Monday, December 26, 2011

„მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი“

ეკოპალიტრა (26.12.2011)
კახა ბენდუქიძე, რომელიც საქართველოში გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. „ეკოპალიტრა“ ყოფილ მინისტრს დღეს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა.


-დღეს რომ მინისტრი იყოთ ან მთავრობას ხელმძღვანელობდეთ, რას გააკეთებდით სხვაგვარად?
-
ეკონომიკური განვითარების გზა ფართო დერეფნად რომ წარმოვიდგინოთ, სადაც საქართველომ მოძრაობა 2004 წელს დაიწყო, ამ დერეფნით მოძრაობა გრძელდება. ბევრი წვრილმანი შენიშვნა მაქვს ხოლმე, მაგრამ ზოგადად, ვითარებით კმაყოფილი ვარ. ამას შედეგებიც უჩვენებს -ეკონომიკური ზრდა გვაქვს, საკრედიტო რეიტინგი იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება. თუმცა მე უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე ვარ. ბიუჯეტის დეფიციტი საბოლოო ჯამში უნდა გავანულოთ, ასევე ბევრ ხარჯს შევამცირებდი. მაგრამ რომ ვთქვა, ხელის ერთი მოსმით 2 მილიარდით შევამცირებ-მეთქი -ასე არ არის. საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ კარგად არის მოწყობილი.
ბიუჯეტის დაახლოებით 80% არის ხარჯები, რომელთა გაუმჯობესებაც მარტივი არ არის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ გვაქვს ეს სისტემა აწყობილი.

ცნობილია დისკუსიები იმ საკითხზე, საჭიროა თუ არა ბიუჯეტმა დახარჯოს ფული გარეგნულ ნიშნებზე თბილისში, ანაკლიასა თუ სხვაგან. მე ზოგადად მომხრე ვარ, რომ უფრო ნაკლები დახარჯოს, მაგრამ ამ ხარჯებს აქვს პოლიტიკური შედეგი. მიმაჩნია, რომ უფრო მეტად შეიძლება კერძო ინვესტიციების გამოყენება.
გრძელვადიანი პოზიტიური შედეგების მისაღწევად, არ უნდა იყოს საბიუჯეტო დეფიციტი, უნდა ვამციროთ საგარეო ვალი. შეგვიძლია, ბიუჯეტი იყოს უფრო პატარა, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ში რომ ჩაეტიოს. ეს ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ ამოცანას ამოხსნა აქვს.  ასევე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დავამთავროთ რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან. მესმის, რომ არ არის მთლად მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჯერ ერთი, დასაქმებას უწყობს ხელს და მეორეც -ასეთი დაპირება იყო და დაპირება უნდა შესრულდეს. სხვა შენიშვნებიც შეიძლება მქონდეს, მაგრამ, ძირითადად ეს არის, რაც აქტუალურია. მთავრობა, ასე თუ ისე, ამ გზით მიდის, მაგრამ, ვიმეორებ, მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი.

-
ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ბრძანებდით, რომ მართალია, საგადასახადო კოდექსში განაკვეთების ძალიან მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ „ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. ან ბევრი ხარვეზი წარმოიქმნა ბოლო დროს“. როგორ შეაფასებდით სიტუაციას ამჟამად?
-
ამ ხარვეზების უმეტესობა გამოსწორდა. მათ შორის ბევრი ბოლო წლის განმავლობაშიც. შემცირდა ჯარიმები. ზოგიერთი საკითხი საერთოდ მოიხსნა. სამუშაო კიდევ ბევრია, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის მოწესრიგება. დღეს რომელიმე მსხვილ კომპანიაში რომ აღმოჩნდეს 1000-ლარიანი სხვაობა ფაქტსა და აღრიცხვას შორის, ამ კომპანიას ორდენი ეკუთვნის, და არა ჯარიმა.

-
როდესაც იწყება შემოწმება და გრძელდება დაუსრულებლად -ეს ხომ ხელს უშლის საწარმოს ფუნქციობაში?
-
საგადასახადო სამსახურებს ყველგან აქვთ ეგ პრობლემა. სახელმწიფოს სურს იპოვოს, ხომ არ აქვს ვინმეს მისი ვალი. ამიტომ აქ რამე მარტივი მექანიზმი მსოფლიოში არ არსებობს. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის გადასახადები და მაგალითად, ნავთობის ხარჯზე ცხოვრობენ. მაგრამ გადასახადების ამოღება სხვაგან ყველგან მნიშვნელოვანია. კონფლიქტი გადასახადის ბუნებაშია ჩადებული -შენი ქონების ნაწილს სახელმწიფო გართმევს -შენ ეს არ გინდა, სახელმწიფოს კი უნდა.

