Monday, February 21, 2011

საგარეო ვალი – დამოკლეს მახვილი სახელმწიფო ბიუჯეტზე


ეკოპალიტრა (21.02.2011)

 

ვალი ავიღეთ, ვალი დავფარეთსარგებელი რა ვნახეთ?

სახელმწიფო ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმილი, მისაღები და გადასახდელი ფულის ერთობლიობაა. ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდა, თუმცა წლეულს შარშანდელთან შედარებით მცირე კლებაა. თავის მხრივ, ბიუჯეტის ზრდა მაინცდამაინც ეკონომიკის ზრდას არ ნიშნავს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ახალ-ახალი საგარეო სესხები მუდმივად ჩნდება და მათი პროცენტების თუ ძირითადი თანხის გასასტუმრებლად სახელმწიფო გვარიან თანხასაც იხდის.

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისთვის 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 332,761 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ცხადია, ბიუჯეტს, რომელიც დაახლოებით 7 მილიარდ ლარს აღწევს, 332 მილიონის გადახდა არ დააქცევს, მაგრამ თუ ვნახავთ, რატომ იხდის ქვეყანა ამ ფულს და რა ელის 2013 წლისთვის, საქმე მარტივად აღარ მოგვეჩვენება.
2009 წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 228,806 მილიონი ლარია გადახდილი; 2010 წელს _ 261,311 მილიონი ლარი, წლეულს 332,761 მილიონი უნდა გადავიხადოთ. ეს თანხა გაისადაც მოიმატებს. რაც შეეხება 2013-, ეს წელიწადი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება: დოლარის დღევანდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ, 2013 წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის ქვეყანას ერთ მილიარდ ლარზე მეტი ექნება გადასახდელი.

საიდან მოვიდა ამდენი ვალი

ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საგარეო დახმარების თუ სესხების გარეშე ვერც "ვარდების რევოლუციამდე" დაემსგავსებოდა სახელმწიფოს, ამდენად, 2003 წლიდანაც მთავრობას ქვეყნის საკუთარი სახსრებით გაძღოლა და უცხოურ სესხებზე უარის თქმა არც უფიქრია. 2006-2007 წლებში სახელმწიფო სტრატეგია საგარეო ვალდებულებების შემცირება იყო და ვალებიც იკლებდა. აგრესიულმა პრივატიზაციამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებამ თუ დიდმა დაბანდებებმა ბიუჯეტი პროფიციტულიც კი გახადა. შესაბამისად, ქვეყანას გაუჩნდა შესაძლებლობა, ძველი ვალები გადაეხადა და ახალი სესხი არ აეღო. თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 2008 წელს, როცა ოფიციალური ინფორმაციით, ინვესტორები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ საქართველოში და არც ბიუჯეტს აკლდა ფული, სახელმწიფომ ლონდონის ბირჟაზე ევრობონდები განათავსა. მაშინ მთავრობამ $500 მილიონის ევროობლიგაცია გამოუშვა, ხოლო მათი განთავსებიდან მიღებული თანხა 2013 წელს უნდა დაფაროს. ნახევრად გასაიდუმლოებულ ეკონომიკურ სპეცოპერაციას, რამაც სახელმწიფო ვალი ნახევარი მილიარდით დოლარით გაზარდა, ამ ფულის ლამის სრულად გასაიდუმლოებული დახარჯვა დაერთო. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ია და რომ 2013 წელს პროცენტებიცა და ძირითადი თანხაც ქვეყანამ აუცილებლად უნდა დაფაროს. ექსპერტების შეფასებით, წლიური 7,5 საკმაოდ მაღალი პროცენტია. 2009 წლიდან მოყოლებული, ეს 7,5% ბიუჯეტში ზის და ქვეყანა ყოველწლიურად 37,5 მილიონს იხდის. საყურადღებოა, რომ 2009 წელს თუ დოლარი ლამის 1,4 ლარამდე დაეცა, ამჟამად 1 დოლარი 1,75 ლარი ღირს.

