გლდანის ციხეში გადაღებულმა კადრებმა
თავისი საქმე გააკეთა. ციხეების მდგომარეობა საქვეყნოდ გამოააშკარავა, ხელისუფლება
გამოაჭენა და პატიმრების მდგომარეობამაც თითქმის ერთწლიანი დაგვიანებით გამოსწორება
დაიწყო. მაგრამ, იყო კი ეს კადრების გამავრცელებლის მიზანი? ალბათ, პატიმრების მდგომარეობა
ყველაზე ნაკლებად აღელვებდა, თორემ კადრებს არჩევნების წინა დღეებამდე არ შეინახავდა.
ეს მოსაზრება საკამათოდ მიაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს. მათი თქმით, ექსპერტიზის
და სხვა სათანადო მუშაობის გარეშე, რასაც დრო ჭირდებოდა, კადრების გავრცელებას შედეგი
არ მოჰყვებოდა. მოკლედ, კადრების გავრცელების დროულობაზე თუ მაინც არის კამათი, აბსოლუტურად
არასაკამათო სიტუაცია შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მიმართ. ოპოზიციის
და ხელისუფლების მხარდამჭერები, ასევე ისინი - ვისაც არჩევნები ნაკლებად აინტერესებს, კითხულობენ, რატომ არ მიაქცია პარლამენტმა ყურადღება
ომბუდსმენის ანგარიშებს და ამდენხანს რატომ არავინ ატეხა ერთი ამბავი პატიმრების წამებაზე
- რასაც გიორგი ტუღუში თავის ანგარიშებში წერდა და დეპუტატების წინაშე მიკროფონთან
კითხულობდა კიდეც.
„პარლამენტი არის ბუტაფორია“ - დაასკვნა
ოპოზიციამ. „კალმახელიძე იყო ბუტაფორია“ - ამას მგონი ოპოზიციაზე არანაკლებ ამბობენ ხელისუფლების
მომხრეებიც. ასეა თუ ისე, ეს „ბუტაფორიები“ სრულიად „არაბუტაფორიულ“ ხელფასს
იღებენ და არც პრემიებზე ამბობენ უარს.
„ხელისუფლებას ძალაუფლება თავში აქვს
ავარდნილი“ - დაუღალავად იმეორებენ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეები და ამბობენ,
რომ ციხის სკანდალის გამო სააკაშვილიც და მმართველი ძალაც უნდა წავიდნენ ქვეყნის ხელისუფლებიდან.
ზოგი იმასაც ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არსებობის უფლებაც არ აქვს, რადგან
პარლამენტს ერთპიროვნულად სწორედ „ნაციონალები“ მართავენ და მათ სინდისზეა ომბუდსმენის
ანგარიშების „გატარება“.
საქართველოში საკუთარი დანაშაულის
სხვაზე შეწმენდა ჩვეულებრივი ამბავია და არც არავისგან არის გასაკვირი. თუმცა, მაინც
საინტერესოა, ვისი დამსახურებით და ხელშეწყობით „აუვარდა ძალაუფლება თავში ხელისუფლებას?“
ასევე, ვისი ბრალია, „პარლამენტი რომ ბუტაფორიად არის გადაქცეული?“. ვერ დაუკარგავ
ლევან ვეფხვაძეს, წინასაარჩევნო კლიპში ჩანს, როგორ ამბობს პარლამენტის ტრიბუნასთან
- „ხათუნა კალმახელიძე პასუხისგებაშია მისაცემი იმ ანგარიშის მიხედვით, რაც ტუღუშმა წარმოადგინა“.
მაგრამ, სანამ ციხის სკანდალი არ აგორდა, 18 სექტემბრამდე „ქრისტიან-დემოკრატებსაც“
კი აღარ ახსოვდათ ვეფხვაძის გამოსვლა და წინასაარჩევნო კლიპშიც არ მოხვედრილა მათი
ერთ-ერთი ლიდერის განცხადება.
