თქვენი შეფასებით, როგორი უნდა იყოს და თუ შედგა საქართველოში "სახელმწიფო მოხელე"? ასევე თუ აქვთ გაცნობიერებული ზოგადად, მოსამართლეებს "სახელმწიფო მოხელეები" რომ არიან?

- დღევანდელი გადმოსახედიდან თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა სულ სხვა მდგომარეობაა. ადრე სისტემაში ძალიან დიდი უმრავლესობა მოსამართლეები იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა ვინმე მივიდოდა მასთან, ეტყოდა რა უნდა გაეკეთებინა. ეს მიიჩნეოდა ჩვეულებრივ ამბად და ამის მოშორება ამიტომ იყო რთული. დღევანდელი მდგომარეობით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ სასამართლოში უნებართვოდ შესვლის უფლება არავის აქვს: არც პარლამეტის წევრს და არც სხვა საჯარო მოხელეს. თუ მას შესვლა უნდა, იგი შევა მხოლოდ პროცესზე. სხვანაირად იგი მოსამართლეს ვერსად ვერ შეხვდება. მხოლოდ დარბაზში შეუძლია პროცესზე ნახოს. შენობის გარეთ მოსამართლესთან შეხვედრა არ შეიძლება. ამის შესახებ არის კანონი – მოსამართლესთან კომუნიკაციის შესახებ. ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს, თანამშრომლებს მივეცით სპეციალური ამონაბეჭდი ამ კანონებიდან, რომ სასამართლოში უნებართვოდ შესვლის უფლება არავის ჰქონდა – იქნებოდა პოლიციელი, პროკურორი, პარლამენტის წევრი თუ სამინისტროს თანამშრომელი. ეს ნორმა ნელ-ნელა ავამოქმედეთ. იმდენად რთული იყო ამის დაჯერება ზოგიერთებისთვის, რომ ზოგიერთი თანამშრომელი გვეკითხებოდა, კი მაგრამ, ეს პარლამენტის წევრი რომ არის, კანონში მითითებულია რომ დეპუტატს ყველგან შესვლის უფლება აქვს, როგორ მოვიქცეთო? ჩვენ ავუხსენით, რომ იქ კი წერია, მაგრამ ამაში არ იგულისხმება სასამართლო. იმიტომ, რომ სასამართლოში თავისი წესები მოქმედებს, რომელიც ორგანული კანონით არის განსაზღვრული და არავითარ შემთხვევაში სხვას არა აქვს უნებართვოდ შესვლის უფლება.

- მოსმართლეებმა იოლად გაიაზრეს ეს მდგომარეობა?
- მოსამართლეებმა იცოდნენ რომ ვიღაცასთან ასე პირდაპირი ურთიერთობა და სასამართლოში მისვლა ძალიან მკაცრ კონტროლზე იყო აყვანილი. თავმჯდომარეებმაც იცოდნენ და პლუს ამას, 2007 წელს მივიღეთ კანონი მოსამართლეთა კომიუნიკაციის წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ასეთი ურთიერთობისას მოსამართლესთან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, უკვე მოსამართლე ვალდებულია განცხადებით რეაგირება მოახდინოს. კონკრეტულ პირს, რომელიც მასთან მივიდა, დაჯარიმდება 2000 ლარით. თუ იგი სახელმწიფო თანამდებობის პირია, მაშინ 5000-დან 10000 ლარამდე შეიძლება იყოს ეს ჯარიმა.

