Monday, January 21, 2013

ინტერვიუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან



ბიზნესი და მენეჯმენტი #33

 

მინი-დოსიე:

ზურაბ ხარატიშვილი დაიბადა 1967 წლის 14 ნოემბერს, თბილისში.

განათლება:

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი.

1996 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.
     
პროფესიული გამოცდილება

1992-1996 წწ. შპსგეა და კომპანია“ – მთავარი ბუღალტერი;
1996-1998 წწ. აუდიტორული კომპანიაბირთვის-აუდიტი“ – პარტნიორი;
1998-2004 წწ. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დამფუძნებელი. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

2004-2006 წწ. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე;

2000-2009 წწ. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორი;

2008-2010 წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბატონო ზურაბ, თქვენ საკმაოდ განსხვავებული სამსახურები გამოიცვალეთ. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას სად უფრო წარმატებით მოახერხეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება?

ყველა სამუშაო თავისთავად საინტერესო და გამომწვევი იყო. ცესკოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პირველი საჯარო სამსახურია. მანამდე სულ კერძო სექტორში ვმუშაობდიან ბიზნესში ვიყავი, ან პროფესიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
1992 წელი იყო, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბუღალტრად ვმუშაობდისაქართველოს უახლეს ისტორიაში 1992-1993-1994 წლები ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევდა იმისათვის, რომ რაღაც საქმიანობა გვეწარმოებინა. სხვადასხვა კომპანიაში ფინანსები მებარა. საგადასახადო სისტემა მაშინ იწყებდა ჩამოყალიბებას. საბჭოთა ბუღალტერია დაინგრა და ახალიც არაფერი იყო. საგადასახადო კონსულტაციების მწვავე დეფიციტი იყო. ბევრმა კითხვებმა, რომლებზე პასუხის გამცემიც არავინ იყო, მე და რამდენიმე მეგობარს იდეა დაგვიბადა, რომ პროფესიული ასოციაცია გაგვეკეთებინა. თავიდან ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ბუღალტერთა ასოციაცია. ასოციაცია 1998 წელს ბუღალტერთა კლუბს შეერწყა და ამ გაერთიანებით შეიქმნა პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - ბაფი, რომელიც დღეს საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა. მაშინ გამოწვევა იყო, რომ მინიმალური პროფესიული სტანდარტები შექმნილიყო, პროფესიული კოლეგიალური გამოცდილება სადღაც მოგროვილიყო. მაშინ ინიციატივების გამოჩენის და არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბების პერიოდი იყო. ნულიდან რაღაცის შექმნა მაშინდელ გარემოში მართლაც სერიოზული გამოწვევა გახლდათ.

თუმცა, როცა არაფერი არსებობს, სამოქმედოც მეტია ხოლმე...

ცნობილი მარკეტინგული საკითხია, აფრიკაში ფეხსაცმლების კომპანიის გაყიდვების მენეჯერებს აგზავნიან და ავალებენ გააკეთონ ბაზრის ანალიზი. ერთი ჩადის და ამბობს, რომ იქ არავის აცვია და ფეხსაცმელი არც სჭირდებათ, მეორე ჩადის და ამბობს, რომ ყველა ფეხშიშველი დადის და ფეხსაცმელი ყველას სჭირდება. ასე რომ, როცა არაფერია, ერთი მხრივ, შეიძლება კონკურენცია არ არის, მაგრამ პირველი გზამკვლევის ფუნქცია უნდა იტვირთოს ვინმემ, გარემოც შექმნას და მოთხოვნაც გააჩინოს, რაც საკმაოდ რთულია.

გარკვეული დროის შემდეგ, უკვე სხვა გამოწვევა იყო, როცა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. პირველი პეცენდენტი იქმნებოდა, საერთაშორისო პრაქტიკის მქონე, ძალიან მაღალი სტანდარტის კომპანიები, .. „დიდი ოთხეულისწარმომადგენლები იწყებდნენ საქართველოში ბაზრის მოსინჯვას. მათთვის აქაური გარემოს გაცნობა, ჩვენს ბაზარზე შემოყვანა და მათი პრაქტიკის აქ ადაპტირება ასევე ძალიან რთული იყო.

მას შემდეგ, გარკვეული დრო გავიდა, ბიზნესი განვითარდა. ისე წავიდა ცხოვრება, რომ უფრო კორპორატიულ მართვაში მუშაობამ წამოიწია. ეს იყო მორიგი გამოწვევა. განსაკუთრებით, 2008 წლის კრიზისის მერე, როცა ბიზნესის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი გახდა. კორპორატიული მართვის კულტურის დამკვიდრებას მოჰყვა, რომ 1 წლის მანძილზე თავისუფალი კონსულტანტიც ვიყავი. შემდეგ, სხვადასხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში საქმიანობით გახლდით დაკავებული. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოშიესეც გარკვეულწილად დროის შესაბამისი გამოწვევა იყო ჩემთვის. კორპორატიული მართვის კულტურის მოთხოვნა და საჭიროება მაშინ გაჩნდა და ეს პროცესიახალი ხილიიყო საქართველოსთვის.

ანუ, საქმიანობის ყველა ეტაპზე რაღაცა ისეთი გამოწვევის წინაშე ვიყავი ხოლმე, რომელიც საკმაოდ ახალი იყო ჩვენი ქვეყნის პრაქტიკისთვის და მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობის სპეციფიკას?

აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბები და ამოცანები აღმოჩნდა საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც საჯარო დაწესებულება და აბსოლუტურად სხვა კატეგორიას განეკუთვნება. ძალიან ბევრი პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. ეს გასაგებიცაა, რადგან არჩევნები ძალაუფლების წყაროა.

აქ უზარმაზარი ადმინისტრაციაა, არჩევნების დროს, ორი თვის მანძილზე  თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით, 50 000-მდე იზრდება.