ფრთხილად, კრიზისი ახლოვდება...

ევრობონდების დაფარვის ვადა 2013 წელია. სწორედ ამ წელიწადს მიიჩნევენ საგარეო ვალების გადახდისთვის ყველაზე კრიტიკულ წლად.
2009 წელს საგარეო ვალდებულებებისთვის გადახდილი 228,806 მილიონი ლარიდან პროცენტებში 112,926 მილიონი წავიდა. 2010 წელს გადახდილი 261,311 მილიონი ლარიდან კი პროცენტებს 135,969 მილიონი მოხმარდა. წლეულს გათვალისწინებული 332,761 მილიონი ლარიდან 193,877 მილიონს პროცენტები "შეჭამს".

შოთა მურღულია (საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტი): "2013 წელი პარამეტრებით ძალიან განსხვავებული იქნება როგორც წლევანდელი, ისე 2012 წლისგან. 2013 წელს ევრობონდებისთვის მოგვიწევს 850 მილიონი ლარის (ანუ $500 მლნ) გადახდა, ამას მივუმატოთ სხვა სესხების ძირითადი თანხის დაფარვა, რაც ჯამში ერთ მილიარდზე მეტი იქნება, ისიც მხოლოდ ძირითადი თანხისთვის გადასახდელი. დავუმატოთ ამას სესხის მომსახურების პროცენტები... ამდენს ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. რომც დავუშვათ, რომ 2013 წელს ბიუჯეტი ძალიან დიდი იქნება, ვთქვათ, 8 მილიარდ ლარს მიაღწევს, 1 მილიარდზე მეტი ლარი რომ ვალების გასასტუმრებლად წავა, ბიუჯეტისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება".

დავით ნარმანია ("კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი): "ქვეყნის სავალო მდგომარეობა უარესდება. საქართველო 2011 წელსაც განაგრძობს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღებას. საგარეო ვალდებულებების ზრდა დაახლოებით 620 მილიონი ლარია".

ჩასესხება "ბრეგვაძეების მეთოდით"

ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდებს მეორედ განათავსებდა. თუმცა პრემიერ-მინისტრს მაშინ თანხის მოცულობა არ დაუსახელებია. ბოლო დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში ფიქრობენ, გამოუშვან ორი სახელმწიფო კომპანიის ევროობლიგაციებიც. ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, მთავრობას "ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. განიხილება ამ კომპანიების ევროობლიგაციების გამოშვება და მათი პირველადი განთავსება საერთაშორისო ბირჟაზე. სავარაუდოდ, ახალი ვალების დიდი ნაწილი ძველი ვალები დაფარვას მოხმარდება.

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი ევრობონდი აუცილებლად უნდა გამოუშვას. "ჩვენი მიზანია, ევრობონდის ხანგრძლივობა 5-დან 7-10 წლამდე გავზარდოთ. ეს მომავალში კომერციული სექტორისთვის უფრო გრძელვადიანი რესურსების მოზიდვას გააადვილებს", - ამბობს ბაინდურაშვილი, რომლის მტკიცებით, ქვეყანა ახალი ევრობონდის გამოშვების გარეშეც დღესაც მზად არის, სრულად დაფაროს 2008 წლის ევრობონდი მთავრობის თავისუფალი დეპოზიტებიდან. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი (საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალის ერთობლიობა) მთლიანი შიდა პროდუქტის 47%- არ აჭარბებს, ქვეყნის საგარეო ვალი კი მშპ-ის 38%-ია. "ჩვენი მიზანია, ქვეყნის ვალი მშპ-ის 60%- არ აჭარბებდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ეს მოცულობა მშპ-ის 45%- არ აღემატებოდეს, რაც კრიზისულ სიტუაციებში მანევრირების საშუალებას დაგვიტოვებს", - განმარტავს ბაინდურაშვილი.