„ნაციონალურ მოძრაობის“ პასუხისმგებლობა
სადავო არ არის, მაგრამ, ამ პირობებშიც კი,
იყო თუ არა შესაძლებელი „ხელისუფლებას ძალაუფლება თავში არ ავარდნოდა“ და ომბუდსმენის
ანგარიშს დროული რეაგირება მოჰყოლოდა? ცხადია, იყო. და ეს შანსი სწორედაც რომ ოპოზიციას
ჰქონდა. რატომღაც ყველამ დაივიწყა, მაგრამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული და მაჟორიტარული სიის მიხედვით გაერთიანებულმა ოპოზიციამ 17 მანდატი მიიღო. თუმცა უმეტესობამ პარლამენტში
შესვლაზე უარი თქვა და დეპუტატის მანდატი სახალხოდ დაჭრა კიდეც.
რა შეეძლო 17 დეპუტატს, როდესაც
„ნაციონალურ მოძრაობამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა? სულ რომ არაფერი, დეპუტატს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბევრად მეტი საშუალება აქვს, ვიდრე „ქუჩის
ოპოზიციონერს“. ომბუდსმენის ანგარიშზე რეაგირების მოხდენა დეპუტატს რომ მეტად შეუძლია,
ვიდრე რუსთაველის გამზირზე ე.წ. საკანში მჯდომ გულანთებულ პატრიოტს, ალბათ საკამათო
არ არის.
თუმცა, ამ დეპუტატებმა პარლამენტში
შესვლაზე და საქმის კეთებაზე, თუნდაც საქმის გამფუჭებლებისთვის ხელის შეშლაზე უარი
თქვეს. მანდატები თავის ამომრჩეველს თავზე გადაახიეს და დღეს კიდევ ერთხელ ითხოვენ
მხარდაჭერას. რამდენად აქვთ ამის მორალური უფლება, ეს ისევ ამომრჩევლის მეხსიერებაზეა
დამოკიდებული.
როგორც ყოველთვის, ორიგინალურია
„ლეიბორისტული პარტია“. მათ მოპოვებული 6 მანდატი არ დახიეს, მაგრამ არც პარლამენტის
სხდომებს დასწრებიან, არც ტუღუშის ანგარიშების მოსმენით (შემდგომ რეაგირებაზე ცხადია
არც ღირს ლაპარაკი) შეუწუხებიათ თავი არც ხელფასის აღებაზე უთქვამთ უარი. ლეიბორისტული
პარტია დღესაც აპირებს მდიდარს წაართვას და ღარიბს მისცეს, თუმცა ეს რამდენად წაადგებათ
უფლებაშელახულ პატიმრებს, არ ვიცი.
გახსენებისთვის, მოდი იმ ადამიანთა
სია ვნახოთ, ვისაც ხმა მისცეს, დეპუტატის მანდატი მოაპოვებინეს, საშუალება ჰქონდა ძალადობას
დაპირისპირებოდა და ეს არ გააკეთა.
ლევან
გაჩეჩილაძე, დავით
გამყრელიძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, ეკა
ბესელია, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ხაინდრავა, ფიქრია ჩიხრაძე, დავით საგანელიძე, მამუკა კაციტაძე, ირაკლი იაშვილი.
„მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ და ყოფილმა „მემარჯვენემ“,
ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრმა დავით საგანელიძემ მაჟორიტარული არჩევნები მოიგეს
ვაკეში და დიდუბეში. თუმცა, მათაც ისევე გადაახიეს ამომრჩეველს საკუთარი მანდატი, როგორც
საქართველოს მასშტაბით არსებულ მხარდამჭერებს დანარჩენმა ოპოზიციონერებმა.
P.S. საინტერესოა შავი როდიდან გახდა ძალადობის საწინააღმდეგო ფერი? მთელი
ფეისბუკი გადაშავებული პროფილებით პატიმრების ცემას აპროტესტებს თუ ქურდების პატივისცემას
გამოხატავს - ეგეც საკითხავია.