Monday, September 27, 2010

ინტერვიუ ალექსანდრე რონდელთან - რას ნიშნავს ქართველი ოპოზიციონერების კრემლთან ურთიერთობა


2010 წლის მაისი, რადიოჟურნალი "მთელი კვირა"



 
ქართველი ოპოზიციონერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად სტუმრობენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე აცხადებენ, რომ ამ ვიზიტების შედეგად საქართველოს გაერთიანების და გაძლიერების შანსი იზრდება, ხოლო კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთის საამებლად საქართველოს მიერ ნატოს წევრობაზე უარის თქმაში ხედავენ.
რაში არ ეთანხმებიან ქართველი ოპოზიციონერები რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს ამას ხმამაღლა არ ამბობენ, იმას კი რუსებთან ერთხმად იმეორებენ, რომ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი გართულებული ურთიერთობა ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ბრალია.
რამდენად შეიძლება ოპოზიციის ასეთი განცხადებების შედეგად დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს ზურგი შეაქციონ და არის თუ არა საქართველო რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში მტყუანი, ასევე არის თუ არა შანსი ქართველმა ოპოზიციონერებმა შეძლონ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება - ან, რა შედეგი შეიძლება ამ ვიზიტებით მიიღოს საქართველომ - რადიოჟურნალი „მთელი კვირა" საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელს ესაუბრა.

 - ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ბოლო დროს პუტინთან ვიზიტებს მოუხშირეს. თქვენი შეფასებით, თუ არის ასეთი შეხვედრების შედეგად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმაში გადაყვანის შანსი?
- ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმატში გადაყვანა და ურთიერთობის დაწყება - ეს არის აუცილებლად სახელმწიფოს საქმე. ნორმალური ვითარებისას სხვაა, მაგრამ, როდესაც არის კონფრონტაცია და ომი - მაშინ, ქვეყანა ლაპარაკოს ერთი პირით, თავისი ხელისუფლების პირით. თუ ვთქვათ, სხვა ვინმე იწყებს საზოგადოების სახელით ლაპარაკს - ამას ჰქვია გახლეჩა, ამას ჰქვია სახელმწიფოს პოზიციის შესუსტება და ამას ჰქვია ღალატი. სხვა სახელი რა შეიძლება იყოს? რა გამოდის, რომ შენი სახელმწიფო, შენი ქვეყანა იმის მაგივრად რომ მტკიცედ იდგეს თავის პოზიციაზე როცა ის მართალია, ესე იგი, ის მართალი არ არის?
- ანუ, ამ გზით ურთიერთობის მოგვარების შანსი არ არსებობს?
- არავითარი. ეს არის მცდერლობა ძლიერი იმპერიალისტის, რომ გამოიყენოს სისუსტე, დაქსაქსულობა თავის მტერში, რომელიც მიაჩნია არარაობად და სწორედ ამიტომ მიდის ამ ქმედებებზე. როგორ შეიძლება - ხვდება ოპოზიციურ ლიდერებს. თანაც, ესენი განა რამდენი ადამიანის აზრის წარმომადგენლები არიან? პუტინმა რომ გაუშალა სპეციალურ რეზიდენციაში შეხვედრა - ასე ხვდებიან ქვეყნის ლიდერებს. ეს რა არის, ეს არის დაფურთხება საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.
ჩვენი ქვეყნისდ გარკვეული ნაწილი - საბედნიეროდ მცირე, ამას ნორმალურად აღიქვამს და ამ დემაგოგიას, რომელსაც ეს ხალხი ეწევა - ამას უსმენს და ჩავარდნილია განცდებში, რომ იქნებ მართლები არიან...
ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ვართ აბსოლუტურად მართლები. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს რომ ზოგჯერ რაღაც რიტორიკა იყო, მაგრამ აბა იმათი რიტორიკა ნახეთ და ერთი ნახეთ რას წერენ ჩვენზე! ამის ფონზე, ჩვენი მხრიდან რამდენიმე სიტყვა არასასიამოვნოდ ნათქვამი და შეიძლება ცოტა უზრდელურიც კი - არის არაფერი იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ რუსეთისაგნ ვუყურებთ, ვუსმენთ და განსაკუთრებით ვკითხულობთ.
- თან ეს ხდება სისტემატიურად...
