Friday, July 7, 2017

რა აზრი აქვს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გაპროტესტებას

რუსების ოკუპირებული მიწა
რუსების გამოგონილი საზღვრები


წუხელ ვუყურე ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ბოლო 4-5 წელიწადში რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზები მოიწყვეს და ყოველდღიურად სულ უფრო მყარად იდგამენ ფესვებს. გუშინდელს მერე უსუსურობის განცდიდან ვერ გამოვედი... მსგავსი განცდა არ მქონია 2008 წლის აგვისტოს დღეებში - როცა რუსები ჯერ კიდევ ფოთში იყვნენ და გორიდან გასვლასაც არ ჩქარობდნენ. მთავარი ხომ მომავლის იმედია და მაშინ ეტყობა ეგ იმედი მქონდა. მახსოვს, ყველა დონეზე დაახლოებით ასეთი მოწოდებები ისმოდა: „რუსულმა სამხედრო შენაერთებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რაც 2008 წლის 7 აგვისტომდე ჰქონდათ“. ისიც მახსოვს, რომ რუსებს არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში უწევდათ ხოლმე თავის მართლება და პაწაწინა საქართველოს მხრიდან მუდმივი ძახილი - „რუსეთი ოკუპანტია!“ სხვა თუ არაფერი, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე დისკომფორტს ნადვილად უქმნიდათ. ისიც მახსოვს, რომ დასავლეთი ლამის იძულებული იყო, საქართველოში რუსული სამხედრო ძალების ყოფნა მაღალ დონეზე გაეპროტესტებინა და „6 პუნქტიანი გეგმის“ შესრულებაზე დაეყენებინა ხოლმე მოთხოვნები... იძულებული - რადგან საქართველო ყოველდღიურად ითხოვდა შველას რუსეთისგან და ეს თხოვნები ცხადია, პირველ რიგში დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებსისკენ იყო მიმართული.

2012 წლის არჩევნების მერე მოსულმა ივანიშვილმა გასაგებად თქვა, რომ „საქართველო აღარ უნდა ყოფილიყო დასავლეთის და რუსეთის შორის დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი“. „ქართველმა ერმა“ ეს ნათქვამი გაატარა. ივანიშვილმა ისიც აუწყა ერს - „ვერ იჯერებს, რომ რუსეთის სტრატეგია და მიზანი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის მითვისება იყოს“. ეს ნათქვამიც „გაუტარეს“ „სამაგალითო ქველმოქმედს“.

სამაგიეროდ, „ქართველი ერი“ დღემდე დარაჯობს და ცდილობს „სისხლიანი 9 წლის პერიოდში“ „მიღებული დაზიანებები“ მოუშუშოს კორკოტასებრთა ჯურის ხალხის ტრაკებს და „ღირსების აღდგენაზე“ ბოდავს ათას სისულელეს. ხან მიწათმოქმედი და მშრომელი ინდოელი ფერმერების წინააღმდეგ ირაზმება, ხან პაკისტანელი სტუდენტების საქართველოდან გაყრას ითხოვს, ხან კიდევ, თურქეთი ჩვენს ოშკს და იშხანს რატომ არ უფრთხილდებაო, - გაჰკივის „ღირსებაშელახული“ ხმით. თითქოს სვეტიცხოველს, ჯვრის მონასტერს თუ სხვა ისტორიულ ნაგებობებს ქართველი „სასულიერო პირები“ არ ანადგურებდნენ სულელური მიშენ-მოშენებით, მეტალო-პლასტმასის „კარ-აკოშკის“ ჩაყენებით თუ მრავალსაუკუნოვანი კარების და კედლების დახვრეტით, რომ გათბობა-კონდიცირების სისტემები ჩააყენონ.

დღეს კი თურმე... თურმე - კიდევ ერთი უბედურებაა, რადგან, „თურმე“ ისეთი ამბები ხდება, რაც ჩვენი ხელისუფლებისგან არც კი გვსმენია... თურმე, შიდა ქართლში, იგივე ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის მიღმა ტერიტორიების ჩათვლით, რუსებს უკვე ლამის 15-16 ახალი სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი და ისეთი შეიარაღება უყენიათ, რაც მთელ ქართულ სამხედრო ძალებს ბევრად აღემატება...

2008 წლის აგვისტოში თუკი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ არმიას და რამდენიმე დღე ბრძოლაში ტოლიც არ დაუდო - დღეს ეგ უკვე გამორიცხულია. მძიმე ტექნიკას როკის გვირაბით შემოსვლა და დროის დაკარგვა აღარ დასჭირდება. რამდენიმე საათში სრული საბრძოლო მზადყოფნა ალკოჰოლიკი რუსი სამხედროებისთვისაც კი პრობლემას არ წარმოადგენს.

რა გინდა რომ ამ სიტუაციაში ქნა? ჩავიდეთ და ყოველდღიურად გადმოწეულ ე.წ. საზღვართან ფერადი ბუშტებით დავდგეთ და მშვიდობიანი აქცია გავმართოთ? მსოფლიოს გავაგებინოთ, რუსები რომ „საზღვარს“ სწევენ და სადაცაა საქართველოს მთავარ მაგისტრალს გადაგვიკეტავენო? და, ამდენი ხნის მანძილზე რომ საქართველოს „დემოკრატიულად არჩეული“ ხელისუფლება არაფერს ამბობს (აქა-იაქ წამოკნავლება არ ითვლება) რუსების საწინააღმდეგოს, გადმოწეულ „საზღვარზე“ კი გვამშვიდებს, რომ „პროვოკაციას არ წამოვეგებით და ხმას არ ამოვიღებთო“ - რომელი დასავლეთის ქვეყანა მოსთხოვს რუსეთს - შეეშვი საქართველოს ოკუპაციასო? ის დასავლეთი, რომლის მიმართ საქართველოდან სულ უფრო მეტი ლანძღვა ისმის და ათას სულელურ პრეტენზიებს უყენებს? კი ბატონო, გავიგეთ, რომ საქართველო „ნატოს“ წევრების მერე ყველაზე მეტ წვლილს იღებს საერთაშორსო მისიებში და ცივილიზებული ქვეყნების მხარდამხარ იბრძვის, მაგრამ, შემთხვევით, რუსეთის სასარგებლო პოზიციაზე უფრო მეტი ქართველი ხომ არ იმყოფება? იარაღიან ადამიანებს არ ვგულისხმობ - პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში შეგნებულად ჩაფლული და თუნდაც ბრიყვულად მონაწილე ხალხი არ დაგვავიწყდეს.