- თქვენ 2 წელი გაატარეთ გერმანიაში. რა მსგავსებაა გერმანიის სასამართლოს სისტემასთან და თუ არის ისეთი რამე, რაშიც შეიძლება ჩვენ მივბაძოთ და იქნებ ჩვენ გვაქვს რამე ისეთი, რაშიც გერმანელებმა უნდა მოგვბაძონ?
- გერმანიის სასამართლო სისტემა ათწლეულობის მანძილზე იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ იქ ასეთი რაღაცეები არ ხდება. მაგალითად, ჩვენთან იყო პრობლემა, რომ მოქალაქე სხდომაზე არ გამოცხადდებოდა და სასამართლოს არ ჰქონდა ბერკეტი, რომ რამე მოემოქმედებინა. ამიტომ, იძულებული იყო პროცესი გადაედო. ამიტომ, გამოვიყენეთ გერმანიის მაგალითი. მაგრამ, გერმანელებს რომ ვკითხეთ, გვიპასუხეს – `კი, ჩვენთან ასე არის, რომ თუ ვინმე პროცესზე არ გამოცხადდება, მის საწინააღმდეგოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ, ჩვენ აღარ გვახსოვს, როდის მოხდა ის ფაქტი, რომ ვინმე არ მოსულიყო პროცესზეო~. ანუ მათთვის ეს ნორმა რეალურად არ მოქმედებს, რადგან იქ მოქალაქეებს აქვთ შეგნება, რომ უნდა მივიდნენ სასამართლოში. ესმით, სასამართლო რომ ეტყვის – ის უნდა გამოცხადდეს. ჩვენთან ამის დანერგვა დაგვჭირდა. რომ შევცვალეთ კანონმდებლობა, თავიდან ეს იძულებით მოხდა. მხარეებმა შეხედეს, ვინც მანამდე განზრახ ასე აჭიანურებდა საქმეს, დაინახეს, რომ თუ არ მივიდოდნენ სასამართლო მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამიტომ, კეთილი ინებეს და დაიწყეს პროცესებზე მისვლა. ეს გამოცდილება გერმანელებისგან გადმოსაღები იყო. ასევე წესრიგი სასამართლოებში. ყველამ იცის, რომ როცა დაგიბარებენ სასამართლოში, ზუსტად იმ დროს უნდა მიოხვიდე. მერე აღარ აქვთ უფლება დაგვიანებით შევიდეს პროცესზე. თუ დაიგვიანებ – საერთოდ არ შეგიშვებენ. ასე გავაკეთეთ ჩვენც და ნელ-ნელა შევაჩვიეთ ადამიანები.

- რამე ისეთი თუ გვაქვს, რაშიც შეიძლება სხვა ქვეყნებმა მოგვბაძონ, ან, იგივე გერმანელებმა?
- რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ რეფორმის დროს, ეს არის სიმარტივე. მარტივი სტრუქტურა აქვს სასამართლოს. არის პირველი ინსტანციის, მეორე ინსტანციის და უზენაესი სასამართლო. სიმარტივე რაში მდგომარეობს – ადრე შესაძლებელი იყო თავიდანვე ნებისმიერი საქმე შესულიყო როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოში. შესაძლებელი იყო ასევე უზენაეს სასამართლოში ზოგიერთი საქმეების შეტანა. ახლა მკაცრად განსაზღვრულია და ყველასათვის ნათელია, თუკი რაიმე საქმე და ვინმეს წინააღმდეგ რაიმე საჩივარი გაქვს, შენთან ახლოს მდებარე ნებისმიერ სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა შეიტანო. შემდეგ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაგაკმაყოფილებს, გექნება უფლება გაასაჩივრო ერთი ინსტანციის ზემოთ. თუ ისიც არ დაგაკმაყოფილებს, მერე შეგიძლია უზენაესშიც გაასაჩივრო. ძალიან მარტივი სისტემაა.

განვითარებულ ქვეყნებში ცოტა რთულად არის. ამ სირთულეზე მათი სიდიდეც მოქმედებს. ისიც, რომ გერმანია სტრუქტურულად ფედერალური მოწყობის ქვეყანაა და ცალკეულ მიწებს აქვთ თავისი სასამართლო სისტემა, მაგრამ, იქ არის ასეთი შემთხვევები, როცა ზოგიერთი საქმე პირდაპირრ ზედა ინსტანციაში შედის და ასევე ზოგიერთი პირდაპირ პირველ ინსტანციაში. ამ მხრივ ჩვენი სისტემა არის ძალიან მარტივი და ეს სიმარტივე სისწრაფესაც უზრუნველყოფს. უფრო სწრაფად ხდება საქმეების განხილვა. ესეც რამდენიმე წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი კარგი გამოცდილებით მიღწეულია.

