„რატომ ჩააბარე ჩვენთან?“ - პირველი შეკითხვა დაგვისვა პრორექტორმა, როდესაც აუდიტორიაში პირველად შეიკრიბა ჩვენი ჯგუფი. ჯგუფელები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ვიყავით. ყველამ მიკიბ-მოკიბული პასუხი გასცა, რატომ აირჩია ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი. მახსოვს, მეგრელმა ჯგუფელმა დაახლოებით ასეთი რაღაც თქვა - „ოდითგანვე მსმენია, რომ ეკონომისტებს დიდი ფული აქვთ. ჰოდა, მე მიყვარს კაი ჭამა-სმა, კაი ცხოვრება და ბევრი ფული მინდა მქონდეს, ამიტომ ჩავაბარე ამ ინსტიტუტში“. მე რა ვუპასუხე, მართლა არ მახსოვს. ერთი ალალი, კახური ფესვების მქონე ჯგუფელის პასუხი კი კარგად დამამახსოვრდა: „ჯარში რო არ წამიყვანონ, იმიტომ ჩავაბარე, გავიგე ინსტიტუტს სამხედრო კათედრა ჰქონდა და საბუთებიც აქ იმიტომ შემოვიტანეო“. ასე რომ, სასწავლებლის შერჩევისას უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწორედ ჯარიდან თავის დახსნა იყო მაშინ... 1995 წელი იდგა.
ინსტიტუტში სამხედრო კათედრა გვქონდა და შაბათობით სამხედრო გაკვეთილებს გვიტარებდნენ. ზოგჯერ მახათას მთაზე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილშიც მივყავდით ხოლმე, „ჯარის ცხოვრება“ ახლოს რომ გვენახა. პირველად რომ წაგვიყვანეს, მახსოვს, ჯერ დავიზაფრეთ და მერე ამოვისუნთქეთ, ჯარს რომ გადავრჩით. ჯარისკაცები საცოდავად ჩაცმულები იყვნენ, ზოგს კარგა დაძველებული „სპორტული“ შარვალიც ეცვა. არადა, მწყობრი ნაბიჯით სიარული ჰქონდათ. ფეხსაცმელებშიც არ გაუმართლათ. ერთ საკმაოდ სქელლინზიანი სათვალის მქონე ბიჭს სულაც ფლოსტების მაგვარი რაღაც ეცვა და ისე დააბიჯებდა... ცალკე საცოდავობა იყო საკვების საწყობი - ნახევრად დამპალი კარტოფილის მცირე გროვა და რამდენიმე კომბოსტო ეგდო საკუჭნაოში. მოვასწარი და ერთ ჯარისკაცს გამოველაპარაკე, რას გაჭმევენ-მეთქი? „დილით ჩაი და პური სულ გვაქვს, შუადღისას კარტოფილი ან კომბოსტო, საღამოთიც ჩაი არის ხოლმე...“, - მიპასუხა და სადღაც შორს იყურებოდა. არ სიამოვნებდა ამ თემაზე ლაპარაკი.
ერთ დღეს პოლიგონზეც მოგვიწია წასვლა. ინსტიტუტში გვითხრეს, რომ ჩვენმა სასწავლებელმა მოახერხა და საბრძოლო ტყვიების სროლას შევძლებდით. მსგავსი რამ ჯარისკაცებისთვის „დიდი ფუფუნება“ ყოფილა და თურმე ბევრი ისე ამთავრებდა სამხედრო სამსახურს, რომ ავტომატიდან სროლაც არ ეღირსებოდა. ჩვენ კი, 9-9 ტყვია გავისროლეთ. სულ ეს იყო ჩვენი პრაქტიკული სწავლება სამხედრო კათედრაზე, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უკეთესი პრაქტიკა არც მაშინდელ წვევამდელებს ჰქონდათ...
