Wednesday, September 15, 2010

ჭამაში მოსული მადა – რატომ ვაფინანსებთ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" და საპატრიარქოს



საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ტრიალებს ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი. რეკლამის ტექსტი ასეთია: „თბილისში, ზაჰესის დასახლებაში დაიწყო მშენებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის – პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის. პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე. შეიტანეთ თქვენი წვლილი მონასტრის მშენებლობაში. უფალმა შეგიწიროთ, პანტანასას ღვთისმშობელმა დაგლოცოთ. ზარის ღირებულება 1 ლარი“.

მშვენიერი სინთეზია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სადაც რეკლამა გადის და საქართველოს საპატრიარქო, რომლის გარეშეც ეს სარეკლამო რგოლი არ მომზადდებოდა. მსგავსი შინაარსის რეკლამა უამრავი ტრიალებს და უამრავი ეკლესია-მონასტრის მშენებლობისთვის თუ რეკონსტრუქციისთვის ფულს ხალხს სთხოვენ, მაგრამ, ის რომ, კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ფული დასცინცლო, ჩემი აზრით, ყველანაირ ზღვარს გადადის. რეკლამაში გვიმტკიცებენ, რომ „პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე“ , თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გადავხედავთ, იმასაც გავიხსენებთ, რომ, ონკოლოგიურ დაავადების მქონე ავადმყოფი და მისი ოჯახის წევრები ასევე ცნობილები არიან, თითქმის ბოლო კაპიკს გაიღებენ, რათა ავადმყოფს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. ამ დროს არც უამრავ ექიმს გამოტოვებენ და თუ ვინმე ურჩევთ, მკითხავებში სიარულასც კი არ ერიდებიან ხოლმე, სანუგეშო სიტყვის მოსასმენად. მკურნალობის ხარჯებს სასწაულად გადარჩენილ ფულს თაღლითებსაც დაუნანებლად ჩუქნიან.

მადლობა ღმერთს, მკითხავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არ აფინანსებს, მაგრამ, სამაგიეროდ თანაბრად: 25-25 მილიონით არის წელს საპატრიარქოც და „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ დაფინანსებული. საგადასახადო კანონმდებლობას თუ ჩავხედავთ, საპატრიარქო უამრავი შეღავათით სარგებლობს. ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა, რასაც მოგება მოაქვს, თუ საპატრიარქოს ეგიდით ხორციელდება - ნაკლებად, ზოგჯერ საერთოდაც არ იბეგრება. რაც შეეხება “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, სხვა კომერციულ ტელევიზიებთან შედარებით მასაც გარკვეულწილად სასათბურე პირობები აქვს შექმნილი და გარდა გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსებისა, ჰყავს საეთერო დროის გარანტირებული მყიდველები.

მოკლედ, ასეთია რეალობა – სახელმწიფო აფინანსებს 25-25 მილიონით ამ ორ უწყებას და სამაგიეროდ რას იღებს აქედან ქვეყანა? რას და საპატრიარქოს ხშირ ჩარევას არამხოლოდ სახელმწიფო საქმეებში, არამედ თუ ზემოთ დასახელებულ რეკლამას დავაკვირდებით, ხალხისთვის ფულის თხოვნასაც. შესაბამისად, რელიგიური თემით სპეკულირება ყველაზე ხელშეუხებელი სფეროა. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერდება სამღვდელოების გავლენა და მცირდება დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობა.

უამრავი გამოკითხვა ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრზე ყველაზე დიდი გავლენა საპატრიარქოს აქვს. თანაც, იმდენად დიდი რომ, შეუძლია ხულიგნების უპირობო გათავისუფლება მოსთხოვოს ხელისუფლებას და თავისი გაიტანოს კიდეც. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არც ვადამდელი არჩევნების იდეას ივიწყებს ხოლმე და ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, საპატრიარქოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში სწორედაც ვადამდელი არჩევნების იდეა იყო დასახელებული.