- ამას აქვს პროპაგანდისტული, ფსიქოლოგიური ომის ხასიათი. მე ამ თემაზე შემიძლია საუბარი სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი საქმე. ამას ვეცნობი ყოველდღე. ვხვდები მათ და ვიცი რასაც ფიქრობენ. არც მალავენ. ამის ფონზე შენ მიდიხარ და პირად პოლიტიკურ საქმეს იკეთებ და ამას ასაღებ სახელმწიფო საქმედ - ესე იგი შენი ხალხი ძალიან სულელი უნდა გეგონოს. როგორც ჩანს, აქვთ ამის საფუძველი, სამწუხაროდ.
- შევეხოთ აგვისტოს ომის თემას. ომის დროს თითქმის მთელი ცივილიზებიული სამყარო ომში ვლადიმერ პუტინს ამტყუნებდა. ცივილიზებული სამყაროსგან დღემდე არ მომხდარა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ დროს ქართველი ოპოზიციონერების საკმაოდ დიდი ნაწილი ომში ამტყუნებს სააკაშვილს. ეს ხომ არ ნიშნავს რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დასავლეთის ქვეყნებს ზურგი შეაქციეს და იგივეს უნდა ველოდოთ დასავლეთისგან?
- მე ასე არ გავამუქებდი, მაგრამ სამე იმაშია რომ თითქოს პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა ხერხი მისაღებია და ხშირად ამბობენ რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა". მაგრამ, პოლიტიკა ბინძური საქმეა იმათთვის, ვისაც სამშობლო არ უყვარს. ვისაც სამშობლო უყვარს, მისთვის პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის. ამიტომ, ის რაც მოხდა აგვისტოში, ეს არის ძალიან დიდი ხნის, საუკუნოვანი მცდელობა რუსეთის, რომ გაიმაგროს პოზიციები კავკასიაში. კონკრეტულად, რაც აგვისტოში მოხდა, ეს არის ტენდენცია საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ დარჩეს აქ. ამიტომ, დავიჯერო რომ ქართველი ოპოზიციონერები ისეთი თვალდაბნელებულები არიან და ინტელექტრუალურად დაბალი დონის არიან - იმისათვის რომ შეასუსტონ მათთვის მოსისხლე მტერი სააკაშვილი, რომლის მიმართ სიძულვილი და ზიზიღი ისეთი აქვთ, რომ ავიწყდებათ ყველაფერი (რაც ასევე არ არის კარგი, იმიტომ რომ პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა ემოციები მოთოკო და იქ ნახო სად არის სახელმწიფო ინტერესები და სად არის ზღვარი, სადაც უნდა გაჩერდე).
ეს ომი მათთვის იყო მისწრება, იმისთვის რომ დაესუსტებინათ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი პრეზიდენტი სააკაშვილი და ესეც რომ არ გამოვიდა, ამის შემდეგ ჭკუაზე გადავიდნენ. რუსეთი ელოდებოდა ნგრევას. ნაწილი მაშინაც სისინებდა და ელოდებოდა მომენტს, როდესაც ყველაფერს დააბრალებდა სააკაშვილს.
არცერთი სერიოზული მკვლევარი, არცერთი სერიოზული ჟურნალისტი რამდენიმე მოსყიდულის გარდა, - გასაგებია რუსეთი ძალიან ძლიერია და მას ჰყავს თავისი მოტრფიალენი და ჰყავს ხალხი რომლების მასზე მუშაობენ პირველივე დღიდან ერთსა და იმავეს წერენ - არ შეცვლილა მათი პოზიცია. მაგრამ ვისაც მე ვიცნობ, ვინც სანდოა და ვინც იგივე საერთაშორისო სამართალშია - ყველამ იცის რაც მოხდა ომში. ერთადერთი ისინი ამბობენ, რომ საქართვცელო დაიჩაგრა, რუსებმა ხაფანგში მოაქციეს და ასე შემდეგ.
მაგრამ, ხშირად ისეთი ხაფანგია, რომ ვერც გამოხვალ. არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს იყო რუსეთის კარგად გათვლილი ნაბიჯი და კარგად შერჩეული დრო. თვითონ რუსები არ მალავენ ამას. ყველა არაოფიციალურ საუბარში და ზოგჯერ ნაწერებშიც კი არავინ მალავს რაც მოხდა.
