Wednesday, September 19, 2012

გაძვირება... იაფად


ეკოპალიტრა (17.09.2012)

მგზავრობიდან საათ-ნახევრის შემდეგ, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრები კვლავ 50 თეთრს გადაიხდიან







ბოლო დღეებში თუ მეტროთი გიმგზავრიათ, მატარებლის მოსვლამდე უთუოდ გაიგონებდით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სქემის შესახებ. იმავე შინაარსის განცხადება სატელევიზიო სარეკლამო რგოლებითაც ვრცელდებოდა. თბილისის მერია გთავაზობთ, ისარგებლოთ მუნიციპალური ტრანსპორტის გაიაფებული ტარიფებით. იდეის დასამკვიდრებლად 15 ათას თბილისელსა თუ დედაქალაქის სტუმარს მხარდაჭერა საიტ www.chemitbilisi.com-ზე უნდა დაედასტურებინა. ხმის მიცემის ხუთდღიანი ვადა ამოიწურა, აღირიცხა 15 770 მხარდამჭერი. მერიამაც სქემის ამოქმედება გადაწყვიტა.

ერთი შეხედვით, ინიციატივა მგზავრებისთვის ხელსაყრელია. ყველა, ვინც გადახდისას ელექტრონული ბარათით ("მეტრომანით") სარგებლობს, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასურის, 50 თეთრის გადახდიდან საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას, უფასოდ იმგზავრებს. "მეტრომანი" თბილისში მილიონზე მეტი ადამიანს აქვს. ახალი ფასდაკლების სისტემის შემოღების იდეა, რომელიც ავტორმა "ტრანსპორტის გაიაფების იდეად" მონათლა, დედაქალაქის მერს ეკუთვნის.

www.chemitbilisi.com-ის ფუნქცია მითითებულია, როგორც "ჩემი იდეა თბილისის მერს". საიტზე ინტერნეტმომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი იდეები წამოაყენონ ან რომელიმე იდეას გამოუცხადონ მხარდაჭერა - მარშრუტზე ავტობუსის დამატებას თუ უბანში სპორტული მოედნის გაკეთებას. მხარდამჭერების საჭირო რაოდენობა ზოგი იდეისთვის 2 ათასია, ზოგისთვისაც - 50 ათასი. თუმცა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ აქვთ იდეის მოწინააღმდეგეებს. მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, თბილისის ისტორიული გალავნის აღდგენის მოტივით, 15 721 ხმით გადაწყდა. თუმცა ამის წინააღმდეგი ნახევარი მილიონი ადამიანიც რომ ყოფილიყო, ისინი საკუთარ მოსაზრებას ვერ გამოხატავდნენ.

რეალურად რამდენად "გაუიაფდებათ" ტრანსპორტი თბილისელებს? ჯერ ვიანგარიშოთ ძველი სისტემით: ადამიანი დილით მიდის სამსახურში ავტობუსით ან მეტროთი. პირველი მგზავრობა 50 თეთრი უჯდება. საღამოს შინ ბრუნდება და მეორე მგზავრობა უკვე 30 თეთრი ღირს. შინ მისულმა გადაწყვიტა, დაესწროს, ვთქვათ, მერიის მოწყობილ კონცერტს რიყეზე და კვლავ მგზავრობს. დღის განმავლობაში მესამე მგზავრობა უკვე 20 თეთრი ღირს და შინ დაბრუნებაც ასევე 20 თეთრი დაუჯდება. სულ მგზავრობისთვის დაიხარჯა 50+30+20+20 თეთრი, რაც ჯამში 1,2 ლარია...

ახალ სქემასთან დაკავშირებით კი არსად გაკეთებულა მინიშნება, დარჩება თუ არა ძალაში დღევანდელი ფასდაკლებები. რაკი შემოთავაზებული იყო "მგზავრობის ახალი ფასდაკლების სისტემა" და არა სისტემაში ცვლილება, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი ფასდაკლებები ძველის სანაცვლოდ დაწესდებოდა და არა დამატებით. ასეც აღმოჩნდა - ეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაგვიდასტურეს. 

გამოდის, ზემოთ აღწერილი გზაც უფრო ძვირი დაჯდება: დილით სამსახურამდე მგზავრობა - 50 თეთრი. საღამოს, რადგან უკვე საათ-ნახევარი გასულია, უფასოდ ვერ იმგზავრებთ და კვლავ 50 თეთრს გადაიხდით. შინ მისული სანამ ცოტას დაისვენებთ, საათ-ნახევარი დიდი ალბათობით ჩაივლის და მესამედაც 50 თეთრი უნდა გადაიხადოთ. თუ შუა კონცერტიდან არ გამოიქცევით, საათ-ნახევარი იქაც გავა და მგზავრობა ისევ და ისევ 50 თეთრად მოგიწევთ. დანახარჯი 50+50+50+50 თეთრი, ანუ 2 ლარი გამოდის.

ვისთვის იაფდება მგზავრობა? ვისაც სამსახურამდე მისასვლელად რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის გამოცვლა უწევს. ბევრია ასეთი ადამიანი? მეტრომდე, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობენ, რომლებიც ფასდაკლების სისტემაში არ მონაწილეობენ. ამიტომ ახალი სქემით, მცირე ნაწილს შესაძლოა მართლაც გაუიაფდეს მგზავრობა, მაგრამ ძირითადი ნაკადისთვის მგზავრობა გაძვირდება.

სხვა საკითხია, რომ იდეის მხარდასაჭერად ხუთდღიანი ვადა მაშინ დაწესდა და გავიდა კიდეც, როცა სტუდენტებსა და მოსწავლეებს ჯერ სწავლა არ დაწყებიათ და ბევრი ქალაქშიც არ იყო. ასეთ დროს სიახლის მოწონება დაჩქარებულად მოხდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მგზავრობის "გაიაფებული" გაძვირება მხარდაჭერების გარეშეც, წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

No comments:

Post a Comment