- ხელისუფლების ოპონენტები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო - რაც განვირთარებული ქვეყნის ერთ ერთი გარანტიაა, დღემდე არ არსებობს. როდის შეიძლება ეს წარმოდგენა შეიცვალოს და ხალხმა დაიჯეროს, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო?
- ამ რეფორმის მიზანი სწორედ ის არის, რომ ხალხმა სასამართლოსი ირწმუნოს. მათ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თუკი სასამართლოში საქმე ექნებათ, იქ მათ სიმართლეს არავინ დაუკარგავს. ჩვენ გვინდა რომ ეს განცდა იყოს ხელშესახები და თითოეულმა ადამიანმა ირწმუნოს, რომ ეს ნამდვილად ასეა. სხვადასხვა მაგალითებიდან გამომდინარე დაინახოს. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ის არის, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ენდობა სასამართლოს. ეს დადასტურდა ბოლო 3 კვლევის შედეგებით, რომელიც უცხოურმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. 1. გაეროს განვითარების პროგრამამ, 2. ამერიკულმა ორგანიზაციამ. 3. ამერიკული ორგანიზაციის ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ. სამივე ამ კვლევის შედეგების მიხედვით 60%-ზე ოდნავ მეტია ის რაოდენობა, რომელიც ამბობს რომ `ჩვენ ვენდობით სასამართლოს~. თუმცა, რასაკვირველია ეს ხმები, რაც თქვენ ბრძანეთ, ნამდვილად არის. რეფორმა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ, ჩვენი მიზანია, ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და გაცილებით უფრო მეტი ობიექტურობა და სამართლიანობა დავანახოთ თითოეულ მოსარჩელე მხარეს და საზოგადოებას.

- საბჭოთა პერიოდშიც და მერეც, საკმაოდ გავრცელებული ფორმა იყო "სატელეფონო სამართალი" - დაურეკავდნენ მოსამართლეს და ეტყოდნენ როგორ მოქცეულიყო. მსგავსი შემთხვევები თუ არის შემორჩენილი?
- სხვათაშორის, კანონის მიღების შემდეგ აიკრძალა ასეთი შემთხვევები – სატელეფონო დარეკვები და საუბარი მაგ თემებზე. ჩვენ გვქონდა 2-3 შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა თქვეს, რომ მათ დაურეკეს და რაღაცა უთხრეს. ეს შემთხვევები კანონის მიხედვით იქნა გამოკვლეული და ის რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა. ერთი თუ არ ვცდები, ადვოკატი იყო, ერთი ვიღაც უცხო პირი და დაასახელა სხვისი სახელი და გვარი და ითხოვა ეს საქმე გამიკეთეთო. მოვიძიეთ ის პირი და ისიც დაჯარიმდა. ეს ყველაფერი – სატელეფონო საუბრებიც მაქსიმალურად არის შეზღუდული. როგორც კორუფციაა უკიდურეს მინიმუმამდე დასული, ისე არის ტელეფონის მეშვეობით სასამართლოსთვის კარნახი.

სასამართლოში რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გაცილებით უფრო მეტია ობიექტურობა და სამართლიანობა, გამოიხატება იმაში, რომ ყველა ინსტანციის მიმართულებით სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, პირველი ინსტანციაში განხილული საქმეების 80%-ზე მეტი არ საჩივრდება მეორე ინსტანციაში. ეს შეეხება სამივე მიმართულებას. ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ მოქალაქეები, ვინც ამ საქმეებში იღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძირითადი მიზეზი ჩემი აზრით, არის მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა.

- რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ უვადოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლე გარანტირებულად ობიექტური იქნება და თუ უვადოდ არ არის მოსამართლე დანიშნული – მაშინ ის აუცილებლად უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს?
- მთლად ასეც არ არის, მაგრამ უვადოდ დანიშვნა მოსამართლეს აძლევს უფრო მეტი ხელშეუხებლობის და სტაბილურობის შეგრძნებას. როცა იგი დანიშნულია მხოლოდ 10 წლით, ამ ათი წლის ამოწურვამდე რამდენიმე წლით ადრე უკვე ფიქრობს იმაზე, რა იქნება ეს ვადა რომ ამოეწურება. ადამიანურად და ფსიქოლოგიურად ყოველთვის ასე ხდება და შეიძლება ორი წლით ადრე უფრო მეტად იმაზე იფიქროს – ახლა რა ვქნა, მერე სად წავიდე, რა გავაკეთო, როცა ვადა ამომეწურება... შეიძლება ჰყავს ოჯახი და ფიქრობს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება და შემოსავალი რა ჰქონდეს. ანუ, არასტაბილურობის შეგრძნებაა ძალიან სერიოზული.

- უცხოეთში ყველგან უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები?
- ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც კი თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ, ყველგან არის უვადოდ დანიშვნა. თუმცა, სხვადასხვა მოდიფიკაციებია – წინასწარ გამოსაცდელი ვადით და შემდეგ უვადოდ ინიშნებიან. ეს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენი რეფორმის. ახლა უკვე 2 მოსმენით მიღებულია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ წლის ბოლომდე მიღებული იქნება მთლიანად, გამოქვეყნდება და 2013 წლიდან ცვლილებები კონსტიტუციაში ამოქმედდება.

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც შეიცვალა და უკვე ოქტომბრის დასაწყისიდან ახალი ამოქმედდა, მიჩნეოდა რომ იყო მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეფორმისთვის. რა ძირითადი ხარვეზები იყო ძველ კოდექსში და რამე ხარვეზი თუ არის გადმოყოლილი, რაც თქვენი შეფასებით, კვლავ სირთულედ რჩება?
- ეს მართლა მიიჩნევა, რომ არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და მთლიანად რეფორმირების გზაზე. კოდექსი, ჩვენ რომლითაც ვხელმძღვანელობდით იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის მეცნიერების რაღაც პროექტის საფუძველზე დაწერილი და შექმნილი. 1998 წელს იქნა მიღებული, მაგრამ არანაირი შეჯიბრებითობის პრინციპი და დასავლეთის ქვეყნების მაგალითი არ იყო გათვალისწინებული. ეს ქმნიდა პრობლემებს. მოსამართლის როლი იყო ისეთი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იგი ძალიან აქტიურად ერეოდა და კითხვებს უსვამდა მხარეებს და მოწმეებს სხვების ნაცვლად. ეს ყველაფერი შემდეგ იწვევდა გარკვეული სუბიექტურობის შეგრძნებას მხარეებში, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოსამართლე თავისი მოქმედებებით ეხმარება კონკრეტულ მხარეს. ეს ყველაფერი იწვევდა ძალიან დიდ უკმაყოფილებას სასამართლოს მიმართ და არა მხარეების მიმართ, რომლებიც თავისი არაკვალიფიციურობის გამო აფუჭებდნენ თავიანთ პოზიციებს.

