Tuesday, February 28, 2017

რა არის „თავისუფლების აქტი“ და ვის სურს მისი გაუქმება

2011 წელს ჩადებული შეზღუდვა ახლანდელი ხელისუფლებისთვის 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანას ახალი 2017 წლის დადგომა გაზრდილი აქციზის გადასახადით „მიულოცა“, უმრავლესობის წარმომადგენლებიდან საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო დამძიმებაზე მინიშნებების კეთებაც დაიწყო.  პოლიტიკოსები კვლავ მიუბრუნდნენ 2011 წელს მიღებულ ორგანულ კანონს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, იგივე „თავსუფლების აქტს“ და კიდევ ერთხელ „დაასკვნეს“, რომ აღნიშნული კანონი გასაუქმებელია. მათი მთავარი გულისწყრომა მიმართულია იმ შეზღუდვების მიმართ, რაც 2011 წელს პარლამენტმა მომავალ ხელისუფლებას დაუტოვა და შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 93-ე და 94-მუხლში შეიტანა. კერძოდ, მიღებული ორგანული კანონი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან შეზღუდვას. მათ შორის, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა მშპ-ის 30%-ს გადააჭარბოს, ბიუჯეტის დეფიციტი არ შეიძლება მშპ-ის 3%-ზე მეტი იყოს, სახელმწიფო ვალი არ შეიძლება მშპ-ის 60%-ს აღემატებოდეს. ახალი გადასახადების შემოსაღებად ან, არსებული გადასახადების განაკვეთების გასაზრდელად კი ხელისუფლება ვალდებულია ხალხისგან ნებართვა რეფერენდუმის მეშვეობით აიღოს – ანუ, რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდა „თავისუფლების აქტის“ მიხედვით დაუშვებელია.

თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ეს კანონი დაამტკიცა, მაშინაც საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდა, ვინც ვერ შეეგუა, რომ ხელისუფლებას გადასახადების გაზრდა და საბიუჯეტო ხარჯები ეზღუდებოდა. ამიტომ ადრეც და ახლაც – უკვე 2017 წელს, ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ კანონის გაუქმებას დადგენილი შეზღუდვების მოსახსნელად.

„თავისუფლების აქტის“ მიღების მიზანი

სტატისტიკის მიხედვითაც, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის საუკეთესო პერიოდი 2004-2007 წლები იყო. მაშინ მოახერხა ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, მათ შორის საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ინვესტორების დაინტერესება. საშუალო ეკონომიკური ზრდა 2004-2007 წლებში 9,4% იყო. მაქსიმუმი კი 2007 წელს, 12,6% დაფიქსირდა. რეკორდული იყო უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც – 2007 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა ქვეყანაში. 2008 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა 9,1%, მეორე კვარტალში კი 8,3% იყო. აგვისტოში კი რუსეთმა საქართველოში ომი გააჩაღა და ეკონომიკური ზრდაც შეფერხდა. მოკლედ, ომამდელი ეკონომიკის შემოქმედმა ხალხმა, ომისშემდგომი სიტუაციის გამოსწორებისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. ეს გახლდათ „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომლის მეშვეობითაც ინვესტორებს საქართველოში შემოსვლის ინტერესი უნდა გაძლიერებოდათ.

„თავისუფლების აქტის“ ერთ-ერთმა ავტორმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გასული წლის 14 ნოემბერს, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და კანონის მიღების წინაისტორია გაიხსენა. 2009 წელს, როდესაც გურგენიძე სახელმწიფო სამსახურში აღარ იყო, მაგრამ კვლავინდებურად რჩებოდა მმართველი გუნდის მხდარდამჭერად და ინვესტორებთან ურთიერთობაც უხდებოდა ხოლმე, იხსენებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

