ომის 2 წლისთავს უკრაინა კვლავ იარაღის დეფიციტით და პუტინის ახალი შეტევით შეხვდა
რატომ არის ვალდებული აშშ დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 2 წელი გავიდა და კვლავ რთული მდგომარეობაა. სტრატეგიულად ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგრამ რუსებმა მაინც შეძლეს ქალაქ ავდეევკის აღება. ფრონტის ხაზზე უკრაინელებს სიმამაცე და შეუპოვრობას არ აკლიათ, სამაგიეროდ, ომის დაწყებიდან იარაღის მუდმივი დეფიციტი აქვთ. ომისთვის კარგად მომზადებული და შეტევაზე გადასული პუტინის არმია რიგ შემთხვევებში 10-ჯერ და უფრო მეტ სამხედრო პოტენციალს ფლობს. რაც შეეხება ჭურვებს, წლევანდელი იანვრის მონაცემებით, რუსული არტილერია დღეში საშუალოდ 10.000 ჭურვს ხარჯავდა, რასაც უკრაინელები 5-ჯერ ნაკლებს, 2.000-მდე ჭურვს უპირისპირებდნენ. შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევა კვლავ თავგანწირვის და მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე ხდება.
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრისას არაერთი ქართველი თუ უცხოელი
„ექსპერტი“ ამტკიცებდა, მორჩა, ახლა ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან -
ჯოზეფ ბაიდენი დიქტატორ და თავხედ პუტინს წირვას გამოუყვანს, რუსეთს ჩამოშლის და დამთავრდება
მათი ოკუპანტობაო. ასეთ „ექსპერტებს“ არ სურდათ იმის დანახვა, რომ 2008 წელს საქართველოში
შემოჭრის შემდეგ ამერიკის ახლადარჩეულმა აგრეთვე დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ
და ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს ძალიან სახარბიელო სიტუაცია შეუქმნეს. ბარაკ ობამას
ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, 2009-ში, „გადატვირთვის პოლიტიკა“,
წამოიწყო, რაც პუტინს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას სთავაზობდა.
„სუფთა ფურცელი“ კი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ
უპატიებელ დანაშაულებზე მინიმუმ თვალის დახუჭვას ნიშნავდა.
2009 წლის მარტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. აშშ-რუსეთის ურთიერთობის „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკით ხელში.
არც 2014 წლის და პუტინის მიერ ყირიმის ანექსიის დავიწყება ღირს
- მაშინაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი პროტესტი არ გამოუხატავს. თანაც,
ამერიკის პრეზიდენტი ვალდებულიც იყო, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაეცვა. გავიხსენოთ
კიდევ ერთი დემოკრატი პრეზიდენტი - ბილ კლინტონი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის
გარანტად ჩადგა. საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში არსებულ ბირთვულ არსენალზე უკრაინის ხელისუფლებას სამმა ბირთვულმა სახელმწიფომ - რუსეთმა,
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უარი ათქმევინეს და ბირთვული არსენალი რუსეთმა გაიტანა. სანაცვლოდ კი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორებად აშშ (პრეზიდენტი კლინტონი), ბრიტანეთი (პრემიერ-მინისტრი მეიჯორი) და რუსეთი (პრეზიდენტი ელცინი) დადგნენ. 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიითვისა. უკრაინის სუვერენიტეტი დაირღვა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი წინამორბედის და
თანაპარტიელის - ბილ კლინტონის ნაკისრი გარანტია არ შეუსრულა უკრაინას...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკური იყო, როდესაც ეჭვს გამოთქვამდნენ
- რუსეთის შეჭრის შემთხვევაშიც, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინას
სათანადოდ არ დაეხმარებაო.
ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე უკრაინელებისთვის შეიარაღების
ნაკლებობა კვლავ სახეზეა. ბოლო თვეებია ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს საერთოდ
აღარ აწვდის, თუმცა, რესურსი არსებობს. უფრო კონკრეტულად, PDA (Presidential Drawdown
Authority) არხით, რომლის მეშვეობითაც შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო
დახმარებას უწევს, $4.2 მლრდ-ია დარჩენილი. გასული წლის 23 დეკემბრიდან შტატებმა შეაჩერა
უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარება. ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს ახალი,
$90 მლრდ-იანი პაკეტის მხარდაჭერას, რომელშიც ისრაელის მხარდაჭერასთან და აშშ-ის საზღვრის
დაცვასთან ერთად არის შეტანილი უკრაინის დახმარებაც. აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის დაცვის
ღონისძიებები მიგრანტებისგან არაეფექტიანად მიაჩნია „რესპუბლიკური“ პარტიის ნაწილს
და ამ ერთობლივ პაკეტს მხარს არ უჭერს. შესაბამისად, „ჰაერში“ რჩება უკრაინის დახმარებაც.