– 50 000 ადამიანი დროებითი თანამშრომლების კატეგორიაა?

მუდმივი თანამშრომელი დაახლოებით ხუთასი ადამიანია, რომლებიც ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში მუშაობენ, არჩევნების დროს კი რიცხვი 50 000-მდე იზრდება. ანუ, ასმაგდება და მერე ისევ იკვეცება. სისტემა იმდენად მოქნილი უნდა იყოს, რომ სწრაფად გაიშალოს და შემდეგ მომენტალურადვე შეიკუმშოს. არჩევნები - ეს არის ერთდღიანი, უზარმაზარი მასშტაბის სერვისი. უნდა ჩატარდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, უნდა გაუძლოს კონფლიქტებს, დავიდარაბასა და პოლიტიკურ ქარიშხლებსაც. მართვის თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ყველაზე რთული ორგანიზაციაა. მსგავსი სიდიდის და სირთულის პრეცედენტი საქართველოში უბრალოდ, არ არსებობს.

თქვენი შეფასებით, ცესკოს მუშაობის სანდოობა იზრდება თუ მცირდებაწინა წლებში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხშირად გვესმოდა კრიტიკა, ოპონენტები აცხადებდნენ, რომ შედეგები ადეკვატურად არ ასახავდა ხალხის განწყობას...

შეფასებისას ძალიან სუბიექტური რომ არ ვიყო, ერთადერთი იმას ვიტყვი, რაც დრო გადის, როგორც ნებისმიერი ორგანიზმი, საარჩევნო ადმინისტრაციაც უფრო იხვეწება და ძლიერდება. ბოლო არჩევნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე საკმაოდ ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდესბევრი რამ არის გასაკეთებელი.

საერთოდ, ჩვენი საქმიანობის შეფასების ძირითადი წყარო ეუთოს სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოდის ხოლმე და პროცესს აკვირდება, თუ რამდენად შეესაბამება ჩატარებული არჩევნები ეუთოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში განსაზღვრულ სტანდარტებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებით, ჩვენს ადმინისტრაციას საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს მიღებული. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დიდი შრომის შედეგია. ჩვენ 2010 წლის არჩევნების შემდგომ შევიმუშავეთ სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2011-2015 წლების პერიოდზეა გაწერილი. გეგმის ძირითადი მიზანი საარჩევნო პროცესის და შედეგების მიმართ ნდობის განმტკიცებაა.

ამ სტრატეგიულ მიზნებს რომ კარგად მორგებოდა, მოვახდინეთ ცესკოს ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. სტრატეგიის მიხედვით, ასევე პროაქტიური თანამშრომლობა გვაქვს დაინტერესებულ მხარეებთან. რამდენად კარგად ჩატარდა არჩევნები, აქ უფრო სუბიექტური განცდაა მასში მონაწილე ამომრჩევლების, დამკვირვებლების, პარტიების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამიტომ, თითოეულ დამკვირვებელ ჯგუფთან ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად, სამუშაო ჯგუფების ფორმატში ვმუშაობდით

მუდმივმა კომუნიკაციამ გამოიღო ის შედეგი, რომ მუდმივად იცოდნენ, ჩვენ რა გვინდოდა და ყოველთვის გვქონდა მათი გამოხმაურება ჩვენს საქმიანობაზე. პრაქტიკულად, უკვე საარჩევნო პერიოდში ყველა საკითხი წინასწარ, ჩვენს შორის გარკვეული იყო და რაიმე სახის პრობლემები გაუგებრობის გამო აღარ იზრდებოდა. ანუ, ჩვენ კლასიკურად დავალაგეთ სტრატეგიული დაგეგმარება, ამისთვის უმაღლესი მენეჯმენტის ტრენინგებიც ჩავატარეთ.

ტრენინგების პროგრამას უცხოელი დონორები აფინანსებენ თუ ესეც სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა?

ტრენინგების და სტრატეგიული დაგეგმარების დონორი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია `ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი~. ტრენერები იყვნენ `მართვის აკადემიიდან~. პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დასწრებითაც ხდება ხოლმე.

ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი არჩევნები 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, დანარჩენ არჩევნებს კი ქრონიკულად უნდობლობას უცხადებენ ხოლმე. ეთანხმებით?

– 1990 წლის არჩევნებზე შეგახსენებთ, რომ მთლად ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. უბრალოდ, წლები გავიდა და შორიდან ასე ჩანს... ასევე, პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არ იღებდა მონაწილეობას. თან, იმ არჩევნებში თვითონ ვიყავი ჩართული და ხარვეზებიც ძალიან ბევრი იყო. უბრალოდ, უკმაყოფილება არ გამოუხატავს ბევრს. თუმცა, თავისთავად, ძალიან დიდი წარმატება მაშინ მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება იყო და თვითონ ფაქტი უკვე შედეგი გახლდათ. ამიტომ, ასე წარმატებულად შეფასდა.

ბოლო არჩევნებში მოიგოქართულმა ოცნებამ“, თუმცა წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი მაინც უარყოფითად აფასებს არჩევნების ჩატარების ხარისხს. მაგალითად, ტელეკომპანიაკავკასიისინტერაქტივში მაყურებლების დაახლოებით 80% უარყოფითად იყო განწყობილი.

მანდ რამდენიმე მიზეზია. იგივე ტელეკომპანიაკავკასიისმაყურებლებზე რომ ვთქვათ, ეს არის სპეციფიკური სეგმენტი. გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს ვენდობი. იგივეაირაისმონაცემებით ნდობის მხრივ მნიშვნელოვანი ზრდაა. ზოგადად, ყველას მოსაწონი არაფერი და არავინ მინახავს ცხოვრებაში; ასევე, ვიტყვი, რომ ნდობის ფაქტორი 2010 წლიდან შემდგომ არჩევნებში იყო 18 პუნქტი და დღეს აწეულია 24-ზე.

