Monday, January 9, 2017

19 ივნისი

ჩემს პატარობაში მგონი დასწრებაზე იყო ვინ ჩამოხევდა კალენდრის ფურცელს. მახსოვს, პაპაჩემი როცა მოხევდა, სათვალეს გაიკეთებდა და კითხვას ტუჩების მოძრაობას ააყოლებდა ხოლმე. მეც სიამოვნებით ვხევდი. ზოგჯერ, მომავალი დღისაც წინასწარ ჩამომიხევია - ხვალ ხომ მაინც ვინმემ უნდა მოხიოს-მეთქი.

პაპა 2001-ში წავიდა. აღარც მახოვს, მაშინ გვქონდა თუ არა კედლის მოსახევი კალენდარი. თანაც, ბოლო 2 წელი ვეღარ ხედავდა და რა ეკალენდრებოდა.

ბოლო წლებში მამაჩემისთვის ვყიდულობდი მსგავს კალენდარს: მზის ამოსვლის და ჩასვლის დრო, დღის ხანგრძლივობა, მთვარის ფაზა - მამაჩემი ზოგჯერ შეცდომაში გამოიჭერდა ფურცელს და ღიმილით გვეუბნებოდა კიდეც.

ბოლო 2 წელი მამა აღარ იყო ხალისიანი, ნელ-ნელა ტელევიზორი და საინფორმაციოების ყურებაც მობეზრდა. კალენდრის ფურცლებს კი ძველებურად ხევდა. მისთვის რაღაც საინტერესოს წააწყდებოდა და იმ ჩამოხეულ ფურცლებსაც ინახავდა. ზოგჯერ ლექსი იყო, ან რამე სხვა ჩანაწერი. სოფელში ჩასულს მაჩვენებდა. მონახავდა ხოლმე ძველ ფურცელს, სათვალეს გაიკეთებდა და თვითონ წამიკითხავდა.

დღესაც ვიყავი სოფელში. კალენდარი თავის ადგილზეა და 19 ივნისზეა გაჩერებული. არავინ შევთანხმებულვართ, არის ხელუხლებელი. დილით ბოლო ფურცელი მამამ ჩამოხია, ორიოდე საათში კი საავადმყოფოში წაიყვანეს...


Sunday, January 8, 2017

ჯუპა

ალბათ პირველ ან მეორე კლასში ვიქნებოდი. ჩვენი ბროლია ძაღლებმა დაგლიჯეს და დიდი ცრემლით და გლოვით დავასაფლავეთ ბაღჩის ბოლოში, კაკლების ქვეშ. მერე რამდენჯერმე მოიყვანეს ჩვენებმა ახალი ლეკვი, მაგრამ ბროლიასნაირი ძაღლი არცერთი გამოდგა. ბოლოს, რთველის პერიოდში კახეთში ყოფნისას ნათესავებთან ვნახეთ პატარა ლეკვი და წამოვიყვანეთ სოფელში. ჯერ კი ბროლია ჯავახიშვილი ვუწოდეთ, „გამშვილებელიოჯახის საპატივცემულოდ, მაგრამ შინ მოყვანილს მამაჩემმა ჯუპა დაუძახა. მე და ჩემი და ჯიუტადბროლიასვეძახდით ყავისფერ ძაღლს, მამაჩემი მაინც ჯუპა-ჯუპას ეტყოდა ხოლმე. მერე გავიგე, თურმე მაშინდელი ცეკას მდივნის - ჯუმბერ პატიაშვილის ინიციალები დაურქმევია. ჰოდა, კაი ძაღლი დადგა ეს ჯუპა-ბროლია. ჩეხური მულტფილმი რომ იყო ჩემს ბავშვობაში შავ და თეთრ ძაღლზე, სულ იმ თეთრი ძაღლის აღნაგობა ჰქონდა. საშუალო სიმაღლის იყო და ბანჯგვლიანი დრუნჩი ჰქონდა. რომ დაბერდა, წავიდა და დაიკარგა - ვეღარსად ვნახეთ. მანამდე კი, მეზობელ ძაღლთან მოასწრო შთამომავლობის დატოვება - ზუსტად ჯუპას ასლი ლეკვი ჰყავდათ მეზობლ მაძღარაშვილებს. ეს ლეკვი ჩვენს ეზოშიც შემოდიოდა ხოლმე და გემრიელად თამაშობდნენ ჯუპა-ბროლია და მისი შვილი. მერე ეს ლეკვი ვიღაცამ მოიპარა. მეზობლებს კი არა, ჩვენც ძალიან დაგვწყდა გული...


წუხელ უცნაური სიზმარი მესიზმრა. ეზოში ერთი გაჭაღარავებული ძაღლი მოსულიყო. მეცნოსავით. თითქოს იმანაც მიცნო და შემომხედა. ვუყურებ და ჯუპა-ბროლიას დაკარგული შვილია. დიდი დრო გავიდა მისი დაკარგვიდან. როგორ დაბერებულა, გაჭაღარავებულა და მაინც როგორ მიცნო-მეთქი. რაღაცნაირად, ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებების ნაწილი დაბერებული თვალებით მიყურებდა. მაინც მსიამოვნებდა... მერე გამეღვიძა კიდეც.