ახალი კოდექსი 100%-ით აძლევს მხარეებს გარანტიას, რომ აბსოლუტურად ბოლომდე გამოიყენონ თავისი უფლეებები, შეეჯიბრონ ერთმანეთს, ამ შეჯიბრებაში მოსამართლე საერთოდ აღარ ჩაერევა. იგი არღარ დაუსვამს დამატებით კითხვებს არც მოწმეებს, არც მათი შეჯიბრების დროს არ ჩაერევა არანაირი დამატებითი მოსაზრებებით და რეპლიკებით. იგი მოუსმენს მხარეთა შეჯიბრებას. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეგ გულისხმობს რომ ძალიან ობიექტური იქნება თვითონ პროცესი. ორივე მხარეს ექნება საშუალება პროცესამდეც და პროცესის განმავლობაშიც, ერთმანეთთან ურთიერთობაში გაარკვიონ საქმის დეტალები. მგალითად, პროცესამდე მათ უნდათ გაცვალონ ერთმანეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ერთმანეთის პოზიციები კარგად ეცოდინებათ. შემდეგ შეეჯიბრებიან ერთმანეთს მოსამართლის წინაშე. ეს იწვევს ობიექტურობას, რაც აქამდე გვაკლდა და ეს პრობლემებს იწვევდა. ახალი საპროცესო კოდექსი ძალიან მალე თავის შედეგს გვაჩვენებს და ყველა დარწმუნდება, რომ სასამართლო გაცილებით ობიექტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

- სასამართლო სისტემაში ახალი ინიციატივაა – ნაფიცი მსაჯულები. ხალხის გარკვეული ნაწილი მაინც და მაინც მაღალი სანდოობით არ უყურებს ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ იურისტები. რა კრიტერიუმებით შეირჩევა ნაფიცი მსაჯულები და ვინ იქნება მათ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი?
- ჩვენი გამოკვლევებით, რომელიც ჩავატარეთ უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად, მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი სიახლეა. 2 წლის მანძილზე ჩვენ გვქონდა იმიტირებული პროცესები, შემდეგ ეს ტელევიზიით გადაიცემოდა და მოსახლეობის შეგნება ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მიმართ იზრდებოდა. ასე რომ, ვერ ვიტყვი უარყოფითი დამოკიდებულებააო, მაგრამ არის ხალხის რაღაც ნაწილი, შეიძლება არც თუ მცირე, რომელიც ნაფიც მსაჯულებს სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ვფიქრობ რომ ეს ინსტიტუტი ძალიან კარგად დამკვიდრდება.

ვინც ამბობს, რომ ნაფიცი მსაჯულის მიღებული გადაწყვეტილება იქნება არაკვალიფიციური, რადგან მსაჯული არ არის იურისტი – ასეთ ადამიანს არ ესმის ამ ნაფიცი მსაჯულის არსი. ნაფიცი მსაჯულის არსი სწორედ ისაა, რომ მას არ ჭირდება კვალიფიკაცია. მას ჭირდება მხოლოდ ფაქტების, მტკიცებულებების საღი აზრით განსჯა და შეფასება. ასეთი მსაჯული არ გაუკეთებს ფაქტებს ისეთ ინტერპრეტაციას, როგორც ეს იურისტს შეუძლია. ნაფიცი მსაჯულის არსი ის არის, რომ მოქალაქემ საღი აზრით შეაფასოს ფაქტი.

- რატომ უნდა სურდეს ადამიანს წავიდეს ნაფიც მსაჯულად?
- ეს იქნება მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება. ისევე, როგორც სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულება არსებობს, ისევე როგორც ჩვენ ვალდებული ვართ გადავიხადოთ გადასახადები – ასეთივე ერთ-ერთი ვალდებულება იქნება ნაფიცი მსაჯულობა. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ მოქალაქის ვალდებულებაა საზოგადოებაში რაც ხდება, იმ საკითხებზე თავისი აზრი გამოთქვას. თუ შეუძლია და სისტემაც აძლევს საშუალებას – გადაწყვიტოს კიდეც ხმის მიცემით ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემები.

მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ მოქალაქის ბინიდან 30 კილომეტრის დაშორებით, თბილისის მეორე ნაწილში. მან არ უნდა იფიქროს, მე საერთოდ არ მეხება და ეს 30 კილომტრი იმდენად შორია ჩემგან, რომ არ მაინტერესებს იქ რა მოხდა; პოლიციამ და პროკურატურამ თვითონ გაარკვიონ და სასამართლომ გადაწყვიტოს. ასეთი მიდგომა, რომელიც სამწუხაროდ მოქალაქეებს აქვთ, სწორედ იმ პრობლემას ქმნის, რაც არის შემდეგ სამოქალაქო ვალდებულებებზე ზოგადად უარის თქმა.