ახლა კი, ერთი საკითხი - რა აქვს საერთო საზოგადოებრივ მაუწყებელს და საპატრიარქოს - ბოლო წლებში ძალიან მოდური გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ლანძღვა - ჩვენ პირველ არხს ხელფასს ვუხდით, ამიტომ ისე უნდა იმუშაოს და ის ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც მის დამფინანსებელს - ხალხს სურს. ეს დაფინანსება სახელმწიფო ტელევიზიას კომერციული ტელევიზიისგან განსხვავებით თავისუფლების ხარისხს ნამდვილად უზღუდავს. ერთი მხრივ, მთავრობის წინაშეა დავალებული, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან აფინანსებს, მეორე მხრივ კი მთელი საზოგადოების წინაშე - ვინც საკუთარი გადახდილი გადასახადებით ცენტრალურ ბიუჯეტს ავსებს. თუ გადავხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტებიდან დაფინასებას, ამ მხრივ, საპატრიარქო კიდევ უფრო მეტად არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული. 25 მილიონს რომ რომელიმე უწყება მიიღებს, მას მართლაც მოსთხოვენ მისთვის სასურველი პოზიციის გამოხატვას. სასურველი პოზიციის გამოხატვას კი აშკარად მიაღწიეს – განაწყენებულმა „უცნობმა“ პარტიარქს შეშინებული და “პლენში აყვანილი” უწოდა, შესაბამისად, ორ დღეში საპატრიარქოსგან ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეაც გაჟღერდა.

საპატრიარქომ გასულ წლებში მონარქიის აღდგენია ინიციატივაც გაახმაურა. ნათქვამი იყო, მომავალი უფლისწული საპატრიარქოს უნდა აღზარდა. შესაბამისად, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საპატრიარქოს გავლენა კიდევ უფრო იზრდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. საპატრიარქოს გავლენა კი იმდენად დიდია, ხალხის დიდმა ნაწილმა ქვეყნის ხსნის ერთადერთ ვარიანტად მიიჩნია ბაგრატიონების შთამომავალის გამეფება. აღარც ისტორიის გახსენება სურთ, როცა ტახტის მემკვიდრეები ერთმანეთს ჭამდნენ და არც ის აინტერესებს ვინმეს, ქვეყნის მმართველი დემოკრატიის მთავარი პრინციპის - არჩევნების გარეშე რომ ეყოლება ქვეყანას. სამაგიეროდ, საპატრიარქოს სახელით გამომავალი რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი რუსეთის არმიის ჩამოყრილ ჭურვებს ქართველთა სულის განსაწმენდელ საშუალებად წარმოაჩენენ, გმობენ დასავლურ ფასეულობებს ხალხს ჩიპიანი პასპორტით უხეთქავენ გულებს.

როგორ გავაოცეთ ანდრეი ილარიონოვი

აპრილში, საპროტესტო აქციები უკვე კარგად „გახურებული“ იყო, როდესაც საქართველოში ცნობილი რუსი ექსპერტი, პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ჩამოვიდა და მისი მეგობრის - კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი“ იყო და მსმენელებიც ბლომად ვიყავით. მას შემდეგ, რაც ანდრეი ილარიონოვმა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გაარჩია, თავისი არგუმენტები წარმოადგინა, რომ ეკონომიკური კრიზისი რუსეთში ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ამერიკაში; რომ, აგვისტოს ომამდე უკვე დაწყებული იყო რუსეთის საფონდო ბირჟის დაცემა და ასე შემდეგ. ილარიონოვმა ისიც დაასაბუთა, რომ, ზოგ ქვეყანას, მაგალითად ჩინეთს, ეკონომიკური კრიზისი საერთოდ არ შეხებია და ამიტომ, მთლად გამართლებული არც არის არსებულ კრიზისს „მსოფლიო კრიზისი“ ვუწოდოთ... მოკლედ, უამრავი გრაფიკი, დიაგრამა, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის თუ კლების სტატისტიკა, კრიზისის დაძლევის და განვითარების სხვადასხვა ვარიანტები - ეს ყველაფერი ანდრეი ილარიონოვმა ლექციის მსმენელებს შეთავაზა. ბოლოს კი, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის დროც დადგა. სხვა შეკითხვებიც იყო, მაგრამ, ალბათ ყველაზე მოულოდნელი შეკითხვა მაინც ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუსვა რუს ექსპერტს: რა აზრის ხართ საქართველოში საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ? ილარიონოვი ცოტა დაიბნა. კი, მაგრამ, საგადასახადო ამნისტიის შესახებ არაფერი მსმენია და ვისგან მოდის ეს ინიციატივაო. ილარიონოვს მთავარი დაბნეულობა წინ ელოდა - შეკითხვის ავტორმა ინიციატივის ავტორი რომ გამნუმარტა. იდეა პატრიარქს ეკუთვნისო. კიდევ უფრო დაბნეულმა ილარიონოვმა გაოცებით მიმოიხედა: მსგავსი რამ არსად მსმენია, ან სად საგადასახადო ამნისტია და სად საპატრიარქოო? როდესაც გადაულაპარაკეს - რამდენიმე აფერისტმა ბიზნესმენმა მოინდომა სახელმწიფომ დავალიანება ჩამოაწეროს და ეს ინიციატივა საპატრიარქოს გაახმოვანებინაო, აუდიტორიაში ბევრმა სირცხვილისგან თავიც დახარა.