ახლა, საქართველოს მცირე იმედი ისევ ამერიკა შეიძლება იყოს... დონალდ ტრამპი ჯერჯერობით მტკიცედ დგას და რიტორიკის დონეზე რუსეთს მოუწოდებს სირიაში თუ უკრაინაში ჩარევას თავი დაანებოს. საქართველოს რომ არ ახსენებს, მოდი, მაგას ტრამპს ნუ დავაბრალებთ - საქართველო რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი არ უნდა ყოფილიყო, ეგ „ქართველი ერის“ რჩეულმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა და მიაღწია კიდეც მიზანს. ტრამპი შესაძლოა საქართველოსთვის შანსი იყოს, მაგრამ, ქართველი რისი ქართველია - ტრამპის ლანძღვას გაცილებით მეტ დროს და ენერგიას ახმარს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისას - იმ ხელისუფლების, რომელმაც მოახერხა და საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს ოკუპაციაზე ლაპარაკი გააქრო. საქართველოს მმართველმა ძალამ რუსეთის ბოლოდროინდელი ყველა პანღური, თავში წამორტყმა და დამცირება ხმისამოუღებლად გადაყლაპა. რუსი ჯარისკაცების მიერ შიდა ქართლში, ადგილობრივი გლეხების თუ მწყემსების გატაცება, ცხინვალში გადაყვანა და ქართველების მხრიდან გამოსასყიდის გადახდის მერე გამოშვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ლამის უმაღლესი დიპლომატიის გამარჯვებად არის ხოლმე შერაცხული. ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში აფხაზი კრიმინალის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი ვიდეოც წინ უდევს საქართველოს ხელისუფლებას და მკვლელი რაშიდ-ოღლის შესახებაც გადასარევად იციან, მაგრამ, ბუზს არავინ უფრენს. ქართული სპეცსამსახურები მის წინააღმდეგ სპეცოპერაციას არ ჩაატარებენ და რუსებმა თუ აფხაზებმა კიდევ, დემონსტრაციულად საქმის ძიება შეწყვიტეს. არადა, ირკვევა, რომ თურმე იმ „სისხლიანი 9 წლის“ დროს რაშიდ-ოღლის მსგავსები გაუყენებიათ საიქიოს გზისთვის მაშინდელ ქართულ სპეცსამსახურებს... ბიძინას ხელისუფლებამ კი სწორედ ასეთი ოპერაციის ჩამტარებელი ქართველები დასაჯა - ზოგი დააპატიმრა, ზოგი ქვეყნიდან გაქცეულია, ზოგიც მკვდარია...
ჩავიდეთ და გადმოწეულ მავთულხლართებთან შიშველი ხელებით დავდგეთ. გავაპროტესტოთ. მსოფლიოს გავაგებინოთ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას - წერენ სოციალურ ქსელებში. და რა, თუ ცოტა ისე გააპროტესტე, რომ რუსეთს არ მოეწონა, შენივე ხელისუფლება დაგსჯის - „შე პროვოკატორო, გინდა რუსეთი გააღიზიანო და ომი მოხდეს?“
„ღირსების საკითხია, ყველა უნდა ჩავიდეთ და გავაპროტესტოთ მავთულხლართების გადმოწევა!“ - არ ეშვება მოწოდებებს რამდენიმე ალბათ მართლაც პატრიოტი ადამიანი...
„ბოლო-ბოლო ღირსების ამბავია ჩვენი ჩასვლა ორჭოსანთან და ბეშუეთში!“ - ბობოქრობენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.


თუ ღირსების ამბავია და დემონსტრაციული თვითმკვლელობა შვებას მოგვგვრის, გასაგებია, ამ იდეასაც აქვს აზრი. მაგრამ, როცა იცი, რომ შენი რჩეული ხელისუფლება შენ გსჯის ოკუპანტის წინააღმდეგ ქმედებისთვის და შენ კიდევ რუს ოკუპანტს მორიდებით სთხოვ, იქნებ მეტად აღარ გადმოწიო „საზღვარი“ და ბათუმისკენ მიმავალი გზა არ დაგვიკეტოო - ღირსეული საქციელია? იაპონელები ხარაკირს იკეთებენ როცა მათ ღირსებას შეურაცხყოფენ. ჩვენ კი ყველამ რომ ერთად გამოვიღადროთ მუცლები თუნდაც რუსების გადმოწეულ მავთულხლართებთან - ღირსების დაცვისთვის თვითმკვლელობაში ნაკლებად ჩაგვეთვლება. სანამ რუს ოკუპანტს მორიდებით ვთხოვთ, იქნებ „საზღვარი“ მეტად აღარ გადმოწიოო და მანამდე ჩვენი რჩეული ხელისუფლება ქვეყნის სათავეში კომფორტულად არის მოკალათებული, მავთულხლართებთან ტრაკის თამაშს შედეგი არ მოჰყვება.