ჯერ ერთი, უბრალო სერჟანტმაც კი იცის, ვინც ჯარში მსახურობს, რომ ამხელა ოპერაცია რომ განახორციელო, ამისთვის მზადებას ჭირდება 4-5 თვე. ეს ერთი ფაქტი და გარემოება არის საკმარისი, რომ მიხვდე თუ ვინ დაიწყო ომი. ამიტომ, იმათი პოზიცია, ვინც ლანძღავს სააკაშვილს იმაში, რომ ომი მისი ბრალია, ეს არის რა თქმა უნდა, ქვეყნის დასუსტება. როცა მტერი ხედავს იმას, რომ შენ სახელმწიფო ინტერესებსაც კი თელავ შენი პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო, მას პერსპექტივა უჩნდება, რომ მას შენი გამოყენება რაღაცას მოუტანს. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ან ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა გადადის სახელმწიფო ინტერესების იგნორირებაში და ღალატში.
- აგვისტოს ომის დაწყების მიზეზების გამოსარკვევად შექმნილი იყო ტალიავინის კომისია. კომისიის დადებულ დასკვნას ყველა მხარე თითქოს სათავისოდ იყენებს. არის თუ არა საბოლოოდ ამ დასკვნის მიხედვით საბოლოოდ დადგენილი ვინ იყო მართალი ან მტყუანი ომის დაწყებისას და თვითონ დასკვნა შეიძლება მტკიცებულებად გამოდგეს? - არის ხოლმე პრეტენზიები, რომ ტალიავინის კომისიის შემადგენლობაში მთლად ნეიტრალური ხალხიც არ ყოფილა.
- მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ტალიავინის კომისიის რამდენიმე წევრს და თვითონ ქალბატონ
ტალიავინისაც ძალიან ახლოს ვიცნობ, დიდი ხანია ვმეგობრობთ, შესანიშნავი დიპლომატია, მაგრამ მისი კომისიის შემადგენლობაში იყო 9 კაცი გერმანიიდან. ეს კომისია შედგა იმისათვის, რომ რუსეთი ცოტა გაესუფთავებინათ.

- ანუ, რუსეთისთვის ნამუსი მოეწმინდათ?
- რამდენსაც შეძლებდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთელ ტექსტს თუ წაიკითხავთ თავიდან ბოლომდე, იქ არის ნაჩვენები, რომ რუსეთი დიდი ხანი ჩაგრავდა საქართველოს და დიდი ხანი ემზადებოდა დარტყმისთვის. ფაქტობრივად, აიძულა საქართველო, რომ ეპასუხა. ეს გამოდის მთელი იმ მასალისგან, რაც იქ არის. უნდა გითხრათ, რომ ბატონ ლევან ალექსიძის გამოკვლევა და მეცადინეობა ძალიან ობიექტურია. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენ ბატონ ლევანს, რომ მან არ დაიზარა და მიუხედავად თავისი ასაკისა, ბრწყინვალე ანალიზი გააკეთა. რაც მე ვნახე, წავიკითხე და მოვისმინე - მთლიანად ვეთანხმები. იქ არის საკმაოდ ობიექტური სურათი.
მაგრამ, მთავარი იყო - თითქოს ვინ ისროლა პირველმა. დასკვნაშიც არ არის ნათქვამი, ვინ ისროლა პირველმა. იქ მითითებულია რომ სროლა მიმდინარეობდა უკვე დიდი ხანია. იქ ერთაერთი ხაზგასმულია, რომ იმ საღამოს საქართველომ უფრო მასშტაბურად უპასუხა და იქვე მოდის ის, რომ „აი, ეს იყო ცოტა ზედმეტი, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყო რუსის ჯარი. ან, თუ იყო ისეთი რაოდენობით, რომ ღირდა ასეთი ცეცხლის გახსნა". მერე იქ იბოდიშებენ, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ამის მტკიცებულებაო. როგორც ჩანს, ტალიავინიმ მაინც იბრძოლა იმისთვის, რომ იქ არ ყოფილიყო სიბინძურე. თუმცა იქ რამდენიმე კაცი ცდილობდა რომ ჩვენ გავესვარეთ. მაგრამ მან დაუშვე ერთი შეცდომა როგორც ჩანს დიდი დაწოლის შედეგად, რომ როდესაც პრესკონფერენცია გამოაცხადა, იმ საღამოს თქვა, რომ თითქოს საქართველო იყო კონფლიქტის ესკალაციის ინიციატორი. ეს იყო მისი შეცდომა.
