Tuesday, September 21, 2010

ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან - სად აქვს ბიზნესი; ვის არ მოსწონდა მთავრობაში მისი ყოფნა; რას ნიშნავს რუსეთის ბაზარი; რა რჩევას აძლევს მთავრობას; რატომ თქვა უარი ტელეგადაცემის წაყვანაზე


2010 წლის თებერვალი, რადიოჟურნალი "მთელი კვირა"

 

2004 წლიდან ქართულ პოლიტიკაში მოსული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკონომიკაში ძირეული ცვლილებების გატარება და ახალი მენტალიტეტის დამკვიდრება. თუმცა, ყველაზე გამორჩეული რეფორმატორი დღეს სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორებულია და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ განვითარებაზე ზრუნავს.
დღევანდელ ინტერვიუში თქვენ გაიგებთ, სად გადის კახა ბენდუქიძის ბიზნეს-საქმიანობის არეალი და რატომ არ აპირებს საქართველოში ბიზნესის კეთებას. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დღევანდელ ხელისუფლებას ბიუჯეტის მომჭირნედ ხარჯვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელაღებით ფულის ხარჯვა სახელმწიფოს არ წაადგება. აგრეთვე შეიტყობთ, რა გახდა სახელმწიფო სამსახურიდან ბენდუქიძის წასვლის მიზეზი და რომელ პოლიტიკოსს აღიზიანებდა მთავრობაში მისი ყოფნა.
რატომ გააქტიურდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თემა და რა საფრთხეს შეიცავს ეს საკითხი; ვინ შეიძლება ამ თემით ისარგებლოს და რატომ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება „კეთილი პოლიციელის" როლის თამაშს; რატომ თქვა უარი კახა ბენდუქიძემ სატელევიზო გადაცემის წაყვანაზე და რას მიიჩნევს მისთვის უფრო მნიშვნელოვან საქმედ - კახა ბენდუქიძემ ინტერვიუ რადიოჟურნალ "მთელ კვირას" მისცა.
 ---------------------------------------------------------------------------------------------------
- დღევანდელი მდგომარეობით, გაქვთ თუ არა ბიზნესი საქართველოში? აპირებთ თუ არა რომელიმე ბანკის შეძენას? თქვენს მიმართ ხშირად ასეთ კითხვებს სვამენ ხოლმე.

- სწორედ ამტომ, გადავწყვიტე, საქართველოში არავითარი ბიზნესი არ ვაწარმოო. ჩემი ბიზნესები არის განლაგებული საქართველოს გარეთ. მაქვს ჰოლანდიაში საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა პროექტში, სხვადასხვა ქვეყანაში. ფონდს აქვს ჩადებული ფული ბიზნესებში, რომელიც არის შეერთებულ შტატებში, ჰოლანდიაში, ჩინეთში, ინგლისში, ისრაელში, ავსტრალიაში...

- რუსეთი თუ შედის თქვენი საქმიანობის სფეროში?

