Wednesday, October 12, 2011

როგორი იყო რეზერვისტების ცხოვრება პალდოს სამხედრო ბაზაზე






სამხედრო მენეჯმენტი ქვეყნის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სამხედრო მენეჯმენტთან არის დაკავშირებული სარეზერვო მომზადებაც, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში საკმაოდ მასშტაბური გახდა. სარეზერვო მომზადებაზე იმდენი ჭორ-მართალი დადის, რომ როდესაც რეზერვში გაწვევის უწყება მომიტანეს, დამაინტერესა რეალურად აქ რა ხდება. არც სამხედრო სამსახური მაქვს გავლილი, რადგან ინსტიტუტს სამხედრო კათედრა ჰქონდა და არც აქამდე ვყოფილვარ რეზერვში გამოძახებული. მოკლედ, ივნისის დასაწყისში, უწყება მომიტანეს, სადაც ეწერა რომ თავის არიდების შემთხვევაში კანონის შესაბამისად ვაგებდი პასუხს. რეზერვში წასვლაზე არც თავის არიდება მიცდია და თან, გადავწყვიტე ჩანაწერებიც გამეკეთებინა, თუ რა ხდებოდა სარეზერვო სამსახურის მთელ პერიოდში.

16 ივნისი

გლდანი-ნაძალადევის გამგეობის ძველი შენობის წინ ბლომად ხალხია. მე მარტო მივედი, არც გამცილებელი მინდა და არც საქმის ჩამწყობი. მაინტერესებს რა და როგორ ხდება. ეზოში შუა ხნის კაცი დგას და გარშემო ბიჭების არმია ეხვევა. სიას კითხულობს. სიის ამომკითხველი იხვეწება, ვისაც ამოგიკითხავთ, გადადით გვერდზეო. ჩემი გვარი გავიგე და გადავედი. გაგვაფრთხილეს, ვისაც ახლა არ გინდათ წასვლა, შეგიძლიათ შემდეგ გაწვევაზე მობრძანდეთ. ვიცი, ერთი თვის მერე სამსახურშიც ნაკლებად მეცლება და თან, უარესადაც დაცხება. ამიტომ, მირჩევნია ამ გაწვევაზევე წავიდე.
ავტობუსებისკენ მიგვითითეს. რამდენიმე დიდი ავტობუსია. როგორც ჩანს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბლომად რეზერვისტია. სად ვიმსახურებთარ ვიცით. ჯერ ისიც არ ვიცით, ჯანმრთელობა ვის უვარგა და წაიყვანენ რეზერვში. ვინც ჯანმრთელი აღმოჩნდება, ის რეზერვში წავა, ვისაც დაბრაკავენ, საღამომდე ამ ავტობუსითვე გამგეობასთან დააბრუნებენ.
ბიჭებში ლაპარაკია, რომ საქმის ჩაწყობა და ჯანმრთელობის ცნობის აღება, სადაც მითითებული იქნება რომ ჯარისთვის უვარგისიართული ასაღები გახდა. მაგრამ, ზოგს მაინც აქვს იმედი, რომ დაბრაკვას გამოჰკრავს ხელს და გადარჩება რეზერვში მსახურობას.
მივედით კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე. ჯერ ისევ დილაა, მაგრამ უკვე გვარიანად ცხელა. ეზოში მწკრივად მოგვაწყვეს. ჯანმრთელობაზე უნდა შეგვამოწმონ. რიგი ნელ-ნელა მიიწევს. ჩემმა რიგმაც მოაწია. ძალიან უცნაური მეთოდით შემომიწმეს ჯანმრთელობა. თეთრხალათიანი გოგონა მეკითხება:
–  ჯანმრთელი ხარ?
–  მგონი კი.
–  არაფერი გაწუხებს?
–  არ შემიმჩნევია.
–  ძალიანაც კარგი. წონაში რამდენი ხარ?
–  ბოლოს რომ ავიწონე 88 კგ ვიყავი.
–  სიმაღლეში?
–  180 სმ.
–  რა ფერის თმა გაქვს?
აქ უკვე ნერვები მეშლება.
–  ეგ მაინც მიხვდი შენით!
–  წაბლისფერს ჩავწერ, –  ამომხედა. –  თვალები რა ფერი გაქვს?
–  გააჩნია ამინდს, –  უკვე შაყირის ხასიათზე დავდექი.
შემომხედა და ღია ყავისფერი ჩამიწერა.
–  შედი შიგნით, სისხლს აგიღებენ, –  გადმომცა ჩემი ჯანმრთელობის დამადასტურებელი ფურცელი.
სისხლის აღების შემდეგ პასუხებს ეზოში ველოდებით. დრო გადის და სიცხე უფრო აუტანელი ხდება. როგორც იქნა სამედიცინო ოთახიდან მაცნე გამოვიდა და ხელში ანკეტები უჭირავს. როგორ გაირკვა, ჯერ დაბრაკულების სიას ამოიკითხავს. თუმცა, ვისთვის დაბრაკულების სიაა და ვისთვის შინდლერის სია. გასაწვევების დიდი ნაწილი ბედნიერი სახით იყურება სიაში მისი გვარის ამოკითხვის შემდეგრეზერვში წასვლას გადარჩნენ. შემოწმებაგავლილთა დაახლოებით მესამედი ნაწილი დაბრაკულთა სიაშია. ჯანმრთელთა რიცხვში აღმოჩენილებს ახლა ის გვაფიქრებს, სად წაგვიყვანენ. ჩემი ნაცნობებიდან ვინც რეზერვი მოიარა, ყველაზე უარესს ალგეთის ბაზას ასახელებენ. სხვა ვარიანტებიდან ვიცით, რომ არსებობს პალდოს ბაზა, ასევე, შეიძლება თელავშიც აღმოვჩნდეთ.
ჯანმრთელებისთვის ინტერვიუს დრო დადგა. ყველა რეზერვისტმა უნდა გადავიღოთ ფოტო და ასევე გავესაუბროთ სამხედრო სამსახურის წარმომადგენელს. ისე აგროვებენ ჩემზე ინფორმაციას, თითქოს უშიშროებაში ვიწყებდე მუშაობას. საკონტაქტო ნომრები: და-ძმის, დედ-მამის, ცოლის... განათლება, უცხო ენები... არაფერი დამიმალია. ამის შემდეგ, უკვე კონტრაქტზე ხელმოწერის დრო დგება. ისევ რიგი და ისევ ლოდინი. თაბახის ფურცელზე დაახლოებით ნახევარ გვერდზე კონტრაქტის პირობებია ჩამოწერილი. ზუსტად ტექსტი არ მახსოვს, თუმცა, ის კი ვიცი, რომ გადავიკითხე და რაიმე განსაკუთრებული არ შემიმჩნევია. მითითებულია, რომ რეზერვში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად ჩვენც სამხედრო წესებით მოგვიწევს ყოფნა.
უკვე კაი დრო გავიდა, რაც კრწანისის ცენტრში ვართ. ცხელა, გვშია, გვწყურია. მოგვაწყვეს და მშრალი ულუფა დაგვირიგეს. ჩვენდა გასაკვირად, ულუფა არც თუ ცუდი აღმოჩნდა. 6 ცალი შებოლილი სოსისი, 2 სნიკერსი, 1 ქილა ცივი კოკა-კოლა, 1 კოლოფი მიწის თხილი, 1 შეფუთვა ხლებცი. სულიც მოვითქვით და ხურდაც დაგვრჩა. ამის შემდეგ უკვე სამხედრო ნაწილში წასვლის დრო დგება. ვიღაცამბიჭებო გაგვიმართლა, პალდოზე მივდივართო. როგორც ვიცით, პალდო ტყეშია, გრილა. ჩვენთან ერთად მოსული ბიჭების ნაწილი უკვე წაიყვანეს. გავიგეთ, ისინი ალგეთში წაუყვანიათ. ალგეთი უდაბნოა, ალგეთში ბუჩქს ვერ ნახავ, ალგეთში გველები დასეირნობენ... ჩვენ ალგეთს გადავრჩით. ჯერ მობილურები არ ჩამოურთმევიათ. შინ დავრეკე და ვუთხარი, გამიმართლა, პალდოში მივდივართ-მეთქი.
თითქმის მოსაღამოვდა. სამხედრო მანქანებიც ჩამოდგა. მოგვაწყვეს. ბლომად ხალხი ვართ და მანქანებიც ბლომადაა. როგორც იქნა, დავიძარით. გვცხელა, მაგრამ იმედი გვაქვს სიგრილეში მივალთ. თბილისს გავცდით, გომბორი-თელავის ახალი გზით მივდივართ. თბილისთან შედარებით აქეთ ბევრად გრილა. მივაღწიეთ პალდოს სამხედრო ბაზას. მანქანებიდან ჩამოვედით და მოგვაწყვეს. ადგილზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან გვესმის, რომ სამოთხეში მოვხვდით. თუმცა აქაურ სამოთხეში რაც პირველი ვიგრძენით  - ტუალეტის სუნია. გრილა, მაგრამ ნიავს ეს სურნელი მოაქვს.