ასე რომ, თუ ფინანსთა მინისტრს დავუჯერებთ, ქვეყანას დღესვე შეუძლია ევრობონდების დაფარვა საკუთარი სახსრებით. ამასთან დაკავშირებით ექსპერტს კითხვა უჩნდებათ.

შოთა მურღულია: "გამოვიდა ფინანსთა მინისტრი და თქვა, დღესვე შესაძლებელია ამ ვალის გასტუმრებაო. მაშინ ჩნდება კითხვა - თუ ქვეყანას ფული აქვს, რატომ აქვს დეფიციტი?".

თუმცა მსგავსი კითხვა ისევე რიტორიკულია, როგორც 2008 წელს პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში $500 მილიონიანი სესხის აღებისას გაჩენილი შეკითხვები.

Tuesday, February 15, 2011

ელექტრონული წიგნი ტრადიციული წიგნის გვერდით მკვიდრდება



  





იოჰან გუტენბერგის სტამბაში დაბეჭდილი ბიბლია, რომელიც აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება




წიგნის ბეჭდვის ისტორია ევროპაში მეთხუთმეტე საუკუნიდან იწყება, როდესაც გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა პირველი სტამბა შექმნა. გუტენბერგს პირველი წიგნი 1440 წელს გამოუცია. სწორედ გუტენბერგს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა, რომ წიგნი გერმანელი გამომგონებლის დამსახურებით გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. გუტენბერგის განსაკუთრებული მადლიერი კი ალბათ, გამომცემლობები უნდა იყვნენვინც წიგნის ბეჭდვით და გაყიდვით ფულს შოულობს.

მე-20- საუკუნის მიწურულიდან, ინფორმაციის ტრადიციულ ბეჭდვა-გავრცელებას ნელ-ნელა ელექტრონული წიგნები ცვლის. თავიდან, ამისთვის შედარებით მოუხერხებელი და ძვირადღირებული .. „პლანშეტური კომპიუტერებიგამოიყენებოდა. 21- საუკუნეში კი უკვე სპეციალურად, ელექტრონული წიგნებისთვის სპეციალური მოწყობილობები გამოჩნდა. ასეთი მოწყობილობა დაახ-ლოებით სტანდარტული წიგნის ზომაა: საშუალოდ 20 სანტიმეტრი სიგრძე, 15 სანტიმეტრი სიგანე, ხოლო სისქეში კი 1-1,5 სანტიმეტრია.
მსოფლიოში ასეთი მოწყობილობები უსწრაფესად ვრცელდება და რამდენად სწრაფად მოხდება ტრადიციული წიგნების მნიშვნელოვნად ჩანაცვლება, რთული საპროგნოზოა. თუმცა, ის უკვე აშკარაა, რომ ელექტრონულ წიგნებზე გადასვლა ადრე თუ გვიან, გამომცემლობების მომავალია და როგორც ურმები და ფაეტონები ჩაანაცვლა თანამედროვე ავტომობილებმა, ქაღალდზე ნაბეჭდ წიგნებსაც ცივილიზაცია ნელ-ნელა ელექტრონული წიგნებით ჩაანაცვლებს.

ელექტრონული წიგნების ისტორია












ელექტრონული წიგნების წამკითხველის წარმოება კომპანია NuvoMedia-მ 1998 წელს დაიწყო





  