- არა. მე არ ვთვლი რუსეთის ბაზარს პერსპექტიულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკანონობაა. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთში ინვესტირებას აზრი არა აქვს. პატარა უძრავი ქონება კი მაქვს რუსეთში დარჩენილი, მაგრამ რაც უფრო სწრაფად გაიყიდება, მით უფრო კარგია ჩემთვის. მე რომ ხელახლა ჩავაბრუნო ფული რუსეთში - გამორიცხულია.
მე ვთვლი, რომ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დარგში ისეთი პროექტების პოვნა, რომელიც სწორი მართვის შემთხვევაში ძალიან მაღალი მომგებიანი იქნება.
- დღევანდელ - პოსტკრიზისულ პერიოდში?
- კი, პოსტკრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით. ვინაიდან, ახლა ფული ჭირს და ადამიანს თუ საინვესტიციო ფონდს, რომელსაც არ გააჩნია ფული, ფულის მოძიების შემთხვევაში შეუძლია საკმაოდ საინტერესო პროექტები განახორციელოს.
- დავუბრუნდეთ საქართველოს თემას. თქვენი შეფასებით რამდენად სასურველი დონით გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც თქვენ დაბრუნდით საქართველოში და ჩაუდექით სათავეში ეკონომიკური განვითარების სამნინისტროს?
- ფაქტობრივად, 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე არაფერი არ იყო გაკეთებული. ცხადია, საბჭოთა ეკონომიკასთან შედარებით ბევრი რამ იყო შეცვლილი; მრავალი რეფორმა იყო ჩატარებული. მაგრამ ეკონომიკას დინამიზმი არ გააჩნდა. საქართველო არ იყო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც კი შეიცვალა.
შეიცვალა ორი მიზეზისგამო: შემცირდა სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში და ასევე შემცირდა საგადასახადო წნეხი.
- დაბალი გადასახადების და ჩატარებული რეფორმების გარდა, ასევე მარტივი რეგისტრაციის გარდა, რაც საქართველოში ბიზნესის დაწყებას ამარტივებს, ეკონომიკა რეალურად რომ განვითარდეს, თქვენი აზრით რა არის საჭირო?
- ბიზნესის მარტივი რეგისტრაცია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი რამე, მასზე ფოკუსირება რომ ღირდეს. კარგია, როცა არის, მაგრამ, მთავარი ეს ვერ იქნება.
პირველ რიგში გავიმეორებ, რომ გადასახადები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია, ბიუჯეტი როგორ არის მოწყობილი. ვინაიდან, ჩვენი ბიუჯეტი მაინც დიდია, საჭიროა ეს ბიუჯეტი იყოს უფრო ზომიერი, საბიუჯეტო დეფიციტი არ იყოს, ან იყოს ძალიან მცირე. ჩემი აზრით, აქეთ უნდა მიდიოდეს ქვეყანა.
მთავრობის ხელშია ბიუჯეტი და მას შეუძლია ან უფრო მომჭირნედ დახარჯოს ფული, ან უფრო ხელაღებით. ხელაღებით დახარჯული ფული არ წაადგება ქვეყანას.
ბევრი რაღაცაა რაც, მთავრობის ხელში არ არის. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური კონიუქტურა, საინვესტიციო რისკზე მადა როგორი იქნება - ანუ, რამდენად მოუნდებათ ფულის მფლობელებს ჩადონ ფული ამა თუ იმ ქვეყანაში.
მაგრამ, რაც მთავრობის ხელშია, მთავრობა უნდა შეეცადოს ყველანაირად შეამციროს მაკროეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო თუ ნებისმიერი სხვა რისკი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში მომუშავე ბიზნესმენებს. არავითარი განსხვავება ამ თვალსაზრისით არა აქვს ქართველი ბიზნესმენი იქნება თუ უცხოელი ინვესტორი. უცხოელი და ქართველი ინვესტორები ერთნაირად - შეიძლება სხვადასხვა ზომით, მაგრამ, მაინც ერთნაირად რეაგირებენ რისკებზე.
- თქვენ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ან ზოგადად, მთავრობის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყავით, რას შეცვლიდით რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს და თქვენ არ მოგწონთ?
- ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს პრივატიზაცია უფრო სწრაფად, ვინაიდან არის უამრავი წვრილმანი ობიექტი დარჩენილი. შემდეგი საკითხი ეს არის საბიუჯეტო ხარჯები. როგორც იცით, 2010 წლის ბიუჯეტი არის უფრო „წელზე ქამარშემორტყმული", ვიდრე იყო 2009 წლის ბიუჯეტი. მაშინ, ჩნდება კითხვა: თუ 2010 წელს შეიძლება რომ გვქონდეს ნაკლები საბიუჯეტო ხარჯი, რატომ არ შეიძლებოდა იგივე გაგვეკეთებინა 2009 წელს და გვქონოდა უფრო მცირე ბიუჯეტი? ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისათვის და 2010 წლის ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, უფრო ნაკლები ხარჯები რომ გვქონოდა 2009 წელს.
- ფულის ხარჯვის კონკრეტული მაგალითები თუ შეიძლება დაასახელოთ, რომელიც უაზროდ გასწია ქვეყანამ?
- უაზრო ხარჯი თქვენ შეიძლება ამას არ დაარქვათ, რადგან ყოველი ხარჯის უკან ვიღაცამ ხელფასი აიღო, რაღაცა აშენდა, რაღაც გარემონტდა... მე ვიტყოდი - ამის არ გაკეთება სახელმწიფოსთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მაგალითად, არის რამდენიმე პატარა სოფელი, რომელთანაც აშენდა მიმავალი კარგი, ორპირი ბეტონის ან ასფალტის გზა. ცხადია, იქ მაცხოვრებლებისთვის ეს ძალიან კარგია. მაგრამ, როდესაც სოფელში, სადაც ცხოვრობს 300 ოჯახი, შენდება 15 მილიონის ღირებულების გზა, ამავე დროს კი იმ სოფელში მაქსიმუმ 10 მანქანა თუ მოძრაობს დღის განმავლობაში, მე ვიტყოდი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხრეშის გზა, რომელზეც 10 მანქანა იმოძრავებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ფული კი დავზოგოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლებოდა 100-150 მილიონის დაზოგვა.
ასევე, შევხედოთ სახელმწიფო აპარატს. სახელმწიფო აპარატმა განიცადა მნიშვნელოვანი შემცირება, მარამ, მაინც არის გაბერილი. სამინისტროებში შეიძლება მუშაობდეს უფრო ნაკლები, უფრო პროფესიული, უფრო ეფექტური კადრი.
- ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბიზნესზე საგადასახადო წნეხი კი შემცირდა, მაგრამ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზეწოლა კვლავ გრძელდება. ასევე, თქვენი შეფასებით, სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ლობირებენ თუ არა რაიმე კონკტერულ ბიზნესებს და არის თუ არა დღეს ასეთი სტუაცია, როდესაც ხდება რომელიმე ბიზნესის შევიწროვება? გამოდიან ხოლმე ბიზნესმენები და ამბობენ რომ „სახელმწიფო გვებრძვის, გვავიწროვებს" და არის ერთი ამბავი...
- იდეალური სახელმწიფო მანქანა რომ არ არის შექმნილი, ეს ცხადია. ჩემთვის ცნობილია ფაქტები. მათ შორის ისეთი ფაქტებიც, რომ ეს ხალხი დაისაჯა, როდესაც სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები იყენებდნენ საკუთარ ძალაუფლებას კონკრეტული ბიზნესების წინააღმდეგ ან კონკრეტული ბიზნესების დასახმარებლად. ეს ცუდია, და ცხადია, კარგი ამაში არაფერი არ არის.
რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ცხადია საგადასახადო კოდექსში ერთი მხრივ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას რაც შეეხება განაკვეთებს, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრირებას, იქ ბევრი ხარვეზია ჯერ კიდევ. ან, ბევრი ხარვეზი წარმოიქმნა ბოლო დროის განმავლობაში.
- თქვენი შეფასებით, რა გახდა სახელმწიფო სამსახურიდან თქვენი წასვლის მიზეზი: ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრობიდან, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრობიდან?
- რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების მინისტრობიდან წასვლას - ამაზე ზურაბ ჟვანიასთან პირდაპირ გვქონდა ლაპარაკი. ჟვანიას ძალიან მოსწონდა რეფორმები რომელზეც მე და ჩემს გარშემო მყოფი ხალხი ვმუშაობდით, მაგრამ მას სურდა გაეცალკევებინა ეს რეფორმები და ეკონომიკის სამინისტროს ყოველდღიური მუშაობა. მათ შორის, პრივატიზაციის ნაწილში ყოფილიყო ბევრად უფრო მართვადი მისი მხრიდან. ერთ-ერთი ჩვენი დისკუსია ეხებოდა - პრივატიზაციის გეგმა როგორ უნდა იყოს თვეების მიხედვით დალაგებული. მე ვამტკიცებდი, რომ პრივატიზაცია არის ისეთი პროცესი, როდესაც არ შეიძლება გვქონდეს თვიური და კვარტალური გეგმები. ვინაიდან, ეს ნიშნავს რომ გახდები მსხვერპლი ამ გეგმებისა და შემოსავლებს შეამცირებ. იმის ნაცვლად, რომ მოიცადო და გაყიდო კარგ ფასად, შენ უნდა გაყიდო მაინცდამაინც ამ თვეში. ეს ნიშნავს, რომ იაფად უნდა გაყიდო. ზურა თვლიდა, რომ ჩემი პოზიცია იყო არასწორი და სურდა ეს პროცესი წარემართა ისე, თვითონ როგორც ხედავდა. შემდგომში გამოცდილებამ აჩვენა, რომ მე ვიყავი მართალი.
რაც შეეხება ჩემს წასვლას სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან და კანცელარიის ხელმძღვანელად გადასვლას - ეს უკვე იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოთხოვნა, როდესაც არჩევნების შემდეგ უნდა დამტკიცებულიყო ახალი მთავრობა.
- მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტად დაუჯერა, ვიდრე ქვეყნის საჭიროებას?
- არა, მე ხომ არ გავმქრალვარ? იგივე საქმის გაკეთება გავაგრძელე. უბრალოდ, ქალბატონმა ნინომ კატეგორიულად მოითხოვა ცვლილებები.
- აზრი რა იყო?
- ეტყობა ვაღიზიანებდი.
ეს ორჯერ მოხდა. ჯერ როდესაც გურგენიძის მთავრობა მტკიცდებოდა, მან მაშინ მოითხოვა ჩემი და კახა ლომაიას გადაყენება. კახა ლომაია ვინაიდან მაშინ თვლიდა, რომ განათლების სამინისტროში თავის მისია შეასრულა და აპირებდა საგარეო და უსაფრთხოების სფეროებში გადასვლას, ასევე უკვე დაგეგმილი იყო მისი გადასვლა უშიშროების საბჭოს მდივნად, ეს მოხდა და პირველ ჯერზე მე დავრჩი მინისტრი; მაგრამ, საპრეზიდენტო არჩევნებმა როცა ჩაიარა და მთავრობას ხელახლა უნდა მიეღო მანდატი, მაშინ კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩემი გადაყენება. ვინაიდან, მეც გურგენიძემ შემომთავაზა - რაღაც სხვა თანამდებობაზე ხომ არ გააგრძელებდით საქმის კეთებასო - ჩემთვის კი არ იყო მნიშვნელოვანი, მინისტრი მერქმეოდა თუ მინისტრი არ მერქმეოდა, დავთანხმდი.
- საბოლოოდ კანცელარიიდან წასვლას რაც შეეხება, ეს უკვე გილაურის მოთხოვნა იყო?
