Monday, February 5, 2024

კრიშტიანუ 39 წლისაა

 პუშკაშის პრიზი და „ფიფას“ დაწუნებული გოლი, რომელიც რონალდუმ მაკრატელათი გაიტანა


    ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ, ან როგორც ყველა იცნობს - რონალდუ დღეს 39 წლის გახდა. არის თუ არა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ეს გემოვნების ამბავია და კამათიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ, არის თუ არა ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი - აქ საკამათო ბევრი აღარაფერია. კრიშტიანუ 2002 წლიდან პროფესიონალი ფეხბურთელია და 22 წლის შემდეგ, უკვე 39 წლის ასაკშიც საუკეთესო სპორტულ ფორმაშია.

17 წლის იყო, როცა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონის „სპორტინგის“ წევრი გახდა, 18 წლის უკვე ინგლისში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 24 წლისა ესპანეთში, მადრიდის „რეალში“ წავიდა, 9 წლის შემდეგ, 33 წლის რონალდუმ იტალიაში, ტურინის „იუვენტუსში“ განაგრძო თამაში, 36 წლის ასაკში კვლავ ინგლისში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო 38 წლის ვარსკვლავი უკვე სულ სხვა, ევროპის ტოპ-ჩემპიონატებთან შედარებით მდარე, საუდის არაბეთის პროლიგის კლუბ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გახდა.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა და მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოსავლისა (არაბული კლუბი წლიურად 200 მილიონ დოლარზე მეტს უხდის), რონალდუ ისევ ძველებურად ვარჯიშობს და ისევ ბავშვურად უხარია გოლების გატანა. სპორტსმენის ეტალონი კი მეტი რა უნდა იყოს - დაუზარელი ვარჯიში და ახალ-ახალი გამარჯვებების ჩაუქრობელი ჟინი.

ერთი გოლის ისტორია და საფეხბურთო „ბოსების“ ნეგატიური დამოკიდებულება

    შეუძლებელია რონალდუს მიღწევებზე ლაპარაკმა ლიონელ მესის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გარეშე ჩაიაროს. ბოლო-ბოლო, რონალდუც და მესიც თავიანთ საუკეთესო წლებში ესპანეთის ლალიგაში 9 წლის მანძილზე იყვნენ კონკურენტები, უამრავი ჯილდოებიც მოიგეს და თავიანთი კონკურენციით ფეხბურთი არამხოლოდ ესპანეთში, არამედ მსოფლიოშიც მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე აიყვანეს. ის, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ცალკე აღებული ერთი მოთამაშის მოგებული ჯილდოების შეფასება მთლად ობიექტური საქმე არ არის, აშკარაა. ერთია, როცა საათივით აწყობილი გუნდის საჭირო ჭანჭიკი ხარ და მეორეა, როცა მთელი გუნდის „თრევა“ მეტწილად საკუთარი მხრებით გიწევს. ამიტომ, ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი დაჩაგრულა არასათანადო გუნდელების გამო, თუმცა, ერთეულებს მოუხერხებიათ გაცილებით დიდი ტვირთის საკუთარი მხრებით ზიდვა, როცა მხარში ამომდგომი გვერდით არ ჰყოლიათ. გადამწყვეტ მომენტებში ვის მეტად გამოუვლენია ლიდერის თვისებები და ვის მეტად დაუღალატებია გუნდი - ესეც კი საბოლოოდ შემფასებლის მიერ სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე დადის. 

    ერთ-ერთი ყველაზე სუბიექტური პრიზი, რომლითაც მსოფლიოში გამორჩეულ ფეხბურთელებს აჯილდოებენ, „ოქროს ბურთია“. ამ ნომინაციაში, ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს 8:5 უგებს, თუმცა, მესისთვის ოქროს ბურთის მინიჭებამ არაერთ წელს გამოიწვია უსამართლობის განცდა. იყო შემთხვევები, როდესაც წლის მანძილზე სხვა ფეხბურთელებს უფრო მეტი გატანილი გოლი თუ მოგებული ტიტული ჰქონდათ, თუმცა, „ფიფას“ და სპორტული ჟურნალისტების სუბიექტური გადაწყვეტილებით, „ოქროს ბურთი“ მესის დარჩა.