პირველი ვიწროსპეციალიზირებული მოწყობილობა ელექტრონული დოკუმენტების წასაკითხად შეიმუშავა ამერიკულმა კომპანიამ Digital Equipment Corporation (DEC). 1996 წელს კომპანიამ წარმოადგინა DEC Lectrice – .. „პლანშეტური კომპიუტერისენსორული ეკრანით. ასეთი კომპიუტერი იმით გამოირჩევა, რომ მას არა აქვს კლავიატურა დამაუსი“. კლავიატურის ფუნქციას სენსორული ეკრანი ითავსებს, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის შეტანა თუ სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება.
მიუხედავად DEC-ის წინაშე არსებული ამოცანისა, შეემუშავებინათ ვიწროსპეციალიზირებული მოწყობილობა ელექტრონული დოკუმენტების წასაკითხადის გამოვიდა საკმაოდ ძვირი და ამიტომ, მისი სერიული წარმოება არ შედგა.
ელექტრონული წიგნების წამკითხველის პირველი მასობრივი წარმოება, რომლებსაც ჰქონდა LCD მონიტორი, დაიწყო 1998 წელს. კომპანიებმა NuvoMedia- და Softbook Press--მა ასეთი მოწყობილობები პრაქტიკულად, ერთდროულად გამოუშვეს. შემდეგ მოხდა მათი დახვეწა, გამოჩნდა მოწყობილობები, რომლებსაც ფუნქციები მნიშვნელოვნად ჰქონდა გაზრდილი. თუმცა, ფართო გავრცელება ვერც ამ მოდელებმა შეძლეს. ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ, მოწყობილობის მაღალი თვითღირებულება იყო და ასევე, მაშინდელ მოდელებს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა ბატარეების დაუმუხტავად მუშაობის მცირე პერიოდი.
2007 წლიდან კი ელექტრონული წიგნების ბაზარზე გადატრიალება მოახდინა .. „ელექტრონული ქაღალდისტექნოლოგიის გამოჩენამ. ამან გამოიწვია როგორც მწარმოებლების მატება, ასევე წარმოებული მოდელების რაოდენობის ზრდაც. თუმცა, მიუხედავად თითქმის ფანტასტიკურად გაზრდილი მოთხოვნისა ცალკეულ მოდელებზე (მაგალითად, Sony Reader PRS-500-ზე და Amazon Kindle-ზე), ჯერჯერობით, ელექტრონული წიგნების სპეციალიზირებული წამკითხველები რეალიზაციით ჩამოუვარდებიან ელექტრონული ინფორმაციის წამკითხავ ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა სმარტფონი (smartphone) და .. „ჯიბის პერსონალური კომპიუტერი“ (Personal Digital Assistant, PDA).