- კანცელარიიდან ჩემი წასვლა, ჩემი აზრით უფო მარტივი საკითხია, ვინაიდან კანცელარია არის ფაქტობრივად, პრემიერმინისტრის უახლოესი აპარატი. მისთვის უნდა იყოს კომფორტული იქ ყოფნა. გილაურმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამის შემდეგ ხშირად შევხვედრილვართ სახლში სტუმრობით და ასე შემდეგ. ჩემი გათავისუფლების ეს ყველაზე უფრო ნაკლებად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება იყო.
- ჩემთან რადიოინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარეობისას რეალური ბერკეტები არ გააჩნდა. ზურაბ ნოღაიდელმა, თქვა რომ მის გაკეთებულ საქმეებს, თუნდაც განათებულ ნათურას, ტყუილად ეძახიან „გილაურის ნათურას", ამ საქმის გაკეთება ტყუილად მიეწერება სააკაშვილს და ეს ყველაფერი მისი დამსახურება იყო...
- ჯერ რაც შეეხება ნოღაიდელს. გასაგებია, ნოღაიდელი იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 3 წელზე მეტხანს და რაც გაკეთდა ამ ხელისუფლების მიერ, ამ ყველაფერში იყო ჩართული. ზოგ პროცესში იყო ჩართული როგორც მონაწილე, ზოგ პროცესში - როგორც ხელმძღვანელი, კოორდინატორი და ასე შემდეგ. ცხადია, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში ჩატარდა ენერგეტიკის რეფორმა და პრემიერი არაფერ შუაში არ არის. ცხადია შუაში არის!
ბურჯანაძეს რომ დავუბრუნდეთ - თუ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება იქნებოდა რაიმე საკითხზე, რომ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს - ამ გადაწყვეტილებას როგორც წესი, პარლამენტი არ ამტკიცებდა. მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითები მთელი რიგი ცვლილებებისა, რომლებიც დაიბლოკა იმის გამო, რომ ბურჯანაძე არ იყო თანახმა.
- კონკრეტულად?
- მაგალითად, მე რასაც ვაკეთებდი - ფინანსური რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი გვქონდა მომზადებული 2006 წელს. ის ითვალისწინებდა გარკვეულ გაადვილებას ანგარიშების გახსნის და ა.შ. დიდი ნაწილი ამ ცვლილებებისა, დაიბლოკა ქალბატონი ნინოს მიერ. საბოლოო ჯამში პარლამენტების წევრების მიერ, რომლებსაც მხარი დაუჭირა ქალბატონმა ნინომ და არ გავიდა ეს საკითხები.
მეორე ფინანსური რეფორმა, რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე დამთავრდა და პარლამენტმა მიიღო ცვლილებები - იქაც ძალიან ბევრი კომპრომისი ქალბატონი ნინოს მოთხოვნით იყო გათვალისწინებული. რაღაცეები იყო ამოღებული და რაღაცეები შეტანილი. ასე რომ, ეს ასე მარტივად ამ საკითხის წარმოდგენა არ შეგვიძლია.
- თქვენი აზრით, რუსეთის ბაზარი, არის თუ არა დღეს ისეთივე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პატიოსანი ქართველი მეწარმისთვის, რომელიც ფალსიფიცირებულ პროდუქციას არ აწარმოებს, როგორიც იყო ვთქვათ, 3-4 წლის წინ?
- ისეთივე მნიშვნელოვანი ცხადია არ არის. ჩვენ არ ვართ იმხელა ქვეყანა რომ მაინცდამაინც მაგ ბაზარზე თუ არ ვიქნებით, დავიღუპოთ. გარკვეული სექტორებისთვის მნიშვნელოვანია. ეს ეხება მათ, ვინც ტრადიციული დასახელებების პროდუქციას აწარმოებს. მაგალითად, „ბორჯომი", „ხვანჭკარა"... იმიტომ, რომ რუსეთში იცნობენ. ამერიკაში კი „ბორჯომს" დაუძახებ თუ „ნაბეღლავს" - იქ განსხვავება არავინ არ იცის: ან, „ხვანჭკარა" ერქმევა, „ყიფიანის ღვინოს" სახელს დავუბრუნებთ თუ „რაჭულ ნახევრადტკბილს" დავარქმევთ...
მაგრამ, მე მგონი ამ ბაზრის დაბრუნებაში არის დიდი ხიფათი. ჩვენ ეს ბაზარი შეიძლება დაგვიბრუნონ, გვიბოძონ. მაგრამ, ამან შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხე შექმნას. როგორც ჩვენ ვიცით, ამ ბაზრის ჩაკეტვა არ მოხდა რაიმე ოფიციალური, კანონიერი საფუძვლის გამო. ეს მოხდა უკანონოდ. კაცმა გამოაცხადა, რომ ქართული ღვინო, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო. ასევე ქართული წყალი, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო. ეს მეორე გამოცხადება როდის მოხდება - გაუგებარია.
რომელიმე კომპანია თუ სერიოზულად გადაეწყო რუსეთის ბაზარზე და პროდუქცია ერთი წლის განმავლობაში შეაქვს, ასევე მეორე წელი და უცებ შეიძლება ასევე რაღაცა მოხდეს - ისევ გამოაცხადონ - არა! მაგალითად, ყველა ქართული მწვანილი, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელია! ეს ადამიანი გაკოტრდება.
ამიტომ, გონიერი ბიზნესმენისთვის ეს უნდა იყოს მისი გაყიდვების არაუმეტეს ერთი მესამედისა, თუ მას უნდა რომ სტაბილურად იმუშაოს.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დღეს ამაზე ლაპარაკი რატომ გააქტიურდა. სიტუაცია არის შემდეგი: რუსეთმა, როგორც იცით, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი მოსინჯა ჩვენთან ბრძოლის: იყო ემბარგო, იყო არჩევნებში თავისი ხალხის მხარდაჭერა - იგივე ბადრი პატარკაციშვილის სახით, მერე იყო ომი... კი, ეს ყველაფერი საქართველოს ნამდვილად არ წაადგა, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანა არ დაიღუპა. გადარჩა. ხელისუფლებაც შენარჩუნდა. ამიტომ, რუსეთმა რაღაც ახალი ინსტრუმენტი უნდა მოძებნოს, რომ რაღაც ახალი გაუკეთოს საქართველოს.
ჩემი აზრით, ახლა დადგა ეპოქა ორი მიზეზის გამო. ერთი ეს ახალი ინსტრუმენტების ძებნაა. მეორეს მოგვიანებით მოგახსენებთ.
საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ახალი მიდგომაა - მოდი ახლა „კარგი ბიჭები" გავხდეთ. მოდი ახლა მოვეფეროთ. ოღონდ, ხელისუფლებას კი არ მოვეფეროთ, მოვეფეროთ ხალხს. ხალხს კი როგორ მოვეფეროთ? აი, მაგალითად, შევხვდეთ ნოღაიდელს და ვუთხრათ, რომ „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართული ღვინის იმპორტს რუსეთში" და ასე შემდეგ.
ერთი ეს არის, რომ „კეთილი პოლიციელის" როლი ითამაშოს რუსეთმა. რადგან, თუ რუსეთში შედის ჩემი ნაწარმოები ღვინო, ისე გაბრაზებული აღარ ვარ; კი, ომი იყო, მაგრამ არაუშავს, რადგან ამდენი ფული გავაკეთე.
რუსეთის ახალი პოზიციის მეორე მიზეზი არის ძალიან პრაქტიკული. რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსიამ შექმნეს საბაჟო კავშირი. ეს საბაჟო კავშირი პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მთელი ეტაპები აქვს გასავლელი კიდევ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ 2011 წელში ფაქტობრივად, ეს იქნება ერთიანი სივრცე. შიგნით საბაჟოები აღარ იქნება. უკვე დღეს, შენ შეგიძლია ბელორუსიაში შეტანილი პროდუქცია დაბეგვრის გაერშე გადაიტანო რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ აკრძალავს ვერც ღვინის, ვერც „ბორჯომის" და ვერც მწვანილის შეტანას. ბოლო-ბოლო შეიტან ყაზახეთის ჩრდილოეთში. იქით არის ორენბურგის ოლქი და გადაიტან. პროდუქციას იქ, მაღაზიაშიც გაყიდიან. ან, ბელორუსიაში შეიტან და ბრიანსკის ოლქში გადაიტან.
ვინაიდან ეს რუსეთის ხელისუფლებამ ჩემზე ადრე გაიგო, რადგან თვითონ მოაწერეს ხელი და გაანალიზეს - იციან რომ ეს გარდაუცვალია, რაღაცა შემოღწევა ქართული პროდუქციისა რუსეთის ბაზარზე იქნება. მასთან ბრძოლა იქნება ძალიან რთული და მთელი საბაჟო კავშირის იდეას დაანგრევს. მაშინ, სპეციალური საბაჟო პუნქტები უნდა გააკეთონ, რომელიც მხოლოდ ქართულ პროდუქციას არ გაატარებს.
- ეს ხომ თავისთავად გამორიცხავს ერთიანი საბაჟო სივრცის იდეას?
- კი, გამორიცხავს და ჩემი ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებამ იფიქრა - რადგან ეს „კეთილი პოლიციელობაც" კარგია, მოდი ეხლა ეს იდეები შევაჯვაროთ. ანუ, ეს ისე კი არ გავაკეთოთ, რომ ჩვენ იძულებულები გავხდით, ქართული პროდუქცია შემოგვეშვა, არამედ ჩვენ გავაკეთოთ ის, რომ ჩვენ „კარგი ბიჭები" ვართ და ამიტომ შემოვუშვით.
ამიტომ არის ასეთი რიტორიკა. ამიტომ თქვა მედვედევმა, რომ „მე არ გამოვრიცხავ ქართული პროდუქცია გაიყიდოს რუსეთში". რუსეთი ამას გამოიყენებს ზოგადად, პოზიტიური ფონის შესაქმნელად.
გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება ეს იყოს მონოპოლიზირებული ბიზნესი. ვიღაცა ერთს ჩაუვარდეს ხელში საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანა. ვინმე ისეთს, ვისაც საქართველოში რაღაც კავშირები აქვს. მაგალითად, ძასოხოვს. რუსეთი გააკონტროლებს, თანდათან გაკეთებული ფული საქართველოში მუშაობაზე წავა. ებრალიძე იქნება, ძასოხოვი თუ ხუბუტია, არ ვიცი, მაგრამ, რაღაც ასეთი კონსტრუქცია უნდა შეიქნას. მას ეტყვიან, მოდი, შენ შემოიტანე. ჯერ ერთი, ამ ადამიანს კარგი კაცის სახელი ექნება, იმიტომ რომ საქართველოში მთელი რეგიონების პრობლემები გადაწყვიტა; მეორე - ქართველებს ეცოდინებათ, რომ ამ ადამიანის დახმარებით რუსეთმა ხელი შეუწყო მათი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას და ამიტომ, რუსეთზე გაბრაზებულები აღარ იქნებიან, თანდათან შეუყვარდებათ. თან, ეს ადამიანი ხომ ფულს გააკეთებს და მოდი, ამ ფულით საქართველოს ხელისუფლება ვხერხოთ ნელ-ნელა, როდის გადავხერხავთ, ვნახოთ.
- ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს შეიძლებოდა თქვენ ტელეგადაცემა წაგეყვანათ...
- ბევრი ვიფიქრე მაგ საკითხზე. რამდენიმე ტელეარხმა შემომთავაზა. ჯერ ერთი, ფორმატზე იყო გაუგებრობა და მეორეც - თუ ეს გადაცემა იქნება ეკონომიკაზე, მაშინ მე ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვა, მათ შორის იმ შეცდომებს, რომელიც შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუშვას. ამავდროულად, მე ვარ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი. ეს გარკვეულ დუალიზმს შექმნიდა. ან უნდა გავოპოზიციონერებულიყავი, ან არაფერი არ უნდა მელაპარაკა. თუ არაფერს ვილაპარაკებდი, საკუთარი თავის ყურება ტელევიზორში არ მიყვარს და არც ვუყურებ ხოლმე, არც მოსმენა მაინტერესებს რადიოში. ტყუილად გამოსვლას აზრი არ ჰქონდა და მე გადავწყვიტე ჩემი საქმე მეკეთებინა. ჩემი საქმე არის უნივერსიტეტი. მე მინდა, რომ აქ  შევინარჩუნოთ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის პოზიცია და ბევრად უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი.