ვინც იმ პერიოდში სასწავლებელს ვერ შეაფარა თავი, ჯარში წასვლამ ან „საქმის ჩაწყობამ“ ან კიდევ, დამალვამ მოუწია. მეტროებთან სამხედრო პოლიციის რეიდები და ახალგაზრდების გაჩერება-შემოწმება, ადგილიდან სამხედრო ნაწილში იძულებით წაყვანა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სოფლებში კი დილაუთენია, საწოლში მძინარეზე „თავზე დადგომა“ და წვევამდელების ჯარში კინწისკვრით გაგდებაც აღარავის უკვირდა. ერთმა ჩემმა კლასელმა, რომელიც ვერც კარგად სწავლობდა და არც ოჯახს აღმოაჩნდა ფული „საქმის ჩასაწყობად“ სასწავლებელში „ჩასაბარებლად“ ან ჯარიდან თავის ასარიდებლად - მუხლში ძაფი გაიყარა. ეტყობა ვიღაცამ ასწავლა თავის ასე დასახიჩრება ჯარს აგაცილებსო. იარა ისე გაუმიზეზდა, რამდენიმე წელიწადში მოკლა კიდეც. მეორე კლასელი, რომელსაც აშკარა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და წესიერად რომ შეემოწმებინა ექიმს, ისედაც არ უნდა წაეყვანათ, კომისარმა გამთენიისას მაინც მიაკითხა შინ. წაიყვანეს და რამდენიმე კვირის მანძილზე მთლად გასაცოდავდა. ბიჭები ამბობდნენ, მთელი დღე ზის, ხმას არ იღებს, მხოლოდ ჩაის თუ დალევს და პატარა პურს შეჭამსო. ბოლოს როგორც იქნა გამოუშვეს შინ, მაგრამ, დღესაც სახლიდან არ გამოდის. სვამს წამლებს და არავის ეკონტაქტება...
ვინც გაუძლო და იმ პერიოდში 2 წელი სამხედრო სავალდებული სამსახური მოიხადა, ჰყვებიან რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. არ იყო დისციპლინა, არ იყო წესიერი საკვები, არ იყო ნორმალური ეკიპირება და წვრთნა. სამაგიეროდ, იყო ციხის მსგავსი წესები - ჩაგვრა, ფულის შეწერა, სხვისი ულუფის მითვისება, ცოცხის აღების და სამხედრო ნაწილის დასუფთავების დავალდებულება, ღამის შინ გატარებისთვის ნაწილის უფროსთან ქრთამის მიცემა და ა.შ. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებსაც სამშობლოს დაცვის იდეა მაინც ჰქონდათ, ჩემი თაობის სამხედროებს ალბათ მსგავსი არაფერი ამოძრავებდათ - გაძლება და თავის გადარჩენა ჯარის პერიოდში, ეს იყო მთავარი მიზანი. თუმცა, თავის გადარჩენა რომ იოლი საქმე არ იყო, იმ პერიოდის საკმაო თვითმკვლელობებიც ადასტურებს. ცხადია, ჯარისკაცების დაპირისპირებისას არც ერთმანეთის მკვლელობები იყო დიდი უცხო მოვლენა. სამწუხაროდ, დაპირისპირების საფუძველი ხშირად კუთხური წარმომავლობაც იყო - მაგალითად, კახელების და მეგრელების ქიშპი საკმაოდ ხშირი ყოფილა. 1998 წელს, პირველი ქართული ოცეული კოსოვოში გაგზავნეს და წესიერი სამხედრო ცხოვრების გემო ქართველ ჯარისკაცებში პირველად გაჩნდა. მანამდე, რაც იყო, მაგას ჯართან და სამშობლოს დაცვასთან ალბათ არც არაფერი აკავშირებდა.
სამხედრო პირობებში ცხოვრებამ 2010 წელს მაინც მომიწია. რეზერვში დამიძახეს და 18 დღე ნაწილში გავატარე. ნორმალურადაც ჩაგვაცვეს, არც კვება დაიწუნებოდა და ცოტ-ცოტა ვარჯიშმაც მოგვიწია. პრაქტიკული სწავლებაც საკმაოდ იყო და პოლიგონზე საბრძოლო იარაღიდან - ავტომატიდან, ტყვიამფრქვევიდან თუ ყუმბარმტყორცნებიდან სროლებიც. სერჟანტების განწყობა გადამდები აღმოჩნდა და იმ პერიოდში ომიც რომ დაწყებულიყო, ალბათ ბევრი რეზერვისტი არ დაიხევდა უკან - როცა ხედავ სამშობლოს უჭირს, უნდა იბრძოლო. ცხადია, რეზერვისტებში არც ისეთები იყვნენ ცოტა, ვინც დაზეპირებულ სისულელეს - „რუსეთი მაინც ყველაზე მაგარია“ და „ამერიკულ ჯარს სად შეუძლია რუსულ ჯარს წინააღმდეგობა გაუწიოს“ - იმეორებდა, მაგრამ, ყველა რეზერვისტი მაგ ჭკუაზე ნამდვილად არ ყოფილა. იმ 18 დღეში, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი სამხედრო მომზადება მივიღე, ვიდრე 90-იან წლებში, ჩემი თაობის ბიჭებმა 2 წლის მანძილზე ჯარში ყოფნით.