თუმცა, როგორც ვთქვით, უკვე დამტკიცებული რესურსიდან ასათვისებელია 4.2 მლრდ, რასაც
ბაიდენის ადმინისტრაცია არ იყენებს. მიზეზად კი, საკუთარი სამხედრო რესურსების სიმწირეს
ასახელებს - სანამ ახალი შევსება არ გვექნება, მანამდე „ჩვენთვის არაკომფორტულია“ სამხედრო
რესურსის უკრაინისთვის მიწოდებაო...
ბაიდენის ორჭოფობა ომის დაწყებამდე
ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რას აკეთებდა პრეზიდენტი ბაიდენი ომამდე და ომის შემდეგ? რუსეთის შეჭრამდე 2 კვირით ადრე პუტინისთვის ულტიმატუმის წაყენების ნაცვლად, ზეწოლა გააძლიერა პრეზიდენტ ზელენსკიზე - იცოდე, რუსეთი შემოიჭრებაო. რა უნდა ექნა ზელენსკის, გაქცეულიყო თუ წინასწარ კაპიტულაცია გამოეცხადებინა?
2022 წლის 15 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი საელჩო კიევიდან ლვოვში (ლვივში) გადაიტანა, რაც დიპლომატიის ენაზე ნათელი სიგნალია. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის შესაძლო შეჭრის აღსაკვეთად პუტინზე ზეწოლა გაეძლიერებინა, საელჩოს კიევიდან გადატანით ამერიკამ კიევში შეჭრაზე რუსეთის არმიას „მწვანე შუქი აუნთო“.
19 თებერვალს
ბაიდენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „რუსეთი რამდენიმე დღეში კიევს
შეუტევს“.
რუსეთის შესაძლო შეჭრაზე რა ქმედებას აპირებდა ამერიკის პრეზიდენტი,
ბაიდენმა ჯერ კიდევ 20 იანვარს განაცხადა, რომ გააჩნია რას იზამს რუსეთი, თუ იქნება
მცირე შეჭრა, მაშინ არ ჩავერევით, თუ მთელი რესურსით შეუტევენ უკრაინას, ეს რუსეთისთვის
კატასტროფა იქნებაო. ასეთი ორაზროვანი და არამკაფიო დამოკიდებულება
ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ცხადია არ გამოდგებოდა პუტინის შესაჩერებლად და არც გამოდგა.
გავიხსენოთ, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის გენერალ მარკ მილის განცხადებაც,
რომელიც 5 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე ორიოდე კვირით ადრე გავრცელდა. „თუკი რუსეთი
სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებს, კიევს 72 საათში აიღებენ“, - ასეთი იყო
პროგნოზი შეერთებულ შტატებში.
24 თებერვალს რუსეთი შეტევაზე რომ გადავიდა, ბაიდენმა მიმართა ზელენსკის
- აი, ხომ გეუბნებოდიო და შესთავაზა თვითმფრინავი კიევიდან საევაკუაციოდ.
ბაიდენმა ღირსეული პასუხი მიიღო დაბომბვის ქვეშ მოყოლილ კიევში
მყოფი ზელენსკისგან: I need ammunition, not a ride - „მე მჭირდება იარაღი და არა მოგზაურობა“.
უკრაინელები არ დანებდნენ, ჩაებნენ ომში და ამერიკელების თუ
ევროპელი ლიდერების მხრიდან იარაღით მხარდაჭერის გარეშე მყოფებმა რუსები კიევში არ
შეუშვეს.
რატომ ვერ შევიდნენ რუსული ტანკები კიევში?
გავიხსენოთ, რა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსული ტანკები კიევში ვერ შევიდნენ. 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ პრეზიდენტ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ხელისუფლებამ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა. მართალია, 2014 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება არ მიიღო. 2015 წელს, პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლის რანგში მიხეილ სააკაშვილიც იყო ჩასული აშშ-ში და კონგრესში და სენატში გამოსვლებს მართავდა. სააკაშვილი ცდილობდა ამერიკის ხელისუფლება დაეთანხმებინა თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე. თუმცა, საბოლოოდ ვერც სააკაშვილმა და ვერც უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწიეს. უკრაინამ ობამას პრეზიდენტობისას ამერიკისგან იარაღი ვერ მიიღო. შესაბამისად, უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევაზე გადასულ რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უწევდა წინააღმდეგობას. სეპარატისტებმა და რუსეთის არმიამ მაგ პერიოდში დაიკავა უკრაინული ლუგანსკის და დონეცკის უდიდესი ნაწილი.