ინტერვიუ ალექსანდრე რონდელთან - ქართველი ოპოზიციონერების მოსკოვში სიარული

http://soundcloud.com/iotemi/interviu-aleqsandre-rondeltan

Friday, September 17, 2010

არჩევნებს შეწირული შეგნება

ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი", 2010 წელი, მაისი



 

მსოფლიოში უძლიერესი და უმდიდრესი, დემოკრატიული ღირებულებებით მართლაც სანიმუშო ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების განვითარება მისივე მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალ დონეს უნდა უმადლოდეს. თავის დროზე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა ბენჯამინ ფრანკლინმა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის და კონსტიტუციის მიღება, უკვდავი ფრაზა თქვა: ქვეყნად ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები. სიკვდილს ვერსად ვერაფერი შეაჩერებს, აი, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყნებში გადასახადების პატიოსანი გადახდა კი ისეთი ქვეყნის მშენებლობას ნიშნავს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები თუ ზოგიერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა. ამ ქვეყნებს დანარჩენ მთელ მსოფლიოსთან ერთად შორიდან შენატროდა იმ საბჭოთა კავშირის მოსახლეობაც, სადაც გადასახადების გადახდაზე თავს არავინ იკლავდა. სამაგიეროდ უფასო სწავლა, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო საგზურები წესად იყო ქცეული. თუმცა, მაინც იპარავდა თითქმის ყველა, ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი. არ ერიდებოდნენ მსოფლიოში უიაფესი ელექტროენერგიის ქურდობას თუ 5 კაპიკიანი ტრამვაით უბილეთოდ მგზავრობას. ამიტომ, ქვეყანა "უფასოდ ცხოვრებას" მიეჩვია. დრომ დაადასტურა, რომ უფასო არსად არაფერია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან "უფასო სიკეთეებისთვის" გადახდილ თანხას სინამდვილეში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კორუმპირებული ადამიანის კეთილდღეობა მოაქვს, ბოლოს კი ქვეყანას ანადგურებს. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ვცდილობთ "უფასო სიკეთეების ნანგრევებიდან" ამოსვლას და თითქოს ხელისუფლებაც ამერიკული ღირებულებებისკენ მიისწრაფის, თუმცა...

გასულ თვეში, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. აქამდე თუ ავტობუსით მგზავრობა 30 თეთრი ღირდა, ამჟამად მგზავრების ნაცვლად ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს. ეს კი თელავის ბიუჯეტს 2010 წელს 50 000 ლარი დაუჯდება. თელავის მუნიციპალიტეტში თუ ბენჯამენ ფრანკლინის შესახებ არაფერი გაუგიათ, არც დედაქალაქის ხელმძღვანელობა უნდა იყოს მაინცდამაინც თავისუფალი ეკონომიკის მეხოტბე – საახალწლოდ თბილისის მერიამ თბილისელებს დასუფთავების სამსახურის მიმართ დავალიანება აპატია. თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა საზეიმოდ ნაპატიები თანხაც დაასახელა – 18 მილიონი ლარი.

მანამდე იყო დედაქალაქში "თბილგაზის" მიმართ დაგროვილი 2,5 მილიონი ლარის პატიება, რაც 2006 წლამდე დაუგროვდა მოსახლეობას.

როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, სახელმწიფოს მმართველ გუნდს ფრანკლინის სიტყვაც ფეხზე ჰკიდია და კიდევ სხვა მრავალიც. მაისის ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. მმართველი გუნდი დედაქალაქის მერის თანამდებობაზე კვლავ გიგი უგულავას კანდიდატურას უჭერს მხარს. ამიტომაც, თბილისელ პენსიონრებს უშუალოდ უგულავამ შესთავაზა შეღავათიან ფასად მგზავრობის ბარათები და მედიკამენტების 25 ლარიანი ვაუჩერები. ბოროტი ხმები ამბობენ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე ძნელი მოსაგები თბილისიაო და ამიტომაც, მმართველი გუნდა გამარჯვებისთვის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას არ ერიდება.

ხელისუფლება საქმით, ოპოზიცია კი ჯერ მხოლოდ სიტყვით ცდილობს "უფასო სიკეთეებით" კათილგანწყობის მოპოვებას. მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი თბილისის მერობაზე გიორგი ჭანტურია მისი არჩევის შემთხვევაში თბილისელებს წყალს უფასოდ ჰპირდება. მერე რა რომ, წყლის გადასახადი თვეში 2 ლარი და 40 თეთრი თითოეული თბილისელის სხვა ხარჯებში ზღვაში წვეთია და არც არავის გააღარიბებს – "უფასო სიკეთე" მაინც გულს უხარია...

რა მოაქვს უფასო მგზავრობას და გადასახადების პატიებას – ვინც გადახადებს პატიოსნად იხდიდა, დაფიქრდება – აქვს კი ამ ქვეყნად აზრი გადასახადების პატიოსნად გადახდას? მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეს მხოლოდ იშვიათად თუ გადაიხდის ვინმე საფასურს – ესეც უკვე დამკვიდრებული ნორმაა. ყვითელ ავტობუსში მკაცრი კონტროლიორები არჩევნების წინ აღარ ჩანან ხოლმე – ხელისუფლება უბილეთო მგზავრებს არ ანაწყენებს და მათგან არჩევნებში მხარდაჭერას ელოდება. შედეგად კი ხალხის გარყვნა გრძელდება. გადასახადების გადაუხდელობას მიჩვევამ და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვამ რაც საბჭოთა კავშირს დამართა – კი დავინახეთ. მაგრამ უკვე დავივიწყეთ კიდეც?

Wednesday, September 15, 2010

ჭამაში მოსული მადა – რატომ ვაფინანსებთ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" და საპატრიარქოს



საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ტრიალებს ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი. რეკლამის ტექსტი ასეთია: „თბილისში, ზაჰესის დასახლებაში დაიწყო მშენებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის – პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის. პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე. შეიტანეთ თქვენი წვლილი მონასტრის მშენებლობაში. უფალმა შეგიწიროთ, პანტანასას ღვთისმშობელმა დაგლოცოთ. ზარის ღირებულება 1 ლარი“.

მშვენიერი სინთეზია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სადაც რეკლამა გადის და საქართველოს საპატრიარქო, რომლის გარეშეც ეს სარეკლამო რგოლი არ მომზადდებოდა. მსგავსი შინაარსის რეკლამა უამრავი ტრიალებს და უამრავი ეკლესია-მონასტრის მშენებლობისთვის თუ რეკონსტრუქციისთვის ფულს ხალხს სთხოვენ, მაგრამ, ის რომ, კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ფული დასცინცლო, ჩემი აზრით, ყველანაირ ზღვარს გადადის. რეკლამაში გვიმტკიცებენ, რომ „პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე“ , თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადავხედავთ, იმასაც გავიხსენებთ, რომ, ონკოლოგიურ დაავადების მქონე ავადმყოფი და მისი ოჯახის წევრები ასევე ცნობილები არიან, თითქმის ბოლო კაპიკს გაიღებენ, რათა ავადმყოფს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. ამ დროს არც უამრავ ექიმს გამოტოვებენ და თუ ვინმე ურჩევთ, მკითხავებში სიარულასც კი არ ერიდებიან ხოლმე, სანუგეშო სიტყვის მოსასმენად. მკურნალობის ხარჯებს სასწაულად გადარჩენილ ფულს თაღლითებსაც დაუნანებლად ჩუქნიან.

მადლობა ღმერთს, მკითხავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არ აფინანსებს, მაგრამ, სამაგიეროდ თანაბრად: 25-25 მილიონით არის წელს საპატრიარქოც და „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ დაფინანსებული. საგადასახადო კანონმდებლობას თუ ჩავხედავთ, საპატრიარქო უამრავი შეღავათით სარგებლობს. ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა, რასაც მოგება მოაქვს, თუ საპატრიარქოს ეგიდით ხორციელდება - ნაკლებად, ზოგჯერ საერთოდაც არ იბეგრება. რაც შეეხება “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, სხვა კომერციულ ტელევიზიებთან შედარებით მასაც გარკვეულწილად სასათბურე პირობები აქვს შექმნილი და გარდა გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსებისა, ჰყავს საეთერო დროის გარანტირებული მყიდველები.