ვიღაცამ თუ დანაშაული ჩაიდინა, იმ პოტენციურმა დამნაშავემ ჩემს სახლთანაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული და ჩემი ოჯახის წევრიც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერში. გონიერმა ადამიანმა ამაზე უნდა იფიქროს და დიდი სიხარულით უნდა დაეთანხმოს, როდესაც მას სახლში მოუვა მოწვევა სასამართლოდან, მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

- ასეთი მსაჯულები ანაზღაურებას მიიღებენ?
- იგი მიიღებს ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურებას, რა ხარჯიც მას ექნება ამ მონაწილეობის დროს. ვთქვათ, მგზავრობის ხარჯი, კვების ხარჯი, რომელსაც სასამართლო უნაზღაურებს. ასევე, სამსახურიდან გაცდენის ხარჯი. ნებისმიერი საჯარო სამსახური დავალდებულებულია, რომ არ დაუკავოს მას იმ დროის ანაზღაურება, რომელსაც ნაფიც მსაჯულად ყოფნისას გააცდენს. ხოლო კერძო დაწესებულებაში თუ მუშაობს, კერძო დაწესებულების ხელმძღვანელს ოფიციალურად მიუვა ეს საპატიო გათავისუფლების საფუძველი და კერძო სამსახურის უფროსმაც არ უნდა დაუკავოს გაცდენილი დღეების ანაზღაურება. მაგრამ, თუ მაინც დაუკავა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ეს დაკავებული თანხა თვითონ სახელმწიფომ აანაზღაუროს.

- ხარჯების ანაზღაურების გარდა, ნაფიც მსაჯულს დამატებითი ჯამაგირი არ ექნება?
- დამატებითი ჯამაგირი არ ექნება იმიტომ, რომ ვალდებულებაში ჯამაგირი არ გვაქვს.

- თუ არის ისეთი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები არასოდეს განიხილავენ?
- ასეთი საქმე ჯერჯერობით რაც კოდექსშია მოცემული, არცერთი არ არის. ყველა საქმე შეიძლება განიხილონ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად ახალია და უნდა ხალხი მიეჩვიოს – ჯერ მხოლოდ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში იქნება.

- სასამართლო რეფორმის დაწყებამდე, ადვოკატი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ მხარედ მიიჩნეოდა. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ, თუნდაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემთხვევაში სად არის ადვოკატის როლი და როგორია მისი ადგილი?
- ახალი საპროცესო კოდექსით გაცილებით უფრო იზრდება ადვოკატის როლი, ისევე როგორც ორივე მხარის – დაცვისა და ბრალდების როლი იზრდება. იმიტომ რომ მათ კამათში აღარავინ ერევა. მათ კვალიფიკაციაზეა უკვე დამოკიდებული როგორ წარმოადგენენ საკუთარ პოზიციებს და როგორ დაარწმუნებენ ჯერ ერთი ან მოსამართლეს – თუ მასთან იმართება სხდომა, ან ნაფიც მსაჯულებს. თუკი მათ ეს საკუთარი კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო ეს ვერ შეძლეს, ისინი მიიღებენ იმ შედეგს, რომელიც მათთვის არ იქნება სასურველი, მაგრამ, ამ შედეგს ისინი წინა პერიოდისგან განსხვავებით ვეღარ დააბრალებენ სხვას. დააბრალებენ თავიანთ თავს. ეს პროცესი მათ აძლევთ ყველა უფლებას, პროცესამდეც, დროსაც და შემდეგაც, გამოიყენონ ეს უფლებები მაქსიმალურად და თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ძალიან კარგად დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია. თუკი ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს უკვე მათი კვალიფიკაციის ან სხვა პრობლემის ბრალი იქნება.

