ჩემს პატარობაში მგონი დასწრებაზე იყო ვინ ჩამოხევდა კალენდრის ფურცელს. მახსოვს, პაპაჩემი როცა მოხევდა, სათვალეს გაიკეთებდა და კითხვას ტუჩების მოძრაობას ააყოლებდა ხოლმე. მეც სიამოვნებით ვხევდი. ზოგჯერ, მომავალი დღისაც წინასწარ ჩამომიხევია - ხვალ ხომ მაინც
ვინმემ
უნდა
მოხიოს-მეთქი.
პაპა 2001-ში წავიდა. აღარც მახოვს, მაშინ გვქონდა თუ არა კედლის მოსახევი კალენდარი. თანაც,
ბოლო 2 წელი ვეღარ ხედავდა
და რა ეკალენდრებოდა.
ბოლო წლებში მამაჩემისთვის ვყიდულობდი მსგავს კალენდარს: მზის ამოსვლის და ჩასვლის დრო, დღის ხანგრძლივობა, მთვარის ფაზა
- მამაჩემი
ზოგჯერ
შეცდომაში
გამოიჭერდა
ფურცელს
და
ღიმილით
გვეუბნებოდა
კიდეც.
ბოლო 2 წელი მამა აღარ იყო ხალისიანი, ნელ-ნელა ტელევიზორი და საინფორმაციოების ყურებაც მობეზრდა.
კალენდრის
ფურცლებს
კი
ძველებურად
ხევდა.
მისთვის
რაღაც
საინტერესოს
წააწყდებოდა
და
იმ
ჩამოხეულ
ფურცლებსაც
ინახავდა.
ზოგჯერ
ლექსი
იყო,
ან
რამე
სხვა
ჩანაწერი.
სოფელში
ჩასულს
მაჩვენებდა.
მონახავდა ხოლმე ძველ
ფურცელს,
სათვალეს
გაიკეთებდა
და
თვითონ
წამიკითხავდა.
დღესაც ვიყავი სოფელში. კალენდარი თავის ადგილზეა და 19 ივნისზეა გაჩერებული. არავინ შევთანხმებულვართ, არის ხელუხლებელი.
დილით
ბოლო
ფურცელი
მამამ
ჩამოხია,
ორიოდე
საათში
კი
საავადმყოფოში
წაიყვანეს...
No comments:
Post a Comment