განსხვავებით სხვა ინსტიტუტებიდან, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ადამიანებთან, ჩვენ შეხება გვაქვს წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ. ისიც, ათიოდე წუთით. ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ მაინც სხვისი ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობენ. განსაკუთრებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელია, ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციაშიძალიან ადვილია საკუთარი შეცდომები და წარუმატებლობები დააბრალო სხვას.

ამ შემთხვევაში ცესკოს?

ეგ ყველაზე ადვილია. არჩევნებში იგივეა ცესკო, რაც სპორტულ შეჯიბრში მსაჯი. პოლიტიკოსებისთვის ცესკოს კრიტიკა წაუგებელი თამაშია. თუ მოიგო იტყვის, რომცუდი მსაჯობა იყო, მაგრამ ისეთი მაგარი ვიყავი, მაინც მოვიგე“; თუ წააგო, იტყვის, რომმსაჯმა წააგებინა“. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ეს ჩვევაშია გადასული.

თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციები ბევრად რეალისტურად უყურებენ და ადარებენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ჩვენთან არის ხოლმე მოლოდინი, რომ საარჩევნო სიებია თუ სხვა კომპონენტი, ყველაფერი ზე-იდეალურად უნდა იყოს. ასეთი რამე ცხოვრებაში არ არსებობს. არჩევნების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმია რამდენად იყო სანდო ის შედეგი, რომელიც დაიდო. ჩვენი მთავარი ამოცანა და მთელი პიარ-კამპანია მიდიოდა კიდეც, რომავსახავთ რეალობას“. ცესკოს სარეკლამო ბანერები, რომლებიც ქუჩაშია, ასახავდა ზუსტად იმ სურათს, რომელიც ბანერის უკან იყო დროის რომელიღაც მომენტისთვის. ფოტოები არ იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ იმ სურათის უკან იყო ის რეალობა, რაც სინამდვილეში არსებობდა. ზოგან უშნო სახურავი მოჩანდა, ზოგან მშენებარე სახლი და ასე შემდეგ. შეიძლება ეს რეალობა მაინცდამაინც მოსაწონი არ იყოს, მაგრამ რეალობაა და ის ავსახეთ ბანერებზეც და არჩევნებზეც.

ასევე ხშირად გვესმოდა საარჩევნო კოდექსის კრიტიკა. თქვენ როგორ შეაფასებდით მოქმედ საარჩევნო კოდექსს?

სრულყოფა უსასრულო პროცესია. ვერასდროს ვიტყვით, რომ კანონმდებლობაში რაღაცა ისეა ჩამოყალიბებული, რომელსაც არასდროს არაფრის შეცვლა არ დასჭირდება. საარჩევნო კოდექსს ენა არა აქვს და პასუხს ვერ სცემს, თორემ ძალიან ხშირად ეს კრიტიკაც ძალიან გადაჭარბებულია ხოლმე.

ხარვეზები საკმარისზე მეტია, მითუმეტეს, როცა საარჩევნო სისტემის განვითარების პროცესი  გართულებისკენ წავიდა; ურთიერთნდობის ნაკლებობის გამო, იმდენი კონტროლის პროცედურაა ჩადებული, რომ საქმიანობა ძალიან გაძნელდა. ხარვეზები არის, მაგრამ შეფასებები, მე ვფიქრობ მაინც გადაჭარბებულია.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ლუკიკიოს აქვს გამონათქვამი: „შეიძლება კარგი არჩევნების ჩატარება ცუდი კანონმდებლობით და ცუდი არჩევნების ჩატარება კარგი კანონმდებლობით“. კანონმდებლობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია, ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, რომ თავისი არჩევანი დააფიქსიროს. მერე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, რაც საქართველოში განხორციელდა კიდეც. არჩევნების მთელი არსი ეს არის და ამიტომაც მისცეს 2012 წლის არჩევნებს საკმაოდ მაღალი შეფასება, იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადი მოთამაშეების მხრიდან ძალიან ბინძური კამპანია იყო. უკიდურესად ნეგატიური, რაც მერე პოლარიზაციას იწვევდა და ამ უარყოფითი ემოციის ბოლომდე განეიტრალება მაინც ვერ მოხდა. იმდენი ნეგატიური ენერგია დაგროვდა, ამის უარყოფითი შედეგები ალბათ ჯერ კიდევ წინ გველოდება, სამწუხაროდ. მაგრამ, მთავარი მაინც ის იყო, ყველაზე უკიდურესი კრიტიკოსიც ვერ იტყვის, რომ არ იყო ხალხის ნება გამოხატული. შედეგებიც ყველა მონაწილემ აღიარა. სხვათა შორის, პირველი არჩევნები იყო, რომლის დროსაც დამარცხებულმა წაგება საარჩევნო ადმინისტრაციას არ დააბრალა.

თქვენ ამბობთ, რომ დამარცხებულს ცესკოს მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა ზუგდიდში მაჟორიტარულ არჩევნებში  დამარცხების შემდეგ ირაკლი ალასანია და მისი მომხრეები საარჩევნო უბნების თუ ოლქების პიკეტირებასაც არ ერიდებოდნენ და ცდილობდნენ ხელახლა გამართულიყო არჩევნები.

ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ყველა მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ვერ მოიგოქართული ოცნებისმაჟორიტარმა კანდიდატმა.

საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც არჩევნების თავიდან ჩატარებას...

ხელახალი არჩევნები მხოლოდ რამდენიმე უბანზე გაიმართა: სიღნაღში და გორში თითო უბანი იყო, ხაშურში იყო შვიდი უბანი. როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3700 უბანი იყო გახსნილი.