მწყობრში ვდგავართ და სერჟანტი გვაფრთხილებს –  სამოქალაქო ჩანთებში ვინმეს თუ დანა აქვს, უნდა შესანახად ჩააბაროს. იგივე ეხება მობილურ ტელეფონებსაც. წასვლისას დაგვიბრუნებენ. ვისაც რა ჰქონდა, გადასცა ჩასაბარებლად. ამის შემდეგ, ჩანთების შემოწმება დაიწყო. არაფერი აკრძალული არ მაქვს, თუმცა ამოლაგება და ჩალაგება მაინც უსიამოვნო პროცესია. მაგრამ, ამ პროცესს ვინ დაეძებს, თურმე მთავარი უსიამოვნებები სადაცაა დაიწყება.
სამხედრო ფორმის და აღჭურვილობის დარიგების დრო დადგა. ალბათ 250-300 რეზერვისტი მაინც ვართ, ვინც დღეს მოგვიყვანეს ბაზაზე. ადგილზეც თითქმის ამდენივე რეზერვისტი დაგვხვდა. ესენი წინა 2 დღეში მოიყვანეს. მათ უკვე აქვთ სამხედრო აღჭურვილობა, ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ.

მანამდე, ისევ მოგვაწყვეს და სიას კითხულობენ. დაგვანაწილეს ოცეულებად და ათეულებად. ასევე, ათეულებში სპეციალობების მიხედვით: ათეულის მეთაური, მეტყვიამფრქვევე, თანაშემწე, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის მსროლელელი, ყუმბარმტყორცნის მსროლელი, თანაშემწე, მსროლელები. მე ყუმბარმტყორცნის მსროლელი აღმოვჩნდიასე შემხვდა. არც ვიცი, რა იარაღია და რატომ შემარჩიეს. ასევე არ იცის არავინ, რატომ შეხვდა ის, რაც შეხვდა. არც მხედველობა შეუმოწმებით ვინმესთვის, რომ კარგად დამიზნება შეეძლოს და არც ფიზიკური კონდიციებით აურჩევიათ ვინმე ამა თუ იმ სპეციალობაზე.

უკვე ბინდდება. ჩვენი ოცეული ერთ-ერთ კარავში შეგვიყვანეს. საკლასო ოთახს გავს. შემოდის 22-23 წლის ბიჭი. ფორმა არ აცვია, მაგრამ ეტყობა სამხედროა. თან, საკმაოდ ნავარჯიშებიც ჩანს. თქვენი სერჟანტი მე ვიქნები, გვეუბნება და იცინის. საერთოდ, სერჟანტების უმეტესობა საშუალოდ ამ ასაკისაა. ფორმების ასაღებად უკვე ოცეულების მიხედვით გვიწევს წასვლა.

გარეთ წვიმამ უმატა. ერთ-ერთ კარავში ტანსაცმელს, ქუდებს და ფეხსაცმელს გასცემენ, მეორეში სამხედრო ჩანთებს, ჩაფხუტებს და კარდალებს. გარეთ რიგში ვსველდებით. ჩვენ სამი ასეულიდან მესამე ასეული ვართ. თან, მესამე ოცეული. რიგმა სულ ბოლოს მოგვიწია. ტანსაცმელის მორგება იოლი არ არის. არც ყველა ზომის შარვლები და ხებეებია და ფეხსაცმელიც სასურველთან მიახლოვებული ზომა უნდა ავირჩიოთ. 42 არ იყო და 43 ავიღე. სტანდარტული ზომაა მაისურები და ყველა პატარა მაქვს. ქუდების უმეტესობა ძალიან პატარაა, მაგრამ, ასარჩევად არ არის საქმე. ვისაც რა შეგვხვდა ავიღეთ. 1 ზომით დიდი ბათინკები ნაკლები დისკომფორტია, ვიდრე 2 ზომით დიდი შარვალი და ამდენივეთი პატარა მაისური. ქუდიც ფორმალურად მადევს თავზე, არ მეტევა.

ჩანთა, ჩაფხუტი, კარდალა... ეს ნივთებიც ავიღე და წვიმამ უკვე მაგრად დამასველა. შევედით კარავში, მოვირგეთ ჩვენი სამხედრო ფორმა. რას ვიზამთ, მთლად ზომა-ზომაზე არ არის, მაგრამ ჩავიცვით. სამხედრო ჩანთებიც ავაწყეთ. უკვე საკმაოდ გვიანია და კარვებშიც გადაგვანაწილეს. ჯერჯერობით რაც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს წვიმა და ტუალეტის სუნია. კარავში ზედა საწოლი შემხვდა. ჩვენი სერჟანტი გვეუბნება, რომ უკვე ძილის დროა და უნდა დავწვეთ. სამოქალაქო ჩანთები და სამოქალაქო ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი ისე უნდა შევინახოთ, რომ არ ჩანდეს. ასეთი წესია სამხედროში. საწოლების ქვეშ მოვათავსეთ ყველაფერი.
გარეთ ისევ წვიმს.

სწრაფად დავწექით. აქ ყველაფერი სწრაფად ხდება. სერჟანტი შემოვიდა, დილის 6 საათამდე დაგვემშვიდობა და შუქი ჩააქრო... დაღლილი ვარ, მაგრამ ასე უცებ რა დამაძინებს. თან, მიუჩვეველ ადგილას, თან კარავში, თან მეორე სართულზე და თან... ტუალეტის სუნი მიშლის ნერვებს. ტუალეტის, რომელიც კარვებიდან ასიოდე მეტრით არის დაშორებული, მაგრამ ისეთ დღეშია, ნიავს მთელ ბაზაზე სუნი გადააქვს.
როგორც იქნა, კარავში ხმაური მიწყნარდა. გარეთ წვიმა მატულობს. ზოგმა დაძინება მოახერხახვრინვა ამოუშვა. ძილ-ბურანში ჩვენი სერჟანტის ხმა მესმის:
ჩაიცვით სამხედრო ტანსაცმელი და სამოქალაქო ჩანთებიც და სამხედრო ჩანთებიც მზად გქონდეთ. შეიძლება ევაკუაციამ მოგვიწიოს!
ვიცით, წინა რეზერვების დროს ცრუ განგაშებს უწყობდნენ რეზერვისტებს. მაგრამ, ბრძანება ბრძანებაა. ვიცვამთ. ცოტა ხანში ისევ შემოდის სერჟანტი:
ფეხსაცმელი გაიხადეთ, ტანსაცმელი გეცვათ. დაწექით, მაგრამ, მზად იყავით, შეიძლება ევაკუაცია დაგვჭირდეს.
ბრძანება ბრძანებაა.
მივწექით სამხედრო ფორმაში ჩაცმულები. გარეთ კაი მაგარი წვიმაა და თან ქუხს.
კარავში შუქი ჩაქრა.
მთელი ბაზა ჩაბნელდადენი მთლიანად გაითიშა.
გარეთ სამხედრო სატვირთოების ხმაური ისმის. ისევ შემოდის ჩვენი სერჟანტი და სასწრაფოდ, აიღეთ თქვენი სამოქალაქო ჩანთები, სამხედრო ჩანთები, არაფერი დაგრჩეთ კარავში, მივდივართ ბაზიდან!
ბნელა, მხოლოდ სანთებელების შუქი თუ ჩანს კარავში. გარეთ სამხედრო პოლიციის მანქანების მიგალკა ნათურებ და ელვა ანათებს.
მაგრად წვიმს.
სწრაფად ავიბარგეთ.
ბნელა. სერჟანტები ვეღარ ახერხებენ ოცეულების მიხედვით ზუსტად გადაგვანაწილონ მანქანებში. სიბნელეში ყველა ფორმიანი ერთმანეთს გავს.
ერთ-ერთ კრაზში ავდივარ. იქაც, ჩქარა ჩქარა- გაიძახიან. თან მაქვს ორი ჩანთა და ჩაფხუტი. მანქანები დაქოქილია, მაგრამ ჯერ არ იძვრიან. უკვე მერამდენედ გადაგვთვალეს. ბაზაზე უკვე წყალი დგას.
დროზე დაიძარით!, –  გარეთ ვიღაც ყვირის.
მანქანები წყალში მოძრაობენ. ჩვენს მანქანაში უცებ ერთ რეზერვისტს გაახსენდა, რომ კარავში პირსახოცი დარჩა და დაბლა გადახტა. მანქანაში ერთ-ერთი სერჟანტი გვახლავს. რა დროს პირსახოცია, –  აყვირდა.