მოკლედ, ასეთია რეალობა – სახელმწიფო აფინანსებს 25-25 მილიონით ამ ორ უწყებას და სამაგიეროდ რას იღებს აქედან ქვეყანა? რას და საპატრიარქოს ხშირ ჩარევას არამხოლოდ სახელმწიფო საქმეებში, არამედ თუ ზემოთ დასახელებულ რეკლამას დავაკვირდებით, ხალხისთვის ფულის თხოვნასაც. შესაბამისად, რელიგიური თემით სპეკულირება ყველაზე ხელშეუხებელი სფეროა. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერდება სამღვდელოების გავლენა და მცირდება დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობა.

უამრავი გამოკითხვა ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრზე ყველაზე დიდი გავლენა საპატრიარქოს აქვს. თანაც, იმდენად დიდი რომ, შეუძლია ხულიგნების უპირობო გათავისუფლება მოსთხოვოს ხელისუფლებას და თავისი გაიტანოს კიდეც. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არც ვადამდელი არჩევნების იდეას ივიწყებს ხოლმე და ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, საპატრიარქოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში სწორედაც ვადამდელი არჩევნების იდეა იყო დასახელებული.

ახლა კი, ერთი საკითხი - რა აქვს საერთო საზოგადოებრივ მაუწყებელს და საპატრიარქოს - ბოლო წლებში ძალიან მოდური გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლანძღვა - ჩვენ პირველ არხს ხელფასს ვუხდით, ამიტომ ისე უნდა იმუშაოს და ის ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც მის დამფინანსებელს - ხალხს სურს. ეს დაფინანსება სახელმწიფო ტელევიზიას კომერციული ტელევიზიისგან განსხვავებით თავისუფლების ხარისხს ნამდვილად უზღუდავს. ერთი მხრივ, მთავრობის წინაშეა დავალებული, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან აფინანსებს, მეორე მხრივ კი მთელი საზოგადოების წინაშე - ვინც საკუთარი გადახდილი გადასახადებით ცენტრალურ ბიუჯეტს ავსებს. თუ გადავხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტებიდან დაფინასებას, ამ მხრივ, საპატრიარქო კიდევ უფრო მეტად არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული. 25 მილიონს რომ რომელიმე უწყება მიიღებს, მას მართლაც მოსთხოვენ მისთვის სასურველი პოზიციის გამოხატვას. სასურველი პოზიციის გამოხატვას კი აშკარად მიაღწიეს – განაწყენებულმა „უცნობმა“ პარტიარქს შეშინებული და “პლენში აყვანილი” უწოდა, შესაბამისად, ორ დღეში საპატრიარქოსგან ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეაც გაჟღერდა.

საპატრიარქომ გასულ წლებში მონარქიის აღდგენია ინიციატივაც გაახმაურა. ნათქვამი იყო, მომავალი უფლისწული საპატრიარქოს უნდა აღზარდა. შესაბამისად, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საპატრიარქოს გავლენა კიდევ უფრო იზრდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. საპატრიარქოს გავლენა კი იმდენად დიდია, ხალხის დიდმა ნაწილმა ქვეყნის ხსნის ერთადერთ ვარიანტად მიიჩნია ბაგრატიონების შთამომავალის გამეფება. აღარც ისტორიის გახსენება სურთ, როცა ტახტის მემკვიდრეები ერთმანეთს ჭამდნენ და არც ის აინტერესებს ვინმეს, ქვეყნის მმართველი დემოკრატიის მთავარი პრინციპის - არჩევნების გარეშე რომ ეყოლება ქვეყანას. სამაგიეროდ, საპატრიარქოს სახელით გამომავალი რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი რუსეთის არმიის ჩამოყრილ ჭურვებს ქართველთა სულის განსაწმენდელ საშუალებად წარმოაჩენენ, გმობენ დასავლურ ფასეულობებს ხალხს ჩიპიანი პასპორტით უხეთქავენ გულებს.

როგორ გავაოცეთ ანდრეი ილარიონოვი

აპრილში, საპროტესტო აქციები უკვე კარგად „გახურებული“ იყო, როდესაც საქართველოში ცნობილი რუსი ექსპერტი, პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ჩამოვიდა და მისი მეგობრის - კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი“ იყო და მსმენელებიც ბლომად ვიყავით. მას შემდეგ, რაც ანდრეი ილარიონოვმა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გაარჩია, თავისი არგუმენტები წარმოადგინა, რომ ეკონომიკური კრიზისი რუსეთში ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ამერიკაში; რომ, აგვისტოს ომამდე უკვე დაწყებული იყო რუსეთის საფონდო ბირჟის დაცემა და ასე შემდეგ. ილარიონოვმა ისიც დაასაბუთა, რომ, ზოგ ქვეყანას, მაგალითად ჩინეთს, ეკონომიკური კრიზისი საერთოდ არ შეხებია და ამიტომ, მთლად გამართლებული არც არის არსებულ კრიზისს „მსოფლიო კრიზისი“ ვუწოდოთ... მოკლედ, უამრავი გრაფიკი, დიაგრამა, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის თუ კლების სტატისტიკა, კრიზისის დაძლევის და განვითარების სხვადასხვა ვარიანტები - ეს ყველაფერი ანდრეი ილარიონოვმა ლექციის მსმენელებს შეთავაზა. ბოლოს კი, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის დროც დადგა. სხვა შეკითხვებიც იყო, მაგრამ, ალბათ ყველაზე მოულოდნელი შეკითხვა მაინც ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუსვა რუს ექსპერტს: რა აზრის ხართ საქართველოში საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ? ილარიონოვი ცოტა დაიბნა. კი, მაგრამ, საგადასახადო ამნისტიის შესახებ არაფერი მსმენია და ვისგან მოდის ეს ინიციატივაო. ილარიონოვს მთავარი დაბნეულობა წინ ელოდა - შეკითხვის ავტორმა ინიციატივის ავტორი რომ გამნუმარტა. იდეა პატრიარქს ეკუთვნისო. კიდევ უფრო დაბნეულმა ილარიონოვმა გაოცებით მიმოიხედა: მსგავსი რამ არსად მსმენია, ან სად საგადასახადო ამნისტია და სად საპატრიარქოო? როდესაც გადაულაპარაკეს - რამდენიმე აფერისტმა ბიზნესმენმა მოინდომა სახელმწიფომ დავალიანება ჩამოაწეროს და ეს ინიციატივა საპატრიარქოს გაახმოვანებინაო, აუდიტორიაში ბევრმა სირცხვილისგან თავიც დახარა.

გვერდზე მჯდომს გადავულაპარაკე, აი, ახლა კი დაგვცინებს ეს კაცი მეთქი. „რა, არ ვართ დასაცინები?“ - მომიგო. საბედნიეროდ, ჩვენზე მეტად თავშეკავებული აღმოჩნდა ბატონი ილარიონოვი. გაიღიმა და შეკითხვის ავტორს ნაბიჯ-ნაბიჯ განუმარტა. ამნისტია დანაშაულის პატიებას ნიშნავს. საგადასახადო ამნისტია, საგადასახადო დანაშაულის, ანუ, კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობის პატიებას ნიშნავს. ასეთი ამნისტია კი ქვეყანაში სამართლებრივი პრინციპების ჩამოყალიბებას ხელს არ შეუწყობს. როდესაც ერთი გადამხდელი პატიოსნად იხდის გადასახადებს, მეორე კი ბიუჯეტს კუთვნილს არ გადაუხდის, პატიოსანი გადამხდელი დაზარალებული რჩება. ამიტომ, სანამ დანაშაულის პატიებას ასე მარტივად გადაწყვეტს სახელმწიფო, კარგად უნდა აწონ-დაწონოს, სხვა პატიოსანი გადამხდელებიც არ „გაებუტონ“ ბიუჯეტს.

კითხვის დამსმელმა ქალბატონმა ალბათ გაიგო პასუხის შინაარსი, აღარ გაუგრძელებია საპატრიარქოს იდეის ირგვლივ მსჯელობა. ალბათ, ბატონმა ილარიონოვმაც გაიგო, რა მენტალიტეტის ხალხიც ცხოვრობს მისი მეგობრის - კახა ბენდუქიძის სამშობლოში. სხვა რა სიახლე გაიგო ანდრეი ილარიონოვმა არ ვიცი, მაგრამ, მე კი ხშირად ვხედავ რეკლამებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, სადაც ხალხს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სახელით ფულს სთხოვენ. მაგრამ, ამასწინათ ვნახე რეკლამა. ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით დაფინასებული საპატრიარქო, რომელსაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 500 ათასი ლარი მისცეს, აქედან 300 ათასი სწორედ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, მაინც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით ითხოვს ფულს:

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში დაიწყო მშენებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის – პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის. პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე. შეიტანეთ თქვენი წვლილი მონასტრის მშენებლობაში. უფალმა შეგიწიროთ, პანტანასას ღვთისმშობელმა დაგლოცოთ. ზარის ღირებულება 1 ლარი. 