ირაკლი ალასანიას ამბობდა, რომ ზუგდიდში არჩევნების შედეგი არ ასახავს ხალხის განწყობას. თუ ეს ცილისწამება იყო, რა ბერკეტი აქვს ცესკოს, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში იმოქმედოს, ან თუ ცილისწამება არ იყო, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ცესკოს წარმომადგენლების მიმართ?

პოლიტიკოსებს შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი განცხადება, ეს მათი ნებაა. რამდენი ვინმეც რამეს იტყვის, უტყუარ ჭეშმარიტებად ხომ არ ითვლება? არანაირად არ მინდა ამ კონკრეტული ფაქტის შეფასება გავაკეთო, მითუმეტეს ის იყო სასამართლოში გასაჩივრებული და ყველა ეტაპი მას არ გაუვლია.

დავა არ არის დასრულებული?

ეს კონკრეტული შემთხვევა პირველი ინსტანციის შემდეგ აღარ გასაჩივრდა. ამასთან, როცა პარტია არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, ასე ვთქვათ, უხერხულია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოლქი ვერ მოიგო. იყო განსაკუთრებული ზეწოლა და აგრესიულობა, განცხადებები ჩვენთანაც შემოიტანეს და ზოგი პირდაპირ სასამართლოში წაიღეს. საბოლოო ჯამში, მაინცდამაინც დიდი უკმაყოფილება არ ყოფილა. ცოტა უფრო მწვავე იყო იმ კანდიდატების მხრიდან, რომლებიც პარტიულ სიებში არ იყვნენ და სიების მეშვეობით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. პრინციპში, აქ საკმაოდ დიდი იყო პიროვნული დაინტერესების მომენტები და სუბიექტური შეფასებებიც ამიტომ იყო.

ეს არის შეჯიბრი. შეჯიბრში ყველა მოგებული და ნასიამოვნები ვერ იქნება. ზოგი უფრო ემოციურად გამოხატავს, ზოგი შედარებით ადვილად ურიგდება შედეგებს.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პოლიტიკოსები თავის მომხრეებთან ერთად ცდილობდნენ შენობაში შეჭრას, იყო ხულიგნობის ფაქტებიც და ცესკოს თანამშრომლების მიმართ აგრესია. რომელიმე ასეთ შემთხვევას თუ მოჰყვა სამართლებრივი სანქციები?

ზეწოლა ნამდვილად იყო. პრინციპში, მაშინ ზეწოლა დიპლომატიური კორპუსის საკმაოდ აქტიურმა ჩარევამ გააჩერა. ამერიკის და ევროკავშირის ელჩები ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებას ახდენდნენ, დადიოდნენ, ადგილზე სწავლობდნენ სიტუაციას. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სწორედ ზუგდიდის ამბებზე იყო საკმაოდ აქტიურად ჩაბმული. ეს ტალღა მათი საკმაოდ აქტიური ჩარევით დაწყნარდა და დამშვიდდა და გადავიდა უფრო სამართლებრივ ჩარჩოებში. ყველა პროცესი დამთავრდა და 20 ოქტომბრისთვის საბოლოო შედეგი დაიდო. საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი რეპუტაცია რომ არ ყოფილიყო, ელჩების მხრიდან ასეთი აქტიური ჩარევა არ მოხდებოდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პროცესი მიდიოდა სამართლიანად და იმიტომაც იყო მათი მხრიდანაც ასეთი მხარდაჭერა.

ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო. ერთ-ორი შემთხვევის გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საკმაოდ მაღალი მდგრადობა გამოავლინეს და ძლიერ ზეწოლას გაუძლეს ზოგიერთისგან განსხვავებით.

მომავალი არჩევნების დროს რამდენად შეიძლება თავი დაცულად იგრძნოს ცესკოს თანამშრომელმა, თუ მასზე ხულიგნობენ და არავინ იცავს?

ცესკოს თანამშრომელს ზუსტად იმდენად შეუძლია თავი იგრძნოს დაცულად, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. ჩვენ არ ვართ ძალოვანი სტრუქტურა რომ თავი თავად დავიცვათ.

თქვენ თვითონ თუ ხართ კმაყოფილი იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა რიცხვი არჩევნების დროს 50 000- აჭარბებს. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე კომისიის წევრები, რბილად რომ ვთქვათთვალს ხუჭავენ.

ძალიან მცდარი განცდაა ხალხში, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც რომელიმე სამინისტრო და სხვა უწყება, მკაცრად ჰორიზონტალური სტრუქტურირებული ორგანიზაციაა. ნებისმიერი კომისიას: საოლქოს, საუბნოს თუ ცენტრალურს საკმაოდ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს და ზემდგომი კომისია მისი ხელმძღვანელი ნამდვილად არ არის. საუბნო კომისია 13 წევრისგან შემდგარი კოლეგიალური ორგანო, გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით და დადგენილი წესით.

ამიტომ, ყველა მათგანი საკმაოდ ავტონომიური ერთეულია. თან, ამ 13-დან, გათვალისწინებულია რომ 7 წევრს, ანუ უმრავლესობას პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ და მათ შერჩევა-დანიშვნასთან ჩვენ არავითარი შეხება არა გვაქვს. ამ არჩევნებისთვის დამახასიათებელი იყო, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები მოქმედებდნენ არა საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესების შესაბამისად, არამედ დამნიშნავი პარტიის ინტერესის სასარგებლოდ.

საარჩევნო სისტემაში პრაქტიკულად, ჩადებულია ინტერესთა კონფლიქტი. პოლიტიკური პარტიის წევრები არაპროდუქტიულად, ძალიან ხშირად კი კონტრპროდუქტიულადაც მუშაობენ. ასეთ პირობებში, მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ორგანიზაციული თვალსაზრისით, ძალიან კარგად ჩატარდა. ფაქტობრივად, მთელი სამუშაო გადადიოდა თავმჯდომარეზე და 2-3 ადამიანზე.