კიდევ ერთი პრიზი, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა და შეიძლება მხოლოდ ერთი გოლის გატანითაც მიიღოს - პუშკაშის პრიზია. უნგრელი ფრენც პუშკაში მიჩნეულია 1950-60-იანი წლების საუკეთესო თავდამსხმელად და ბომბარდირად. უნგრეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ლეგენდა 2006 წელს გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა 2009 წელს დააარსა - „პუშკაშის პრიზი“, რომელიც გადაეცემა წლის საუკეთესო და ესთეტიკურად ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს.

პირველი პრიზის მფლობელი გახდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა და უეფა- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პორტუს“ გაუტანა. 

იგივე პრიზზე რონალდუ კიდევ ერთხელ, 2018 წელს იყო ნომინირებული, როდესაც მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი იყო და ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლის სეზონზე, მეოთხედფინალურ მატჩში „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს „მაკრატელა“ გაუტანა. თუმცა, პუშკაშის პრიზი „ლივერპულის“ თავდამსხმელს, მოჰამედ სალაჰს მისცეს, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მატჩში „ევერტონს“ გაუტანა.

2019 წელს, ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში რონალდუმ თავისი გოლი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლად მიიჩნია.

„მე არასოდეს მინახავს მაკრატელათი გატანილი მსგავსი გოლი. ის, რაც ნახტომში შევასრულე ბუფონის, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, შესაძლებელია ერთ-ერთი საუკეთესო გოლია, რაც კი საერთოდ მინახავს. არა იმიტომ რომ ჩემი გატანილი გოლია, სხვას რომ გაეტანა, იმავეს ვიტყოდი.

- სექსს ჯობია?

- სექსს თუ ჯობია?

- გულწრფელად მიპასუხე.

- გულწრფელად? არა! ჩემ ჯორჯინასთან სექსს არ ჯობია.


რონალდუს მიღწევები

დღემდე კრიშტიანუ რონალდუს პროფესიულ კარიერაში სულ გატანილი აქვს 873 გოლი, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. რაც შეეხება გუნდურ ჯილდოებს, მათი რაოდენობა 35-ია:


მანჩესტერ იუნაიტედი
(10)[6]

 


ინგლისის ჩემპიონი (3): 2006–07, 2007–08, 2008–09

ასოციაციის თასის მფლობელი (1): 2003–04

ლიგის თასის მფლობელი (2): 2005–06, 2008–09

ინგლისის სუპერთასის მფლობელი (1): 2007

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2007–08

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2008

 


 
რეალ მადრიდი (16)[6]

 

 


ესპანეთის ჩემპიონი (2): 2011–12, 2016–17

ესპანეთის თასის მფლობელი (2): 2010–11, 2013–14

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (2): 2012, 2017

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (4): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18

უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული (3): 2014, 2016, 2017

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (3): 2014, 2016, 2017

 



 იუვენტუსი (4)

 


იტალიის სერია A: 2018–19, 2019–20

იტალიის სუპერთასი: 2018, 2020

 



ალ ნასრი (1)

 


არაბული კლუბების ჩემპიონთა თასი 2022-23

 

სანაკრებო კარიერა

 


 პორტუგალია (2)

 


ევროპის ჩემპიონი (1): 2016

ერთა ლიგა (1): 2019


კრიშტიანუ 39 წლის გახდა. 22 წელი უმაღლეს დონეზე მართლაც რომ სანიმუშო და ნებისმიერი სპორტსმენისთვის მისაბაძი მიღწევა შეიძლება იყოს. გაუმარჯოს კრიშტიანუს და ყველას, ვინც ფეხბურთს უკეთესს ხდის და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების მაგალითს აძლევს.





No comments:

Post a Comment