Monday, December 13, 2010

ჯვრისწერის ფორმულა

მოძღვარი გყავს? ჯვარი მასთან დაიწერე,მირჩიეს.

მოძღვარი არ მყავს. ჯვარი კი ერთ-ერთ ეკლესიაში დავიწერე. ორიოდე კვირის წინ გადავწყვიტე სამოქალაქო რეესტრის წინაშეც პირნათელი ვყოფილიყავი და ეკლესიურადაც დამედასტურებინა ოჯახის შექმნის განზრახვა. რატომ მაინცდამაინც იმ ეკლესიაში, რომელიც შევარჩიეთ? უბრალოდ, კონკასთან ხელმოწერის შემდეგ ყველაზე ახლოს ეს ტაძარია და არანაირად არ მსურდა ქორწილის დღეს მარშრუტის გართულება და სტუმრების აღმა-დაღმა ტარება. სამება, სვეტიცხოველი ან სხვა რომელიმე ეკლესია თავიდანვე გამოვრიცხე. ზოგი იმის გამო, რომ გზას მირთულებდა და ისედაც რაიონში წასასვლელებს კიდევ უფრო მეტი სიარული მოგვიწევდა (მანქანებით მეტი სიარული მეტი რისკია), ზოგიც იმის გამოც, რომ საეკლესიო რიტუალებზე ლამის ოფიციალური გადასახადია დაწესებული და მიუღებლად მეჩვენება ღვთის სახლში ვაჭრობის გამართვა. ამიტომ, მეც და ჩემი ცოლიც შევთანხმდით რომელიმე მყუდრო და ქორწინების სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში დაგვეწერა ჯვარი. ეკლესიას ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მივაკითხეთ. სანთლების გამყიდველთან ის გავარკვიეთ, რომელი მღვდელი მსახურობდა ჩვენი ქორწილის დღეს. ჯვრისწერის მსურველები კი ყოველი კვირის დასაწყისში ეწერებიან სიაში და ვისაც როდის მოუწევს რიგი, მღვდელიც იმ დღეს და იმ დროს დასწერს ჯვარს. ჩვენთვის ჯვრის დამწერი მამა გიორგი აღმოჩნდა.

როგორც სამოქალაქო რეესტრში ხელმოწერის დროს, ასევე ჯვრისწერისას მეჯვარეა საჭირო. კარგია თუ ცუდიეს სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ქორწილის დღეს სიძის მეჯვარის ჯიბეს კარგი დღე ნამდვილად არ ადგება ხოლმე. დღემდე მიღებულია, რომ საქორწინო რიტუალების დროს მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება სწორედ მეჯვარის ვალდებულებაა. ამიტომაც, მეჯვარედ იმდენად ახლობელი ადამიანი მიჰყავთ, ვისი ხარჯში ჩაგდებასაც გამართლება მოეძებნება. სწორედ ასეთ ახლობელი ადამიანსჩემს მეგობარს ვთხოვე მეჯვარედ წამომყოლოდა. დიმა უყოყმანოდ დამთანხმდაძლივს ცოლის მოყვანა გადაწყვიტე და შენს მეჯვარეობაზე უარს რა მათქმევინებსო.

ქორწინების წინა დღეს დიმასთან ერთად ეკლესიას მივაკითხე. მამა გიორგიც პირადად ვნახეთ. კვირის დასაწყისში ჩანიშნული დრო არ შეიცვლება და ხვალ, 2 საათზე დაგწერთ ჯვარს, - გვითხრა მოძღვარმა.

მამაო გიორგი, ჩვენი მხრიდან რა არის საჭირო ჯვრისწერისათვის?მოულოდნელობისგან თავის დასაზღვევად ვკითხე მოძღვარს (ადრე, მეგობარს მეც გავყვევი მეჯვარედ და როდესაც ჯვრისწერის დასრულებისას იმ მოძღვარს ფრთხილად შევთავაზე, რამდენია გადასახადი მეთქიმკაცრად მიმითითა ეკლესიაში მდგარ შესაწირის ყუთზერამდენიც გაგიხარდება, იმდენი ჩააგდე შესწირში).

რასაც შესაწირში ჩააგდებთ, შვილო, მეტი არაფერი, – გამიღიმა მამა გიორგიმ. გამიხარდა, ეკლესია სწორად შემირჩევია, აქ გამომძალველობა სხვა მრავალი ეკლესიის მსგავსად არ ყოფილა. დიმაც კმაყოფილი ჩანდა. ნათქვამი ჰქონდა, ჯიბეში არავისთვის არ ჩამიკუჭია ფული. თუ მეტყვიან რა თანხაც არის გადასახდელი, უპრობლემოდ გადავცემ ხელში ან, თუ მეტყვიან იგივე თანხას ჩავაგდებ შესაწირში, მთავარია ქრთამის მსგავსად არ მომიწიოს ვინმესთვის ფულის ჩაცურებაო.

მეორე დღეს ჯერ სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში მივედით. განცხადების შეტანისას გაგვაფრთხილესთუ ცერემონიალით გსურთ თქვენი ქორწინების დადასტურება, ამისთვის 150 ლარი უნდა გადაიხადოთო. ცერემონიალში შედის სტუმრების დასწრება ხელმოწერაზე, მენდელსონის მუსიკა და შამპანური. ცერემონიალის გარეშე კი, ხელმოწერის პროცედურაზე მხოლოდ ნეფე-დედოფლის და მეჯვარეების დასწრებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში არც შამპანურს შემოგთავაზებენ და არც მენდელსონს ჩაგირთავენ, თუმცა ქორწინების მოწმობას პატიოსნად შეგივსებენ, გადმოგცემენ და არც ღიმილით მოლოცვას დაიშურებენ. რადგან საქორწინო სუფრა გველოდა და ქორწილის დაწყებისას მენდელსონის მუსიკაც არ გამოგვაკლდებოდა, მეც და ჩემი ცოლიც ხელმოწერის უფასო ვარიანტს დავთანხმდით. ქორწინების რეგისტრაციამ შეთანხმების მიხედვით ჩაიარა და მოწვეულ ახლობლებთან ერთად ეკლესიას მივაშურეთ.