თანამედროვე ელექტრონული წიგნები

ამაზონ ქინდლი (Amazon Kindle)არის მოწყობილობა ელექტრონული წიგნების წასაკითხად. შემუშავებულია კომპანია Lab126-ის მიერ (კომპანია ეკუთვნის მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ-გაყიდვების უდიდეს კომპანია Amazon.com-). მოწყობილობას რამდენიმე მიმართულება აქვს: წამკითხველი მოწყობილობები, რომლებიც რამდენიმე თაობას მოიცავს Kindle1, Kindle2 და Kindle3. ასევე პროგრამებს Amazon-ის ელექტრონული წიგნების წასაკითხად სხვადასხვა მოწყობილობებისთვის: „Kindle for PC“, „Kindle for iPhone“, „Kindle for Mac“, „Kindle for Android“ და „Kindle for BlackBerry“.
ქინდლს აქვს დისპლეი, რომელშიც გამოყენებულია ელექტრონული მელნის ტექნოლოგია (E Ink). ქინდლის მეშვეობით შესაძლებელია ინტერნეტთან კავშირი და ქსელიდან ინფორმაციის, მათ შორის ელექტრონული წიგნების გადმოქაჩვა. საყურადღებოა, რომ ქინდლის შეძენა ორიოდე წლის წინ შესაძლებელი იყო მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2009 წლის ოქტომბრიდან კი კომპანია Amazon.com-მა ამ მოწყობილობის მთელი მსოფლიო მასშტაბით გაყიდვა დაიწყო.
ქინდლის პირველი მოდელი (Kindle) ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ზე პირველად გამოჩნდა 2007 წლის ნოემბერში. მისი ფასი 399 დოლარს შეადგენდა. გასაყიდად გამოტანილი მოწყობილობები სულ რაღაც 5 საათში გაიყიდა. რის შემდეგაც გაყიდვები მხოლოდ 2008 წლის აპრილში განახლდა. მას შემდეგ, ფასი გამუდმებით ეცემა. პირველად 359 დოლარამდე, შემდეგ კი 299 დოლარამდე.
ამ მოწყობილობას აქვს 6 დიუმიანი შავ-თეთრი დისპლეი, სიმკვეთრის 4 გრადაცია. მოწყობილობის შიდა, 250 მგბ მეხსიერება უზრუნველყოფს არაილუსტრირებული დაახლოებით 200 წიგნის შენახვას. მეხსიერების გაზრდისთვის გამოიყენება SD-ბარათი.
ქინდლის ასეთი მოდელი გაყიდვაში აღარ არის. იგი ჩაანაცვლა მოდელმა ქინდლი 2 (Kindle 2).
ქინდლი 2. 2009 წლის 9 თებერვლიდან Amazon-მა დააანონსა ქინდლი 2, რომლის გაყიდვაც დაიწყო 2009 წლის 29 თებერვალს 359 დოლარად. ახალ მოდელში დისპლეის უკვე სიმკვეთრის 16 გრადაცია აქვს, გაზრდილია ბატარეების მუშაობის დრო, 20%-ით დაჩქარებულია გვერდის განახლების დრო, დამატებულია ტექსტის წაკითხვის ფუნქცია (text-to-speech); მოწყობილობის სისქე შემცირებულია ორჯერ, 9 მმ-მდე. შიდა მეხსიერება გაზრდილია 2 გიგაბაიტამდე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არაილუსტრირებული დაახლოებით 1500 წიგნი ჩატვირთოს მოწყობილობაში.
ქინდლი 3. ახალი თაობის ქინდლის შესახებ Aმაზონ-მაგამოაცხადა 2010 წლის 28 ივლისს. მოწყობილობის ყიდვის მსურველებს 3 ვარიანტი აქვთ:
1. მოდელი ჩადგმული უკაბელო კავშირი Wi-Fi სისტემით;
2. მოდელი მობილური კავშირის მესამე თაობის 3G ქსელით და Wi-Fi-თი ერთად. ფასიც, ოფიციალურ საიტზე შესაბამისად 139 და 189 დოლარია.
მწარმოებლების მტკიცებით, მოწყობილობაში გამოყენებულია ახალი თაობის ელექტრონული ქაღალდი, რომელსაც 50%-ით მეტი კონტრასტი აქვს. ასევე, ქინდლის წინა მოდელებთან შედარებით, არის 15%-ით მსუბუქი და 21%-ით პატარა. შიდა მეხსიერება გაზრდილია 4 გიგაბაიტამდე.
მესამე თაობის მოდელებს აქვთ დამატებითი შრიფტების და საერთაშორისო, Unicode სიმბოლოების მხარდაჭერა. ეს შესაძლებელს ხდის ქართული Unicode-ით დაწერილი ტექსტის წაკითხვას. თუ გათიშული იქნება Wi-Fi და 3G, მოწყობილობის აკუმულატორი დამუხტვის გარეშე დაახლოებით 1 თვის მანძილზე იმუშავებს.
3. ქინდლი DX (Kindle DX). 2009 წლის 6 მაისს Amazon-მა დააანონსა Kindle DX 489 დოლარად, გაყიდვა კი დაიწყო 2009 წლის 10 ივლისს. ეს არის პირველი მოდელი აქსელერომეტრით, რომელიც ავტომატურად ატრიალებს ეკრანზე გამოტანილ გვერდს მოწყობილობის ამოტრიალებისას. მოწყობილობის სისქე შემცირდა 8,5 მილიმეტრამდე, შიდა მეხსიერება გაზრდილია 4 გიგაბაიტამდე, რაც დაახლოებით 3500 არაილუსტრირებულ წიგნს მოიცავს. 9,7 დიუმის დიაგონალის ეკრანს 1200X824 პიქსელების გაფართოვება აქვს. ბატარეის მუშაობის დრო გაიზარდა 4 დღე-ღამემდე ინტერნეტთან კავშირის შემთხვევაში, ხოლო ინტერნეტის გარეშე 2 კვირამდე დროის მანძილზე დამუხტვის გარეშე. მოდელს აქვს PDF ფორმატის წაკითხვის შესაძლებლობა. 2010 წლის ივნისში ამ მოდელის ფასი ოფიციალურ საიტზე შემცირდა 379 დოლარამდე.