მაშინაც და ალბათ ახლაც, ბევრი ფიქრობს, რომ „რეზერვი წყალში გადაყრილი ფულია“. ჰოდა, ივანიშვილის ხელისუფლებამ სამხედრო რეზერვი გააუქმა. ახლა ვკითხულობ ხოლმე, რომ ნელ-ნელა ქართულ სამხედრო ავიაციას ასუსტებენ, მთლიანად საკონტრაქტო ჯარზე გადასვლის ნაცვლად, თითქოს გაუქმებული გაწვევა აღადგინეს და ყველას იძახებენ ჯარში, სადაც, რაც ჩანს, არც ისეთი შემართებაა, რაც თუნდაც 2010-ში იყო. 2012 წლიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლებისგან გვესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობას ვათბობთ, რომ 2008 წლის ომი „ჩვენი ბრალიც იყო“, რომ რუსეთი ჩვენი მტერი კი არა, ერთმორწმუნე მეზობელია და რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის უმთავრესი ამოცანაა... ხანდახან „ოკუპაციასაც“ კი ახსენებენ ხოლმე, მაგრამ, საყველპუროდ ნათქვამი ფრაზა ამინდს რომ არ ქმნის, აშკარაა.
ამ სიტუაციაში ჯარში წასვლა პატრიოტიზმის გამო რამდენს მოუნდება, არ ვიცი. პირადად მე დღეს რომ რეზერვში გამომიძახონ, ვეცდები არ წავიდე. ახლობელი თუ დამეკითხება რჩევას, არც მას ვურჩევ ჯარში წასვლას და მინიმუმ ერთი წელის სავალდებულო სამსახურში გატარებას. საკონტარქტო ჯარი სულ სხვაა - ანაზღაურებასაც აძლევენ და ადამიანებს პროფესია შეგნებულად აქვთ არჩეული...
სავალდებულო სამხედრო სამსახურის მომხრეები ძირითადად პატრიოტიზმზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, „აუცილებელია ქვეყანას რეგულარული არმია ჰყავდეს და თუ სამშობლოს დასჭირდა, ჯარმა ომშიც უნდა იბრძოლოს“. იძულებით წაყვანილი ჯარისკაცი, რომელიც ჯარში მხოლოდ იმიტომ არის, რომ „ჯარიდან თავი ვერ დაიხსნა“, თან თუ ძვალში და რბილში გამჯდარი აქვს, რომ რუსეთთან ნებისმიერი ესკალაციის დროს დანებება ყველაზე სწორი გამოსავალია, სახეიროს რას მოუტანს ქვეყანას, არ მესმის.
ჩემი სტუდენტობის დროსაც, როცა ჯარისკაცი ჩამოძონძილი და მშიერი იყო, ახლაც, როცა უკეთესად აცვია და უკეთესად კვებავენ, თუ სამშობლოს დაცვის სურვილი არ ამოძრავებს, მასზე დახარჯული ფული ტყუილი ხარჯია და მეტი არაფერი. ბებიაჩემის ნათქვამის არ იყოს - ძალად დასმული კრუხი, წიწილებს არ გამოჩეკავსო. ამიტომ, არ მესმის, იმ ხალხის ჯარში ძალად წაყვანით ვინც თავს ვერ უშველა, რანაირად იზრდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. თავს ვიტყუებთ? სადღეგრძელოს ვუხამებთ იძულებით შეკრებილ არმიას? თუმცა, თავის მოტყუება და სადღეგრძელოები ხომ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა.
No comments:
Post a Comment