Monday, October 24, 2011

ანეკდოტურად გადაყრილი 5 მილიონი


თბილისის მერიის მიერ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის 5 ლარის ჩუქებამ ერთი ანეკდოტი გამახსენა.

„მეგრელი ეკითხება გამვლელს:
- გინდა პიანინო 5 ლარად?
- ტყულია!
- ტყუილია, მაგრამ სამაგიეროდ იაფია...“


5 ლარი დიდი ვერაფერი შეღავათია, თუმცა თბილისის მერია ამტკიცებს, რომ 5-ლარიანი საჩუქარი სწორედაც რომ მნიშვნელოვანი დახმარებაა თბილისელებისთვის.

„ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით შევეხიდოთ თბილისელებს და წარმოგიდგენთ ვაუჩერს, რომელიც შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მგზავრობისთვის 5 ლარი ნიშნავს გარკვეულ შეღავათს სატრანსპორტო ხარჯებში“, - განაცხადა 17 ოქტომბერს დილით გიგი უგულავამ. შეხიდების რა მოგახსენოთ, მაგრამ პირველი ეფექტი ამ გადაწყვეტილებამ მეტროს ჩასასვლელების „გახიდვა“ კი გამოიწვია. თბილისის მერიამ 17 ოქტომბრამდე საიდუმლოდ შეინახა, რომ 5-5 ლარის ჩუქებას აპირებდა და არც ის განმარტეს გასაგებად, ამ საჩუქრის მიღება ახალ წლამდე რომ იყო შესაძლებელი. სალაროებს იმდენი ხალხი მიაწყდა, მთელი დღის მანძილზე მეტროში ჩასვლისთვის გრძელ რიგში ჩადგომა გახდა საჭირო.

მარტივად შეიძლება დავითვალოთ მერიის საჩუქარი. ყველაზე იაფი ტრანსპორტი მეტროა, სადაც პირველი მგზავრობა 50 თეთრი, მეორე კი 30 თეთრი ღირს. ადამიანი თუ დღეში მხოლოდ ერთ ადილას წავა და შინ დაბრუნდება, დღეში მინიმუმ 80 თეთრი დაეხარჯება. 5-ლარიანი საჩუქარი კი ყველაზე დიდხანს – 6 დღეს გაძლებს.

კიდევ ერთი ანეგდოტი. „კაცი ფეხსაცმელს ყიდულობს და გამყიდველს ეკითხება: რამდენ ხანს ძლებს ეს ფეხსაცმელი?
- თუ მანქანით ივლი, დიდხანს გაგიძლებს!“

 
ასე რომ, თუ მერიის ნაჩუქარ 5 ლარს არ გამოიყენებს, ადამიანს მართლაც დიდხანს ეყოფა.

ისე, საინტერესოა ვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს 5 ლარი? ვინც უმუშევარია, ვინც პენსიონერია თუ ვინც მუშაობს კიდეც, არც  საჭმლის ფული უჭირს და ტრანსპორტით მგზავრობასაც ახერხებს? თუ სოციალურად დაუცველებზე ფიქრობს ხელისუფლება, მაშინ სჯობდა ეს თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მიეცა. თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება ყველასთვის მნიშვნელოვანია _ გამოდის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ბარათის მქონე დაახლოებით მილიონი ადამიანი - ყველა ღატაკი ყოფილა.

სამგზავრო ბარათით დაახლოებით მილიონი ადამიანი სარგებლობს. ასე რომ, სულ მცირე 5 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. როდესაც ქვეყანაში ინფლაციის სახიფათო მაჩვენებლებზე  და დაუფიქრებელი ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გველაპარაკებიან, საინტერესოა, ხელისუფლებაში ვინმე თუ ფიქრობს, რომ მსგავსი აქციები კარგს არაფერს მოიტანს ინფლაციის შემცირების კუთხით? თუნდაც, ვაუჩერების ჩუქებას რომ მომენტალურად მოჰყვება ხოლმე სამომხმარებლო ფასების მატება, ეგ ძველი ამბავია, მაგრამ, როგორც ჩანს ხელისუფლება ვერ ეშვება სოციალისტურ-პოპულისტური ნაბიჯებით ხალხის გულის მოგების მცდელობებს.

სოციალისტური საბჭოთა კავშირის დამხობამ ბევრ სოციალისტს დასწყვიტა გული. ამჟამად ევროპული სოციალიზმის მოტრფიალენი დგანან დამწუხრებულთა რიგის მოლოდინში - უაზრო სოციალურმა პოლიტიკამ უმდიდრეს ევროპას უკვე სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ასეთ პირობებში კი, თუ მაინცდამაინც, შეჭირვებული ხალხის დახმარებაა ამ 5 მილიონის დახარჯვის მიზანი _ ვინმეს სჯერა, რომ თბილისში 5 მილიონი ლარით უკეთესი საქმის გაკეთება არ შეიძლება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რამდენი კარგი პროექტის დაფინანსება შეიძლება მოხდეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დასაქმება და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაში პატარა წვლილის შეტანა შეიძლება მოჰყვეს?

ასეთი პროექტი ვერ ნახეს მერიის წარმომადგენლებმა? ვერც ისეთი ადამიანები იპოვეს, ვისთვისაც, მაგალითად, ოპერაციის ფულის უქონლობის გამო სიცოცხლის დღეები დათვლილია? ვერც იმ ნიჭიერ ბავშვებს მიაგნეს, უფულობის გამო სწავლას რომ ვერ ახერხებენ? ვერც ის მარტოხელა მოხუცები ნახეს, პურის მიმწოდებელი რომ აღარ დარჩენიათ? იქნებ ვერც ის დევნილები იპოვეს, რომლებისთვისაც ბოლო-ბოლო რამდენიმე ბინის შეძენა შეიძლებოდა ამ 5 მილიონით და რამდენიმე ოჯახს მნიშვნელოვან პრობლემას გადაუჭრიდა?

თუ ეს ვერაფერი ნახეს, მაშინ ხელისუფლებამ იქნებ საერთოდ უარი თქვას მსგავსი ხარჯების გაწევაზე იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის გადასახადებით არის შევსებული.

იქნებ ხელისუფლება იმ ცნობილი ბიზნესმენის ქცევას აჰყვა, რომელიც თავისი 5 მილიარდით ხალხის მოხიბვლას ცდილობს? გამოდის, ხელისუფლებამ იგივეს გაკეთება 5 ლარად სცადა. არცთუ უშედეგოდ - როგორც ვნახეთ მეტროსადგურებში იმდენი ხალხი მიაწყდა, სალაროებთან ტევა არ იყო...

დასანანი ბიუჯეტიდან უაზრო ხარჯების გაწევაა, რითაც იაფად ცდილობენ ხალხის გულის მოგებას, თორემ 5,5 მიალიარდი ქონების მფლობელი ბიძინა ივანიშვილის კარზე ფულის საშოვნელად რიგში ჩამდგარი ადამიანების საქმე რა ჩემი საკითხავია?

No comments:

Post a Comment