გვერდზე მჯდომს გადავულაპარაკე, აი, ახლა კი დაგვცინებს ეს კაცი მეთქი. „რა, არ ვართ დასაცინები?“ - მომიგო. საბედნიეროდ, ჩვენზე მეტად თავშეკავებული აღმოჩნდა ბატონი ილარიონოვი. გაიღიმა და შეკითხვის ავტორს ნაბიჯ-ნაბიჯ განუმარტა. ამნისტია დანაშაულის პატიებას ნიშნავს. საგადასახადო ამნისტია, საგადასახადო დანაშაულის, ანუ, კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობის პატიებას ნიშნავს. ასეთი ამნისტია კი ქვეყანაში სამართლებრივი პრინციპების ჩამოყალიბებას ხელს არ შეუწყობს. როდესაც ერთი გადამხდელი პატიოსნად იხდის გადასახადებს, მეორე კი ბიუჯეტს კუთვნილს არ გადაუხდის, პატიოსანი გადამხდელი დაზარალებული რჩება. ამიტომ, სანამ დანაშაულის პატიებას ასე მარტივად გადაწყვეტს სახელმწიფო, კარგად უნდა აწონ-დაწონოს, სხვა პატიოსანი გადამხდელებიც არ „გაებუტონ“ ბიუჯეტს.

კითხვის დამსმელმა ქალბატონმა ალბათ გაიგო პასუხის შინაარსი, აღარ გაუგრძელებია საპატრიარქოს იდეის ირგვლივ მსჯელობა. ალბათ, ბატონმა ილარიონოვმაც გაიგო, რა მენტალიტეტის ხალხიც ცხოვრობს მისი მეგობრის - კახა ბენდუქიძის სამშობლოში. სხვა რა სიახლე გაიგო ანდრეი ილარიონოვმა არ ვიცი, მაგრამ, მე კი ხშირად ვხედავ რეკლამებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, სადაც ხალხს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სახელით ფულს სთხოვენ. მაგრამ, ამასწინათ ვნახე რეკლამა. ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით დაფინასებული საპატრიარქო, რომელსაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 500 ათასი ლარი მისცეს, აქედან 300 ათასი სწორედ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, მაინც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით ითხოვს ფულს:

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში დაიწყო მშენებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის – პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის. პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე. შეიტანეთ თქვენი წვლილი მონასტრის მშენებლობაში. უფალმა შეგიწიროთ, პანტანასას ღვთისმშობელმა დაგლოცოთ. ზარის ღირებულება 1 ლარი. 

 

4 comments:

  1. საოცარია... "მოკლედ, ასეთია რეალობა – სახელმწიფო აფინანსებს 25-25 მილიონით ამ ორ უწყებას და სამაგიეროდ რას იღებს აქედან ქვეყანა?" და რას ვიღებთ, თემო, როცა სანთელს ვყიდულობთ და ვანთებთ, ტაძარში მივდივართ და რამდენიმე საათს "ვხარჯავთ", რომლებსაც სხვა "სასარგებლო" საქმეებისთვის გამოვიყენებდით... თუ არ გვწამს ღმერთის, სხვა საქმეა და თუ გვწამს, მაშინ რაღა კითხვები ჩნდება, როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მშენებლობისთვის გავიღებთ თანხას? და ონკოლოგიური ავადმყოფების მაგალითადაც იქნებ ისეთებიც განგეხილა, რომელთაც ღვთისმშობლის შეწევნის იმედი აქვთ (ნეტავ, ყველა ასეთი იყოს!)? გული მწყდება, რომ ვკითხულობ.. :(

    ReplyDelete
  2. მარიამ, გული რაზე გწყდებათ: 25-25 მილიონი სულელურად რომ იფლანგება თუ საგადასახადო ამნისტიას რომ ვერ მიაღწია საპატრიარქომ?

    ReplyDelete
  3. იმაზე,თემო, რომ უამრავი მართლა "სულელური" რამის გვერდით, რაც არასულელურია (ჩემი ღრმა რწმენით), ის გვეჩვენება სულელურად და განხილვას ვაწყობთ...

    ReplyDelete
  4. კონკრეტულად - რა არის არასულელური, რაზეც კამათს ვაწყობთ და ასევე რა მიგაჩნიათ მართლაც სულელურად?

    ReplyDelete