მნიშვნელოვანია, რომ Amazon-ი აკონტროლებს ინფორმაციას, რომელიც უკვე გაყიდულ მოწყობილობებშია ჩატვირთული და საკუთარი სურვილით შლის კიდეც. მათ შორის იმ წიგნებსაც, რომლებიც უშუალოდ Amazon-იდან არის შეძენილი. ასე, მაგალითად, იყო წაშლილი ჯორჯ ორუელისცხოველების ფერმადა „1984“. ამ ნაწარმოებების გავრცელებაზე კომპანიას არ ჰქონდა საავტორო უფლება (წიგნებში გადახდილი ფული მყიდველებს დაუბრუნეს).



 













ამაზონ ქინდლის 3 თაობა






Barnes & Noble Nook

Barnes & Noble Nook (Nook) ელექტრონული წიგნი, შემუშავებულია ამერიკელი მწარმოებლის მიერBarnes & Noble- წიგნები“, რომელსაც მართავს ოპერაციული სისტემა Android- (ლინუქსის ბირთვზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა მობილურებისთვის და სმარტბუქებისთვის). მოწყობილობა იყო დაანონსებული 2009 წლის 20 ოქტომბერს და გაყიდვაში გაიტანეს 30 ნოემბერს, 259 დოლარად.
Nook-ის ორიგინალური ვერსია მოიცავს WiFi და 3G მოდულებს, 6 დიუმიან E-ink ეკრანს (ელექტრონული ქაღალდიინფორმაციის გამოსახვის ტექნოლოგია, შემუშავებული ქაღალდზე ჩვეულებრივი ბეჭდვის იმიტირებისთვის) და პატარა სენსორულ ეკრანს, რომელიც ძირითადად ემსახურება ინფორმაციის შეტანას.
2010 წლის 21 ივნისს კომპანია Barnes&Noble- შეამცირა ფასი 199 დოლარამდე და ასევე დააანონსა მოდელი 3G- გარეშე 149 დოლარად. 2010 წლის 26 ოქტომბერს კომპანიამ დააანონსა Nook Color 249 დოლარად. Nook-ის ეს ვერსია აღჭურვილია 7 დიუმიანი სენსორული LCD ეკრანით, 600x1024 გაფართოვებით.
დახასიათება: Nook- აქვს 2 დისპლეი: შავ-თეთრი E-Ink და ფერადი სენსორული ეკრანი, გამოიყენება ნავიგაციისთვის და ტექსტის შესაყვანად. წიგნის გვერდები გადაიფურცლება ღილაკების მეშვეობით, რომლებიც მოწყობილობის კიდეებზეა. Nook გამოიყენებს უფასო AT&T (უდიდესი ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია, უზრუნველყოფს სატელეფონო და უკაბელო კომუნიკაციას აშშ- მასშტაბით) 3G კავშირს (მხოლოდ აშშ-ში) ან WiFi სისტემას ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
მოწყობილობას აქვს სლოტი MicroSD-სთვის ბარათი და გამოსაცვლელი აკუმულიატორი. Nook- აქვს ჩადგმული ლექსიკონი, ბრაუზერი ინტერნეტში შესასვლელად, აუდიოპლეერი, დინამიკები, თამაშები და 3.5 მმ-იანიჯეკიყურსასმენებისთვის.

ECTACO JetBook

ECTACO JetBook - მოწყობილობა ელექტრონული წიგნების წასაკითხად თხევადკრისტალური დისპლეის ტექნოლოგიებით. წარმოებულია ამერიკული კომპანია ეკტაკოს- მიერ. იწარმოება 2008 წლიდან დღემდე.