„საქართველოს ძალიან კარგად იცნობდა საინვესტიციო სამყარო, იცნობდნენ იმ მიღწევებს, რაც ქვეყანამ 2004-2008 წლებში, პირველ რიგში კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით შეძლო. იმ დროისთვის უკვე არსებობდა როგორც სუვერენულ ობლიგაციები, ასევე „საქართველოს ბანკი“ ივაჭრებდა ლონდონის ბირჟაზე და ა.შ. მაგრამ, თითქმის ყველანი მისვამდენენ შეკითხვას: „კი, ფენომენალური ბიზნეს-გარემოა, საოცარი რეფორმები გაატარეთ, შეიძლება უპრეცედენტოც კი თავისი რადიკალიზმით და იმით, რომ ყველაფერი დროის მოკლე პერიოდში მოესწრო, მაგრამ, ეს ხომ ასე ვერ დარჩება?“ „რატომ ვერ დარჩება?“ „იმიტომ, რომ ასეთ რადიკალურ ეკონომიკურ რეჟიმს – ბიზნესის სიმარტივის, ეკონომიკური თავისუფლების, ძალიან დაბალი გადასახადების მხრივ დიდხანს არსად გაუძლია და თქვენთანაც ასე ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან წააგებთ არჩევნებს, შეიცვლება პოლიტიკური წყობილება და ქვეყანა უფრო „მემარცხენე“ ვექტორზე გადავა. დღევანდელი მიღწევები, რითაც თქვენ ასე ამაყობთ და ჩვენც ასე მოგვწონს, ნელ-ნელა მათი დემონტაჟი მოხდება“. აი, ეს იყო დისკურსი“, – ამბობს ლადო გურგენიძე.

სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქვეყანაში არსებული ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები საკონსტიტუციო დონეზე ასულიყო, ჩაეწერათ და ასე მიეცათ ინვესტორებისთვის ერთგვარი გარანტია – ქვეყანაში ლიბერალური ბიზნეს-გარემო ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც შენარჩუნდებოდა. ყოფილმა პრემიერმა საქმის კურსში პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩააყენა და „თავისუფლების აქტზე“ მუშაობაც დაიწყეს.

„ამის შემდეგ კახა ბენდუქიძემ, ვატო ლეჟავამ და მე ერთობლივად დავწერეთ თავისუფლების აქტის ჩონჩხი, ძირითადი პოსტულატები. შეიძლება გენეზისი წამოვიდა უცხოელ ინვესტორებთან ჩემი კონტაქტით და მათ წუხილზე გარკვეული ინსტიტუციური ფორმით პასუხის გაცემის მცდელობად, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ საკონსტიტუციო კანონი, რომელიც იცავს თქვენს და ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს ეკონომიკური თავისუფლების ჭრილში“, – ამბობს გურგენიძე.

„თავისუფლების აქტზე“ მუშაობდა კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და ამჟამად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა. მისი თქმით, ომის შემდგომი პერიოდში სახელმწიფო ფინანსებს არ ულხინდა და სულ იყო ასეთი დებატი – რა გზით წასულიყო ქვეყანა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივი პერიოდი, 2008 წლის ომამდე. იმ დროს იყვნენ ადამიანები, რომელებიც ამბობდნენ, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება და პროტესტი, რომელიც მაგალითად, 2007 წელს იყო, იმის ბრალია, რომ ჩვენი რეფორმები ზედმეტად რადიკალური გამოდგა და საზოგადოება ამისთვის მზად არ ყოფილაო. იქნებ ამის გამო, ცოტა „მოვალამაზოთ“ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და უხეშად რომ ვთქვათ, კოჭი გავუგოროთ იმ სენტიმენტებს, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს“, – იხსენებს ვატო ლეჟავა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ამბობს, რომ იმ პერიოდში ლადო გურგენიძის ინიციატივა და კახას ბენდუქიძის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. შედეგად, ეკონომიკური განვითარების ვექტორი ისევ  მეტი თავისუფლებისკენ გადაიხარა.

„კანონის წერისას სულ მახსენდებოდა ამერიკის კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ ადამიანის უფლებაა ჰქონდეს მისწრაფება ბედნიერებისკენ. ანუ, დამფუძნებელი მამები გარანტიას არავის აძლევდნენ, რომ თქვენ ბედნიერები იქნებითო, მაგრამ იმას ამბობდნენ, თქვენ გექნებათ გარანტია ისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ. ბედნიერება ბევრი რაღაცისგან შედგება, ერთ-ერთი არის მატერიალური კეთილდღეობა. ეკონომიკური თავისუფლება მარტო ფულის კეთება არ არის, ეს არის თვითრეალიზების და ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება. ბედნიერება თავისუფლების გარეშე არ არსებობს და მათ შორის ეკონომიკური თავისუფლების გარეშე“, – ამბობს ლეჟავა.

მისი თქმით, „თავისუფლების აქტი“ საქართველოსთვის საკმაოდ უნიკალური კანონია. თუმცა, მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება:

„ამერიკაში არის ზოგიერთი შტატი, რომელშიც გადასახადის გაზრდა ასევე რეფერენდუმს ითვალისწინებს. ასევეა შვეიცარიაში. გერმანიის კონსტიტუციაში არსებობს სხვადასხვა შეზღუდვები მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ბიუჯეტის დეფიციტთან მიმართებაში, მაგრამ ასეთი სრულყოფილი სახით, როგორც ჩვენთანაა, სხვაგან არ მეგულება“, – აცხადებს ვატო ლეჟავა.