ისევ იწყება საუბარი საარჩევნო რეფორმაზერა შეიცვალოს, როგორ შეიცვალოს. სისტემური კონფლიქტია შიგნით. ჩვენი წინადადებაა, რომ კომისია დაკომპლექტებული იყოს პროფესიული და არა პარტიული წევრებით. მე ვფიქრობ, ასეთი სტრუქტურის, ამდენი შიდა წინააღმდეგობების და ამდენი გარე ზეწოლის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ კარგი მდგრადობა გამოავლინა და პოზიტიური შეფასების ერთ-ერთი საფუძველი ალბათ ეგ იყო.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური პარტიები დათანხმდებიან საარჩევნო სისტემის ასეთ ცვლილებას?

ეს მხოლოდ ჩვენი იდეა არ არის. მოცემულ ეტაპზე ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ პარლამენტს და პოლიტიკურ სპექტრს უკვე შეჯერებული პოზიციებით მივმართოთ. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ახლა რომ გავიქცეთ პარლამენტში და ჰარიქა, ეს გვინდა და ცვლილებები შეიტანეთო, რა თქმა უნდა არასერიოზული იქნება.

გარკვეული გამოცდილება დაგროვდა პოლიტიკურ სპექტრში და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის. ასე რომ, პროცესი, რომელიც ახლა იწყება ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების კულტურა არჩევნების მიმართ მაღლდება თუ მაგ მხრივ ილუზიაც არ უნდა გვქონდეს?

რაღაცაში არის პროგრესი, რაღაცაში არც თუ ისე. მაგალითად ის, რომ 2010 წელს პირველი პრეცედენტი იყო, როცა თბილისის მერის არჩევნების დროს ირაკლი ალასანიამ და გიორგი ჭანტურიამ გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცეს. ბოლო არჩევნებზე ხელისუფლების გადაცემა საკმაოდ კორექტულად მიდიოდა ბოლო დრომდე და კოჰაბიტაციის მცდელობა იყო. ყოველ შემთხვევაში ეს მომენტი იყო და ეს საგრძნობი პროგრესია.

აქამდე პრეცედენტიც არ ყოფილა. კოჰაბიტაციისთვის ფსიქოლოგიურად არავინ არ იყო მზად იმიტომ, რომ ასეთი შედეგისთვის და ასეთი გამოცდილება არ არსებობდა. ახლა ესეც პირველია. ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური მომენტი იყო.

რაც შეეხება ნეგატიურ მომენტებსსამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მხოლოდ საქართველოში გამართულ არჩევნებს არ ეხება. ეს ტენდენცია არსებობს, რომ ძალიან პოლარიზებული, დაძაბული და ბინძური კამპანია იყო. პრაქტიკულად, ასეთი საარჩევნო შედეგი განაპირობა იმ კომპრომატულმა მასალებმა, რომელიც ციხეებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ამას მაინცდამაინც ვერ დაარქმევ საარჩევნო კამპანიას საუკეთესო წესებით და საუკეთესო პრაქტიკით. თუმცა, ამან იმუშავა.

ჩვენი  არჩევნების შემდეგ ორივე არჩევნებსაშშ-ში და უკრაინაში ვესწრებოდი. უკრაინაში ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო კატასტროფულ მასშტაბებში იყო ეს ნეგატივი. მმართველმა ძალამ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოიყენა ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია. ასე რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო. თუმცა, ამ ნეგატივმა გამოიწვია პოლარიზაცია და დღემდე საშინლად პოლარიზებულია საზოგადოება. ნეგატიური განწყობილება დაგროვილია, არ განმუხტულა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ შეიქმნა რევოლუციური მუხტი, რომელიც გამარჯვების მიუხედავად ვერ განიმუხტა. ასე შევაფასებდი, რომ ეს არჩევნები უფრო რევოლუცია იყო, ოღონდ არ გასცდენია საარჩევნო ჩარჩოებს.

გამოდის, ნეგატივზე აგებულ საარჩევნო კამპანიას სხვებიც მიმართავენ და შედეგსაც აღწევენ...

კი, მაგრამ ცუდი ის არის, რომ აქედან გამოსვლაა ძალიან ძნელი. მიჭირს წარმოდგენა, რა შეიძლება იყოს განმუხტვის მექანიზმი. ძალიან რთულია და ღმერთმა ქნას, ჩაქრეს. მაგრამ, არ მიდის ხოლმე იოლად ეს უარყოფითი მუხტი...

– „ქართული ოცნებათქვენს მიმართ წყენას ადრე არ მალავდა. საარჩევნო ნომრად  7-იანის მიუნიჭებლობასაც მოჰყვა უკმაყოფილება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაშიქართული ოცნებამოვიდა, არ დაუმალავთეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო მათი წარმომადგენელი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელადაცთავისი კაცისურდათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადადგომას მიაღწიეს კიდეც... ცესკოს თავმჯდომარის მიმართ თუ არის ზეწოლა და გადადგომას თუ გთხოვენ?

მსგავსი პროცესები ცესკომდე არ მოსულა. ცესკოს ხელმძღვანელის გადაყენება ბევრად რთული იქნება. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სერიოზული მოთხოვნაა, რომ ყველა პროცესი, რაც კი არჩევნებს უკავშირდება, უნდა მიდიოდეს შეთანხმების გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი და იქ ურთიერთშეთანხმების გარეშე, ალბათ, აქ რაიმეს განხორციელება ძალიან ძნელი იქნება. თუნდაც, უბრალო უმრავლესობით რაიმეს გადაწყვეტა არ შეიძლება შეფასდეს, რომ აქ რაიმე სასიკეთო გაკეთდა. ნებისმიერი პროცესი არჩევნებთან დაკავშირებით, მე მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას არ ვგულისხმობ, უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის საგანი.

შესაძლოა, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან ნორმალურ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მიაღწიეთ და ამიტომ, არც ივარაუდებოდეს თქვენზე ზეწოლა?