 FR Book

ელექტრონული წიგნების მწარმოებლებს შორის რუსებიც გამოჩნდნენ. მათ მიერ წარმოებულია FR Book. გამოიყენება ელექტრონული წიგნების წასაკითხად, mp3ფაილების მოსასმენად და JPEG და BMP ფორმატის მქონე გამოსახულებების დასათვალიერებლად.
FR Book E161 – თანამედროვე წიგნების წასაკითხია ელექტრონულ ფორმატში, ეკრანით, რომელიც მუშაობს E-Ink ტექნოლოგიით. მოწყობილობის დისპლეი უზრუნველყოფს მოხერხებულ კითხვას მცირე ენერგიის გამოყენებით. ექვსდიუმიანი ეკრანი საშუალებას იძლევა ელექტრონული დოკუმენტების წაკითხვას ხედვის ნებისმიერი კუთხის დროს, ასევე ეკრანზე მზის სხივების პირდაპირი მოხვედრის დროსაც კი. FR Book E161-ის დისპლეის გაფართოვება შეადგენს 600x800 წერტილს.
მოწყობილობას შეუძლია დამუხტვის გარეშე 20 დღემდე იმუშაოს. კომპიუტერთან მიერთება შესაძლებელია სტანდარტული USB პორტით, რაც საშუალებას იძლევა მარტივად გადაიწეროს ელექტრონული წიგნები, მელოდიები თუ ფოტოები.
რუსი მწარმოებლების მიერ შემუშავებულია მოდელი FR Book E251, რომელიც შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ორივე მოდელი მხოლოდ წიგნის წასაკითხად გამოდგება და ინტერნეტთან კავშირი არცერთს არ გააჩნია

 Sony Reader 
ელექტრონული წიგნების წასაკითხად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იაპონური კორპორაცია სონის შემუშავებული Sony Reader.
პირველი მოდელი – Sony Reader Portable Reader System 500 (PRS-500) – დაიწყო გაყიდვა აშშ-ში 2006 წლის სექტემბრიდან, კანადაში კი 2008 წლის აპრილიდან. დიდ ბრიტანეთში 2008 წლის 3 სექტემბრიდან იყიდებოდა მეორე მოდელი – PRS-505. 2008 წლის 2 ოქტომბერს Sony- დააანონსა მოდელი PRS-700.


Sony Reader-ის დისპლეიზე გამოყენებულია ელექტრონული ქაღალდის ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია E Ink Corporation-ის მიერ. დისპლეის გაფართოვება შეადგენს 170 dpi-, ტექსტი კარგად იკითხება მზის სხივების პირდაპირი დაცემის შემთხვევაშიც. დისპლეი არ საჭიროებს ენერგიას უძრავი სურათის გამოსახულებისთვის. როგორც ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი, Sony Reader-ის დისპლეიზეც ძნელია სუსტი განათებისას ტექსტის წაკითხვა. მოდელ PRS-700-ის დისპლეის, ისევე როგორც ყველა სხვა მოწყობილობას, სადაც ელექტრონული ქაღალდის ტექნოლოგიაა გამოყენებული, საკუთარი განათება არ გააჩნია.2008 წლის დეკემბერში Sony- პირველად განაცხადა, რომ მთლიანად, მოწყობილობის გაყიდვის დღიდან – 2006 წლის ოქტომბრიდან გაყიდა 300 000 ერთეული Sony Reader.

AZBOOKA
 
საინტერესოა, რომ ელექტრონული წიგნების მწარმოებელთა შორის არის უკრაინაც. უკრაინელების მიერ შექმნილ მოწყობილობას Azbooka ჰქვია. გამოიყენება ელექტრონული წიგნების წასაკითხად, აუდიო წიგნების და აუდიოფაილების მოსასმენად. ვრცელდება კომპანია "IT-Инфраструктура"- მიერ. 2009 წლიდან სერიულად იწარმოება მოდელი n516, დაანონსებულია n618.
მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ უკრაინულ წამკითხველს შეუძლია ყველა ენაზე დაწერილი ტექსტი გახსნას. ასევე ინტერფეისს აქვს უკრაინული, რუსული და ინგლისური ლოკალიზაცია

