Tuesday, February 15, 2011

ინტერვიუ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან



ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი" N3(27) 2010
 



მინი დოსიე
 
ალექსანდრე ხეთაგური დაიბადა 1976 წლის 5 აგვისტოს . თბილისში.

 1993-1997 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი);
2000 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი);
2000 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში (ფლორიდის შტატი, აშშ.) გაიარა ტრეინინგის კურსი კომუნალურ საწარმოთა რეგულირებისა და სტრატეგიის სპეციალობით (მსოფლიო ბანკის პროგრამა), ხოლო 2001 წელსფინანსებისა და საბიუჯეტო განვითარების საერთაშორისო ტრეინინგი (USAID/AED-ის პროგრამა) . პორტლენდში, მეინის შტატი, აშშ.
2000-2002წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი);

სამუშაო გამოცდილება:

1999-2000 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
2000-2002წწ.– საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად;
2004-2005 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებშიმინისტრის პირველი მოადგილე;
2006-2007 წლებში იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.




ბატონო ალექსანდრე, როგორ მოხდა თქვენთვის ენერგეტიკის მინისტრობის შეთავაზება და დათანხმება?

თავიდან რომ მივყვეთ, ენერგეტიკის სფეროში მუშაობა დავიწყე ჯერ კიდევ 1999 წელს, კერძოდ, ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში: პირველ ეტაპზე სტაჟიორად, შემდეგ ჯერ წამყვან სპეციალისტად, მერე მთავარ სპეციალისტად, დეპარტამენტის უფროსად. როდესაც ნიკა გილაური დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრად, 2004 წლის დასაწყისში, მან შემომთავაზა მოადგილეობა. 2004 წლის მარტში დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ; შემდგომ 2005-ში ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ. 2006-ში დავინიშნე ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად და უკვე 2007 წლის აგვისტოში, როდესაც ნიკა გილაური გადაიყვანეს საქართველოს ფინანსთა მინისტრად, მე შემომთავაზეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტი. დავთანხმდი და შესაბამისად, მას შემდეგ ვარ ამ თანამდებობაზე.

თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია საქართველოს ენერგეტიკა და რა სამოქმედო გეგმა გაქვთ?

ენერგეტიკული სექტორი უკვე საკმაოდ განვითარებულიაუპირველესი ამოცანები გადაწყვეტილია. ქვეყანაშია სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგება, ასევე სტაბილური და უწყვეტი ელექტრომომარაგება. განხორციელდა გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიცირება და ამავდროულად, საექსპორტო ქვეყნად ჩამოყალიბება ელექტროენერგეტიკაში. ამ ყველაფერს უკვე მივაღწიეთმოსახლეობა იღებს როგორც უწყვეტ ელექტრომომარაგებას, ასევე უწყვეტ გაზმომარაგებას. ბუნებრივი აირის
მიმწოდებელთა დივერსიფიცირება განხორციელებულია. დღესდღეობით, ბაზარზე შექმნილია კონკურენცია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ბუნებრივი გაზის იმპორტი. დღეს, საქართველოში არის გაზის 4 მიმწოდებელი კომპანია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში მუშაობენ.

ამავდროულად, საქართველო 2007 წლიდან ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. წლევანდელ 2010 წელს ჩვენ გავაკეთეთ მილიარდ 300 მილიონი კილოვატ/საათის ექსპორტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობაა. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2005 წელს საქართველომ მილიარდ 500 მილიონის იმპორტი განახორციელა. ანუ, პრაქტიკულად 5 წელიწადში ჩვენ ეს მაჩვენებელი ამოვატრიალეთ: იმპორტიორიდან გავხდით ექსპორტიორი. შესაბამისად, შემდგომი ეტაპის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ჰიდრორესურსების ათვისება მოხდეს. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ და მხოლოდ 18%-ია ათვისებული. ათვისების პროცენტი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, დიდი პერსპექტივები აქვს ამ მიმართულებას. თავისთავად, ჰიდროპოტენციალის ათვისებით შესაძლებელი იქნება გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება ამაღლდეს, გაიზარდოს საექსპორტო შემოსავლები ქვეყანაში. ამავდროულად, ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოხდება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ხდება კერძო ინვესტიციებით, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