კიდევ კარგად გამოიჩინა პრინციპულობა და რაც იქ არის ჩართული ფაქტები და დოკუმენტები მე მგონი საკმაოდ კარგად არის გაკეთებული. თუ საქართველო არ იყო მართალი, მაშინ საერთაშორისო სამართალი რატომ იცავს მას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია რატომ დგას საქართველოს მხარეზე და აღიარებს მის სიმართლეს - ყველა წამყვანი ქვეყანა მსოფლიოსი, გარდა რუსეთისა?
- როგორია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა?
- ეს ტერიტორიები რუსეთმა ჩაიგდო ხელში ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში და უფრო ადრეც - საბჭოთა ტერიტორიები იყო. ვინმეს ეგონა, რომ ისინი ამას ჩვენ დაგვითმობდნენ? ერთი რამე გავიხსენოთ და ყველაფერი ნათელი იქნება. რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობაზე და მეზობლობაზე. შევარდნაძემ, როგორც გამოცდილმა კაცმა, როდესაც ხელს აწერინებდნენ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში 25 წლით დარჩენის რატიფიცირებაზე, აიღო და ჩაწერა 2 პარაგრაფი, რომ რატიფიცირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და თუ დაეხმარება შეიარღებული ძალების შექმნაში. რუსეთს ერთი იოტიოსხელა არ გაუკეთებიათ არაფერი. ამიტომ, ჩვენს პარლამენტს ეს არ გაუტარებია. შესაბამისად, 25 წლიანი ბაზების საკითხი მოიხსნა და სტამბულის სამიტზე ამერიკელები „მიაწვნენ" რუსულ მხარეს და სამხედრო ბაზები ფაქტობრივად გააყვანინეს. რაც შეეხება ჩარჩო-ხელშეკრულებას, რუსეთის გარდა ყველა მეზობელთან გვაქვს. იმიტომ რომ, სხვაგვარად შეუძლებელია - ამდენი ხანი დილომატიური ურთიერთობა გაქვს, აღიარებული ხარ და ასე შემდეგ... რატომ არ არის ხელშეკრულება რუსეთთან? იმიტომ რომ პირველივე პარაგრაფი იწყება იმით რომ, ორივე მხარე აღიარებს ურთიერთ ტერიტორიულ მთლიანობას არსებულ საზღვრებში. პრეზიდენტმა ელცინმა ვერ გაბედა საკითხის დაყენება დუმაში, იმიტრომ რომ დუმა არ მიიღებდა. ელცინის პრეზიდენტობის ბოლო წელი იყო და იწურებოდა პროექტის დუმაში შეტანის ვადა. თუ დაგვიანდებოდა, მერე უკვე თავიდან უნდა დაწყებულიყო მთელი პროცედურები. მაშინ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და იქ პრეზიდენტის აპარატს ჰკითხეს, სექტემბერში იწურება ვადა და არ შეგაქვთო? იქიდან უპასუხეს, რომ ელცინი ვერ გაბედავს, დუმაში მოხდება ანტიქართული დემონსტრაციაო. პრეზიდენტმა ელცინმა ვერც გაუბედა საკუთარ პარლამენტს...
რუსეთის არჩეული ხალხი დუმაში - არ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას არც მაშინ! ამიტომ, დღეს თუ ვიღაცა ლაპარაკობს, რომ რიტორიკა იყო და სააკაშვილმა რაღაც ცუდი თქვა - ეს ხომ სისულელეა?! ეს არის სისულელე, ეს არის გულმავიწყების ნათქვამი. ვინც ამ საქმეში ვართ, ამას ვუყურებთ პირველოვე დღიდან და ვიცით რაც ხდებოდა.
დაიწყო ჩარჩო-ხელშეკრულებაზე ლაპარაკი, როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. პუტინმა თქვა, ეს უკვე მოძველდა, მოდი ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთო... დაიწყეს თუ არა მუშაობა, ისევ მივიდნენ ზუსტად იმ საკითხებამდე. საქართველომ არ დაუთმო, იმიტომ რომ როგორ უნდა დათმო საკუთარი სუვერენიტეტი?!

- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უნდა მოგვეთმინა რუსეთის ქმედებები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში და არ შევსულიყავით რუსეთთან კონფრონტაციაში. თქვენი შეფასებით თუ იყო შანსი დარჩენილი, რომ საქართველოს არ გაეცა პასუხი იარაღით და ისე აეცილებინა ომი ცხინვალის რეგიონში?