 ელექტრონული წიგნები და საქართველო
 
ელექტრონული წიგნები საქართველოში ჯერ ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ექსპერტების ვარაუდით უახლოეს 4-5 წელიწადში სურათი მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი. ტექნოლოგიური პროგრესი პირველ რიგში საყურადღებო იქნება წიგნების გამომცემლებისთვის, რათა ფეხი აუწყონ თანამედროვე საშუალებებს და გაყიდვებიც გაზარდონ. დღევანდელი მონაცემებით, უცხოეთის ბაზრებზე წიგნების ელექტრონული ვერსიები უკვე მნიშვნელოვან წილს იკავებს და ნელ-ნელა კიდევ უფრო მცირდება ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნების წილი.
გამომცემელი ბაკურ სულაკაური ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი გამომცემლობა უკვე აპირებს წიგნების ელექტრონული ვერსიების გაყიდვას. მისი თქმით, ეს შეეხება პროზას და არა ბავშვებისთვის განკუთვნილ ილუსტრირებულ გამოცემებს. გამომცემლობისთვის ელექტრონული წიგნების გაყიდვა პირველ ეტაპზე მხოლოდ ბაზრის მოსინჯვა იქნება და ჯერჯერობით აქ კომერციული სარგებელი არ იგეგმება. თუმცა, როგორც სულაკაური ვარაუდობს, მაქსიმუმ 5 წელიწადში ელექტრონული წიგნებით ვაჭრობა გამომცემლობებისთვის ჩვეულებრივი საქმიანობა გახდება.
საქართველოს ბაზარზე წიგნების ელექტრონული ვერსიების გაყიდვას საავტორო უფლებების უგულვებელყოფა და ასევე მონდომებული ჰაკერებიც შეუშლიან, ვინც ამა თუ იმ ელექტრონული პროგრამისგატეხვასახერხებს, ცხადია ელექტრონული წიგნებისგატეხვასაცშეეცდება. თუმცა, ბაკურ სულაკაური იმედოვნებს, რომ ამ პრობლემასაც მოევლება. გასულ წლებში წიგნების ბაზარზე საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ, ბოლო პერიოდში სიტუაცია სტაბილური გახდა და საავტორო უფლებების დარღვევას მხოლოდ ის გამომცემლობა თუ ბედავს, ვინც ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს.
რაც შეეხება ელექტრონული წიგნების თანაფარდობას ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნებთან, ბაკურ სულაკაური აცხადებს, რომ ამერიკაში ელექტრონულმა წიგნებმა უკვე 25%- გადააჭარბა. ელექტრონული წიგნების მომხმარებლები საქართველოშიც არიან. ერთ-ერთი მათგანია ლევანი, ჟურნალისტი, 25 წლის:

მაქვს ამაზონის ქინდლი, მეორე თაობა. ქინდლი ძალიან კომფორტულია, თავისი ზომის, ეკრანის სპეციფიურობისა და ინტერსფეისის სიმარტივის გამო. მისი საშუალებით ჩემთვის საჭირო წიგნები სულ თან დამაქვს. ქინდლი არ მიყიდია, საახალწლოდ მაჩუქა მეგობარმა. წიგნების უმრავლესობა კომპიუტერში უკვე მქონდა PDF ფაილად და შემდეგ გადავიყვანე ქინდლის ფორმატში (MOBI) calibri- საშუალებით. ფულს ელექტრონულ წიგნში გადავიხდი, თუ ის ძვირი არ ეღირება (3-5 ლარი) და თუ შეძენა მარტივი იქნება.

ასე რომ, კითხვის მოყვარულთათვის ახალი ტექნოლოგიები შემოდის. რა დრო დასჭირდება თანამედროვე ელექტრონულ წამკითხველებს ჩვენთან დამკვიდრებას, ან რამდენად პოპულარული გახდება ელექტრონული წიგნებიმომავალში გამოჩნდება.