მანქანა ნელა მიდის. კოლონა ერთად უნდა გავიდეს და ერთმანეთს უცდიან. ამასობაში პირსახოცისთვის გადამხტარი ბიჭიც დაბრუნდა. რა უნდა ელაპარაკო, წყალდიდობაა და პირსახოცის გამო უკან მიბრუნდა.
როგორც იქნა, დავიძარით.
წინ სამხედრო პოლიციის ჯიპები მიდიან. ამოვედით ხეობიდან და გზაზე გავსწორდით.
გამახსენდა, რომ ბოტასები და სამხედრო ქუდი კარავში დამრჩა. რას ვზამ, ვჩქარობდი და არ გამახსენდა. უცებ, პირსახოცის გამო გადამხტარმა რეზერვისტმა გაგვამხიარულა:
ვაიმე, საფულე დამრჩა კარავში. მართვის მოწმობაც, პირადობის მოწმობაც და ფულიც იქ მქონდა.
მთავარია, ახლა ყველანი უსაფრთხო ადგილას ვართ და ვინ დაეძებს კარავში დარჩენილ ნივთებს?!
რიჟრაჟია.
ვხედავთ, თბილისისკენ მივყავართ. ვაზიანისკენ გადაუხვიეს მანქანებმა და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შევედით. მანქანებიდან ჩამოვედით. ჩვენ ჩვენი ოცეულები მოვძებნეთ. მოგვაწყეს ოცეულების მიხედვით. როგორც ჩანს, ბოლომდე სერჟანტებმაც არ იციან როგორ გაგრძელდება 1 დღის წინ დაწყებული ჩვენი რეზერვისტობა. გაირკვა, რომ ყაზარმებში უნდა ავიდეთ. ზოგი ოთახები ცარიელია და იქ შეგვიშვეს. სამხედრო საწოლები ორსართულიანებია. თითო საწოლზე სამ-სამნი მივწექით. რა დროს ტანსაცმლის გახდა და კაი ცხოვრებაა? ეგრევე, ღამით დასველებულები მივეყარენით. სერჟანტებმაახლა დაიძინეთ და მანამდე გავარკვევთ რას გავაკეთებთო. ჭორი გავრცელდა, პალდო თუ დაიტბორა, შეიძლება თელავის ბაზაზე წავიდეთო. მოკლედ, ერთ დღეში მთელი თავგადასავლები გადაგვხდა.
ასე 11 საათისთვის ვაზიანის სამხედრო სასადილოში მოგვიწია წასვლა. შინაური საჭმელები კაია, მაგრამ, აქ არჩევანის დრო არ არის. თუმცა, საუზმის კვალობაზე მაინც ნორმალური საკვებია.

შუადღისას სერჟანტმა გამოგვიცხადა, რომ სამწყობრო ნაბიჯით სიარულში ვიწყებთ მეცადინეობას. მთელი დღე ვაზიანის პლაცზე სიცხეში დავდივართ და არ ვიცით, რომელ ბაზაზე წავალთ. სადილის შემდეგ უკვე ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს უკვე კაი ხანია სამხედრო სამსახურში ვართ და წყალდიდობაც კაი ხნის წინ იყო. მოსაღამოვებულზე გავიგეთ, რომ პალდოში ვბრუნდებით. ბაზა დატბორვას გადარჩენილა. ვაზიანის ტერიტორიაზე ნაცნობი შემხვდა. თურმე, ღამით ჩვენ რომ ევაკუაციაში ვიყავით თბილისის ახლოს სოფლები დატბორილა. ერთ-ერთ სამხედრო პოსტზე კი ჯარისკაციც დამხრჩვალა. ადიდებულმა წყალმა წაიღო. ჩვენ უკვე არაფერი ვიცით, მობილურები არავის აქვს და გარესამყაროსთან კონტაქტი გაწყვეტილია.

საღამოს ისევ ჩაგვსხეს სამხედრო მანქანებში და პალდოში მივედით. ნაწილის გვერდით ჩამომავალი მდინარე ძალიან ადიდებულია. კარვებში წყალი არ შევარდნილა, ცოტა დააკლდა. ჩემი ბოტასები საწოლის ქვეშ დამხვდა. სხვებმაც ნახეს თავისი ნივთები. თუმცა, ზოგმა ვეღარ მიაკვლია.
ისევ სასწრაფოდ მოწყობა გვიბრძანეს. თქვენი ჩანთები და ჩაფხუტები თან იქონიეთო. უკვე მოსაბეზრებელია ჩანთების და ფხუტების თრევა. ხალხს ნელ-ნელა მოთმინება ეწურება. ასეულის მეთაურმა გამოგვიცხადა, ევაკუაცია შესაძლოა კიდევ დაგვჭირდეს. ხეობის ზემოთ წყალსაცავია და თუ წყლის დონე სახიფათო გახდა, უნდა წავიდეთ.

როგორც იქნა, ძილის დრო მოვიდა, მივაღწიეთ ჩვენს საწოლებამდე და დავწექით.

18 ივნისი

დილით დროზე ადრე ვდგები. სხვა გზა არ არის, იმ საშინელი ტუალეტით უნდა ვისარგებლო. თურმე ზოგიერთები რამდენიმე დღეა, ითმენენ.
6 საათზე სერჟანტი შემოვიდა კარავში და ვისაც ჯერ კიდევ ეძინა, გააღვიძა. 15 წუთში პირის დაბანვა და წვერის გაპარსვა უნდა მოვასწროთ, მერე დილის ვარჯიში იწყება. ზოგს უჭირს, ფიზიკურ დატვირთვას არ არიან ჩვეული. ვარჯიში არ მადარდებს, მაგრამ, ძნელია 2 ზომით დიდი შარვლით სირბილი. ქამრები არ დაგვირიგეს და შარვალს ზონარით ვიკრავთ.

სასადილო ოთახი ჩვეულებრივ შენობაშია. კარვების გვერდით მხოლოდ ეგ არის მყარი შენობა. ვარჯიშის შემდეგ მოგვაწყვეს და მწყობრით მივედით სასადილომდე. სერჟანტმა გვიბრძანა, ქუდები მოიხადეთ და ვინც რა სარწმუნოებაზე ლოცულობთ, თქვენთვის ილოცეთო. ასეთი წესი ყოფილა ჯარში, ჭამის წინ ქუდს იხდიან და ლოცულობენ. რეზერვიდან დაბრუნებულმა ისიც გავეგე, მაგ ლოცვის გამო ჩხუბიც მომხდარაშენ რატომ არ იწერ პირჯვარსო, – რეზერვისტებს ლამის უცემიათ ერთი ბიჭი. ჩვენთან მსგავსი არ მომხდარა, ალბათ ან შეცდომები გაითვალისწინეს, ან უკეთესი სერჟანტი გვყავდა და არავისთვის დაუძალებია მაინცდამაინც მამაო ჩვენოს ხმამაღლა წარმოთქმა. სწორიც არის, ოცეულში აზერბაიჯანელი და სომეხი რეზერვისტებიც გვყავს.

საუზმე ნორმალურად მეჩვენა. ჩაისთან ერთად ყოველთვის კარაქიც იყო. თუმცა, რეზერვისტებში ჭორია გავრცელებული, ჩაიში რაღაც ნივთიერებას ურევენ, რომელიც პოტენციას ამცირებსო. ვშაყირობთ, რაც ჩვენ თავს გადაგვხდა, წამლების გარეშეც ყველაფერი ისედაც შემცირებულიაო. ბევრი რეზერვისტი ჩაის მაგის გამო არ სვამს. სერჟანტებმა რომ გაიგეს ჭორის შესახებ, გაიცინეს, ნეტა სისულელეებს არ იჯერებდეთო.

საუზმის შემდეგ, მეცადინეობის გრაფიკის მიხედვით იარაღების გაცნობაა. ყუმბარმტყორცნების და სნაიპერული შაშხანების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა საინტერესო იყო. ასევე გვიხსნიან პირველადი სამედიცინო დახმარების დეტალებს. უცებ მორიგი ბრძანება მივიღეთ: სასწრაფოდ თქვენს კარვებში წადით და 10 წუთში თქვენი სამოქალაქო და სამხედრო ჩანთებით პლაცზე მოეწყვეთ, შესაძლოა კაშხალმა წყალს ვერ გაუძლოს და ევაკუაცია დაგვჭირდესო.
უკვე შევეჩვიეთ განგაშის რეჟიმს და დათქმულ დროში მთელი ბატალიონი გასაქცევად მზად ვართ.
მეთაური გვეუბნება, რომ იმ სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან, ვინც კაშხალს ამოწმებს. ბოლოს გვითხრეს, დაიშალეთ, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მაშინ სასწრაფოდ გავალთ ნაწილიდან.