თქვენ ბრძანეთ, რომ ბუნებრივი აირის მომწოდებელთა დივერსიფიკაცია მოხდა და შესაბამისად, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხი ამ ეტაპზე გადაჭრილია. კვლავ თუ დგას დღის წესრიგში გაზსაცავის მშენებლობის თემა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იყო ხოლმე?

ბუნებრივი აირის ნაწილში ჩვენ სტრატეგიას მივყვებით. ისევ და ისევ, უპირველესი ამოცანამოწოდების წყაროების დივერსიფიცირება და უწყვეტ გაზმომარაგებაზე გადასვლა უკვე განხორციელებულია. შემდგომი ნაბიჯი იქნება საქართველოს რეგიონების მაქსიმალური გაზიფიკაცია პროგრამის – “გაზი ყველა სოფელს” – ფარგლებში. მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები და 2 წელიწადში პრაქტიკულად მთლიანად საქართველოს მასშტაბით მომხმარებლების საერთო რაოდენობის 75%-მდე იქნება გაზიფიცირებული. შემდგომი ეტაპი არის უკვე მოწოდების უსაფრთხოების ამაღლება, რაც გულისხმობს იგივე გაზსაცავის მშენებლობას. დღესდღეობით მიმდინარეობს გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. “ათასწლეულის გამოწვევისფონდი ახორციელებს ამ პროექტის დაფინანსებას. ტექნიკური დასაბუთება 2011 წლის იანვრის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და უკვე შემდგომ ეტაპზე ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული იქნება გადაწყვეტილება: რას ვაკეთებთ მომავალში; ვაშენებთ თუ არა; და თუ ვაშენებთრა მოცულობის იქნება და მშენებლობა რა ვადებში დასრულდება.

ბატონო ალექსანდრე, ჩვენს რუბრიკასსახელმწიფო მოხელეჰქვია. თქვენი შეფასებით, დღევანდელ დღეს სახელმწიფო მოხელეებს რამდენად აქვთ ეს ცნება გააზრებული და ზოგადად, შედგა თუ არა საქართველოში ეს ინსტიტუტი, რასაც ჰქვია სახელმწიფო მოხელე? საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო მოხელე სხვა დატვირთვას ატარებდა...

ეს ინსტიტუტი საქართველოში შემდგარია. საქართველო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულია. სახელმწიფოებრიობა შედგა. შესაბამისად, უკვე სახელმწიფო მოხელე ფიქრობს იმაზე, როგორ გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, როგორ გააადვილოს პროცედურები, როგორ გაუადვილოს ჩვენს მოსახლეობას ცხოვრება. ცხოვრება ჯერ კიდევ მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ ეტაპისთვის ეს უმთავრესია. სწორედ ეს ინვესტიციები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს; ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა ჯამში თავისთავად სოციალურ-ეკონომიკურ დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ენერგეტიკის სფეროში რამდენად აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება, თუ ძირითადი პრიორიტეტები პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება? გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციის რა დონეა?

ეს დონე საკმაოდ მაღალია. მაგრამ, არსებობს კანონი მთავრობის სტრუქტურის და უფლებამოსილების შესახებ. შესაბამისად, ამ კანონში გაწერილია ის, თუ რაზე შეიძლება გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად სამინისტროს მიერ და რა საკითხებზე უნდა მოხდეს მთავრობასთან შეთანხმება. მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო. განსაზღვრულია, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს საკითხების მთავრობაზე წარდგენა, დასაბუთება და უკვე რა საკითხები შედის მთავრობის კომპეტენციის ქვეშ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკითხების საკმაოდ ფართო წრე სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ რეგულირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე წლის მანძილზე ენერგეტიკის სფეროს დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე უხვი იყო ხოლმე. ბოლო წლებში დაფინანსება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანამ ენერგეტიკული საკითხები ძირითადად გადაჭრა და თანხა ამიტომ არის შემცირებული?