 

Saturday, October 10, 2009

ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN), 
გადაცემა "მთელი კვირა", 2009 წლის ნოემბერი

გასულ კვირას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ილია მეორის მისამართით რამდენიმე ადამიანმა 27 შეკითხვა ჩამოაყალიბა და პატრიარქისგან ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა. ზუსტად იგივე ადამიანებმა 14 შეკითხვა ხელისუფლების მისამართითაც შეადგინეს.
პატრიარქისგან და ხელისუფლებისგან პასუხების გაცემის მოთხოვნას ინტერნეტის სოციალურ ქსელში - ფეისბუქში - ორიოდე დღეში 235 მხარდამჭერი შეუერთდა. საყურადღებოა, რომ 235 ხელმოწერის შეგროვება მხოლოდ ინტერნეტში მოხერხდა და ხელისუფლების თუ საპატრიარქოს მიმართ შეკითხვებზე პასუხის მიღების მსურველები ქუჩა-ქუჩა არავის უძებნია.
შეკითხვების ერთ-ერთი ავტორი თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახლავთ, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების რისხვის ობიექტი გახდა. შეკითხვების ავტორები და ამ შეკითხვებზე პასუხის მიღების მსურველი 235 ადამიანი არც საზოგადოების ნაწილად და არც ანგარიშგასაწევ ძალად არ მიაჩნიათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს. აგრესიულია პოლიტიკოსთა თითქმის მთელი შემადგენლობა - პატრიარქის მიმართ შეკითხვა პოლიტიკოსებს არასდროს უჩნდებათ.
კონკრეტულად რას შეეხება შეკითხვები და რა გახდა პატრიარქისთვის ამ ფორმით მიმართვის მიზეზი - ბექა მინდიაშვილი რადიოჟურნალ „მთელ კვირას" ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

- ვისი იდეა იყო „შეკითხვები პატრიარქს" და რა შედეგს ელოდებით ამ შეკითხვებით?

- შეკითხვები წლების განმავლობაში არსებობს საპატრიარქოს მიმართ, ვინაიდან საპატრიარქო არის ყველაზე უფრო დახშული, ყველაზე დახურული ინსტიტუტი საქართველოში. ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ამ თვალსაზრისით დახშულია ელექტრონული მედია.
თუ კი, ვთქვათ, საპატრიარქოსთან ან რელიგიურ თემასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ პანიგირიკული ხასიათი აქვს ამა თუ იმ მედია პროდუქციას. ბეჭდვითი მედიაც ამ თვალსაზრისით ტაბუირებულია. ვინაიდან, ეს შეკითხვები არის პასუხგაუცემელი, მას შემდეგ რაც გაიხსნა ინტერნეტ-სივრცე, სადაც ცენზურა არ მოქმედებს, შემოვიდა სოციალური ქსელების კულტურა და შესაძლებელი გახდა დისკუსიების გამართვა - ეს შეკითხვები გახდა მსჯელობის და დისკუსიის საგანი.
შესაბამისად, ჩამოყალიბდა შეკითხვების მთელი სპექტრი და დაახლოებით 30 კაციანმა ჯგუფმა მოვახდინეთ ამ შეკითხვების ფორმულირება თემების მიხედვით. თემები არის დაკავშირებული საბჭოთა მემკვიდრეობასთან - ანუ რა ურთიერთმიმართებები არსებობდა საბჭოთა ხელისუფლებას და ეკლესიას შორის; რა ურთიერთკავშირი არსებობდა ტოტალიტარიზმის ეპიცენტრს - „კა-გე-ბე"-ს და საპატრიარქოს შორის და უშუალოდ პატრიარქს შორის;
შეკითხვები დაკავშირებულია ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებთან რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსეთის საპატრიარქოსთან, რომელიც უკვე ცნობილია და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ რუსეთის ეკლესიის პირველი იერარქები თანამშრომლობდნენ და დღესაც თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან; რუსეთის ეკლესია დღესაც აქტიურ იდეოლოგიურ იარარად გამოიყენება რუსეთის ხელისუფლების მიერ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე შიდა პოლიტიკურ სივრცეშიც;
დასმული შეკითხვები ასევე დაკავშირებულია საპატრიარქოს კორუფციულ საქმიანობასთან; ასევე ზოგადად, საპატრიარქოსტან მიმართებაში ქრისტიანულ მორალთან და ჰუმანიზმთან. მაშინ, როდესაც წლების განმალობაში ვაწყდებით ძალადობას საპატრიარქოს სახელით მოქმედი სასულიერო პირებისა თუ ჯგუფების მიერ - სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ თუ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მიმართ. გნაბავთ, გავიხსენოთ „ჰელოვინის" აღნიშვნა ახალგაზრდების მიერ, რომელიც სასტიკად იქნა ძალადობრივი გზით დარბეული და აღკვეთილი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს და არანაირი შეფასება ამ ქმედებას არ მოჰყოლია არც საპატრიარქოს მხრიდან და სხვათა შორის, არც ხელისუფლების მხრიდან.
შეკითხვები არის ასევე დაკავშირებული იმასთან, თუ რატომ აძლევს საქართველოს საპატრიარქო შესაძლებლობას რუსეთის საპატრიარქოს - გამოიყენოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია თუ მრევლი, რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ და რატომ არ გმობს ამას ღიად და სააჯროდ.

- დაგმობა მოიტანს რაიმე შედეგს?

- ამ შემთხვევასი დაგმობა მოიტანს იმ შედეგს, რომ საპატრიარქო ერთი მხრივ დისტანცირებას მოახდენს რუსულ პოლიტიკურ ინტერესებთან და მეორე მხრივ, საპატრიარქო რაღაცნაირად უფრო ფოკუსირებული გახდება უშუალოდ მართლმადიდებელ ოსებთან და მართლმადიდებელ აფხაზებთან დიალოგზე, საითაც მას არ გადაუდგამს წლების განმავლობაში ნაბიჯი. ესეც იწვევს ერთ შეკითხვას.
თუკი, 90-იან წლებში, მაშინ როდესაც გაჩაღებული იყო ანტიოსური კამპანია და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე იდევნებოდნენ ოსი ეროვნების მოსახლეობა, მაშინ როდესაც აფხაზებს „აფუებს" და „ჩამოთესლილებსაც" კი უწოდებდნენ, თუკი მაშინ, გამსახურდიას პერიოდში, არ აღუდგა წინ ამგვარ მასობრივ ქსენოფობიურ გამოვლინებებს საქართველოს საპატრიარქო, რატომ ფიქრობს რომ ის სამშვიდობო ხიდების გადებას მოახერხებს რუსეთთან და რაღაცნაირად ის აღადგენს კავშირებს რუსეთის ხელისუფლებასთან?
რუსეთის ხელისუფლების და რუსული ეკლესიის ერთადერთი ინტერესი არის, პირობიტად რომ ვთქვათ აღმართოს რუსული დროშა თბილისის თავზე. ამ რეალობას რომ არ ითვალისწინებს საქართველოს საპატრიარქო - ესეც ბადებს კითხვებს მის ინტერესებთან დაკავშირებით.
შეკითხვები არის დაკავშირებული წლების განმავლობაში ეკლესიის კომერციულ საქმიანობასთან. ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც კორუფციულ სახეს იძენს სასულიერო პირების, მაღალი იერარქების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა. იქნება ეს ჰუმანიტარული ტვირთის სახით შემოტანილი და აქ კომერციულ ფასებში გაყიდული საქონელი თუ სხვა საქმიანობები.

- თქვენს საწინააღმდეგოდ გამოთქმულ მოსაზრებებში ასეთი არგუმენტიც მოჰყავთ ხოლმე: რატომ ახლა, რაღა მაინცდამაინც ახლა გააქტიურდა საპატრიარქოს წინააღმდეგ ეს ჯგუფი, ვინც საპატრიარქოს შეკითხვებით მიმართა?

- ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლეა. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, მთლიანად დახშული იყო ყველა მედია საშუალებები; იმის გამო, რომ თუნდაც 2004 წელს სასულიერო სემინარიის და აკადემიის სტუდენტები ვსვამდით დაახლოებით ანალოგიურ შეკითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით და ჩაიხშო მთლიანად ჩვენი ეს მოძრაობა. იდებვებოდნენ კიდეც სტუდენტები. რამდენიმეს, ამის გამო ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. განდევნეს სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან. დასაჯეს მღვდლები. მათ შორის იყო ბასილ კობახიძე, დეკანოზი ზაზა თევზაძე, ვინც მხარი დაგვიჭირა.
მთლიანად, ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერითაც კი მოხდა არსებული პრობლემების დადუმება და მიყუჩება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთოდ ვერსად ვხვდებოდით ამ თემებზე საუბარს. ბოლო პერიოდში შესაძლებლობა მიეცათ ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ამ საკითხებით, გამოხატონ საკუთარი პოზიცია ინტერნეტ-მედიის საშუალებით, ჩემთვის ეს არსი ერთი ახსნა - რის გამოც სწორედ ახლა მოხდა ამ შეკითხვების ფორმულირება და გასაჯაროვება.
ვიმეორებ, ეს შეკითხვები არსებობდა წლების მანძილზე. ეს არის წლების მანძილზე პასუხგაუცემელი შეკითხვები. შეკითხვები დაკავშირებული წარსულთან და აწმყოსთან.
მაგრამ, ხაზგასასმელია ისიც, რომ, საზოგადოების ერთი ნაწილი ამას აღიქვამს როგორც ეკლესიის წინააღმდეგ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიად. აყალიბებს რაღაც შეთქმულების თეორიებს აბამს ამ პროცესს.
მე კი ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს არის ბრძოლა - არ შემეშინდება ამ სიტყვისა - ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ბრძოლა ქრისტიანობისთვის და არ აპირიქით. შეუძლებელია ეკლესია დაკავშირებული იყოს უსამართლობასთან, შეუძლებალია ეკლესია ერთი მხრივ მსახურებდეს სიმართლის მზეს - როგორც წმინდა მამები უწოდებენ ქრისტეს და მეორე მხრივ მსახურებდეს ბოროტების იმპერიას. ეს ორი რამ შეუთავსებელია.

- იყო ასევე „შეითხვები ხელისუფლებას". ამ შეკითხვებით არავინ გაღიზიანებულა. არადა ამ შეკითხვების ავტორები და ხელისმომწერები ერთი და იგივე ხალხია... თქვენი კომენტარი როგორია ამ შემთხვევაში?

- ერთი ფაქტორი ალბათ არის ის, რომ ხელისუფლების კრიტიკა არ არის უჩვეულო რამ. მაგრამ, საპატრიარქოს ნებისმიერი სახით კრიტიკა ყოველთვის განიხილებოდა საპატრიარქოს და ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ როგორც შეურაცხყოფა, კადნიერება, სატანიზმი და ასე შემდეგ. მე ერთ ფაქტს შეგახსენებთ, როდესაც 2005 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ფორმაზე, ისაუბრა იმაზე, რომ ის შეღავათები გათვალისწინებული უნდა იყოს რელიგიური უმცირესობებისთვისაც, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმების შესაბამისად. ისაუბრა იმაზე, რომ უნდა დაუბრუნდეს ქონება რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა - პარლამენტმა დემარში მოუწყო ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველს. ეკლესიის მხრიდან და მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდანაც ეს შეფასდა როგორც შეურაცხყოფა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

- ეს რა ქონება იყო, მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა კონფესიების მიმდევართა ქონება აქვს ხელში ჩაგდებული?

- პრობლემა ორმხრივია. სხვათა შორის ეს შეკითხვა არის დასმული გაგზავნილ შეკითხვებში როგორც პატრიარქის მიმართ, ასევე ხელისუფლების მიმართ. კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულად 5 კათოლიკური ტაძარი
დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაშია. ეს არის ცხადი უსამართლობა! ვისაც კი ეჭვი ეპარება, რომ ეს კათოლიკური ეკლესიის ისტროიული მემკვიდრეობაა, საკმარისია შეათვალიეროს ბათუმის აწ უკვე მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც თავის დროზე ზუბალაშვილების მიერ არის აგებული. მისი არქიტექტორული იერსახე მთლიანად კათოლიკურია, ისევე როგორც გორის, ქუთაისის, უდეს და ივლიტის ტაძრები, სადაც კათოლიკე სასულიერო პირების საფლავებია, კათოლიკური სკულპტურებია. ეს ერთი მხარე.
მეორე მხარე დაკავშირებულია სომხური სამოციქულო ეკლესიის ქონების და მემკვიდრეობის დაბრუნებასთან. სომხური სამოციქულო ეკლესია ითხოვს ექვს ტაძარს საქართველოს ტრერიტორიაზე. უმოქმედოა ეს ტაძრები. მე ვფიქრობ რომ 1995-1996 წლებში იყო მცდელობა ამ ტაძრების დასაკუთრებისა საპატრიარქოს მხრიდან, მაგრამ, მე ვფიქრობ რომ მაშინ ვერ მოხერხდა ეს, ვინაიდან სომხური თემი გაცილებით ძლიერია საქართველოში, ვიდრე კათოლიკური თემი და გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატეს უშუალოდ სომხეთის მხრიდან. იყო მცდელობა, რომ ჩატარებულიყო წირვა. მაგალითად, ნორაშენის ტაძარში, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე დგას და ამის შემდეგ ეს საკითხი დაიხურა. 1995 წლიდან ფაქტობრივად, ტაბუ ადევს ამ საკითხს.
ამ პროცესში უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტაძრები ინგრევა. ეს არის თბილისის არქიტექტურული მშვენებები. 2 ტაძარია უკვე დანგრეული. ერთი 1989 წელს დაინგრა, მეორე სულ ახლახანს, ერთი თვის წინ - მოღნისის სომხური ტაძარი. გუმბათი ჩამოენგრა.
ეს არის სახელმწიფოს უნიათობის და საქართველოს საპატრიარქიოს შეუწყნარებლობის შედეგი. სახელმწიფოს უნიათობაში ვგულისხმობ იმას, რომ მას არ შეუძლია გადადგას ნაბიჯი - აღადგინოს სამართლიანობა საპატრიარქოს უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ. ვინაიდან მას ჭირდება საპატრიარქოს ავტორიტეტი მისი ლეგიტიმაციის გასამყარებლად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ყოველთვის ერიდება ამ საკითხებს. მეორე მხრივ, საპატრიარქო აბსოლუტურ შეუწყნარებლობას გამოხატავს ამ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩუმი ვანდალიზმი, რომელიც ანგრევს ამ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის არა მხოლოდ სომხების კუთვნილება. ეს არის თითოეული მოქალაქის კუთვნილება და მას მოვლა-პატრონობა ჭირდება.

- შეკითხვებში საუბარია აგრეთვე გაიოზ კერატიშვილის ამბავზე - შეეხო თუ არა პირადად კათალიკოს-პატრიარქი მის საქმეს, რომ ჩამოეცილებინათ პატრიარქის პოსტზე მისი მოხვედრისგან და მოხდა მისი გადასახლება; ასევე შეკითხვებში არის მოყვანილი, რომ პატრიარქის მხიდან ხდებოდა „თვითმფრინავის ბიჭების" ბრალდების დამძიმება; ასევე შეკითხვე შეეხება რატომ არ დაიცვა პატრიარქმა მღვდელი ჩიხლაძე... ეს უკვე ჩავლილი ამბებია, მათი გადამოწმება კი რთული. ამიტომ, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინასწარვე განზრახულია პატრიარქის კომპრომეტაცია?

- „თვითმფრინავის ბიჭებბზე" არ არის ლაპარაკი... აქ ლაპარაკია, რატომ არ დაიცვა პატრიარქმა მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო და ეს ყველამ კარგად იცის. არსებობს ჩანაწერი, სადაც პატრიარქი საუბრობს იმაზე, რომ ერთადერთი იარაღი მღვდლისა, უნდა იყოს ჯვარი. ამით რაღაცნაირად ადასტურებს იმას, რომ მღვდელს ჰქონდა იარაღი და ამ ჯგუფთან გარეული იყო...

- პატრიარქს ეს პირდაპირ ხომ არ დაუდასტურებია?

- სწორედ ამიტომ არის შეკითხვა დასმული, რომ გამოხატოს პატრიარქმა თავისი პოზიცია. თუ ეს ასე არ იყო, უნდა დაასაბუთოს. ეს არის შეკითხვები, რომელიც არ ხუნდება. ისევე, როგორც არ შეიძლება შეკითხვები გახუნდეს რომელიმე ავტორიტარ მმართველთან მიმართებაში; როგორც არ შეიძლება გახუნდეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა 7 ნოემბერს ამ ფორმით და ასე სასტიკად მომიტინგეების დარბევა; ასევე არ შეიძლება გახუნდეს ნებისმიერი შეკითხვა მოქმედი პატრიარქისადმი, რომელიც წარმოიშვა მისი პატრიარქობის ჟამს.
თუმცა, ზოგადად, ისტორიული შეფასება უნდა მიეცეს საბჭოთა ხელისუფლებასთან ეკლესიის ურთიერთმიმართებას. განსაკუთრებით 1943 წელს... ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, ერთი მთავარი სურვილი გვამოძრავებს: ეს სურვილი არის ეკლესიის იმ ნაშთებისგან გათავისუფლება, რასაც საბჭოურობა ჰქვია, რასაც ტოტალიტარული კულტურა ჰქვია. მიზანი ამ შეკითხვებისა იყო სწორედ ის, რომ ეკლესია დაბრუნებოდა სახარებისეულ სწავლებას: ეს მორწმუნე ადამიანებისთვის; მეორე მხრივ კი, გათავისუფლებულიყო საბჭოთა მემკვიდრეობისაგან. სწორედ ეს ამ შეკითხვების ცენტრალური ხაზი.