სადილის შემდეგ სამწყობრო ნაბიჯით ვიარეთ. გვავარჯიშებენ. იარაღის დარიგებაც მოასწრეს. АК47-ები დაგვირიგეს. საკმაოდ ძველი იარაღებია. მაგრამ, მაინც იარაღია სხვა განცდაა. მითუმეტეს, იარაღთან ურთიერთობა მხოლოდ სტუდენტობისას თუ მქონია.
გაგვაფრთხილეს, თუ ვინმე ავტომატს უმეთვალყურეოდ დატოვებს, დაისჯებაო. მოკლედ, გვინდა თუ არა, ახლა სულ ავტომატგადაკიდებულებმა უნდა ვიაროთ და ძილიც ავტომატზე ხელგადახვეულებს მოგვიწევს. სასაცილოა, მაგრამ ისიც გამოგვიცხადეს, ტუალეტშიც ავტომატებით უნდა იაროთ, თორემ დაისჯებით. წესიერად აღშფოთებაც ვერ მოვასწარით, ერთ-ერთ რეზერვისტს ტუალეტში მჭიდები ჩაუვარდა. ატყდა ერთი ამბავი და ბოლოს უფროსობამ გადაწყვიტა, ტუალეტში და აბანოში თან ნუ წაიყოლებთ ავტომატებს, მეგობარს დაუტოვეთ ხოლმეო.

საღამოს მოწყობაზე ბატალიონის მეთაურმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ მუდამ მზად ვიყოთ, არ ვიცით, როდის მოგვიწევს ევაკუაცია.
დღეს ისევ ვერ მოვახერხეთ ბანაობა. ეს უკვე ნაკლებად გვაწუხებს. როგორც ჩანს, ან შევეჩვიეთ, ან მოთხოვნილება გაგვიქრა.

19 ივნისი

ღამით უკვე გვეძინა. შევეჩვიეთ. შუაღამითაც არავის გავუღვიძებივართ. გამოძინებულებმა უკვე ტუალეტსაც გავუძელით. თუმცა, ზოგი მაინც ვერ ბედავს ტუალეტში შესვლას და მეოთხე დღეა იტანჯება.
მოწყობის ბრძანების დროს უკვე დროში ვეტევით. დილის ვარჯიშსაც შევეჩვიეთ. საუზმე დიდი არაფერია, მაგრამ, უკვე საკვებიც ასატანი გახდა.
საუზმის შემდეგ ისევ პლაცზე მოგვაწყვეს და ლექცია ჩაგვიტარდა იარაღის დაშლა-აწყობაზე. ასევე ტაქტიკური გადაადგილებების სახეობებზე გველაპარაკნენ. იარაღით გადაადგილება გადარბენებით, მაღალი ცოცვით და დაბალი ცოცვით

ამის შემდეგ უკვე საველე პირობებში, ველზე გავედით და იქ გვქონდა ლექცია იარაღის შესახებ. ასევე ტაქტიკური გადაადგილებების პრაქტიკაში განხორციელება. მოკლე გადარბენები შეტევისას და უკან დახევისას, ასევე ცოცვით გადაადგილება წინ და უკან... მოკლედ, მაგრად დავიღალეთ. ჩვენს ათეულს გადარბენების დროს შეცდომები ჰქონდა და ამის გამო დავისაჯეთაზიდვების, .. “ატჟიმანიებისკეთებამ მოგვიწია. აქ ყველაფრის სასჯელი აზიდვებია. რაოდენობას კი სერჟანტი წყვეტს.
საღამოთი ნაწილის ტერიტორიაზე დავბრუნდით. ზოგი შეეჩვია, ზოგმაც წუწუნს უმატა.
მოწყობისას უკვე სიმღერით სამწყობრო ნაბიჯით გადაადგილებას გვასწავლიან. სერჟანტები ოცეულებს გვაჯიბრებენ ყველაფერში. გვითხრეს, ხვალ კრწანისის პოლიგონზე წახვალთ ყუმბარმტყორცნის მსროლელებიო. ოღონდ, ამჟამად, ავტომატიდან უნდა ვისროლოთ.

20 ივნისი

დილით მოღრუბლული იყო. გვითხრეს, პოლიგონზე ცალიან ცხელა. კრწანისამდე 45 კილომეტრია. სამხედრო მანქანებით მივდივართ. ცოტა წამოწვიმა. სირენის ხმა გვაუწყებს, რომ პოლიგონზე სროლა იწყება და სასროლეთზე აღარავინ უნდა იყოს. ინსტრუქტორები უსაფრთხოების ზომებს მკაცრად იცავენ. ავტომატით მსროლელებისთვის 10 პოზიციაა. ცალკეა ტყვიამფრქვევების, ყუმბარმტყორცნების თუ სხვა საშუალებებიდან მსროლელთა ტერიტორია.
შეუჩვეველი ადამიანისთვის ავტომატის ხმა სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის. მაგრამ, რას ვიზამ, ჩემი ჯერი რომ მოვა, უნდა ვისროლო. ამასობაში გაწვიმდა. სიცხეს გადავრჩით, მაგრამ, სროლა როგორ ჩაივლის? თან, ეს ძველი ავტომატები... მოვიდა ჩემი ჯერიც. ჯავშანჟილეტის გარეშე პოზიციაზე ვერავინ გავა. მძიმე ჩანს და მოუხერხებელი. თან, ეს საბჭოთა დროინდელი ჩაფხუტი თავზე... მოკლედ, ასეა თუ ისე, ჟილეტი მოვირგე, მჭიდები გამოვართვი და მივედი პოზიციაზე. ნაწვიმარია და გრილა.
სიცხეში უარესი იქნება სროლა.
მესმის ბრძანება:
მოარგეთ მჭიდები!
მოვარგე.
დაუმიზნეთ!
დავუმიზნე, ისე როგორც ინსტრუქტორმა ლექციის დროს გვასწავლა.
ცეცხლი!
ვუყურებ სამიზნეს, სუნთქვა შევაკავე და სასხლეტს ხელი გამოვკარი...
არ გავარდა.
სხვებმა ისროლეს.
ინსრუქტორი მოვიდა, ხელახლა გადატენა ჩემი ავტომატი და დამიბრუნა.
დავუმიზნე.
გავარდა.
მეორეც.
მესამეც.
შეწყვიტეთ ცეცხლი!
 სამიზნეების სანახავად მიდიან. რომ მობრუნდნენ, მე მიყურებენ. ნუთუ ყველა ავაცდინე?
მომიახლოვდნენ. ყოჩაღ! ორი ათიანშია, ერთიც ექვსიანში!
არ ველოდი. შედეგი მესიამოვნა.
ინსტრუქტორი ამბობს, სამი ტყვია ხუთიანებში რომ გაარტყა, ჩათვლას ეგეც ჰყოფნისო. მე კი ათიანებში და ექვსიანში გავარტყი.
კიდევ 3-3 ვისროლეთ, მაგრამ, მსგავსი შედეგი აღარ მქონდა. თუმცა, პირველი 3 ტყვიის მიზანში მოხვედრა საკმარისი აღმოჩნდა ოცეულში სალაპარაკოდ. იობაშვილმა სამიდან ორი ათიანში მოარტყა. სასაცილოა, სნაიპერობა ძველი ავტომატით.

საღამოს ბაზაზე დავბრუნდით.

დღეს პირველად მოვახერხე ბანაობა. აბანოები გრძელ კონტეინერებშია. თითოში დაახლოებით 25 ადგილია. ამიტომ, აქ რიგი ჩვეულებრივი ამბავია. როცა შევაღწიე, რატომღაც, ცხელი წყალი გაითიშა. მაგრამ, რა დროს ცხელი წყალია, ყინულივით ცივი წყლის ქვეშ შევვარდი. რომ გამოვედი, თავს საოცრად კარგად ვგრძნობ. მერე თქვეს, ცხელი წყალი სულ 10 წუთით იყო გათიშულიო.