- ფინანსური დავების განხილვა – მეწარმეებისგან არის ხოლმე პრეტენზია, რომ როდესაც საქმე მსხვილ ბიზნესს ეხება, სასამართლო მეწარმეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს. მსგავსი პრეტენზიები რომ აღარ იყოს, ამისთვის რა არის საჭირო?
- ასეთი პრეტენზიები იყო 4-5 წლის წინაც, მაგრამ ბოლო 3 წლის მდგომარეობით, იმ საქმეებში, სადაც საქმე იყო ბიზნესთან დაკავშირებული და ერთ მხარეს იდგა კერძო ბიზნესი ან კერძო პირი, მეორე მხარეს იდგა სახელმწიფო, ამ საქმეების დაახლეობით 60% წყდებოდა კერძო პირების სასარგებლოდ. 3 წლის წინ მქონდა შეხვედრა ბიზნესმენთა ფედერაციასთან და მათ ვუთხარი: თუკი მათი პოზიცია არის დასაბუთებული და კანონის შესაბამისი, გამორიცხულია ვინმემ მათ ძალით ეს უკანონოდ პოზიციები შეურყიოს, სასამართლოში ეს არ მოხდება-მეთქი. შემდეგ, სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს ტენდენცია იყო. უზენასესი სასამართლოს მონაცემები საგადასახადო დავებზე, მათ შორის ისეთ დავებზე, როცა საქმე ეხებოდა მილიონ ლარზე მეტ თანხას, დაახლოებით 60-70% წყდებოდა კერძო ბიზნესმენების სასარგებლოდ. ეს სტატისტიკა გვაქვს და ყველას შეუძლია ნახოს.

თუკი ვინმეს სასამართლოში ჰქონდა საქმე, შეიძლება მან წააგო, მაგრამ შინაგანად უნდა გრძნობდეს, რომ პოზიცია არ ჰქონდა გამართული. არცერთ სხვა შემთხვევაში იგი არ წააგებდა. გვაქვს სტატისტიკა, რომელიც არა ერთ და ორ, არამედ ასობით საქმეს ეხება.

თუმცა ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოები ვერ მუშაობენ კარგად და ისინი ხშირად აგებენ საქმეებს. ჩვენ გვყავდა მოწვეული გერმანიის უზენაესი ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც ეს სტატისტიკა რომ გაიგონა, გვითხრა ჩვენთან მხოლოდ საქმეების 12%-ს იგებენ კერძო მეწარმეები. იქ ისეთი საქმეები არ არსებობს, სადაც მოგებისთვის დასაბუთებული პირობები ხშირად ექნება მეწარმეს. ამიტომ, მე როცა ამას ვამბობ, პირველ რიგში ყურადსაღებია სახელმწიფო ორგანოებისთვის და ვფიქრობ, რომ მათ ეს ყურად იღეს. 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, შედარებით შემცირდა სტატისტიკა. 50%-ს ქვევით არის ის რაოდენობა, რომელსაც იგებენ კერძო მეწარმეები. ნორმალურ ქვეყანაში ასეც უნდა იყოს.

თუ ასეთი მიმართულებით გაგრძელდა, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო ორგანოები დაუსაბუთებლად აღარ აკეთებენ იმ საქმეებს, რასაც სასამართლოში განხილვისას სახელმწიფო აგებდა.

- ჟურნალისტებს აქვთ ხოლმე პრეტენზიები, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ექნებათ პრობლემა. შემდეგ მიმართავენ სასამართლოს და სასამართლოს ასევე ჟურნალისტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოაქვს... 
- შეიძლება ასეც მოხდეს, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში არ დააკამყოფილოს მოთხოვნა იმიტომ, რომ საჯარო ინფორმაციის განმარტება – ყველაფერი უნდა გაიცეს, მაინცდამაინც სწორი არ არის. ადრე ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნეოდა, რომ როდესაც მხარე მოითხოვდა – მომეცით ყველა ინფორმაცია მაგალითად, ვის რა დავა ჰქონდა ბანკთან – ეს საიდუმლოა და არ შეიძლება ასე გაცემა.