პიროვნული კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მაქვს. პოზიციის დაკავებამდე ვიცნობდი ბევრს და პრაქტიკულად ყველას ვიცნობ პოზიციის დაკავების შემდეგ. პიროვნული მომენტები აქ ძალიან ნაკლებად არის, აქ უფრო ლაპარაკია არა ადმინისტრაციაზე და მითუმეტეს მის თავმჯდომარეზე, არამედ, საარჩევნო სისტემაზე. ანუ, მაგალითად, ჩვენ ვფიქრობთ რომ ადმისტრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ შერეული საარჩევნო სისტემიდან გადავიდოდით პროპორციულზე. მაჟორიტარული ნაწილი არჩევნების ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ყველა რჩევა და ყველა რეკომენდაცია ზუსტად აქეთ მიდის და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ზეწოლაზე რომ ვსაუბრობდით, არჩევნების დროს და შემდეგაც, ძირითადად ყველაფერი დაკავშირებულია მაჟორიტარ კანდიდატებთან. თუ არ იქნება, მაჟორიტარი კანდიდატები, ჩათვალეთ, დარღვევების და ზეწოლების 90% აღარ იქნება.

მთლიანად პროპორციული სისტემით რომ ჩატარდეს არჩევნები?

მთლიანად პროპორციული სისტემით აირჩეს დეპუტატები, როგორც ეს ხდება ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. გარდა, ინგლისის და საფრანგეთისა, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვთ და მაჟორიტარული სისტემა შემორჩენილია. ეუთოს სტანდარტით, ყველა რეკომენდაციითეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

რამდენიმე ვერსია არსებობს ამ სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. თუმცა, რეგინალურ-პროპორციული ღია სისტემა, ანუ ღია სიებით, .. Oპენ ლისტ, ალბათ ყველაზე მისაღებია და ითვლება ყველაზე დემოკრატიულ, თანამედროვე მიდგომად. არა უბრალოდ პარტიას ირჩევ, არამედ პარტიული სია გაქვს ბიულეტენში და იქ აძლევ ხმას კონკრეტულ ადამიანს, რომელიც არის იმ სიაში. ისე აღარ იქნება, სიის სათავეში დაწერილი ლიდერი რომ გაიყვანს სხვებს. ამომრჩეველი შეძლებს მაგალითად, სიაში 25- კანდიდატს მისცეს ხმა და უკვე შიდა რეიტინგით პარტიული სიიდან ის აირჩევა.

ბიულეტენების მოცულობა ხომ ძალიან გაიზრდება თუ მთელი პარტიული სიები იქნება შეტანილი?

ჩვენს შემთხვევაში ბრძოლა არის 150 მანდატზე. შესაბამისად, თითო პარტიის კანდიდატების რიცხვი 150-ზე მეტი არ იქნება. ბიულეტენი მთელი ჟურნალია ხოლმე. ამას, რა თქმა უნდა თავისი ტექნიკური პრობლემები აქვს, მაგრამ, სჯობს ადმინისტრაციას ჰქონდეს დათვლის ტექნიკური პრობლემა, ვიდრე ვთქვათ, ამომრჩეველს და შემდეგ ქვეყანას.
თუ რომელი პარტიაც იგებს, ეგ შედეგი მალევე ხდება ცნობილი. უბრალოდ, მერე პარტიის შიდა რეიტინგს სჭირდება 1-2 კვირამდე, რომ გაირკვეს კონკრეტულად რომელმა კანდიდატებმა მოიგეს.

დღეს ამომრჩეველმა იცის პარტიის საარჩევნო ნომერი, პარტიასაც იმ ნომერს შემოხაზავს და მაჟორიტარსაც. სათითაოდ ხმის მიცემა ამომრჩევლისთვისაც იოლი არ იქნება...

ადვილი არ იქნება, მაგრამ ვინ თქვა რომ დემოკრატია ადვილია? რა თქმა უნდა თავისი მინუსები და სირთულეები მაგასაც აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, შედეგია ბევრად დემოკრატიული.

მსოფლიოში ელექტრონული არჩევნების სისტემისკენაც იყო სწრაფვა...

ელექტრონულ არჩევნებს ის პრობლემა აქვს, რომ ნდობა ძალიან დაბალია. ჰოლანდიაში და გერმანიაშიც კი ელექტრონულიდან დაბრუნდნენ უკან. ნდობა არა გვაქვსო, იქ რომ ამას იტყვიან, სხვაგან ამ სისტემის დანერგვა უკვე საკამათოა. ყველაზე ოპტიმალური რაც მე ვნახე და ამ იდეას აქტიურად ვუწევთ პროპაგანდას, ეს არის .. ოპტიკური სკანერები, როდესაც ბიულეტენის ჩაგდების დროს ხდება მისი დასკანერება და შედეგი არჩევნების დასრულებისთანავე ცნობილია. ამერიკაში არჩევნები ან ელექტრონულია, ან ოპტიკური სკანერით. ხმებს კომისია არ თვლის. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გვექნება შედეგი, მეორეცკომისიები დილამდე რომ თვლიან გატანჯულები, თან ახლავს დავა, ჩხუბი, წივილ-კივილი და ერთი ამბავიეს გამოირიცხება.

ასეთ შემთხვევაში გაყალბების შანსი რჩება?

პრაქტიკულად აღარ რჩება. თუ მაინც ვინმემ ეჭვი შეიტანა, მაშინ გადათვლიან. მთავარია საარჩევნო ყუთში ჩაგდებული ბიულეტენები არსებობს. ელექტრონულ სისტემას ამიტომაც უცხადებენ უნდობლობას. რომ თქვან, ყალბი შედეგიაო და თავიდან გადავთვალოთოარ გამოვა.