21 ივნისი

დღეს ისევ ველზე გავედით, ლექციაა ტოპოგრაფიაში. გვასწავლიან გარემოში ორიენტაციას, ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის რამდენიმე საშუალებას... ლექციის თუ შესვენების დროს სერჟანტებმა უკვე რეზერვისტებისთვის ავტომატების მოპარვა დაიწყეს. ვისაც ავტომატს მოპარავენ, სასჯელი აზიდვები გარანტირებული აქვს.
სადილის შემდეგ ისევ ველზე გავედით და ლექცია გვაქვს ყუმბარმტყორცნ РПГ-7-ის შესახებ. ინსტრუქტორი გვეუბნება, რომ ეს იარაღი აუცილებლად შეგვიყვარდება. იარაღი არასდროს მყვარებია. ალბათ არც ამ ყუმბარმტყორცნზე გადამეკეტება ჭკუა.
მოსაღამოვებულზე ბაზაზე დავბრუნდით. სანამ ვახშამი იქნება, მანამდე სავარჯიშოდ მივდივართ. სირბილი, აზიდვები –  ძირითადად ესაა ჩვენი ვარჯიშის სახეობა. სერჟანტმა გადაწყვიტა ათეულები სირბილში შეგვაჯიბროს. შეჯიბრი ჩვენმა ათეულმა კი მოიგო, მაგრამ ჩვენს ოცეულში მყოფი სომეხ რეზერვისტს ზედმეტი მონდომების გამო ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლავიწის ძვალი გაუტეხია. საწყალს, შერჩა 5 დღიანი რეზერვი, თაბაშირში ჩასმული ხელი და რეზერვის არ ჩათვლა.

22 ივნისი

რაც რეზერვში ვარ, წუხელ პირველად მეძინა შედარებით ნორმალურად. გამთენიისას, ექვსის ნახევარზე თავისით მეღვიძება. ტუალეტისაც თითქოს ისე ძალიან აღარ მეშინია. ცივი წყლით წვერის გაპარსვასაც მივეჩვიე.
საუზმის შემდეგ მოგვაწყვეს და ყუმბარმტყორცნის მსროლელების გარდა ყველა წაიყვანეს კრწანისში. ჩვენ ბაზაზე დაგვტოვეს. მაგრად ცხელა. კრწანისში უარესი იქნება.
დღეს პირველად მოვახერხეთ შუადღისას კარვებში წამოწოლა. არადა, წესით არ შეიძლება.
დღეს დიშვილის დაბადების დღეა და ტელეფონით მილოცვასაც ვერ ვახერხებ. მოწყვეტილები ვართ გარესამყაროს და ტელეფონებს.

23 ივნისი

დღეს უკვე ყუმბარმტყორცნის მსროლელების ვარჯიშის დროა და ჩვენ გვიწევს კრწანისში მგზავრობა. გზაში ვსაუბრობთ. თუ რამე ჭორია, უცებ ვრცელდება. გავიგეთ, გასულ ღამეს სხვა ასეულში გაწევ-გამოწევა ყოფილა. რეზერვისტს სერჟანტისთვის შეუგინებია. ზუსტად რა მოხდა, ჩვენ ვინ გვეტყვის?! თან, ისიც თქვეს, 8 რეზერვისტი ალგეთში გაუშვესო. პალდოდან ალგეთში გაშვება დასჯაა. იქ უდაბნოა, ხე არ ხარობს და ბუჩქი. სამაგიეროდ, ქვეწარმავლებია ბლომად. კალიებიც ოხრად არისო, ამბობენ. კალიებით სავსეა კრწანისის პოლიგონიც. თან, გამაფრთხილებელი წარწერებიც არის. შეიძლება გველი შეგხვდეთ და წერია, კბენის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ. მოკლედ, გაწევ-გამოწევის გამო ხალხი ალგეთში გაუშვიათ. შეიძლება ასეა, შეიძლება არც არის ასე. მთავარი გზავნილი ის არის, რომ ზედმეტი ხმაური არავის აძლევს ხელს და რეზერვისტებმაც ნერვები უნდა მოთოკონ.
აღმოჩნდა რომ ყუმბარმტყორცნის სიმულატორიდან უნდა ვისროლოთ. ჩვეულებრივი ყუმბარმტყორცნის ასლია, თუმცა მონიტორში ვუმიზნებთ და იქ გამოსახულ ჯერ უძრავ, შემდეგ მოძრავ ტანკს ვესვრით. 10 სროლიდან 4-4 გავარტყი. კარგი შედეგია. დამიზნების პრინციპი იგივეა, თუმცა, როგორც ამბობენ, საბრძოლო ჭურვების გასროლასთან სიმულატორი რას მოვა.
გვითხრეს, სასწავლო ყუმბარმტყორცნიდანაც უნდა ვისროლოთ. სპეციალურ ყუმბარმტყორცნში საბრძოლო ჭურვის ნაცვლად АК-47-ის მანათობელი ტყვია იდება და იგივე ტრაექტორიით მიფრინავს, როგორც ჭურვი. ასეთი ტყვიის გასროლას ავტომატის ხმა აქვს. ვიდრე ჩვენამდე რიგმა ვერ მოაღწია, სროლის გამო პოლიგონზე ბალახს ცეცხლი მოედო და იმხელა ტერიტორიას გაუჩნდა ცეცხლი, სანამ სახანძროები არ მოვიდნენ, არაფერი ეშველა.
ხვალ ისვრით სასწავლო ყუმბარმტყორცნიდანო, –  და დაგვაბრუნეს ბაზაზე.

24 ივნისი

დილიდან ისევ სროლებზე წაგვიყვანეს. უკვე გაძლებაზეა ხალხი. სასწავლო ყუმბარმტყორცნით ავტომატის ტყვიები უნდა ვისროლოთ. მოგვცეს 6-6 მანათობელი ტყვია. 6-დან 2 არ გავარდა. ძველი ტყვიებია. რაც გაისროლა, მიზანს 2 მოვარტყი.
ბაზაზე დაბრუნებულები კარგა გვარიანად ვართ დაღლილები და მზისგან შემწვრები. საღამოს მოწყობაზე ასეულის მეთაურმა მთელი ასეული შეგვაქო. ან მართლა კარგად ვიქცევით, ან გვატყობენ, რომ ნერვები გვღალატობს და ცდილობენ გაგვამხნევონ. ხვალ როგორ ჩაივლის სროლები, ეგ არის საინტერესო: საბრძოლო ჭურვები უნდა ვისროლოთ.

25 ივნისი

დილით ისევ პოლიგონზე გავემგზავრეთ. ყუმბარმტყორცნის მსროლელები თითქმის ავტონომიურ რეჟიმში ვართ. დანარჩენი რეზერვისტებისგან ცალკე ყოფნა ხშირად გვიწევს. პოლიგონზე დილიდან საშინელი სიცხეა. გაიყვანეს ორი მსროლელი სასროლ ზღუდესთან. დანარჩენები 60-70 მეტრის მოშორებით ვდგავართ. თითო მსროლელს მეორე მსროლელი ეხმარება დატენვაში და შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვაში. რასაკვირველია, გვერდით გამოცდილი ინსტრუქტორიც დგას. ჩვენ შორიდან ვუყურებთ. პირველი გასროლის ხმამ აგვაფორიაქა. ავტომატი ამასთან შედარებით პატარა გაჩხაკუნებაა. ერთმა აჭარელმა რეზერვისტმა: “მეშინია, მაგას რა გამასროლინებსოდა ნერვიულობისგან ნახევარ საათში ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოსწია.
მოვიდა ჩემი ჯერი. უკვე იმდენმა ისროლა, სროლის ხმას მეტ-ნაკლებად შეგუებული ვარ. სანამ ჭურვებს ავიღებ, ჯავშანჟილეტს ჩავიცვამ და ზღუდესთან მივალ, ისოლეს. ძალიან მჭექარე ხმაა, მაგრამ სხვა რა გზა, უნდა ვისროლო. დაგვაწყვილეს მე და სხვა რეზერვისტი. ჯერ მე უნდა ვიყო მისი თანაშემწე, დავუტენო, გარემო ვაკონტროლო, ცეცხლის გახსნის შესაძლებლობა ვამცნო და რომ გაისვრის 3 ჭურვს, უკვე მე უნდა ვისროლო მისი დახმარებით.
სერჟანტი ისე გვამზადებს, თავი ბრძოლის ველზე მგონია.
ხმამაღლაააა! – ყვირის სერჟანტი და მეუბნება, რაც შეიძლება ხმამაღლა ვუყვირო მსროლელს, რომ მის უკან ტერიტორია თავისუფალია და სროლა შეუძლია. მეც ვუყვირი. გვერდზე ვუდგავარ და რომ გაისროლა, ხმასთან ერთად ჰაერის ძლიერმა ტალღამ დამარტყა. გაისროლა მეორე, მესამე.
ჩემი ჯერი დადგა. მეწყვილე აშკარად ჩემზე მეტად არის დაბნეული. ძლივს მოარგო ჭურვი ყუმბარმტყორცნში.
ცეცხლიი!
სასხლეტს გამოვკარი და ვხედავ, 250 მეტრში მდგომ დაფლეთილ ტანკს მუხლუხებში მოხვდა.
სერჟანტი მეუბნება რომ ოდნევ მაღლა ვესროლო.
ვისვრი.
ყოჩაღ! - მიყვირის სერჟანტი და მეც აზარტში შევდივარ. სროლის ხმაც უკვე მსიამოვნებს.
მესამე ჭურვის სროლისთვის ვემზადები.
უკვე აუღელვებლად ვუმიზნებ. როგორც მასწავლეს, ისე. სუნთქვას ვიკავებ და დარწმუნებული ვარ, გავარტყამ.
ცეცხლიიი!!!
ტანკს ზუსტად კოშკურაში მოხვდა.
მაგარი განცდაა. ვხვდები, ომის დროს მტრის ტანკს რომ ააფეთქებ, რა გრძნობაც იქნება. ჩათვლების დროს, 3-დან 1 ჭურვის გარტყმაც საკმარისია. მე 2 გავარტყი. მომწონს ჩემი შედეგი.
ამბობენ, იმ აჭარელმა რეზერვისტმაც ისროლაო. ერთ-ერთმა სერჟანტმა დამოძღვრა და გაუბედია.

