Thursday, January 7, 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ 11 მატჩის წაგების შემდეგ ანტალიაში მოიგო



საქართველოს ნომერ პირველმა და მსოფლიო რეიტინგში მე-40 პოზიციამდე დაქვეითებულმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იქნა ზედიზედ 11 მატჩის წაგების შემდეგ გამარჯვებას მიაღწია. დღემდე ბოლო გამარჯვებას ბასილაშვილმა გასული წლის 25 თებერვალს, დუბაის ტურნირზე, ლიეტუველი რიჩარდ ბერანკისის წინააღმდეგ მიაღწია. მას შემდეგ კი ქართველ ჩოგანს მხოლოდ წაგებით დასრულებული მატჩები ჰქონდა.

ანტალიაში მიმდინარე 250-იანი კატეგორიის ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში მოუგო. იტალიელი დღეის მდგომარეობით რეიტინგში 282-ე პოზიციაზეა და ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე. მეორე სეტში, როდესაც ბასილაშვილი 4:6, 4:5 მარცხდებოდა, არნაბოლდი მატჩის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა, ქართველმა მოახერხა იტალიელის დაბრეიკება, სეტში ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ უკვე ინიციატივა აღარ გაუშვია ხელიდან. ჯერ სეტებში გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, მესამე, გადამწყვეტ სეტში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. საბოლოო ანგარიში 4:6, 7:5, 6:1 ბასილაშვილის სასარგებლოდ.

მომდევნო წრეში ბასილაშვილი ალტუგ ჩელიკბილეკსა (309) და კასპერ ზუკს (262) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ანტალიის 250 ქულიანი ტურნირის საპრიზო ფონდი 300 000 ევროა. ტურნირის 2020 წლის გამარჯვებული ლორენცო სონეგოა, რომელიც წლევანდელ ტურნირში არ მონაწილეობს. ტურნირის ფავორიტებად იტალიეი მატეო ბერეტინი და ბელგიელი დევიდ გოფინი არიან მიჩნეული.