ძირითადი საკითხები, რაც გადასაჭრელი გვქონდა იყო უწყვეტი ელექტრო და გაზმომარაგება. ეს საკითხები გადაწყვეტილია. მიწოდების უსაფრთხოება ასევე გადაწყვეტილია. ინვესტორების დაინტერესება და პრივატიზაციაეს საკითხებიც დასრულებულია. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობის მიმართულებები პრაქტიკულად შეცვლილია. უფრო მეტი მუშაობაა, უფრო მეტ დროს ვუთმობთ და ძირითადად ორიენტირებულები ვართ ახალი ჰიდროელექტროსადგრების მშენებლობისთვის ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვაზე. ეს კერძო ინვესტიციებია და სახელმწიფოს ჩარევა აღარ არის საჭირო. სწორედ ის, რომ ბიუჯეტი შემცირდა მნიშვნელოვნად (დაახლოებით 200 მილიონიდან 3 მილიონამდე წელიწადში), მოწმობს იმას, რომ სექტორი განვითარების სხვა ეტაპზეა გადასული. შექმნილია ისეთი გარემო, სადაც კერძო ინვესტიციებით შესაძლებელია სექტორის შემდგომი განვითარება.

პროგრამაგაზი ყველა სოფელსრა მდგომარეობაშია? რეგიონებში ამ პროგრამის მიღმა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დარჩენილი. დღეს რა ეტაპზეა პროგრამის განხორციელება?

შედგენილია გაზიფიცირების კონკრეტული სამწლიანი გრაფიკი. დასრულებამდე დარჩენილია 2 წელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრაქტიკულად, 2013 წლის ბოლოსთვის კომპანიასოკარიდა კომპანიაიტერა”, რომლებიც ფლობენ გაზგამანაწილებელ ქსელებს საქართველოს რეგიონებშიუზრუნველყოფენ ამ გრაფიკის დაცვას. შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, 2 წლის თავზე, საქართველოს სრული აბონენტების 75%-მდე იქნება გაზიფიცირებული. პრაქტიკულად, ეს არის მაქსიმუმი. იქ სადაც შესაძლებელია გაზის გაყვანაგაყვანილი იქნება.

გაზიფიკაციის თემის პარალელურად განიხილავენ ხოლმე ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას. რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში? გასულ წლებში გამრიცხველიანების დასრულების საბოლოო ვადის რამდენიმეჯერ გადავადება მოხდა...

პირიქით, კომპანიაენერგოპროსთანმოხდა დამატებით შეთანხმება და 10-წლიანი პროგრამა, რომელიც პირველად ხელშეკრულებაში იყო, შემცირდა 3 წლამდე. წელიწადში კომპანია განახორციელებს დაახლოებით 120 ათასი აბონენტის ინდივიდუალურად გამრიცხველიანებას. მიმდინარე წლის ბოლომდე ვალდებულებას ასრულებენ გადაჭარბებით. წელს იქნება 128 ათასი აბონენტი გამრიცხველიანებული. მაგრამ, გამრიცხველიანება მხოლოდ და მხოლოდ ძველი მრიცხველის ახლით შეცვლას არ გულისხმობს. ეს მთლიანად ინფრასტრუქტურის შეცვლას ნიშნავს. ანუ, არაიზოლირებული სადენები იზოლირებული სადენებით იცვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ უამინდობის პირობებში გამოირიცხება მოკლე ჩართვა, რაც მომხმარებელთან მიწოდებული ელექტროენერგიის როგორც ხარისხს გაზრდის, ასევე უსაფრთხოება იქნება გაზრდილი. ხის ბოძები ან ბეტონის ამორტიზირებული ბოძები იცვლება ახალი ბეტონის ბოძებით; იცვლება იზოლატორები; იცვლება თვითონ ტრანსფორმატორები; ანუ, მთლიანი ელექტრომეურნეობა იცვლება და დგება თანამედროვე ტიპის ინდივიდუალური მრიცხველი. 2013 წლისთვის მთელ საქართველოში, პრაქტიკულად ყველას ექნება არა მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველი, არამედ მთელი ქსელი იქნება განახლებული. რაც საქართველოს ელექტროფიცირება მოხდა, ეს ბოძები და კაბელები მას შემდეგ არავის გამოუცვლია. ახლა მთელი სისტემის განახლება ხდება.