26 ივნისი

დილის ვარჯიშზე უკვე რამდენიმე ადამიანით ნაკლები გავდივართ. ზოგმა ფეხი აიტკია, ზოგიც გაცივდა სიცხეში. მე ჯერ ვუძლებ.
საუზმის შემდეგ ლექცია გვაქვს ველზე. თემაპირველადი სამედიცინო დახმარება ბრძოლის დროს დაშავებულებისთვის. ჩვენს ოცეულში ერთი რეზერვისტი მოქმედი ექიმია და სერჟანტთან ერთად ლექცია მან ჩაატარა. საინტერესო იყო.
შემდეგ ვარჯიში გვაქვს ტაქტიკურ გადაადგილებაში. ეს ყველაზე დამღლელია. მაგრად ცხელა. გადარბენები, ცოცვა, ხოხვა, თან ეს უნდა ვაკეთოთ კოორდინირებულად. ჩასაფრებები. ასევე მოწინააღმდეგეებად გვყოფენ და ერთამანეთს ვუპირისპირდებით. ბავშვობის დროინდელი ომობანას თამაშის მსგავსია. მაგრამ, აქ უკვე მითითებული ტაქტიკით უნდა გადაადგილდე, ჩაუსაფრდე, ესროლო...
ზოგ რეზერვისტს უკვე ძალიან დაეძაბა ნერვები. სერჟანტების მიმართ პრეტენზია მატულობს. ერთმანეთთანაც არ არის ძალიან თბილი დამოკიდებულება, თუმცა ჩხუბამდე საქმე არ მიდის. აქ ჩხუბი ნიშნავს ჯარიმას, ჰაუბახტს, რეზერვის ჩაუთვლელობას და კიდევ, გააჩნია რა ხასიათზე იქნება ბატალიონის მეთაური.
ასე რომ, ნერვების მოთოკვას ხალხი მაინც ახერხებს.
მე როგორც ყუმბარმტყორცნის მსროლელს, მეორე დღეა ავტომატთან ერთად ყუმბარმტყორცნიც ზურგზე აკიდებული დამაქვს. ავტომატის წონა 3,8 კგ- და ყუმბარმტყორცნის 6,3 კგ.
საღამოს ყუმბარმტყორცის ჩაბარების დრო დადგა, საწყობის უფროსმა თითქმის ყველას რამდენჯერმე დაგვიწუნა იარაღის სისუფთავე. რას ვიზამ, უნდა მოეწონოს. ასეულის მეთაურიც მომეხმარა და ერთად ვწმინდეთ. ბოლოს როგორც იქნა, საწყობმა მიიღო და ჩაიბარა. დავისვენე, ერთი იარაღით ნაკლები ტვირთი მაქვს.
უკვე სერჟანტებიც მშვენივრად ხედავენ, რეზერვისტებს შორის ბევრს უმტყუნა ნერვებმა. ცდილობენ სიტუაცია დაამშვიდონ. ვიცით, დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, დარეკვის საშუალებას რომ არ გვაძლევენ. მაგრამ, თავის მხრივ ჩვენი სერჟანტი ამბობს, მობილური მეც რომ ჩამაბარებინეს კრწანისში, მას შემდეგ ჩემებმა არც კი იციან სად და როგორ ვარ. აბა მე როგორ გიშველოთ რომ მობილურები მოგცენო. ბრძანებაა ასეთი და მას უნდა დავემორჩილოთ. ასეთია ჯარის ცხოვრება.
საღამოს მოგაწყვეს და გვითხრეს, რომ კონცერტი იქნება. თურმე რამდენიმე რეზერვისტი შეურჩევიათ და რამდენიმე დღიანი რეპეტიციების შემდეგ, ხალხური სიმღერები მოამზადეს. რა ხანია გამოკეტილები ვართ და ასეთი სიმღერებითაც გავერთეთ.

27 ივნისი

3 დღე გვრჩება რეზერვის დასრულებამდე. დრო ნელა გადის. დღეს ველზე ტაქტიკური გადაადგილებები გვაქვს. ისევ გადარბენები, ხოხვა, ჩასაფრება. რეზერვისტებში ნერვების საქმე უარესდება. ერთ-ერთ რეზერვისტს სერჟანტთან მოუხდა შელაპარაკება. სერჟანტებსაც მობეზრდათ ასეთი კინკლაობები და თვითონაც ეჩქარებათ რეზერვის მალე დასრულება.
საღამოს სამწყობრო ნაბიჯით გადადგილებაა სიმღერის თანხლებით. ზოგს ეზარება, ზოგს ალბათ არც შეუძლია. მწყობრში თუ ვინმე ურევს, მთელი მწყობრი არეულად ითვლება. კარგად დავიღალეთ. ჩვენი სამწყობრო ნაბიჯის გასწორებას გვიანობამდე ვარჯიშმაც ვერ უშველა.

28 ივნისი

დილით ჩვენი ასეულიდან ყუმბარმტყორცნის მსროლელების გარდა ყველა კრწანისში  წაიყვანეს. ავტომატით სროლა აქვთ. ვინც ბაზაზე დაგვტოვეს, სხვა ასეულთან ერთად გაგვანაწილეს. გავედით ველზე, სადაც იგივე ლექცია მოვისმინეთ, რაც წინა დღეს ჩაგვიტარდაგადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბრძოლის დროს დაშავებულთათვის. ერთი და იგივეს მოსმენა უარესად გვღლის.
შუადღისას მსროლელები დაბრუნდნენ პოლიგონიდან. ვსხედვართ ხოლმე მოსაწევ ადგილას და ვსაუბრობთ. აქ ისეთი უცნაური აზრები გავიგე, გამიკვირდა. ზოგიერთი თურმე სტალინის გულშემატკივარი აღმოჩნდა. ზოგსაც მტკიცედ სჯერა, რომ საბჭოთა კავშირი მაგარი ქვეყანა იყო. ზოგიც დარწმუნებულია, რომ რუსული იარაღიც და რუსული არმიაც საუკეთესოა მსოფლიოში. ამერიკა სძულთ და მიაჩნიათ, რომ რუსეთი სამართლიანად იქცევა, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. მოკლედ, ასეთებიც ყოფილან. ალბათ, ასეთი ხალხის მომზადებაზე გამოყოფილი ფული სწორედაც რომ გადაყრილია.
საღამოს ვარჯიში იყო. ფიზიკური დატვირთვა უფრო შველის ნერვებს. დაღლილი ადამიანი ნაკლებს ფიქრობს წუწუნზე და პრეტენზიებზე.
საღამოს მოწყობაზე ასეულის სერჟანტმა გვითხრა, რომ 2 დღეც როგორმე გავძლოთ და ხვალისთვის, სანგრების სათხრელად მოვემზადოთ. 2 დღეში კი 12 კილომეტრიანი მარში გვექნება. ისევე როგორც ყველა საღამოს მოწყობის შემდეგ, ასეულის მეთაურის ბრძანება იყო, “10 წუთში, ყველა წევს თავის საწოლში და კარვებში ვაქრობთ შუქს. ვინც ვერ მოასწრებს, დაისჯება!” ასეთ ტემპს შეჩვეულები ვართ და მოსწრებაც პრობლემა არ არის. 10 წუთში ვწევართ კიდეც და არც მაინცდამაინც ლაპარაკის თავი გვაქვს. დღეს მაგრად დავიღალეთ. თან, აბანოს რიგში კაი ხანს მომიწია ნიავზე დგომა და ვგრძნობ, შემცივდა. გვერდით კარვიდან ხმაური ისმის, ბიჭები რაღაცაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, არის სიცილი და ერთი ამბავი. უცებ, გარეთ ჩოჩქოლი ატყდა. დაწოლილ რეზერვისტებს სასწრაფოდ ჩაცმა და მოწყობა უბრძანეს. როგორც ჩანს, გარეთ სეირნობისთვის და ხმამაღალი ლაპარაკისთვის დაისაჯნენ. მოკლედ, განგაშის მსგავსი ამბები ჩაუტარეს. ჩვენი ოცეული გადავრჩით.