- თვითონ ქალბატონი ნინო მონაწილეობდა პროცესებში და მაშინ თქვას, რა უნდა მოგვეთმინა და რა არ უნდა მოგვეთმინა. ყველაფერში არსებობს გარკვეული ზღვარი. პატარა ქვეყანა იძულებულია ბევრი რამე მოითმინოს და ბევრი წყენაც ჩაყლაპოს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. აქვს ზღვარი სახელმწიფოს ქცევას და ზღვარი ასევე ღირსებას. ღირსებაც არის პოლიტიკაში. მართალია პოლიტიკა ძირითადად ინტერესია, მაგრამ ღირსებაც არის იქ. პატარა ქვეყანა კი, თუ ის ღირსების გარეშეა, არავის არ ჭირდება.
- რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასე ხშირი და ახლო ურთიერთობა დაამყარონ რუსეთის ხელისუფლებასთან - გაჩნდა განცხადებები, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოზე, აგრეთვე ნეიტრალიტეტის თემამ წამოიწია. გამოიწვევს თუ არა დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შემცირებას ასეთი განცხადებები?
- საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მოსახლეობის პოზიციაა მთავარი. საქართველოს მოსახლეობის პოზიცია თუ შეიცვალა, საქართველოს ხელისუფლების პოზიაციაც შეიცვლება. ამიტომ, დასავლეთი უყურებს იმას, რას ფიქრობს საქართველოში ხალხის უმრავლესობა და მისი არჩეული ხელისუფლება. ოპოზიციის წარმომადგენლების სიარული ცუდია, ჩირქი გვეცხება, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს - ძალიან კარგად უნდა იცოდეს ყველამ, რომ ზღაპრები ნეიტრალიტეტზე ჩვენს შემთხვევაში რჩება ზღაპრებად. ნეიტრალიტეტი ყოველთვის არის კონკრეტული კონტექსტისთვის. ქვეყანა, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას და საზღვრებს, ის არ შეიძლება ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადდეს. მას არავინ არ აღიარებს ნეიტრალურად. ამიტომ, ეს არის ხრიკი რუსეთის მხრიდან. იმდენად იაფფასიანი, რომ ამას ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი დიდი ხანია ცდილობს რომ გაასაღოს. თუ ვინმე ამას ყიდულობს - ვეუბნები, რომ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ამით იწყება, რომ ნეიტრალური არ შეიძლება იყოს ქვეყანა, თუ სრულად არ აკონტროლებს თავის ტერიტორიას. ზღაპრები, რომ „ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ" და მერე გავხდებით ნეიტრალური ქვეყანა - ეს უკვრ დაახლოებით იმ დონისაა, ვერის აბანოში ანეგდოტებს რომ ყვებოდნენ ხოლმე.
- ქართული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთთან არ შეიძლება კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა და როგორც საქართველოს ისტორიულ მტრებთან დღეს საქართველოს აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა, ისევე უნდა მოხდეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება. არის დღეს რუსეთთან ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბების რესურსი?
- განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვიყოთ მეგობრები - ეს განცხადება იგივეა რაც ღია კარის მტვრევა. რასაკვირველია, უნდა ვიყოთ მაგრამ ეს ყოველთვის არის დაფუძნებული ნორმალურ ურთიერთობებზე ორივე მხრიდან. თუ ერთი მხარე მუდმივად გირტყამს და სულ უნდა რომ დაგახრჩოს - შენ რომ ყველაფერზე დათანხმდე, ასე არ გამოვა. რუსეთი სულ აცხადებს, რომ „საქართველო ბედავს ანტირუსული პოლიტიკის გატარებას!"
რაში მდგომარეობს ანტირუსული პოლიტიკა, ერთი ნაბიჯი მაინც რა გადადგა საქართველომ, რომელიც ანტირუსულია? საქართველოს რა შეუძლია ანტირუსული გააკეთოს - ეს ხომ სისულელეა!
როცა ვინმე მეუბნება ხოლმე, რომ თქვენ ატარებთ ანტირუსულ პოლიტიკას, ვეუბნები ერთი კონკრეტული მაგალითი დამისახელონ. იწყებენ ზოგად ლაპარაკს...

- საქართველოში რუსი ეროვნების წარმომადგენლების მიმართ ზიზღი არ ყოფილა აგვისტოს ომის დროსაც კი, როცა საპირისპირო მდგომარეობაა რუსეთში...