ლადო გურგენიძე დაშვებულ კომპრომისებზეც ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, მისი თქმით, ამ კომპრომისებმა მაინც ვერ დაუკარგა არსი „თავისუფლების აქტს“.

„ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ – ადამიანის ეკონომიკური თავისუფლება გადის სახელმწიფოსა და მას შორის ფისკალურ ურთიერთობაზე“, – ამბობს გურგენიძე. სახელმწიფოს წილი მთლიან შიდა ეკონომიკაში – ეს იყო პირველი, რაც „თავისუფლების აქტმა~ შეზღუდა. სახელმწიფოს ხარჯების წილი საქართველოს ეკონომიკაში 30%-ზე მეტი დაუშვებელია. „ჩვენ 20% გვინდოდა, მაგრამ კომპრომისის შედეგად 30 დამტკიცდა...“, – იხსენებს ყოფილი პრემიერი.

უკვე 2010 წელს გერმანელებმა შემოიღეს მსგავსი შეზღუდვები, როცა ევროკავშირის ეკონომიკურმა კრიზისმა ევროს სტაბილურობა შეარყია. გერმანელებმა ჩაწერეს კანონში, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა იყოს X%-ზე მეტი. ამგვარი ჩანაწერია „თავისუფლების აქტში“ – დეფიციტი დაუშვებელია 3%-ზე მეტი.

„აქაც, თანაავტორები უდეფიციტო ბიუჯეტზე ვსაუბრობდით და მანდაც მოხდა გარკვეულწილად ეროზია. მაგრამ, 3% მაინც კარგია, რომ ეს ჩანაწერი არსებობს“, – ამბობს ლადო გურგენიძე.

შეზღუდვა მომავალში

„თავისუფლების აქტი“, უფრო ზუსტად კი „საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 1 ივლისს დაამტკიცა. ძალაში შესვლის თარიღად კი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის არჩევის მომენტი განსაზღვრეს. რატომ განისაზღვრა კანონის ამოქმედება მომავალი პრეზიდენტის არჩევის დღიდან და არა კანონის მიღებისთანავე? ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ ომგადატანილი ქვეყანა ხისტ შეზღუდვებს ძნელად შეეგუებოდა, თუმცა, მაშინაც იყო დისკუსია გუნდის შიგნით, რომ კანონის ამოქმედება 2011 წელსვე შეიძლებოდა.

თავდაპირველი იდეის მიხედვით, „თავისუფლების აქტს“ უნდა შეეზღუდა როგორც არსებული გადასახადების განაკვეთების მომატება, ასევე ახალი გადასახადების შემოღება. უნდა აკრძალულიყო ახალი მარეგულირებელი სამსახურების და ლიცენზია-ნებართვების შემოღება. ეს ლოგიკურიც იყო – საქართველომ საგადასახადო რეფორმის პირველივე ტალღის დროს არსებული 21 გადასახადიდან მხოლოდ 6 დატოვა. მნიშვნელოვნად შეამცირა განაკვეთები. გააუქმა უამრავი ლიცენზია-ნებართვები და ქვეყანამ შედეგები მალევე მიიღო – ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგა და სწრაფი ზრდა დაიწყო.

რამდენიმე წლის წინ, კახა ბენდუქიძე აცხადებდა, რომ კომპრომისების მიუხედავად, მაინც კარგი საქმე გაკეთდა. საბოლოოდ მიღებული კანონი  ახალი მარეგულირებლების შექმნას აღარ კრძალავს. „მაშინდელმა ფინანსთა სამინისტრომ „იბრძოლა“ და აქციზის გადასახადის ხელშეუხებლობასაც მიაღწია. კანონში წერია კიდეც, რომ „შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე“, – ამბობდა ბენდუქიძე.

თავდაპირველი ვარიანტი რომ დაემტკიცებინათ, იმ შემთხვევაში მობილური კავშირგაბმულობის აქციზით დაბეგვრა ვერ მოხდებოდა. მობილურ ოპერატორებს 2010 წლიდან აქციზით ბეგრავენ. ცხადია, ეს გადასახადი მობილური კავშირგაბმულობას დამატებით ტვირთად დააწვა. ბიზნესს, რომელიც რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ეფექტიანი ბიზნესია სხვა სექტორებთან შედარებით. 2017 წლის პირველი იანვრიდან კი აქციზის განაკვეთი გაიზარდა საწვავზე, ავტომობილებზე, საპოხ-საცხებ მასალებზე და ა.შ.

