Monday, August 9, 2021

საათები და კიბე



პაპაჩემის ოთახში კედლის საათი დღესაც ჰკიდია. საბჭოთა მთავრობამ მგონი ომის დამთავრების რომელიღაც წლისთავზე აჩუქა, როგორც ომის მონაწილეს. შემოსასვლელ ოთახში სხვა კედლის საათი ეკიდა. შეიძლება, ისიც პაპაჩემის საჩუქარი იყო, ეგ აღარ მახსოვს.

თავის ოთახში ჩამოკიდებულ საათს ყოველთვის პაპაჩემი ქოქავდა, შემოსასვლელში რომელიც იყო, იმას მამაჩემი. კვირაში ერთხელ ყოფნიდა. პატარა ვიყავი, მეც ვცადე საათის მომართვა და გაჩერდა - ოდნავ თუ გაამოძრავებდი, „ბალანსი“ ირღვეოდა და ქანქარა 10-15 წამში წყვეტდა მოძრაობას. გაანებე თავიო - მითხრეს და მეც გავანებე.

პაპა თავის ოთახში, მამა შემოსასვლელში აქცევდნენ ყურადღებას საათებს. იშვიათად ისიც მომხდარა, დავიწყებიათ დაქოქვა, გაჩერებულა და მერე დროის „გასწორებაც“ საჭირო გამხდარა. კვირაში ერთხელ, საათს დაქოქვა სჭირდებოდა...

ერთ დღეს ფიქრი ამეკვიატა - ნეტა, უკვე რამდენჯერ არის ეს საათები დაქოქილი, კიდევ რამდენი დაქოქვა მოუწევთ? მერე, ფიქრი სხვა მიმართულებით წავიდა, ნეტა უკვე რამდენჯერ დაქოქა ეს საათი პაპამ და კიდევ რამდენჯერ შეძლებს? მამამ? აგორდა ფიქრი და აღარ მომშორდა: რამდენი დარჩა...

გუშინ სოფელში ვიყავი. დაღამებულზე კიბეს ავუყევი მეორე სართულზე - დასაძინებლად მივდიოდი. სოფელში მეტწილად შაბათ-კვირასღა თუ ჩავდივარ. კვირაში ერთხელ. ძველი ფიქრებიც ადგილზეა: კიდევ რამდენჯერ?

შემოსასვლელ ოთახში, კედელზე, კაი ხანია სხვა, ელექტრო საათი ჰკიდია - გაფუჭდა და მამაჩემის სიცოცხლეშივე გამოვცვალეთ. პაპაჩემის ოთახში ძველი საათი ისევ კედელზეა. აღარავინ ქოქავს და გაჩერებულია. კიბეც ადგილზეა და ალბათ კაი ხანს კიდევ იქნება. უბრალოდ, რამდენი ასვლა-ჩამოსვლა დამრჩა, ეგ არ ვიცი. 😊

No comments:

Post a Comment