2017 წლის სექტემბერი. უკრაინის პრეზედენტი პეტრო პოროშენკო და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ობამას ადმინისტრაციის შემოღებული იარაღზე აკრძალვა მოხსნა ამერიკის
მომდევნო პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა. 2017 წელს, ობამას პოლიტიკის საპირისპირო გადაწყვეტილებით,
ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის 40 მლნ-ზე მეტი ღირებულების იარაღის მიწოდებას, მათ
შორის იყო სნაიპერული შაშხანები მოდელი „M107A1“ და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები
„ჯაველინი“. ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად $300 მლნ გამოყო,
საიდანაც ნაწილი შეიარაღებას და ნაწილიც უკრაინელი სამხედროების წვრთნას მოხმარდა.
მოგვიანებით, ზელენსკის ადმინისტრაციაში არაერთხელ აღნიშნეს კიდეც, რომ ასობით რუსული
ტანკი ამერიკული „ჯაველინებით“ გაანადგურეს და არ შეუშვეს კიევში. „რომ არა ტრამპის
პრეზიდენტობისას მოწოდებული ჯაველინები, მდგომარეობა ბევრად რთული იქნებოდა“, - თქვეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
რატომ ეხმარება ბაიდენი უკრაინას არასაკმარისად?
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 1 თვეში ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავაში სიტყვით გამოვიდა. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო: „რუსეთი თუ ნატოს ქვეყნებში გადავა, მკაცრ პასუხს მიიღებს“. უკრაინა არ არის ნატოს წევრი და შესაბამისად, ეს განცხადებაც რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ომისთვის ირიბად კვლავ „მწვანე შუქის“ ანთებად შეიძლება ჩავთვალოთ - მთავარია, ნატოს წევრი პოლონეთისთვის არ დაერტყა რუსეთს.
აქვე ჩნდება კითხვა - აბა რატომ ეხმარება იარაღით ამერიკა, თუ ბაიდენს არ აქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდაჭერაზე? პასუხი მარტივია: მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენის ადმინისტრაციის „რჩევას“ არ დაუჯერა და რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი რესურსით ჩაება, კიევის შემოგარენში ასობით ტანკი ააფეთქა, ოკუპანტების ელიტარული სამხედრო დანაყოფების ცოცხალი ძალა გაანადგურა და კიევში არ შეუშვა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები იძულებული გახდნენ უკრაინას დახმარებოდნენ. კი, იძულებული გახდნენ და მოუწიათ, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩეველი ბევრ რამეს წყვეტს. როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ იყო დამნაშავე ამ ომში, ამომრჩეველმა მკაფიოდ მოითხოვა უკრაინის დახმარება. ხელისუფლება კი, რომელიც თავის ამომრჩეველს არ უსმენს, არჩევნებში მარცხდება და წასვლა მოუწევს.
ამიტომ, როცა ერთი მხრივ ამომრჩეველია და მეორე მხრივ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული პოლიტიკის ტრადიცია - „ოქროს შუალედი“ იყო მოსაძებნი. და აი, ოქროს შუალედი ასე ჩამოყალიბდა - უკრაინისთვის წვეთობით სამხედრო დახმარება და თან ულტიმატუმი კიევს - არ გაბედოთ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენოთ ჩვენგან მიღებული ჭურვებიო.
რაც უცხოურ მედიაშია გავრცელებული, დღევანდლამდე, უშუალოდ იარაღის თვალსაზრისით, ამერიკამ უკრაინას 2022-2023 წლებში ჯამურად $23 მლრდ-მდე ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. ამერიკის შესაძლებლობებზე კი ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად ალბათ პენტაგონის ბიუჯეტი გამოდგება. 2022 წელს მისი მოცულობა $753 მლრდ, 2023-ში კი $817 მლრდ-მდე იყო.