ეს სამუშაოები, რაც თავისთავად დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, აისახება თუ არა ტარიფზე? ზოგადად, ტარიფებზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე როგორც გაზზე, ასევე ელექტროენერგიაზე. თქვენი აზრით, დღეს მოქმედი ტარიფები რამდენად დასაბუთებულია?

რაც შეეხება ფასების ზრდას, ეს აბსოლუტურად მარეგულირებელი კომისიის თემაა, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფასები გრძელვადიანი პერიოდით უკვე დასტაბილურებულია. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის მთავრობასთან და კომპანიასოკართანმიაღწია შეთანხმებას და გაფორმებულია 10-წლიანი კონტრაქტი. 2020 წლამდე ფასების ცვლილება დღის წესრიგში არ დადგება. შესაბამისად, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ელექტროენერგეტიკაზეც, რომ გრძელვადიანი პერიოდით არის ფასები დასტაბილურებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე, თუნდაც ინფლაციიდან გამომდინარე, რაც ყველა ქვეყანაში არსებობს და ჩვეულებრივი მოვლენაა, რაღაც ეტაპის შემდეგ მოხდება ტარიფების გადახედვა. 100 და 200 წლით ერთი და იგივე ტარიფი ვერსად იარსებებს.

დენის დიფერენცირებული ტარიფის მიხედვით, ვინც მეტს მოიხმარს, მას უფრო ძვირის გადახდა უწევს. თავის დროზე, როდესაც დიფერენცირება მოხდა, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი იყო და შეიძლება აზრი ჰქონდა დაზოგვის მიზნით ასეთ ტარიფს. დღეს კი, საქართველო უკვე ექსპორტიორი ქვეყანაა და ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით დიფერენცირებული ტარიფი აზრს კარგავს. ხომ არ დადგა დრო, რომ პრინციპი შეიცვალოს და ვინც მეტს მოიხმარს, კილოვატი უფრო ძვირი არ უჯდებოდეს?

ეს პრინციპი ძალაში უნდა რჩებოდეს. ექსპორტიორობასთან არანაირ კავშირში არ არის მოხმარების მიხედვით ტარიფები. პირველი ეს არის, რომ სოციალურად ვისაც უჭირს, ის უფრო ნაკლებს მოიხმარს და მას უფრო დაბალი ტარიფი აქვს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ მიუხედავად ექსპორტისა, ზამთრის განმავლობაში საქართველოში მუშაობს თბოელექტროსადგურები, რომლებზეც ელექტროენერგიის წარმოება ჯდება ძვირი. თავისთავად, თუ თბოელექტროსადგურები არ იმუშავებენ, მოხმარება უნდა იყოს დაბალი. მოხმარება კი დაბალი არ არის. შესაბამისად, თბოელექტროსადგურები საჭიროა. რაც უფრო მაღალია მოხმარება, მით უფრო მეტია თბოელექტროსადგურების მუშაობის წილი. შესაბამისად, უფრო ძვირი ჯდება ელექტროენერგია. ანუ, ამ ორ შემთხვევაში ის პრინციპი არ მუშაობს, რომ რაც უფრო მეტს მოიხმარს, მას არ უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი ტარიფი. თბოელექტროსადგურების გამომუშავებული დენის რაც უფრო მეტი მოხმარება ხდება, ელექტროენერგიის საშუალო ფასი უფრო იზრდება.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ განაცხადა, რომ ახალი წლიდან გამანაწილებელი კომპანიები აპირებენ ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდას...