- სამწუხაროდ ჩვენი ხალხი ძალიან „დობრია". აგრესორის მიმართ „დობრობა" არ შეიძლება. აგრესორს უნდა დახვდე იარაღით. რუსი აგრესორია. რად უნდა ამას ბევრი მტკიცება და რაღაც სისულელები, რომ აი ჩვენ რომ ის არ გვეკეთებინა... რა არ უნდა გვეკეთებინა? ჩვენ გვინდა ვიყოთ ნორმალურად. ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. გვესმის, რომ რუსეთს აქვს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები კავკასიაში. თვითონ ქალბატონ ბურჯანაძეს ბევრჯერ უთქვამს რუსებისთვის, რომ „ჩვენ თქვენს კანონიერ ინტერესებს ყოველთვის გავითვალისწინებთ". მაგრამ ამაზე პასუხი ყოველთვის იყო რომ „თქვენ ჩვენი ინტერესი უნდა გაითვალისწინოთ და არა კანონიერი ინტერესები".
- იგივე ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი - რომლების დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმადგენლები იყვნენ - გამოდიან და ცალსახად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ როდესაც არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც დასავლეთის სხვა ქვეყნები საქართველოს არ ადანაშაულებს რუსეთთან მიმათებაში - ნიშნავს მართლაც „დიდ პოლიტიკოსობას" რაც ნინო ბურჯანაძემ საკუთარ ქმედებებს უწოდა? ეს რამდენად აუარესებს საქართველოს მიმართ უცხოელების დამოკიდებულებას?
- მეც იგივე კითხვა მაქვს. ეს არ არის დიდი პოლიტიკა. ეს არის საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გაუმჯობესება სახელმწიფო ინტერესების იგნორირების და ღალატის გზით.
- „ედინაია როსიასთან" ქართული ოპოზიციური პარტიის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმება თქვენი შეფასებით რას მოიტანს?
- ეს ღალატია. პირველ კურსზე ვასწავლით საერთაშორისო ურთიერთობის თეორიაში, რომ ომის დროს და დაძაბულობის დროს სახელმწიფო ლაპარაკობს ერთი პირით - მთავრობის პირით. ყველა დანარჩენ ძალას არა აქვს უფლება ლაპარაკის, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის პოზიციის გახლეჩა და შესუსტება.
რუსეთი ამბობს რომ ხელისუფლებას არ დაველაპარაკები და ამ დროს შენ მიდიხარ და ელაპარაკები. ვინ მოგცა მაგის უფლება და რწმუნებები?
ჯერ ერთი, ამით შენ ასუსტებ შენს ხელისუფლებას? რას ნიშნავს ეს? შენს ხელისუფლებასთან შენი საკითხები შიგნით უნდა გაარჩიო და არა გარეშე ძალის გამოყენებით. ჩვენი ისტორიიდან კარგად გვახსოვს მსგავსი შემთხვევები. გარბოდნენ და ვიღაცა მოჰყავდათ. ვეღარ ვისწავლეთ ჭკუა? ყველაფერს აქვს ზღვარი!
რუსეთი შენ არ გთვლის არც ერად, არც სახელმწიფოდ და არც არაფერად!
- საქართველოს ნატოში შესვლის შანსი გაუარესებულია აგვისტოს ომის შემდეგ?
- იგივეა. თუ ადრე უკეთესი მდგომარეობა იყო, მაშინ აპრილის სამიტზე რატომ მაპ-ი არ მოგვცეს?
- ანუ, არც ახლა უნდა გვქონდეს უკეთესის იმედი?
- იმედი უნდა გვქონდეს და პრინციპული პოზიცია უნდა გვეკავოს. როცა პრინციპული პოზიცია გიკავია და ამბობ, რომ ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, იმიტომ რომ ჩვენს უსაფრთხოებას მხოლოდ ეს დაიცავს, და შენ ამ პრინციპებზე დგეხარ და თანდათანობით ხდები იმათთვის უფრო მისაღები; მერე უკვე ის ქვეყნებიც, რომლებიც ამბობენ რომ საქართველო ჯერკერობით არ პასუხობს სტანდარტებს, მერე უკვე ამას ვეღარ იტყვიან. მაშინ უნდა თქვენ რომ - რუსეთის გამო არ მივიღოთ? ნატო კი სულ აცხადებს რომ არცერთ ქვეყანას არა აქვს უფლება სხვას აუკრძალოს ნატოში შესვლა.

No comments:

Post a Comment