ასევე, ცნობილია ამერიკული იარაღის ექსპორტის მაჩვენებლები. 2023 წელს იარაღის ექსპორტმა აშშ-დან რეკორდული, $238 მლრდ შეადგინა. აქედან უშუალოდ ამერიკული იარაღი დიდი მოცულობით შეისყიდეს პოლონეთმა, გერმანიამ და სხვა, მათ შორის არაევროპულმა ქვეყნებმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბევრი ლიდერი დააფიქრა საკუთარი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზე.
უკრაინამ კი, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა და საჭიროების დასაბუთებისა, დღემდე ვერ მიიღო ამერიკის მიერ უკვე მოძველებულად მიჩნეული F-16 ტიპის თვითმფრინავები და შორ მანძილზე წამსვლელი ჭურვებიც კი. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელი ჩანს - უკრაინამ არ უნდა შეუტიოს სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით. ასე კი, ომში გამარჯვება წარმოუდგენელია.
ბაიდენის ადმინისტრაცია და „ლენდ-ლიზი“
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, პუტინი არაფრად აგდებდა ქვეყნებს შორის დამკვიდრებული საზღვრების ხელშეუხებლობის შეთანხმებას. ბევრმა ლიდერმა აღიარა კიდეც თავისი შეცდომა, რომ ჯერ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრა ვერ აღკვეთეს და რუსეთს სათანადო პასუხი არ გასცეს; შემდეგ 2014 წელს ყირიმის მიტაცებას არ შეუშალეს ხელი და კვლავ განაგრძეს თანამშრომლობა პუტინის რუსეთთან. ამ ყველაფერმა კი, პუტინის მადა გააძლიერა. მისი სურვილი, გააკონტროლოს საბჭოთა კავშირის საზღვრებში არსებული ტერიტორია, ყირიმის მიტაცების შემდეგ უკვე აღმოსავლეთ უკრაინას მისწვდა. 2022 წელს კი სულაც მთელ ქვეყანას დაესხა თავს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე, 2022 წლის იანვარში რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორინმა კოლეგებთან ერთად სენატს ორპარტიული ინიციატივა - ლენდ-ლიზის კანონპროექტი წარუდგინა. ინიციატივის ავტორების თქმით, კანონპროექტის დამტკიცება და ამოქმედება უკრაინას საშუალებას მისცემდა რუსეთის შეჭრისგან თავი დაეცვა. იანვარში, სენატორი კორინი მტკიცედ ითხოვდა პრეზიდენტ ბაიდენისგან, სასწრაფოდ მომხდარიყო ლენდ-ლიზის კანონის დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიჭრებოდა, რადგან თავის დროზე შერჩა საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია და მხოლოდ ამერიკის მტკიცე პოზიცია და უკრაინის სათანადო შეიარაღება იყო პუტინის შეჩერების საშუალება. სხვათა შორის, კორინმა თავის გამოსვლაში ნაცისტური გერმანიის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ თავის დროზე ამერიკას ნეიტრალური პოზიცია რომ არ აერჩია, ევროპაში მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადარჩებოდა, რადგან ჰიტლერი ომს ვერ გაბედავდაო. ამის მიუხედავად, ლენდ-ლიზის დამტკიცება გაჭიანურდა და უკვე რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოფხიზლდა სენატი.
თუ გავიხსენებთ, 1941 წლის 11 მარტს, პრეზიდენტმა რუზველტმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის აქტს, რომლის წყალობითაც ამერიკამ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში მოკავშირეებს $50 მილიარდზე მეტი (დღევანდელი ფასებით $700 მილიარდზე მეტი) ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. ამერიკული დახმარების უდიდესი ნაწილი, $31.4 მლრდ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, საბჭოთა კავშირმა კი $11.3 მლრდ. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ლიდერმა სტალინმა თქვა კიდეც, რომ არა ამერიკული მანქანები, ამ ომს წავაგებდითო. ჯამში, ლენდ-ლიზით ამერიკამ საბჭოთა კავშირს მიაწოდა 400.000 ჯიპი და სატვირთო ავტომობილი, 12.000 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 7.000 ტანკი; 11.400 თვითმფრინავი და 1.75 მლნ ტონა სურსათი. დღევანდელი ფასებით, დაახლოებით $143 მლრდ ღირებულების. გაცილებით მასშტაბური იყო ლენდ-ლიზით რესურსების მიწოდება დიდი ბრიტანეთისთვის. სწორედ ასეთმა მასშტაბურმა დახმარებამ გადაწყვიტა ომის ბედი და გამოიწვია ჰიტლერის დამარცხება, თორემ წვეთებით დახმარების შემთხვევაში ევროპა განწირული იყო.