როგორც გაირკვა, მთავარი ამბები წინ გველოდა. როგორც კი ეკლესიაში შევედით, მგალობელთაგან ერთ-ერთმა იკითხა სიძის მეჯვარე რომელი ხართ? და დიმა გვერდზე გაიყვანა. სხვა ეკლესიებში რა ფორმულაა არ ვიცი, მაგრამ სადაც ჩვენ ვიყავით მეჯვარეს ასე განუმარტეს: სანთლები და მოწმობა 50 ლარი, ჯვრისწერის თანხა მამაოს პირადად უნდა გადასცეთ ხელში და ჯვრისწერის თანხა შესაწირში არ ჩააგდოთ (მამაოსთვის ხელზე გადასაცემი თანხა მინიმუმ 50 ლარიდან იწყება). თან, განმარტებაც მოაყოლესპირადად უნდა მისცეთ იმიტომ, რომ გაჭირვებულთა დასახმარებლად გაღებული თანხა სხვაა და მამაოს მსახურებისთვის გაღებული თანხა სხვა. თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში 3 მღვდელი მსახურობს და სავარაუდოდ, სწორედ ერთმანეთის ფული რომ არ აიღონ, ფულის პირადად გადაცემას ამიტომ ითხოვენ. საინტერესო იყო ასევე მგალობლებისთვის ფულის გაღების მოთხოვნა: მგალობლებს უნდა სცე პატივი და გაითვალისწინე, რომ ისინი ოთხნი არიან, - თქვა ოთხიდან ერთ-ერთმა მგალობელმა. ამ თანხის გაღების შემდეგ კი, მეჯვარეს დამატებით შესაწირში ფულის ჩაგდების უფლებაც მისცა.

როგორია სტუმრების თანდასწრებით დემარში ეკლესიიდან? გამორიცხული. მთელ ეკლესიურ საახლობლოს საკუთარი ქორწილის დღეს დაკარგავ. ურწმუნოს და გადარეულის სტატუსს გაცილებით იოლად მოგაკრავენ, ვიდრე ეკლესიის სახელით მოქმედი გამომძალველების გამო გაბრაზებულისას. ეკლესიიდან წამოსვლის სურვილი მეორედ მაშინ გამიჩნდა, მგალობლები საცოდავად რომ შეეცადნენ საგალობლისთვის გაერთვათ თავი. ერთი მგალობელი აშკარად სმენასთანაც მწყრალად იყო, ხმასთანაც და როგორც ამ შემთხვევაში ამბობენარც სინდისთან ჰქონდა მთლად პატიოსანი დამოკიდებულება. კინოფილმი ლონდრე და ეკლესიის მგალობლები გაგვახსენდა. თუმცა, ლონდრეში გაცილებით მეტი იყო მგალობლების ხმებს შორის ჰარმონია.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: მეჯვარეობა რთული ხვედრია. წინა დღეს მამაო გეტყვის - რასაც შესწირავ, ეგ მხოლოდ შენი ნებაა, მეორე დღეს კი იმავე ეკლესიაში მამაოს მითითებით მგალობელი უნამუსოდ გაგატყავებს.

ერთი კი ცხადია. დიმა უხერხულ სიტუაციას გადარჩა. რასაც წინასწარ განიცდიდა, მამაოსთვის ჯიბეში ფულის ჩაცურება არ დასჭირვებია. ხელიდან ხელში ნაღდი ანგარიშსწორება ძალიან ბუნებრივად და ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე მოხდა. ჯვისწერის დასასრულ, ჯვრისწერის მოწმობაც მივიღეთ. თუმცა, მოწმობას მხოლოდ მღვდლის ხელმოწერა და ბეჭედი ამშვენებს. გამოგვატანეს მოწმობა და მისი შევსებაც ჩვენ მოგვანდეს. შეუვსებელი მოწმობის გარდა, რაც დიმას ჯიბემ მოგვანიჭა ჩვენ გამოცდილებაც მივიღეთ: კონკრეტულ ეკლესიაში ჯვრისწერის ფორმულა აღმოვაჩინეთ: 50 ლარი სანთლები და მოწმობა + ფული მამაოს ხელზე + პატივისცემა 4 მგალობელს + რაიმე თანხა შესაწირში.   

4 comments:

  1. აი, სად ბოგინობს კორუფცია საქართველოში. მე ვხედავ გამოსავალს - დაიდგას ტაძარში შესაწირის რამდენიმე ყუთი: მამა გიორგის ყუთი, მამა თენგიზის ყუთი, მამამ ვაჯას ყუთი... უპრობლემოდ გაიყოფენ. ის კი არა, მგალობლების ყუთიც შეიძლება. თუმცა, მაგათ ფიქსირებული ჰქონიათ.

    ReplyDelete
  2. თემურ, მშვენიერი ჩანაწერია. გილოცავ კიდევ ერთხელ.

    ReplyDelete
  3. გმადლობთ დავით, გაიხარე :)

    ReplyDelete
  4. Magaria Temo, blogi mec gavakete da dagamate:)

    ReplyDelete