ბენდუქიძეს სამწუხაროდ მიაჩნდა კანონში კომპრომისული ჩანაწერი, რომ განსაკუთრებულ სიტუაციაში მთავრობას შეუძლია დაარღვიოს კანონით დადგენილი ზღვარი. გადასახადების დროებით, 3 წლით გაზრდისთვის რეფერენდუმი აღარ სჭირდება. თუმცა, მთავრობა ვალდებულია საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.

კანონით გათვალისწინებულია საბიუჯეტო უნივერსალურობის პრინციპი – ყველა საბიუჯეტო შემოსულობა და გადასახადებში გადახდილი თანხა მიიმართება ხაზინის ერთიან ანგარიშზე. შემდეგ ამ ანგარიშიდან ხდება თანხების ხარჯვა იმ პრიორიტეტებზე, რაც დადგენილია საქართველოს პარლამენტის მიერ. ასეთი პრინციპი ბიუჯეტს ხდის გაცილებით მოქნილს, ვიდრე კონკრეტული შემოსულობა მხოლოდ კონკრეტული პროგრამის დასაფინანსებლად რომ იყოს განსაზღვრული.

კანონმა ასევე განსაზღვრა, რომ აკრძალულია რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება ვალუტის კონვერტაციასთან, ანგარიშის გახსნასთან თუ ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ასევე დაადგინა რომ კაპიტალის მოძრაობა საქართველოში თავისუფალია.

როგორც „თავისუფლების აქტის“ მიღების ერთ-ერთი ინიციატორი კახა ბენდუქიძე ამბობდა, მთლიანობაში, მაშინდელი წინააღმდეგობების გათვალისწინებით, მიღებული კანონი მაინც წინგადადგმული ნაბიჯია და თუ ხელისუფლებამ არ დაარღვია, ან კანონი არ გააუქმა – ეკონომიკის თავისუფლებას და ბიზნესის განვითარებას ნამდვილად წაადგებაო.

ზოგიერთი რამე, რაც „თავისუფლების აქტში“ წერია, უკვე დადგენილი იყო. მაგალითად, ვალუტის თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა კანონის დონეზე ისედაც იყო დაშვებული. მაგრამ, ეროვნულ ბანკს რჩებოდა ბერკეტი, რომ ეს ნორმა შეეცვალა. ამიტომ, მთავრობამ უფრო მაღალ – კონსტიტუციის დონეზე აიყვანა.

რას ნიშნავს „თავისუფლების აქტის“ გაუქმება

ხელისუფლების წარმომადგენლების თუ მმართველი ძალის მომხრე ეკონომისტების ნაწილი გაუმართლებლად მიიჩნევენ გადასახადების გაზრდაზე დაწესებულ შეზღუდვას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი თავისუფლების აქტსა და კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს 1 თებერვალს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის, გია ჟორჟოლიანის თქმით, მან უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ახალი გადასახადის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს და მთავრობა, პარლამენტი არ უნდა იყოს შეზღუდული ფისკალური პოლიტიკის გატარებაში, არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, იმ მიმართულებით აქცენტების გადატანაში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და განვითარებაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ“, – ამბობს ჟორჟოლიანი.

საინტერესო კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა „ტაბულას“ კითხვაზე – რით ასაბუთებდა ამ ჩანაწერის არაკონსტიტუციურობას.

„55 ქვეყნის კონსტიტუცია განვიხილეთ და არსად ეგეთი შემთხვევა არ არის. ეგ და თავისუფლების აქტი როდესაც იქნა მიღებული, ვისაც არ ველაპარაკე, განსაკუთრებით ევროპელებს, ეგეთი ანტიევროპული ჩანაწერი არ არსებობს არც კანონმდებლობაში, არც კონსტიტუციაში, არცერთი ევროპის ქვეყანაში და, ცხადია, რომ ესენი გაოცებულები და გაკვირვებულები იყვნენ, რაღად გინდათ მაშინ პარლამენტი?“ – განმარტავს გია ჟორჟოლიანი.

გია ჟორჟოლიანის განცხადების შემდეგ გავრცელდა ვარაუდები, რომ თავრობა აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც ახალი გადასახადების შემოღებაზე შეზღუდვა მოიხსნება. თემას გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და კონსტიტუციაში 94-ე მუხლი ზედმეტად მიიჩნია.