ამერიკას რომ ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე შესძლებოდა უკრაინისთვის რესურსის მიწოდება, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით 29 აპრილს დაამტკიცა.
მაგრამ, სასტიკ ომში, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალა მრავალჯერ აღემატებოდა უკრაინის შესაძლებლობებს და შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდა დონბასის სრული კონტროლისთვის, ინტენსიურად ბომბავდა უკრაინას და ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამერიკის პრეზიდენტი ლენდ-ლიზის აქტის ხელმოსაწერად 9 მაისს დაელოდა.
ბაიდენმა კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა და გაჩნდა იმედი, რომ შეერთებული შტატები ახლა მაინც დღე-დღეზე დაიწყებდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, მაგრამ...
2 წლის თავზეც, ბაიდენის ხელმოწერილი ლენდ-ლიზის კანონი ქაღალდად დარჩა და სხვა არხებით წვეთ-წვეთი მიწოდებაც დეკემბრის შემდეგ გაჩერებულია. ბაიდენის ადმინისტრაცია იარაღის მიუწოდებლობას რესპუბლიკურ პარტიას და ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს აბრალებს - ეგენი ბლოკავენ ახალი, 90 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებასო.
დასკვნის მაგიერ
გამოცდილებით თუ გავითვალისწინებთ, თუკი უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, კიდევ უფრო უარესი პერსპექტივა ჩნდება. როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილმა სხვადასხვა კომისიებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ომში დამნაშავის ძებნა საქართველოს ხელისუფლებაში დაიწყეს, რუსეთს კი ენის მოჩლექით ელაპარაკებოდნენ, უკრაინასთან მიმართებაშიც იგივეა მოსალოდნელი. რუსეთის გამოგონილი ლეგენდა - უკრაინელები რუსულენოვან მოსახლეობას ავიწროებდნენ და ჩვენ იძულებული გავხდით მათ დასახმარებლად შესულიყავითო, პუტინის პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწილია. ასე იყო საქართველოზეც, ჯერ კიდევ გამსახურდიას პრეზიდენტობისას გაჩაღებული ომის დროს პროპაგანდა ამტკიცებდა, თითქოს არაქართველებს, მათ შორის ეთნიკურ ოსებს საქართველოდან აძევებდნენ, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, თითქოს მისი ბრალი იყო რუსეთის საქართველოში შემოჭრა და ოკუპაცია... პრორუსულ ძალებში მსგავსი და უარესი შინაარსის პროპაგანდის გავრცელება იყო და გაგრძელდება კიდეც. მთავარია, თუკი ცივილიზებულ ქვეყნებს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად სურთ ოკუპანტის შეჩერება და საკუთარი მიწის მცველი უკრაინელების დახმარება, დროულად და მასშტაბურად დაეხმარონ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკამ საბჭოთა კავშირს 7.000 ტანკი და 11.400 თვითმფრინავი მიაწოდა. დღემდე კი უკრაინამ ამერიკისგან მიიღო 30-ზე ნაკლები ტანკი, 38 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსი“ და აგრეთვე სხვა, შედარებით მსუბუქი შეიარაღება თუ აღჭურვილობა. ცხადია, ბევრად მეტი ტანკი, ძირითადად საბჭოთა T-72 პოლონეთიდან და ჩეხეთიდან მიიღო, თუმცა, რუსეთის დასამარცხებლად ეგ არ კმარა. უკრაინის ხელისუფლება მუდამ აცხადებს, ასეთი მცირე მასშტაბის დახმარება საკმარისი არ არის. ევროკავშირმა დაპირებული მილიონი ჭურვის ნაცვლად უკრაინას მხოლოდ 30% მიაწოდა, გასულ ზაფხულში უკრაინელების მიერ კონტრშეტევის ჩავარდნის მიზეზად კი, ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან დაპირებულ და მიუღებელ სამხედრო დახმარებას ასახელებენ. რუსეთი თითქმის ყოველდღე ბომბავს უკრაინის ტერიტორიას, საცხოვრებელ სახლებს, კვდება მშვიდობიანი მოსახლეობა, იღუპებიან რუსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცები. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ოკუპანტს მხოლოდ სათანადო სამხედრო ძალა თუ შეაჩერებს. სათანადო რესურსი კი, აქვს ამერიკას, რომლის პრეზიდენტიც დღემდე ფეხს ითრევს უკრაინის სრულფასოვნად მხარდაჭერისგან.
დამწვარი რუსული ტანკები ქალაქ ბუჩაში