Friday, May 15, 2009

ქრთამში გადაყრილი მილიონები

რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მას შემდეგ ყველა ხელისუფლება დაუზარებლად აცხადებს – ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას! დემოკრატია – სახელმწიფოს მართვის ფორმაა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, ბიოლოგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა...

ქვეყნის მშენებლობა პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის გამოცოცხლების რეალური ნიშნები, რეალურად, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაჩნდა. მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა და უსეკვესტროდ წლის დასრულება თითქმის გამორიცხული იყო. სწორედ ბიუჯეტის ხარჯებიდან ჩანს, ქვეყნის განვითარების რა გზით სიარული აირჩია ხელისუფლებამ.

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა თავისი სიტყვა მსოფლიოს გასაგონად უკვე ხმამაღლა თქვა და ნელ-ნელა კიდევ უფრო ხმას უწევს. ფინანსურ კრიზისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ჯერჯერობით რუსული აგრესია გაცილებით რთული გადასატანი აღმოჩნდა. ომმა შარშანდელი გეგმები თავდაყირა დააყენა – არც ბიუჯეტის ძველებური ზრდა გაგრძელდა (2002 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტი 1,2 მილიარდი ლარი იყო და სეკვესტრს მაინც ვერ გადაურჩა, 2008 წელს კი ბიუჯეტის მოცულობამ 5,4 მილიარდს გადააჭარბა) და ბევრი მნიშვნელოვანი სფეროს დაფინანსებაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

შარშანდელთან შედარებით ბიუჯეტის კანონში ხარჯები დაახლოებით 286 მილიონით არის დაკლებული. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა „მოხელეებმა ქამრები შემოიჭირონ“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დაზოგილი თანხა პროგრამა ”იაფი კრედიტის” დაფინანსების გაზრდასა და ამით ეკონომიკის მეტ სტიმულირებას მოხმარდება. როგორც თავდაპირველად თქვეს, ადმინისტრაციული ხარჯები, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარით მოიკლებდა. თუმცა ბოლო დღეებში, მიხეილ სააკაშვილმა უკვე 20 მილიონამდე შემცირების აუცილებლობაზე მიუთითა.

2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, შარშანდელთან შედარებით შემცირებაა ბოლო წლებში მუდმივად დაფინანსების მზარდ სტრუქტურებში – თავდაცვის სამინისტროში: 1,547 მილიარდიდან 942 მილიონამდე, შსს-ში კი 741-დან 568 მილიონამდე. ასევე მცირდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტი 108,522 მილიონიდან 46 მილიონამდე...

თუმცა ჩემთვის გასაკვირია, რომ მიუხედავად „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკისა, ბოლო წლების ტრადიცია არ ირღვევა საპატრიარქოს დაფინანსებაში: საქართველოს საპატრიარქომ 2007 წელს თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,222 მილიონი მიიღო, 2008 წელს 9,521 მილიონი იყო გათვალისწინებული. 2009 წლის ბიუჯეტში კი დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 25 მილიონს შეადგენს. ამავე დროს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თებერვალში საპატრიარქოს დამატებით 500 ათასი ლარი მისცეს. საქართველოს მთავრობის №91 განკარგულებით საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნებამ” 300 ათასი ლარი მიიღო. საქართველოს მთავრობის №92 განკარგულებით ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 200 ათასი ლარი ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაირიცხა.

წესით, დემოკრატიული გზით მავალ ქვეყანაში კითხვა გაჩნდებოდა – რატომ გახდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი - საპატრიარქოს ასე გულუხვი დაფინანსება? რატომ არის ვალდებული განსხვავებული მრწამსის, ან სულაც ათეისტი ადამიანი, პატიოსნად გადაიხადოს გადასახადები და ამით დემოკრატიული ინსტიტუტები კი არ გააძლიეროს, არამედ რელიგიური ინსტიტუტები დააფინანსოს? შემდეგ კი, ეს ფული მოხმარდეს ისეთი იდეოლოგიის პროპაგანდას, როგორსაც მაგალითად, ჟურნალი "ქვაკუთხედი" და მისი მსგავსი გამოცემები ეწევიან?

ჟურნალს მისი დამფუძნებლები ეროვნულ-სარწმუნეობრივს უწოდებენ. თუმცა, აქამდე ვიცოდი რომ „საერო, ეროვნული“ ცხოვრება სხვაა, „ეკლესიური, სარწმუნოებრივი“ კი სხვა. ამიტომ, რას ნიშნავს „ეროვნულ-სარწმუნეობრივი“ – ესეც გაუგებარია. ალბათ, მიმზიდველად ჟღერს და დამფუძნებლებმაც ასე ირჩიეს.

„ქვაკუთხედი“, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N2 (32), თებერვალი, 2009. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი.

ამონარიდი ერთ-ერთი ინტერვიუდან: გვ.13-14. საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას. გვესაუბრება ბარაკონის წმ. ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი გეგეშიძე. მოამზადა ნება სახლისკაცმა.

- ის, რომ ომს რუსეთთან მოჰყვა სტიქიური უბედურებანი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიმდინარეობს საქართველოს სულიერი განწმენდის პროცესი? - საქართველოს სულიერად განწმენდის პროცესი დღესაც დაწყებულია. რუსეთი თუ ჩვენი მტერია, დასავლეთის სამყარო უფრო მეტად, რამეთუ ერთი ჰკლავს ხორცს, მეორე კი სულს. ხორცის მოკვლით არ წარწყმდება ადამიანი, სულის მოკვლით მარადიულად დაიტანჯება...

- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი?

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური გადანაწილება სახელმწიფოთა შორის აისახება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსოფლიო ომი, რომელიც ფაქტიურად დაიწყო ერაყ-ამერიკას შორის, შემდგომ უფრო სხვა დიდ მასშტაბებს მიიღებს, რათა დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი. არნახული ტექნიკური ზეაღსვლა, ვაი-ცივილიზაციის პირობებში ადამიანებზე ელექტრონული და ფსიქოლოგიური ძალადობა... მსოფლიო საგიჟეთად გადაიქცევა. `გამეფდება ნამდვილი განუკითხაობა. დაიწყება ადამიანების დაჩიპვა, ბეჭდის დასმას ძალადობით ვერ შეძლებენ – თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით – იტყვიან ისინი – თქვენ რომ ის მიგეღოთ, ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო. დღეს მიდის ბრძოლა მართლმადიდებლობასა და მასონურ სამყაროს შორის. არ დაგავიწყდეთ, დღესაც ისე როგორც არასდროს მაცხოვრის დედულეთს უტევს სომხური მსოფლიო ლობი და ბნელი იგი ნათელს ვერასოდეს ეწევა. ახლა ამ მძიმე დროში ყველა ჩვენთაგანი აბარებს გამოცდას. ყოველი მორწმუნე, რომელიც მართებულად აზროვნებს, გაიგებს, თუ რა ხდება".

ჟურნალი „ქვაკუთხედის“ გამომცემლები საპატრიარქოს სახელით მოქმედი ხალხია. ამიტომ, მე ჩემი გადახდილი გადასახადი ნამდვილად არ მემეტება მათთვის, ვინც რუსულ აგრესიას ჩვენი სულის გასაწმენდელ აუცილებლობად წარმოაჩენს, ხალხს "დაჩიპვის" საფრთხით აშინებს და მოუწოდებს ფუნდამენტურ უფლებაზე – ადამიანის თავისუფლებაზე უარი თქვას.

ინტერნეტში იოლად შეგიძლიათ სტუდია "გრაალის" მომზადებული ფილმების ნახვა, რომელიც ჩემი აზრით, მეტი არაფერია, თუ არა, დემოკრატიული ფასეულობების უაზრო ლანძღვა-გინება, ხალხის "ჩიპიანი პასპორტებით" და მსგავსი სისულელეებით დაშინება. სტუდია "გრაალის" საიტი გვამცნობს, რომ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილის) ლოცვა-კურთხევით შექმნილი ფილმები "ბნელ ძალთა კრება", "ქვეყნის აღსასრული" და სხვები ძირითადად, ავტორის ხარჯებით მომზადდა. შეიძლება, საპატრიარქოს ფული არც იყოს ფილმის მომზადებაზე დახარჯული, მაგრამ, საპატრიარქომ საკუთარ წარმომადგენლებს მსგავსი "შედევრების" შექმნისგან თავის შეკავება კი უნდა ურჩიოს.

აი, ამიტომაც არ მემეტება ჩემი გადახდილი გადასახადები საპატრიარქოს გულუხვად დაფინანსებაზე.

არამგონია, ქვეყანაში ამა თუ იმ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე მნიშვნელოვანი იყოს საპატრიარქოს ასეთი გულუხვი დაფინანსება. თუ საპატრიარქოს ეს ფული ისტორიული ძეგლების აღსადგენად ჭირდება, მაშინ რას აკეთებს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, რომელიც ძეგლებს რელიგიური ნიშნით კი არ შეარჩევს, არამედ კონფესიის განურჩევლად დაახარჯავს ფულს ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ სიმდიდრეს; თუ საპატრიარქო გაზრდილი დაფინანსებით რაიმე ჯანდაცვით პროგრამებს ახორციელებს და ფული ამისთვის ჭირდება, აბა ჯანდაცვის სამინისტრო რაღა საჭიროა?

საინტერესოა, ეს იმიტომ ხომ არ ხდება, სოციოლოგიური კვლევების მტკიცებით, ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად საქართველოს საპატრიარქო რომ არის? მარადიული არჩევნების შიშის ქვეშ მყოფ ხელისუფლებას კი ხმების დაკარგვა არ სურს და სამღვდელოებას კოჭს უგორებს. ისე საინტერესოა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ რიგებშიც კი არ ერიდება კანონდამრღვევების გამოვლენას, ოდესმე კონტროლის პალატის წარმომადგენლებს თუ შეუმოწმებიათ როგორ ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონებს? ან, როდესაც ხელისუფლება, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ პარტიაში ახალი წევრის ფულით მიღებას უწუნებს და ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს, რომელიმე მღვდელი თუ გამოუაშკარავებია ნათლობისას თუ ჯვრისწერისას მრევლისგან ფულის წინასწარ გადახდას რომ ითხოვს?

რას აკეთებს ამ დროს დემოკრატიის ნაკლებობით შეწუხებული ოპოზიცია? არამც და არამც ხმას არ იღებს ეკონომიკური კრიზისის დროს საპატრიარქოს გულუხვი დაფინანსების წინააღმდეგ – ხმები და კეთილგანწყობა მათ ხელისუფლებაზე მეტად ჭირდებათ.

No comments:

Post a Comment