„მე ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი ჩანაწერის ადგილი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი არსად არ არის“, – ამბობს სოზარ სუბარი.

მთავრობის ადმინისტრაციამ კი ასეთი განცხადება გაავრცელა:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან, არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად“, – წერია განცხადებაში.

ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე. მისი აზრით, კონსტიტუციიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესების ან გაზრდის მიზნით რეფერენდუმის გამართვის შესახებ მუხლის ამოღება და „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ გაუქმება ინვესტორებისათვის არასწორი სიგნალის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს. ზოიძე იმასაც მიანიშნებს, რომ მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ საქართველოში არ არის.

„თავის დროზე ეს იყო, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი. არ შეიძლება რეფერენდუმზე გამოიტანო გადასახადების საკითხები, რადგან ჩვენ არ ვართ შვეიცარია. თავის დროზე ამის შეტანა არასწორი იყო, მაგრამ ახლა ამ მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება შეიძლება არასწორი სიგნალი იყოს ინვესტორებისთვის. მესმის ის მოთხოვნა, რასაც „სოციალისტები“ აყენებენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტი სოციალური შემწეობა გვქონდეს, მეტი ჯანდაცვა გვქონდეს, მეტი შემოსავალი სჭირდება სახელმწიფოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„თავისუფლების აქტის გაუქმება არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ბოროტება, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მოსახლეობას გაუკეთოს“, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი და მის ძირითად დებულებებს აქვეყნებს:

„რა არის თავისუფლების აქტი და რის გაუქმებაზე გამოითქვა ინიციატივა. თავისუფლების აქტი არის კანონი, რომლის შეცვლას ან გაუქმებასაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ის მოიცავს: 

1. ვინც დაქირავებით მუშაობთ, იხდით საშემოსავლო გადასახადს. 20%-ს. ყოველი 100 ლარიდან 20 ლარს და 1000 ლარიდან 200 ლარს და ა.შ. თავისუფლების აქტი იცავს ამ გადასახადს გაზრდისგან რეფერენდუმის გარეშე. ეს ეხება ბიზნესსაც (ვინც ფიზიკურ პირადაა დარეგისტრირებული) 

2. მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი (ანუ ბიზნესი) იხდის მოგების გადასახადს. ანალოგიურად მთავრობას რეფერენდუმის გარეშე შეეძლება მოგების გადასახადის გაზრდა. 

3. დღგ, – ამას იხდის ყველა ადამიანი. ეს გადასახადი აისახება ფასში. 18%-ს ყოველი ერთი ლარიდან იხდის მომხმარებელი. ამის რეფერენდუმის გარეშე გაზრდასაც თავისუფლების აქტი იცავს. 

4. ყოველი შექმნილი ლარიდან ეკონომიკაში, მთავრობა გარკვეულ ნაწილს განკარგავს. რამდენს ანდობდით მთავრობას? მე ამ მთავრობას არაფერსაც არ ვანდობდი. თავისუფლების აქტი ამბობს, რომ არ შეიძლება მთავრობამ ყოველი 1 ლარიდან 30 თეთრზე მეტი განკარგოს. 

5. თავისუფლების აქტი ამბობს, რომ დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ანუ მთავრობას აიძულებს არ ხარჯოს ბევრად მეტი ვიდრე შემოსავლები აქვს, რადგან ვალების აღება მოუწევს. 

6. თავისუფლების აქტი ლიმიტს უწესებს მთავრობას ვალზე. ვალი ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა ისევ ჩვენი გადასახდელია. ან ჩვენი შვილების და შვილიშვილების. დღეს ყოველ დაბადებულ ახალშობილს უკვე ვალი აქვს 3 900 ლარი. ქვეყნის ვალი არანაკლებ უსიამოვნოა პირადი ვალისგან. 

7. თავისუფლების აქტის გამო მთავრობა ვერ გვიკრძალავს დოლარის ან ევროს ლარში გადახურდავებას. 

და ეს ჩამონათვალი კიდევ გრძელდება“, – წერს ხორგუაშვილი.

რაც შეგვიძლია მოცემულ სიტუაციაში ვივარაუდოთ, ის გახლავთ რომ ხელისუფლება გადასახადების შემცირებას არ გეგმავს. მომატების არასასიამოვნო სიურპრიზი კი როდის არის მოსალოდნელი, ძნელი სავარაუდოა.



No comments:

Post a Comment