Monday, October 26, 2026

რონალდუმდე და რონალდუსთან ერთად

რა გავლენა მოახდინა კრიშტიანუმ ფეხბურთზე და იმ გუნდებზე, სადაც ითამაშა


ჩვეულებრივი ამბავია: როდესაც ვინმეს ლანძღვა მოდაშია, ბევრი ცდილობს მოდას აჰყვეს და თვითონაც თქვას აუგი მიზანში ამოღებულ ადამიანზე. როგორც წესი, ასეთ დროს რიგითი მლანძღველები ტვინს დიდ ძალას არ ატანენ და მექანიკურად ცდილობენ „ტრენდს“ არ ჩამორჩნენ. ბოლო დროს კოლექტიური დაგმობის ობიექტად კიდევ ერთხელ ამოირჩიეს კრიშტიანუ რონალდუ და ბევრმა თქვა თუ დაწერა „სიბრძნე“ მის დასაკნინებლად. მაგრამ, რაც დათვლადია, მოდი, დავთვალოთ და ვნახოთ, რა კვალი დატოვა რონალდუმ ფეხბურთზე და არის თუ არა, მათ შორის, მოდას აყოლილი „პრაფესორების“ მიერ აბუჩად ასაგდები პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

გლობალური გავლენა გუნდებსა და ჩემპიონატებზე

რონალდუს მასშტაბის დასანახად ყველაზე მარტივი გზა იმ გუნდების ისტორიის გადამოწმებაა, სადაც მას უთამაშია:

პორტუგალიის ნაკრები:

რონალდუს გამოჩენამდე ამ ქვეყანას თავის ისტორიაში საერთოდ არ ჰქონდა მოგებული არცერთი დიდი ტიტული. მეტიც, მანამდე გამართული 17 მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიელებმა მხოლოდ სამზე მოახერხეს კვალიფიკაციის გავითარება. რონალდუს ლიდერობით კი ნაკრებმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2019 და 2025 წლებში - ერთა ლიგა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ერთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლიც თავად შეაგდო და ქვეყანას მორიგი თასი მოაგებინა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და პრემიერლიგა:


როდესაც ალექს ფერგიუსონმა „სპორტინგიდან“ 18 წლის რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ წაიყვანა, კლუბში ახალი ეპოქა დაიწყო. კრიშტიანუმ ინგლისში შემოიტანა მანამდე უნახავი სისწრაფე, დრიბლინგი და ათლეტიზმი - ბევრ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს სამივე თვისება ერთ მოთამაშეში მსგავსი დოზით მანამდე არასდროს ყოფილა. მას შემდეგ, რაც რონალდუმ გუნდი დატოვა, „იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგა აღარ მოუგია (ბოლო გამარჯვება სწორედ მასთან ერთად, 2008 წელს იზეიმეს). 2021 წელს მისი დაბრუნებაც კი გლობალური მარკეტინგული აფეთქება იყო: Nielsen Sports-ის მონაცემებით, კრიშტიანუს ფაქტორმა გუნდის მატჩებს მსოფლიო მასშტაბით 60 მილიონზე მეტი დამატებითი მაყურებელი შესძინა.

მადრიდის „რეალი“ და ლა ლიგა:


2009 წელს, როდესაც ესპანელებმა მის ტრანსფერში იმ დროისთვის სარეკორდო 94 მილიონი ევრო გადაიხადეს, „რეალი“ უმძიმეს კრიზისში იყო - გუნდი ზედიზედ 6 წელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან ვარდებოდა და ლამის ყველაფერს აგებდა პეპ გვარდიოლას „ბარსელონასთან“, რომელიც მაშინ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიიჩნეოდა. რონალდუმ შეცვალა ამ გუნდის ბედი. მასთან ერთად „რეალმა“ 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აქედან 3 ზედიზედ, ხოლო მესისა და რონალდუს ლეგენდარულმა დუელმა ლა ლიგა პლანეტის ყველაზე პოპულარულ სპორტულ მოვლენად აქცია.

ტურინის „იუვენტუსი“ და სერია A:

„იუვენტუსი“ იტალიაში ისედაც ზედიზედ იგებდა სკუდეტოს, მაგრამ გლობალური მარკეტინგითა და ტრანსლაციების გაყიდვებით სერიოზულად ჩამორჩებოდა ინგლისსა და ესპანეთს, თავად ლიგას კი „დაბერებული“ იმიჯი ჰქონდა. 33 წლის რონალდუს ტრანსფერმა იტალიურ ფეხბურთს წარმოუდგენელი ეკონომიკური ბუმი მოუტანა. სერია A-ს ტრანსლაციების ფასი და ინტერესი მთელ მსოფლიოში მყისიერად გაიზარდა, კლუბის მაისურების გაყიდვამ და სოციალური ქსელების გამომწერებმა კი რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.