თქვენ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული ხართ 2015 წლის 1 იანვრამდე. რა შემთხვევაში შეიძლება თქვენ უარი თქვათ ამ ვადის ამოწურვაზე და გადადგეთ? სხვადასხვა არჩევით თანამდებობებზე მყოფ ადამიანებზე არის ზეწოლა და ზოგი მათგანი ვადაზე ადრე გადადგა კიდეც...

არ მიფიქრია მაგაზე. ჯერ ერთი ზეწოლა არ არის. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ზეწოლა მარტივი თემა არ არის. ჩვენი კანონმდებლობით პრეზიდენტის იმპიჩმენტი უფრო ადვილია, ვიდრე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის.

აპირებთ ვადის ბოლომდე იყოთ ამ თანამდებობაზე.

ყოველ შემთხვევაში სხვა გეგმები ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, მეორე ვადით დარჩენაზე განაცხადი რომ გავაკეთონაკლებადსავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ წავიდე, რაღაც მიზეზი უნდა მქონდეს. 5 წლის ვადით ამირჩიეს და 3 წლის მერემომწყინდა და სახლში უნდა წავიდე“, ალბათ ნაკლებსერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. ვაპირებ 5-წლიანი ვადით ჩემი პასუხისმგებლობა, რაც მაქვს დაკისრებულიშევასრულო.

– 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია ჩასატარებელი. თქვენ როგორ ელოდებით, ცესკოს მეტი პრობლემები ექნება თუ ნაკლები?

ტექნიკურად ძალიან განსხვავდება საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები. მთელი პრობლემა, ის ზეწოლა რაც იყო, ძირითადად იყო მაჟორიტარული კანდიდატების მხრიდან. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ეგ არ არის. მაჟორიტარული არჩევნებისას რაღაცა მანიპულაციით ვიღაცა ცდილობს, რომ ოლქის მასშტაბით გავლენა მოახდინოს. ოლქის მასშტაბით თუ ათას ხმაზე მოახდინა გავლენა, ის საბოლოო შედეგზე აისახება. ქვეყნის მასშტაბით კი ათასი ხმა გავლენას არ ახდენს და ამის მოტივაცია იკარგება. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი ფაქტი. აქედან გამომდინარე, რეგიონში ასეთი კონფლიქტური სიტუაციები თუ მოიხსნა, ჩათვალეთ, არჩევნების ჩატარება ბევრად ადვილია. თან, განსხვავებით 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, იმ პრეზიდენტს, რომელიც 2013 წელში იქნება არჩეული, ძალაუფლება ბევრად ნაკლები აქვს. პრაქტიკულად, ამ არჩევნებში გამარჯვება რეალური ხელისუფლების თვალსაზრისით, ბევრს არაფერს იძლევა. პრეზიდენტი გამოდის როგორც კრიზისის მენეჯერი. დაახლოებით იგივე ფუნქციას კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებშიმონარქი ასრულებს, სადაც მონარქი არ არისასეთი პრეზიდენტი. ეს არის თადარიგში მდგომი საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანი. არჩევნების სიმწვავეს ძირითადად განაპირობებს ბრძოლა ხელისუფლებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ალბათ აღარ იქნება. ყველაზე მწვავე არჩევნები, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებითაც კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო...

ბოლო დროს ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ისიც განიხილება ხოლმე, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი. ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენად სწრაფად მოახერხებს არჩევნების ჩატარების ორგანიზებას?

კანონის მიხედვით, გამოცხადებიდან 45 ან 60 დღეში, უნდა ჩავატაროთ არჩევნები. პრინციპში, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. მეხანძრე რომ მუდმივად გამოძახებისთვის მზად არის, ჩვენი საქმეც ასეა. თუმცა, ასეთი სცენარები ძალიან ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია. დღეს ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, ვისაც შეიძლება არჩევნები ხელს აძლევდეს. შედეგი ბევრად განსხვავებული არ იქნება.

ცესკოს დაფინანსების თემას რომ შევეხოთ, 2013 წელს 47,5 მლნ ლარია, 2012-ში იყო 48 მილიონზე ცოტა მეტი. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური დაფინანსებაა  საქმიანობისთვის?

ჩვენ კიდევ გვემატება შუალედური არჩევნები, რომელიც მაგ ბიუჯეტში არ არის ასახული. იმიტომ, რომ ახლახანს მიიღეს კანონი და ბიუჯეტის განაცხადი 1 თვის წინ გვაქვს შევსებული. რომ დაინიშნება, ალბათ დამატებითი რესურსიც გამოჩნდება.
ზოგადად კი, „კაცი უნდა ეყოს ხელფასსო“. საკმარისია იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. არჩევნებამდე როცა მეკითხებოდნენრამდენად ვიყავით მზად, ვუპასუხებდი ხოლმე, რომ ჩვენ დროც გვქონდა, ადამიანური და ფინანსური  რესურსიც. ახლაც ასეა. ვერ ვიტყვი რომ 200 ლარიანი ხელფასი, რასაც უბნის წევრებს ვუხდითგანსაკუთრებულია, მაგრამ საქმეს ჰყოფნის. თან, 47 მილიონიდან დიდი უმეტესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კომპონენტია. დაახლოებით, 17 მილიონამდე გამოდის პარტიებისთვის მისაცემი ფული. თვითონ არჩევნების ბიუჯეტი არის 27 მილიონი ლარი. 3-დან 4 მილიონამდეა ჩვენი ბიუჯეტი არასაარჩევნო პერიოდში.

მედია-საშუალებები ხშირად ცესკოს მიმართ უნდობლობასქადაგებდნენხოლმე. თქვენ იყავით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მედიის მუშაობას ცესკოსთან მიმართებაში როგორ შეაფასებდით?

მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიებში პრობლემა არის ის, რომ ესენი ბიზნეს-პროექტები არ არის. რეალურად ისინი პოლიტიკური პროექტებია. როდესაც ტელევიზია ვიღაცის ოჯახის საკუთრებაა, ან ვინმე ირიბად, მაგრამ  სრულად აკონტროლებს, ასეთი ტელევიზიები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში მაკონტროლებლის ინტერესს ატარებს. როგორც საზოგადოება, მედიაც ძალიან პოლარიზებული იყო. პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია მიდიოდა მედიაში.

ცესკოს მიმართ უნდობლობის დანერგვა იყო სტრატეგია. ასევე, უპატივცემულობა მეორე მხარის მიმართ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მაშინაც კი, როცა ამის რაიმე საფუძველი არ არსებობდა. ჩვენი მისამართით იყო ასეთი უცნაური ბრალდებებიც - თითქოს საიდუმლო გვირაბი გვქონდა  გათხრილისაიდუმლოდ გადასაადგილებლად“, ასევე კაბელები გვქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის სერვერზე დაფარულად ვაკონტროლებდით“... ეს იყო მიზანმიმართული ბრალდებები, უნდობლობის დასანერგად. ამის აპოგეა იყო არჩევნების დღეს, რომ თუ იმ კალმისტარით შემოხაზავთ ბიულეტენში, რომელიც საარჩევნო უბანზე დაგხვდებათ, ნახევარ საათში კვალი ქრებაო. ხალხი თავისი პასტებით მივიდა. ეს რატომ ხდებოდა? იმისთვის რომ უნდობლობის განცდა ყოფილიყო და მერე შედეგები ეჭვის ქვეშ დამდგარიყო.

იყო ჰაკერული შეტევა იყო ჩვენს სერვერზე, რომ შედეგები გაჭიანურებულიყო და უნდობლობის მომენტი კიდევ უფრო გაზრდილიყო, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. ასე რომ, კონტროლირებად ტელევიზიებში რომ ასეთ შეფასებებს გაუშვებ, მაგასთან შედარებით დესერტია. ამ თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ მაღალი მდგრადობა გამოვიჩინეთ. თუმცა, იმ კატეგორიის ხალხს, რომელიც 21 დეკემბერს ქვეყნის აღსასრულს ელოდებოდა, ყველაფერს იოლად დააჯერებ.

ამომრჩევლის კულტურა ბოლო წლებში მაინცდამაინც არც ამაღლებულა?

ესეც ფარდობითია. ის, რომ ყველას ერთი მიმართულებით აძლევს ხმას, ერთ ლიდერს, ეს მიუთითებს, რომ ამომრჩევლის კულტურა გაზრდილი არ არის. მესმის, რომნაციონალურ მოძრაობა“ 8-9 წელიწადია ხელისუფლებაშია და ამ ხნის მანძილზე ადამიანს შეიძლება საუკეთესო ხელისუფლება ამოუვიდეს ყელში. მაგრამ ის, რომ საწინააღმდეგო ხმები ერთი მიმართულებით წავიდა და არ გადანაწილდა სხვადასხვა ტიპის და მიმართულების პოლიტიკურ პარტიებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ემოციური იყო გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას საზოგადოება იღებს ემოციურად, ეს ამ ამომრჩევლის კულტურაზე მიანიშნებს.

ბოლო დროს ძალიან აქტუალური თემააროდის იწურება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა და როდის უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები?

საქართველოს კონსტიტუციის 70- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ხოლო 71- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიცის დადების ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

რაც შეეხება საკითხს თუ როდის უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებიკონსტიტუციის 70- მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა და თქვენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ამ ტელევიზიამ, რომ ნდობაც მეტი ჰქონდეს და რეიტინგიც მაღალი?

– 2010 და 2012 წლის არჩევნებზე ეუთომ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პერიოდში დაბალანსებულ გაშუქებას. თუ ამომრჩეველს მიაჩვევ ისტერიკას, დაბალანსებული ტელევიზია უკვე უმარილო საჭმელივით გამოიყურება. აქედან გამომდინარე, „საზოგადოებრივსრომ ყველაზე მაღალი რეიტინგი არა აქვს ასეც უნდა იყოს. კომერციული ტელევიზიებს მეტი მოტივაცია აქვთ, ისინი უფრო ორიენტირებულია მაყურებლის ინტერესებზე. „საზოგადოებრივიშეიძლება უფრო საგანმანათლებლო და მსგავს გადაცემებზე იყოს კონცენტრირებული. აქედან გამომდინარე, მაღალი რეიტინგი არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მიზანი.

თქვენი აზრით, კომერციული ტელევიზია `რუსთავი 2~-ის დირექტორის დაკავება ნიშნავს თუ არა მედიაზე ზეწოლას?

ჩემი აზრით, დაკავების გარეშე შეიძლებოდა გამოძიების წარმოება, მითუმეტეს, იმ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ნიკა გვარამიას დანაშაულში მონაწილეობა არ ჩანდა.

როგორია თქვენი მომავლის გეგმები?

ვემზადებით მომავალი არჩევნებისთვის. რაც შეეხება პირად გეგმებს 2015 წლის იქით, ჯერ არ ვიცი. ალბათ საკონსულტაციო ბიზნესში დავბრუნდებისანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, ერთი წელი მომიწია დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში მუშაობა, მე თვითონ ვიყავი კონსულტანტი სხვადასხვა კომპანიების. ალბათ უფრო მაგ მიმართულებას დავუბრუნდები. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს.

თავისუფალი დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალი დრო ძალიან ნაკლებად მაქვს. მუშაობა იმდენად დაძაბულია, რომ თუ რამე დრო მრჩება, ოჯახს ვუთმობ. მთელი დრო გადანაწილებულია სამსახურზე და დანარჩენი დროოჯახზე.

ერთადერთი გატაცება მაქვს, რომ მოგზაურობა, პილიგრიმი მიყვარს. ისიც უკვე დიდი ხანია, 4-5 წელია, მაგ მიზნითაც ვერსად წავსულვარ.



No comments:

Post a Comment