ეს უაზრობად მიმაჩნია. კარგი იქნება, თუ პოპულისტობას ყველა თავს დაანებებს და საკუთარ საქმეს მიხედავენ. კომპანიებისთვის დღესდღეობით ტარიფის ზრდის წინაპირობები არ არსებობს.

წინა წლებში, საქართველოში იყო ჰესების მშენებლობის ბუმი. წეღან თქვენ თქვით, რომ ეს მიმართულება პრიორიტეტად რჩება. რამდენად შესრულდა დასახული გეგმები და თუ არის შენარჩუნებული საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მხრივ, როცა უცხოური ინვესტიციები წელს ძალიან არის შემცირებული?

ენერგეტიკის სექტორში ამის თქმა არ შემიძლია. გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, რომელიც 2008 წელს ერთმანეთს დაემთხვა, 2009 წლის დასაწყისში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. იმავე წელს მოხდა 2 დამატებითი მშენებლობა, ანუ 2009 წელს 3 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. 4 ახალი სადგურის მშენებლობა დაიწყო 2010-ში. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ინვესტორებს ენერგეტიკის სექტორისადმი დამოკიდებულება არ განელებიათ.

მართალია, უკვე ვისაუბრეთ ელექტროენერგიის და გაზმომარაგების დივერსიფიკაციის შესახებ, მაგრამ უფრო კონკრეტულად, რამდენად შესრულდა ის გეგმები, რაც 3-4 წლის წინ იყო?

იქიდან გამომდინარე, რომ კომერციულ ბაზარზე გაზის ფასები გრძელვადიანი პერიოდით დასტაბილ-ურდა, შემცირდა კიდეც. რუსულ გაზზე როდესაც ვიყავით დამოკიდებული, რუსული გაზის ფასი იყო 280$ და კიდევ უფრო გაგვიძვირდებოდა, დივერსიფიცირება რომ არ გაგვეკეთებინა და ალტერნატიული მომწოდებლები არ გვეპოვა. დღესდღეობით, გაზის ფასი შემცირებულია 280-დან 220 დოლარამდე. კომერციული გაზის საბითუმო ფასს ვგულისხმობ, ყოველ 1000 კუბურ მეტრზე. ფასის 280 დოლარიდან 220 დოლარამდე შემცირება სწორედ კონკურენციამ და დივერსიფიცირებამ გამოიწვია.

ბოლო თვეებში რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. თითქმის ნახევარი საათით მეტროც გაჩერდა. თანაც, ეს ხდება იმ დროს, როდესაც გვესმის, რომ ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული...

გათიშვა ხდება ჩვეულებრივი ავარიებიდან გამომდინარე. ასეთი ავარიებისგან დაზღვეული არავინ არის. ასეთი შემთხვევები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. შეგახსენებთ, 2001 წელს, შეერთებული შტატების მთელი აღმოსავლეთი მხარე ერთი კვირით იყო გათიშული. რამდენიმე დღით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქი ჩაბნელებული იყო. ავარიებისგან არავინაა დაზღვეული. შესაძლებელია, ხაზების გაწყვეტა უამინდობის გამოც მოხდეს და სისტემაში ავარია გამოიწვიოს. თუმცა, ეს ავარიები საქართველოში არ გრძელდება 20-40 წუთზე ხანგრძლივად. ამ პერიოდში ხდება მისი აღმოფხვრა.