ზოგადად, ასეთი ტენდენცია, რომ ინფორმაციას საერთოდ არ გვაძლევენ – ეს არ არის სწორი. შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევები, მაგრამ კარგად უნდა ჩავხედოთ რის საფუძველზე თქვა სასამართლომ უარი, რომ არ გაიცეს ეს ინფორმაცია.

- ბატონო კოტე, მომავლის გეგმები რა გაქვთ?
- ჩვენ ახლა ჩართული ვართ იმ მიმართულებაში, რასაც ჰქვია სასამართლოების გაერთიანება. გაერთიანება ნიშნავს პირველ ინსტანციაში 22 დიდი რეგიონული სასამართლოს შექმნას და მათთან ერთად მაგისტრატი სასამართლოების შექმნას. უკვე შექმნილია 15 ასეთი სასამართლო. მომავალი 2 წლის განმავლობაში დანარჩენებიც უნდა შეიქმნას. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად და ძალიან სპეციალიზებულად იყოს საქმეები განხილული. ამ გაერთიანებულ, დიდ სასამართლოებში ჩვენ გვეყოლება 2 მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეების განმხილვევლი და დანარჩენი 2 ან 3 მოსამართლე იქნება სამოქალაქო და ადმინისტაციული საქმეების განმხილველი. დაიყოფიან მოსამართლეები და მათი კვალიფიკაციაც უფრო ამაღლდება კონკრეტულად ერთი კატეგორიის საქმეებზე რომ იმუშავებენ და ეს კვალიფიკაციის ამაღლება გამოიწვევს საქმეების სწრაფ გადაწყვეტას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – უნდა დაველოდოთ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; მესამე – ამ კოდექსის მუშაობას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეების განხილვას.

გარდა ამისა არის კიდევ რამდენიმე მიმართულება, როგორიც არის ტექნიკური საშუალებებით საქმეების სასამართლოში ელექტრონული ფორმით შემოტანა. არა ფურცლებით და ქაღალდებით, არამედ, როგორც მაგალითად, დღეს უკვე საგადასახადო სამსახურში მიიღება. პროგრამა იყოს ჩართული ყველგან და ამოქმედდეს, რომ მოქალაქეებს, პროკურატურას და საადვოკატო ბიუროებს შეეძლოთ საქმეების ელექტრონულად გამოგზავნა. ასევე მოსამართლეების მუდმივი გადამზადება და ახალი მოსამართლეების მუდმივი დანიშვნა. ჩვენ შევქმენით იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომლის მთავარი ფუნქცია არის ახალი მოსამართლეების კანდიდატების 14-თვიანი გადამზადება. რეფორმის ნაწილია, რომ არავინ დაინიშნება მოსამართლედ, თუკი არ ჩაირიცხა ამ სკოლაში და არ გაიარა სპეციალური მოსამზადებელი კურსი. მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი იგი გადალახავს ამ ყველაფერს და 2 გამოცდას ჩააბარებს, შეიძლება დაინიშნოს მოსამართლედ. გაგრძელდება ეს პროცესი კიდევ დიდხანს. შეიძლება 10 წლის განმავლობაშიც კი მუდმივად რომ ახალი მოსამართლეები მოვიდნენ სისტემაში.

- რაც შეეხება თქვენს პირად გეგმებს?
- მე აქ მუშაობის ვადა კიდევ მაქვს 2015 წლამდე. ასე რომ ამ რეფორმას მივყვები. უკვე კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ წელს და მომავალ წელს; როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და ამის მიხედვით ვიმუშავებთ.

- თავისუფალი დრო თუ გაქვთ და მას როგორ ატარებთ?
- თავისუფალი დროის გამონახვა ძალიან რთულია. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს ოჯახში ყოფნა. ჩემს პატარა ქალიშვილთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

No comments:

Post a Comment