- თქვენს ოპონენტებს ასეთი არგუმენტიც მოჰყავთ ხოლმე: უნდოდა თუ არა, დრო იყო მაშინ ისეთი და პატრიარქი იძულებული იყო ეთანამშრომლა საბჭოთა სუკთან. სამაგიეროდ, იმ ფარგლებში დაეცვა ქრისტიანობა, ქრისტიანი ადამიანი. ეს თანამშრომლობა თითქოს არც არის გამორიცხული და კანონზომიერადაც მიაჩნიათ ხოლმე.

- ეს პრობლემა, თანამშრომლობა საბჭოთა სამსახურებთან - არსებობდა საბჭოთა დროს ყველა რელიგიურ 
გაერთიანებასთან მიმართებაში და არსებობდა აღმოსავლეთ ევროპულ სივრცეში - ასევე რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით. 1997 წელს, რუმინეთის პატრიარქმა თეოკითისტმა განაცხადა, რომ ის მართლაც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, ტოტალიტარულ სისტემასთან; ვერ ახერხებდა მორწმუნეების დაცვას; მოინანია ეს ფაქტი და გადადგა. თუმცა, ამას მოჰყვა საპირისპირო ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან. მრევლმა მოსთხოვა მას, ამ გმირული აღიარების გამო, დარჩენილიყო მის სულიერ ლიდერად. მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს. იყო დასმული ეს შეკითხვა 1995 წლის გაფართოვებულ კრებაზე, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა იქვე მოკვდა. განაცხადეს რამდენიმე სასულიერო პირმა, რომ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან, მაგრამ ამას არ მოჰყოლია აღიარება უშუალოდ პატრიარქის მხრიდან.

- რა იცვლება ამ აღიარებით?

- იცვლება მთავარი რამ, რაც უკვე ვთქვი: შეუძლებელია ერთი მხრივ მსახურებდე განსხეულებულ პოლიტიკურ, მორალურ თუ რელიგიურ ბოროტებას და მეორე მხრივ იდგე ქრისტეს საკურთხევლის წინაშე. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, ნიმუშად ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისა, ვიღებთ ამბროსი ხელაიას მაგალითს; გრიგოლ ფერაძის უშეღავათო დამოკიდებულებას ფაშისტურ რეჟიმთან - როდესაც მან, არცერთი კონფორმისტული ნაბიჯი არ გადადგა ფაშისტურ რეჟიმთან სათანამშრომლოდ. ამბროსი ხელაიამ უკვდავი სიტყვები დაუტოვა ისტორიას, რომ მისი სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული სამშობლოს და ლეში კი კომუნისტებისთვის მიმიგდიაო...
ასეთი სულისკვეთება უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი ეკლესიისთვის. ეკლესიას ვერავინ ვესასოდეს ვერ მოერევა - მორწმუნე ადამიანისთვის ეს ასეა. ვინაიდან ეკლესიის სხეული არ არის მხოლოდ ადამიანური, სოციალური სხეული. ეს არის ღვთაებრივი სხეული, ეს არის ქრისტეს სხეული - რელიგიური სწავლებით. შეუძლებელია მას მოერიოს რაც არ უნდა დიდი იმპერია იყოს, რაც არ უნდა უზარმაზარ მილიტარისტულ ძალას ფლობდეს ის. ამიტომ, აქ, ამ თანამშრომლობაში ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ კომფორმიზმს და არა იმას, რომ რაიმე სახით გადარჩენილიყო ეკლესია. კონფორმიზმი გამოიხატებოდა კონკრეტული ფორმებით. პრივილეგიებით სასულიერო პირებისადმი საბჭოთა პერიოდში. ძვირფასი მანქანები მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო... იყვნენ უზრუნველყოფილი ცხოვრებით. აქ მერკანტილიზმია მთავარი და არა ეკლესიის გადარჩენის სურვილი.

- შეკითხვები ასევე შეეხება ლუსტრაციის კანონს. ეს საკითხი დაყენებულია როგორც პატრიარქის მიმართ დასმულ შეკითხვებში, ასევე ხელისუფლების მისამართით დასმულ შეკითხვებშიც. რატომ აქამდე არ მოხდა ამ კანონის მიღება; თქვენი აზრით, ლუსტრაცია ხელისუფლებას უფრო აშინებს თუ ეკლესიას?

- უმთავრესი ნაწილი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევაზე არის სწორედ ლუსტრაციის გზის არჩევა. ლუსტრაცია უნდა ეხებოდეს როგორც სასულიერო პირებს, ასევე მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ეს მართლაც სერიოზული და დამაფიქრებელი შეკითხვაა. ვინაიდან ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთი მხრივ ჭირდება ეკლესია დღესდღეობით მისი პოლიტიკური არსებობისთვის; ჭირდება იმისთვის, რომ გამყარებული იყოს მისი ლეგიტიმაცია - ეს შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ტრადიციაა. შეიძლება ლუსტრაციის დაწყება სწორედ ამის გამოც არ აძლევდეს ხელს, ვინაიდან, ლუსტრაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოაშკარავდება, ვინც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან;
მეორე მხრივ, თვითონ პოლიტიკურ სპექტრში რა ურთიერთმიმართებებია ჩამოყალიბებული დღესდღეობით - ჩემთვის ეს უცნობია. მაგრამ, ამ თვალსაზრისით ასეთი სტერეოტიპი არსებობს, საკმაოდ არგუმენტირებულიც - „ყოფილი სუკის აგენტები არ არსებობენ". შესაბამისად, ამ კუთხით რა პრობლემებს წავაწყდებით, ჩვენ ხომ არ ვიცით. ამიტომაც, რელიგიურ ნაწილს რომც დავანებოთ თავი, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც შესაძლოა მიუღებელი იყოს როგორც ხელისუფლების, ასევე მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის ამ პროცესის დაწყება.

- ამ შეკითხვების ღიად დასმით - რა შედეგი მიიღეთ შეკითხვების ავტორებმა, ან ქვეყანამ რა შედეგი მიიღო აქედან?

- შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, უმთავრესი რაც ჩვენ დავინახეთ არის ის, რომ საპატრიარქო არის მთლიანად მოწყვეტილი და აცდენილი თავის საფუძველს - ქრისტიანობას. ვინაიდან, ამ შეკითხვების პასუხად ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენ არა ვართ საზოგადოების წევრები, ფაქტობრივად, ჩვენ არა ვართ ადამიანები. ახლა რომ იყოს შუასაუკუნეები, საპატრიარქო ალბათ, ჩვენი ფიზიკური დასჯის მოთხოვნითაც გამოვიდოდა.
ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვები სამომავლოდ იქნება მყარი საფუძველი როგორც საჯარო სივრცის, პოლიტიკური სივრცის დესაკრალიზაციისთვის, გაჯანსაღებისთვის, ასევე ეკლესიაში რეფორმების წამოსაწყებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ეკლესიიის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ემზადებიან სამომავლოდ ეკლესიაში ქრისტიანული რეფორმების ჩასატარებლად. ასევე არიან ადამიანები პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, რომელთაც აღარ სურთ გამუდმებით სერვილისტურ, მონურ დამოკიდებულებაში იყვნენ საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ საერო ხელისუფლება მისი წიაღიდან უნდა წარმოიშვას. ვგულისხმობ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. პატრიარქს სურს რომ ის იყოს უზენაესი ხელისუფალი. რელიგიური ხომ არის და სურს იყოს ასევე საერო უმაღლესი ხელისუფალი. ეს განცხადება სხვას არაფერს ნიშნავდა.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ამ განცხადებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ უფლისწული უნდა აღზრდილიყო პატრიარქის კარზე, ხოლო მანამდე მეფის - რეგენტის უფლებით ესარგებლა პატრიარქს. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა ესარგებლა მეფის უფლებით.
თავი რომ დავანებოთ იმას, რა დამოკიდებულება აქვს დღეს რეალურად საპატრიარქოს რუსეთთან; მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი; მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური გვამია; ამ ფონზე, კი პატრიარქი აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მიმართარის კეთილგანწყობილი - ჩემთვის კითხვები აღარ რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება დღეს საქართველოს საპატრიარქო.