„ალ ნასრი“ და საუდის არაბეთი:

რონალდუს მისვლამდე საუდის არაბეთის ჩემპიონატი იყო აბსოლუტურად ლოკალური, აზიური ლიგა, რომლის შესახებაც ევროპაში არაფერი იცოდნენ, თავად ქვეყანა კი ტურიზმისა და სპორტისთვის ჩაკეტილი იყო. რონალდუს გადასვლამ „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია და მის კვალდაკვალ აზიას ათეულობით ვარსკვლავმა მიაშურა (ნეიმარი, ბენზემა, მანე, ფელიქსი, ბონო, ნევეში და სხვები). ლიგის კომერციული და სატელევიზიო შემოსავლები მყისიერად 650%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსლაციები მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. აზიის ჩემპიონთა ლიგის წლიური სატელევიზიო აუდიტორია 80 მილიონიდან 190 მილიონამდე გაიზარდა. ეს სპორტული რევოლუცია ქვეყნის გლობალური სტრატეგიის (Vision 2030) ნაწილი გახდა, რის შედეგადაც ქვეყანა გაიხსნა მსოფლიოსთვის და მიიღო 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

კრიშტიანუს საფეხბურთო უნიკალურობა


ახლა ვნახოთ ის უნიკალური მიღწევები, რომლებითაც რონალდუ ყველა სხვა ფეხბურთელზე მაღლა დგას:

მსოფლიო რეკორდი და ნაბიჯი 1000 გოლამდე:

კრიშტიანუ რონალდუ უკვე არის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ოფიციალური ბომბარდირი. დღეის მდგომარეობით მას ანგარიშზე 982 გოლი აქვს და სულ რაღაც 18 ბურთი აშორებს კაცობრიობის ისტორიაში სრულიად წარმოუდგენელ, კოსმოსურ 1000-გოლიან ნიშნულს.

უნიკალური ეფექტურობა მადრიდში:

„მადრიდის რეალის“ შემადგენლობაში რონალდუმ 438 მატჩში 450 გოლი შეაგდო, რაც თამაშში საშუალოდ 1.03 გოლს ნიშნავს. მსგავსი მაჩვენებელი ფეხბურთის ისტორიაში არავის აქვს. ის გახდა კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ჩემპიონთა ლიგის ფენომენი:

მხოლოდ „რეალის“ მაისურით რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 101 მატჩში 105 გოლი გაიტანა. ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს ერთი კონკრეტული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მატჩზე მეტი გოლის საშუალო მაჩვენებელი.

ინგლისური ფეხბურთის ერთადერთი რეკორდსმენი:

2007-2008 წლების სეზონში 22-23 წლის რონალდუმ ერთდროულად მოიგო ყველა შესაძლო უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო: „ოქროს ბურთი“ (Ballon d'Or), ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (FIFA World Player of the Year) და „ევროპის ოქროს ბუცი“ (European Golden Shoe). პრემიერლიგის ისტორიაში ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისურ კლუბში თამაშისას მოახერხა საუკეთესო ბომბარდირობა და იმავე წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება. მას შემდეგ ინგლისიდან „ოქროს ბურთი“ აღარავის მოუგია.

უსწრაფესი 100 გოლი იტალიაში:

ტურინის „იუვენტუსში“ მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. ის გახდა კლუბის ისტორიაში პირველი, ვინც „იუვენტუსის“ მაისურით 100-გოლიან ნიშნულს ასე სწრაფად - სამ სეზონზე ნაკლებ დროში მიაღწია. იტალიაში მან 2-ჯერ მოიგო სკუდეტო, 2-ჯერ სუპერთასი, ერთხელ თასი და გახდა სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) და საუკეთესო ბომბარდირი.