29 ივნისი

დილიდან ჯარისკაცის ნიჩბები დაგვირიგეს და ველზე წავედით. სანგრები უნდა ამოვთხაროთ. თითო ათეული 2 სანგარს ვთხრით. დავნაწილდით. ძალიან ცხელა და მზის გულზე მიწის თხრა არც თუ იოლი საქმეა. გასაწურებიი გავხდით ყველანი. კარგი სანგარი ამოვთხარეთ, სერჟანტს არ დაუწუნებია.
ბაზაზე დაბრუნებულებს სარეზერვო მომზადების შთაბეჭდილებების ანკეტები შეგვავსებინეს. რა არ მოგვეწონაამ შეკითხვაზე უპირობო ლიდერი ტუალეტია. მეორე ადგილზე დარეკვის აკრძალვაა. დანარჩენი ვის როგორ. მოწონებაშიც სხვადასხვა ვარიანტებია. ზოგს ვარჯიში მოეწონა, ზოგს ეგ არ მოსწონს. ზოგს კვება მოეწონა, ზოგი პირიქითკვებით არის შეწუხებული...
საღამოთი იარაღის კარგად გაწმენდა დაგვავალეს. მოკლედ, სულ 9 ტყვია ვისროლე ჩემი ავტომატიდან და ალბათ 9-ჯერ მაინც გავწმინდე. თან, სერჟანტს ავტომატის სისუფთავეს იოლად ვერ მოაწონებ. მოკლედ, ავტომატების წმენდაში ვვარჯიშობთ. იარაღის შესახებ ლექციებს საკმაოდ პროფესიონალი სერჟანტი გვიტარებს. კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები გუშინდელი დღეა. ახლა მოდაში ამერიკული M4-ია. ჩვენ ვთხოვეთ და არ დაგვზარდა, საკმაოდ ვრცელი ლექცია სწორედ M4- მიუძღვნა. იარაღის დაშლა ჩვენს თვალწინ დაიწყო. “კალაშნიკოვთანშედარებით ამერიკულ ავტომატს გაცილებით მეტი დეტალი აქვს. ბოლომდე შლის და ყველა წვრილმანი დეტალის ქართულ დასახელებას გვეუბნება. შემდეგ, ნებისმიერ ჩვენგანს დასახელების გამეორებას სთხოვს. ასე უცებ ყველაფერს ვერ დავიმახსოვრებთ. მაგრამ, მახასიათებლების ზუსტად გაცნობის შემდეგ, უკვე აშკარაა, რამდენად უკეთესი იარაღია M4 და საბჭოთა ავტომტი მის გვერდით ისე გამოიყურება როგორც საბჭოთა ვოლგა-21 თანამედროვე მეხუთე სერიისბეემვესგვერდით.
საღამოს სამხედრო ზურგჩანთებზე და სამხედრო ფორმებზე ჩვენი გვარები დაგვაწერინეს. ეს ნიშნავს, რომ რომელი ფორმაც გვაცვია, სხვა დროსაც იგივეს ჩავიცვამთ. ჩვენი რეზერვიდან წასვლის შემდეგ, ამ ფორმას და ფეხსაცმელებს გარეცხავენ და ჩვენსავე ზუგრჩანთებში შეინახავენ.
მაგრამ ჯერ წინ 12 კილომეტრიანი მარში გველოდება. ხვალ მთელი აღჭურვილობით უნდა ვიაროთ. ზურგჩანთაში მჭიდები, ჩაფხუტი, კარდალა, წყალი. ასევე რასაკვირველია, ზურგზე გადაკიდებული ავტომატი. თან, ასეთ სიცხეში...
აბანოს რიგში დგომისას ნიავი უბერავდა და მგონი უკვე კარგად გავცივდი.

30 ივნისი

წუხელ ვიგრძენი, რომ ტემპერატურამ ამიწია. წინა დღეებში სხვები იყვნენ მსგავს და ზოგიც უარეს დღეში. როგორც ბიჭებისგან ვიცი, ლაზარეთი წამლების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. მეზარება იქ მისვლა. თან, დღეს მარშია და ლაზარეთში რომ მივიდე, შეიძლება იფიქრონთვალთმაქცობს და 12 კილომეტრიან მარშს ემალებაო. ამიტომ, რაც იქნება, იქნება- პრინციპით ვემზადები მარშისთვის.
საუზმის შემდეგ, 9-ის ნახევარზე გავედით ბაზიდან. გზაში ჩანთა და ავტომატი მძიმდება. სიარული ზოგს უკვე უჭირს. ერთმანეთთან მხოლოდ ხელის მოძრაობით და პირობითი ნიშნებით გვაქვს ურთიერთობის უფლება, ამიტომაც მწკრივებში წუწუნი არ ისმის. გზა და გზა ჩვენი ტაქტიკური გადაადგილების ფორმები იცვლება. ზოგჯერ ჩასაფრების საწინააღმდეგო პოზიციაშიც გვიწევს ყოფნა. მოკლედ, ომობანას ვთამაშობთ, მაგრამ სამხედრო წესების დაცვით და ტყვიის გარეშე.

აღმართს დაღმართი ცვლის, ველს ტყე. ჩვენ კი მივდივართ. ამასობაში თურმე 6 კილომეტრი გაგვივლია. უკან ვბრუნდებით. სერჟანტებიც თან გვახლანან. ასეულის მეთაურმა მარშ-ბრასოკის ბრძანება გასცა. მარშ-ბრასოკი აღჭურვილობიანად სირბილს ნიშნავს. საკმაოდ ბევრმა რეზერვისტმა სირბილზე უარი თქვა. ძალიან ცხელა. გასაწურები ვართ.

ვინც ვერ ირბენთ, უკან ნაგვის მანქანა მოგვყვება და იმას გამოყევით, –  ყვირის სერჟანტი. სინამდვილეში უკან სამხედრო კრაზი მოგვყვება და ვისაც არ შეუძლია, ან სირბილი ეზარება შეუძლია მანქანის ძარაზე ავიდეს.

ჩვეულებრივ სიტუაციაში არ ირბენ და მორჩა. აქ უკვე ღირსების ამბავია, უნდა გაძლო. სერჟანტი ყვირის

ჩვენს ბიჭებს უჭირთ, დროზე თუ არ მივედით, ყველანი დაიხოცებიან! ასეულო, სირბილით იარ!
გარბის და ჩვენც გავრბივართ. ვგრძნობ სიცხე მაქვს. ალბათ 2 კილომეტრი ვირბინეთ. ფეხები გადამეღალა. არ გავჩერდით. ბაზაზე მაგარი დაღლილები შევედით. მაინც გვიხარია, ხვალ შინ მივდივართ.

ჩვენი განუყრელი ატრიბუტისავტომატის ჩაბარების დრო დადგა. 14-დღიანი ერთად ყოფნის შემდეგ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. კიდევ ერთხელ მოგვიწია ამ ავტომატების წმენდა. მარშის დროს დაიმტვერა. გაწმენდის შემდეგ დავზეთეთ და ჩავაბარეთ საცავში. თუ რამეა და ომი დაიწყო, მე ამ იარაღით მომიწევს ბრძოლა. მაგრამ, იმედია არც ომი დაიწყება და არც ამ იარაღს მომცემენ, ძალიან ძველია.

იარაღის ჩაბარების შემდეგ უკვე ცალი ფეხი შინ გვაქვს და აღარ ისმის წუწუნი და გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკი. როგორც იქნა, ფორმების გახდის ჯერიც დადგა. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავიცვით და ამოვისუნთქეთ. ერთფეროვანი სამხედრო ბაზა უცებ აჭრელდა.