დასახელებული გათიშვები ზაფხულში იყო. წლევანდელი ზაფხული იყო ცხელი და ამის გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი იყო. საქართველოში ცხოვრების დონე რომ გაიზარდა, ეს ძალიან კარგად ჩანს ელექტროენერგიის მოხმარებაზეც. ელექტროენერგიის მოხმარება წელს გვქონდა დაახლოებით 20%-ით მეტი, ვიდრე 5 წლის წინ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ კონდინცირების სისტემები უფრო მეტია დამონტაჟებული. მოხმარების ზრდა ზაფხულში სადენების დამატებით გადახურებას იწვევს. როცა გარემოს ტემპერატურაც მაღალია, ხდება სადენების დაწევა, რასაც მოჰყვება გადაფარვა ან ხეებზე, ან სხვაგან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სტატისტიკა და დავრწმუნდებით, რომ 40 წუთზე ხანგრძლივად გათიშვა არ გაგრძელებულა. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს პრობლემა უნდა არსებობდეს. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. ზაფხულის შემდეგ, ასეთი გათიშვა აღარ ყოფილა. მოვახდინეთ ყველა სამსახურის მობილიზება. ნაპოვნია ისეთი ადგილები და მიზეზები, რაც ავარიებს იწვევდა. მოხდა ამ გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

ჯერ კიდევ შორს ვართ იმისგან, რომ სისტემა იყოს იდეალური, მაგრამ სისტემის დასახვეწად ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, ისევ და ისევავარიისგან დაზღვეული არავინაა.

რა ტენდენციაა ჰიდროელექტროსადგურებსა და თბოელექტროსადგურებს შორის გამომუშავებულ ენერგიებს შორის: წინა წლებთან შედარებით იზრდება თუ მცირდება ჰესების მიერ გამომუშავებული დენის წილი?

რადგან ახალი ჰიდროელექტროსადგურები სისტემაში ჯერ არ ჩართულა, გამომუშავებაში ახალი სადგურების წილიც არ არის. თუმცა, რეაბილიტაციების ხარჯზე, გარკვეულწილად, ჰიდროელექტროსადგურების წილი იზრდება. ეს ხდება ზაფხულის პერიოდში. წყალი მეტია და მეტს გამოიმუშავებენ. პროცენტული გადანაწილება მთელი წლის განმავლობაში არის 15% თბოლექტრო-სადგური, 85% კი ჰიდროელექტროსადგურები.

რა მდგომარეობაა ენერგოობიექტების პრივატიზების მხრივ: რომელიმე მათგანის პრივატიზება თუ იგეგმება, მათ შორის ენგურჰესზეა ხოლმე ლაპარაკი...

ენერგოობიექტების პრივატიზებას რაც შეეხება, პრაქტიკულად დასრულებულია და ყველა ენერგოობიექტი არის პრივატიზებული. რაც შეეხება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებსცენტრალურ სადისპეტჩერო ქსელს, ნავთობის და გაზის კორპორაციასმათი პრივატიზება ისედაც არ იგეგმება და არც განხორციელდება. შეიძლება განხორციელდეს მინორიტარული პაკეტის, ანუ აქციების პაკეტის 25%-მდე საერთაშორისო ბირჟებზე განთავსება იმისთვის, რომ ქვეყნის და კომპანიის რეიტინგი გაიზარდოს და დროულად მოვიზიდოთ დამატებითი საინვესტიციო თანხები.

ბატონო ალექსანდრე, როგორია თქვენი სამომავლო გეგმებისახელმწიფო სამსახური, კერძო ბიზნესი თუ რაიმე სხვა საქმიანობას აპირებთ?

ჯერჯერობით ძალიან ბევრია ადგილზე გასაკეთებელი. ეს გეგმები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მართალი რომ გითხრათ, სხვა რაღაცაზე ფიქრის დრო ჯერჯერობით არც მრჩება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ენერგეტიკაში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

თავისუფალი დრო და ჰობი, რაც ენერგეტიკის მინისტრს აქვს?

მუშაობა და არცერთი პროექტის ჩაგდება. პროექტების ვადაზე ადრე დასრულებაეგ არის ჩემი ჰობი. სამწუხაროდ, სხვა რამისთვის დრო არ მრჩება და გატაცებაც ისაა, რომ რასაც დავგეგმავთ, იმას ვადაში ვაკეთებ.



No comments:

Post a Comment