აზიური ფენომენი:

„ალ ნასრში“ მან საუდის პრო ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში გატანილი გოლების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა (35 გოლი 31 მატჩში). გუნდთან ერთად მოიგო 2023 წლის არაბულ კლუბთა ჩემპიონთა თასი, სადაც ფინალში, უმცირესობაში დარჩენილ გუნდს დუბლით ისტორიული თასი მოაგებინა, ხოლო 2025-2026 წლების სეზონში კლუბს 2019 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა საუდის პრო ლიგა. ყოველი მატჩი, როდესაც ის ირანში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა თუ ტაჯიკეთში ჩადიოდა, ადგილობრივი კლუბებისთვის „ოქროს საბადოდ“ იქცეოდა - ბილეთები წამებში 10-ჯერ ძვირდებოდა და თეირანში ჩასვლისას მასპინძელმა კლუბმა მხოლოდ მატჩის დღის მარკეტინგით წლიური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეავსო.

ტოპ-ჩემპიონატების „დამპყრობელი“:


კრიშტიანუ არის ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატიდან 3-ში ითამაშა და სამივეში უამრავი ტიტული და ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა. კარიერა ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო (2002-2003 წწ, 5 გოლი, პორტუგალიის სუპერთასი), რასაც მოჰყვა 9 ტიტული „მანჩესტერში“ (მათ შორის 3 პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა), 16 ტიტული მადრიდის „რეალში“ (მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა და 2 ლა ლიგა) და 5 ტიტული „იუვენტუსში“.

პროფესიონალიზმისა და ათლეტიზმის ახალი სტანდარტი

რონალდუს გამოჩენამდე ფეხბურთში უპირატესობა დიდწილად ენიჭებოდა მხოლოდ თანდაყოლილ ნიჭს, ხოლო დიეტა, ძილი და ფიტნესი არ იყო ისე მკაცრად კონტროლირებადი, როგორც დღეს. რონალდუმ დაამტკიცა, რომ თავდაუზოგავ შრომას, ფენომენალურ დისციპლინასა და იდეალურ რეჟიმს შეუძლია სპორტსმენი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანოს და იქ 20 წელზე მეტხანს დატოვოს. მან მთლიანად შეცვალა მიდგომა სპორტული მედიცინისა და ფიზიკური მომზადების მიმართ. ის საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს და გაზიან სასმელებს, არ იღებს შაქარს და 41 წლის ასაკშიც კი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.


კიდევ ერთი გამორჩეული და საინტერესო შტრიხი მისი პიროვნებიდან არის ის, რომ რონალდუს არ აქვს არცერთი ტატუ ან პირსინგი. მიზეზი მარტივია: იგი სისხლისა და ძვლის ტვინის აქტიური დონორია. ვინაიდან პირსინგის ან ტატუს გაკეთების შემდეგ, ინფექციების რისკის გამო, თვეების მანძილზე აკრძალულია დონორობა, მან მიზანმიმართულად გადაწყვიტა სხეული „სუფთა“ ჰქონოდა, რათა სხვა ადამიანების დახმარება მუდმივად შეძლოს.

ბავშვებისთვის ის იქცა იმედის მთავარ სიმბოლოდ - ბიჭუნა მადეირას ღარიბი უბნიდან, რომელმაც მხოლოდ საკუთარი შრომით მიაღწია ყველაფერს. მისი ცნობილი საფირმო აღნიშვნა „Siuuu“ დღეს მსოფლიოს ყველა ეზოსა და სტადიონზე ისმის, რაც მის წარმოუდგენელ გლობალურ გავლენაზე მეტყველებს.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოდას აყოლილი ქართველი პრაფესორის თვალში რონალდუ მაინც დიდი არაფერი ფეხბურთელი და სპორტსმენია. როგორც ადამიანი კი, საერთოდ „ჩაჭრილია“ -  არ სვამს, არ ეწევა, ერთი ტატუც კი არ აქვს და შესაბამისად, ამ კრიტიკოსების ლოგიკით, ცხოვრების აზრზეც არ არის.

P.S. და მაინც, თუკი „პრაფესორებისთვის“ კრიშტიანუს სიძულვილის დამატებითი საფუძველი მისი თბილი ურთიერთობაა დონალდ ტრამპთან, ეგ ბევრად „რაციონალური“ მიზეზი გამოდის, ვიდრე რონალდუს საფეხბურთო მიღწევებში მინუსების ძებნა. ბოლშევიკებთან და მარქსისტებთან შედარებით რადგან ტრამპი უკეთეს ვარიანტად მიმაჩნია, ტრამპისმოძულე რამდენიმე ისეთმა ვინმემ გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, რომლებსაც წლების მანძილზე ახლობლად და ნორმალურ ადამიანად ვთვლიდი )))


No comments:

Post a Comment