სერჟანტი გვაჩქარებს. დღეს მოვასწროთ ტანსაცმლის ჩაბარებაც, რომ ხვალ დროზე წავიდეთ სახლებში. როგორც ვატყობთ, ჩვენზე ნაკლებად არ ეჩქარებათ რეზერვის დასრულება.
ვახშმის შემდეგ ვაბარებთ ტანსაცმელს და ზურგჩანთებს. უკვე გვიანია, მაგრამ, არავინ ფიქრობს დროის მიხედვით დაძინებაზე. მთავარია, დღეს მოვასწროთ ყველაფერი და დილით დროზე გავიდეთ ნაწილიდან.

1 ივლისი

დილიდან საზეიმო განწყობაა: დღეს შინ წავალთ, 1 დღეც ავიტანთ ტუალეტსაც და სხვა ყველაფერს, რაც აქ ძალიან არ მოგვწონს. დილის საუზმის შემდეგ მოწყობაა. რამდენიმე რეზერვისტს სიგელებიც გადასცეს. ყველას მოგვცეს ცნობა, რომ ჩვენ გავიარეთ სარეზერვო შეკრება და ეს ცნობები შეგვიძლია სამსახურებში წარვადგინოთ.

ამ ყველაფრის შემდეგ მობილური ტელეფონების დაბრუნების ცერემონიალიც გაიმართა. სერჟანტები გვებოდიშებიან, ჩვენ ძალიან გვინდოდა, ერთხელ მაინც რომ დაგერეკათ, მაგრამ რა ვუყოთ, მაღლიდან კატეგორიულად მოითხოვეს, მობილურები არ ჰქონოდათ რეზერვისტებსო. ახლა ვიღას ახსოვე ეგ ყველაფერი, მთავარია დასრულდა ჩვენი ტყვეობა.

გაგვაფრთხილეს კიდეც, სანამ ნაწილის ტერიტორიაზე ხართ, ტელეფონებს ნუ გამოიყენებთ, არ შეიძლებაო. ვინ უყურებს ამ აკრძალვას? ცნობა, რომ რეზერვი პატიოსნად მოვიხადეთ, გვაქვს. ამიტომ, ჩუმ-ჩუმად დარეკვაც შეიძლება.
ამასობაში სამხედრო კრაზებიც ჩამოდგ და რამდენიმე ავტობუსიც. ვინ დაეძებს, სად მოხვდება, მაგრამ მაინც კარგია, საკმაოდ კომფორტულ ავტობუსში აღმოვჩნდი. სერჟანტი დაგვპირდა, ტრანსპორტი მეტროსსადგურ სამგორამდე მიგიყვანთო. ვემშვიდობებით სერჟანტებს და მიმაჩნია, ეს 16 დღე ჩემს ცხოვრებაში ცუდად გასახსენებელი მაინც არ იქნება. ბევრი რაღაც ვისწავლე. 16 დღეში ალბათ უფრო მეტის სწავლა ძნელად შეიძლება.

რა ჯდება თითო რეზერვისტის მომზადება

რა ჯდება რეზერვისტის მომზადება, რთული სათქმელია. ჭორის დონეზე გაგვიგია, რომ დაახლოებით 5 000 ლარამდეა თანხა, თუმცა, ძნელია ამის დადასტურება.
ამიტომ, ჩამოვთვლი რაც რეზერვში მივიღე:

1.ბათინკები. ნორმალური ფეხსაცმელია. გამოცდილი სერჟანტები ამბობენ, რომ წლების წინანდელ ფეხსაცმელს ახლანდელი ბევრად სჯობს.
2. შარვალი. პრობლემა ის იყო რომ ჩემი ზომა არ აღმოაჩნდათ და დიდი ჩამაცვეს. სხვა მხრივ, არ დაიწუნება.
3. ორი ცალი სამხედრო მაისური. ესენი პატარები იყო.
4. ზედა სამხედრო მოსაცმელი, .. ხებე. ეს ჩემი ზომა შემხვდა.
5. სამხედრო ქუდი. ეს ძალიან პატარა იყო.
6. ორი ცალი პირსახოცი.
7. ორი ცალი ტრუსი.
8. ხელის და სარეცხის საპონი.
9. სასაპნე.
10. ორი ცალი ერთჯერადი საპარსი.
11. კბილის ჯაგრისი.
12. კბილის პასტა.
13. სამხედრო ჩანთა.
14. ჩაფხუტი. ძველი, საბჭოთადროინდელი მოდელი.
15. კარდალა.
ამის გარდა, ავტომატით სროლისას გავხარჯე 9 ტყვია, სასწავლო ყუმბარმტყორცნიდან 6 ტრასირი ტყვია, საიდანაც 2 არ გავარდა; 3 ცალი საბრძოლო ჭურვი, თუმცა არა ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური, არამედ ქვეითთა საწინააღმდეგო მსხვრევადი.
ასევე, 16 დღის მანძილზე კვება. დილით ჩაი და საუზმე: ბრინჯი, ან მაკარონი სგუშონში მოხარშული, ან რაიმე მსგავსი საკვები. შუადღისას ცხელი კერძი: ლობიო, სუპი, ხარჩო, პიურე და კატლეტი, შემწვარი თევზი, ჩაშუშული კომბოსტო, შემწვარი ქათმის ბარკლები, კომბოსტოს სალათა, კიტრი...  ცივი წვენი.
ვახშამიც სადილის მსგავსი იყო ხოლმე, ოღონდ, წვენის ნაცვლად ვახშამზე ჩაის დალევა შეგვეძლო. სამოქალაქო ცხოვრებაში იგივე საკვები ნამდვილად არ მომენატრება, თუმცა, მე რეზერვში საკვებით არ მოვწამლულვარ და არც სხვისგან გამიგია მსგავსი შემთხვევის შესახებ. მოკლედ, ჩვენს დროს საკვებთან პრეტენზიები ნაკლები იყო.
რა ჯდებოდა ჩვენი ტრანსპორტირება, ეგეც რთული სათქმელია. ფაქტია, რომ საკმაოდ ხშირად გვიწევდა სამხედრო მანქანებით გადაადგილება

რეზერვის შემდეგ

რა იყო ჩემთვის სარეზერვო სამსახური? ახალ გარემოში ცხოვრების მოსინჯვა. ამ ხნით ასე იზოლირებული არასდროს ვყოფილვარ. იარაღთან ურთიერთობას შევეჩვიე, მიუხედავად იმისა, აქამდე არასდროს მომწონდა და არც მაინტერესებდა სროლა და ომი. არამგონია, სამხედრო სამსახურგამოვლილ ყველა ადამიანს უკეთ დამიზნება და სროლა შეეძლოს, ვიდრე მე. მიუხედავად იმისა, მე 16 დღე ვიმსახურე და სხვებს წლები აქვთ სავალდებულო სამსახურში გატარებული. ვისწავლეთ გადაადგილება და სანგრების თხრა, სამხედრო პირობებში ცხოვრება და გაძლება.
გვითხრეს, რომ სავარაუდოდ წელიწადში ერთხელ მაინც მოგვიწევს მსგავსი შეკრების გავლა. რეზერვში გაწვევის პირველივე დღეს ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო სარეზერვო სამსახური ასცდა. რეზერვის ჩავლის შემდეგაც ძველ აზრზე დავრჩიმთავარია ჯანმრთელი ვიყო და რეზერვში წასვლაზე უარს არ ვიტყვი. მითუმეტეს, თუ იმ პირობებს გააუმჯობესებენ, რაზეც რეზერვისტებს სამართლიანად გვეშლებოდა ნერვები

2 comments:

  1. eg kvelaferi kai mara, ertaderti deklarirebuli mteri ruseti rom gkavs, ra azri aqvs rezervs? ramdenic ginda, imdeni gacvrteni, rusets verasodes vercert pirobashi ver mougeb oms. ase rom, rezervzedaxarjuli nebismieri tanxa is tanxaa, romelic profesionaluri armiis chamokalibebas akldeba da isev da isev jibeebis da trakebis gasasqelebladaa sachiro. IMHO, ra tqma unda

    ReplyDelete
  2. ვინმემ თქვა, რომ რეზერვი რუსეთთან საომრად არსებობს? ქვეყანაში თუ ნორმალური რეზერვია, მაშინ რუსეთის ომის შემთხვევაშიც, რაიმე სტიქიური უბედურების შემთხვევაშიც და სხვა საგანგებო სიტუაციებისას - მსხვერპლის მნიშვნელოვნად შემცირების დიდი შანსია. ესაა რეზერვის მთავარი აზრი.

    ReplyDelete