-
საქართველო მიიღებს რამე ეკონომიკურ სარგებელს რუსეთის მსო-ში გაწევრებით? შეექმნება თუ არა რუსეთს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის ვალდებულება?
-
არა, ასეთი ვალდებულება არ შექმნიათ.
საქართველომ ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური პლუსები შეიძლება მიიღოს, რომ რუსეთთან ვაჭრობა დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო ცივილიზებული გახდეს. და მეორეც, საქართველომ მიიღო ის ეკონომიკური ბენეფიტი, რომ ფაქტობრივად, ამ საკითხის მოგვარების შედეგად უფრო პოზიტიური განწყობაა ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით.

-
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ის 700-საწოლიანი უფასო კლინიკის გახსნას გეგმავდა და როგორც მიანიშნა, თქვენ არ დაანებეთ იმ არგუმენტით, რომ „სხვა საავადმყოფოები გაღარიბდებოდნენ“. თუმცა უფასო კლინიკაში იმათ უნდა ემკურნალათ, ვინც სხვაგან მკურნალობას ვერ შეძლებდა. უფრო დაწვრილებით გვითხარით, როგორ დააზარალებდა საქართველოს სამედიცინო ბაზარს უფასო საავადმყოფო ხელმოკლეთათვის?
-
ჯერ ერთი, პირადად მას არასდროს შევხვედრივარ და არც რამე „არ დამინებებია“. როგორც ვიცი, ის აპირებდა გაერემონტებინა „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იმ პირობით, რომ ის ყოველთვის დარჩებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ: საქართველოში 700-საწოლიან საავადმყოფოს ვერც სახელმწიფო მართავს და ვერც კერძო კომპანია. ათი წლის შემდეგ -შეიძლება ეგეთი გამოცდილება დაგროვდეს. მსოფლიო მასშტაბითაც კი ეს საკმაოდ დიდი საავადმყოფოა. ამერიკაში ამხელა საავადმყოფოები მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს.
მეორე საკითხია, რომ გამართული სახელმწიფო საავადმყოფო საქართველოში არ მინახავს. იმედია, აქ ექსპერიმენტებს არ დავიწყებთ.
ეგ კი არა, დიდი დავა იყო იმაზე, რომ საჩხერის საავადმყოფო ყოველთვის და ახლაც -სახელმწიფო საავადმყოფოა. მთავრობა სთხოვდა -ნუ იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში, თქვენი იყოს -არა, არ მინდა კერძო, უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაშიო!
ასევე, ატრაქციონები რომ ააშენა გურიაში -„ციცინათელა“ -ეგეც აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაშიო.

2004
წელს დაიგეგმა ფილარმონიის პრივატიზაცია, ივანიშვილმა თუ მისმა თანამშრომელმა დაურეკა ზურაბ ჟვანიას და უთხრა, მოგცემთ 5 მილიონ დოლარს, დაახარჯეთ ფილარმონიას, ოღონდ დატოვეთ სამუდამოდ სახელმწიფოს საკუთრებაშიო. ამ პირობით გაიღო ფული.
„
რესპუბლიკური საავადმყოფოს“ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში მაგ დროს უკვე მოქმედებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაზღვევის სისტემა, ანუ მათი მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო პოლისი ანაზღაურებდა. ამიტომ "უფასო" სახელმწიფო საავადმყოფოს დანიშნულება გაუგებარი იყო.
ზოგადად, რას ნიშნავს უფასო საავადმყოფო? თუ თქვენ აზღვევთ იმ ადამიანს, ვისაც ფული არ აქვს, ის მიდის და ნებისმიერ საავადმყოფოში იღებს მომსახურებას.
მოდით დავივიწყოთ დაზღვევის არსებობა და დავუშვათ, რომ თბილისში, მაგალითად, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 700 საწოლით არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ემსახურება უფასოდ. ახლა გეკითხებით: 1. თქვენ რომ დეპუტატი იყოთ და თქვენი ახლობელი გახდეს ავად; 2. თქვენ რომ რაჭის სოფლის მკვიდრი იყოთ და ცხოვრობდეთ თქვენს კუთვნილ ნაკვეთში მოწეული მოსავლის ხარჯზე -თქვენი აზრით, რომელი მოხვდება იმ 700-საწოლიან უფასო საავადმყოფოში სამკურნალოდ?

-
ალბათ, დეპუტატის ახლობელი, თუმცა, 700-საწოლიან საავადმყოფოს ხომ იმდენი რესურსი აქვს, რომ შეეძლება რიგითი ადამიანის მიღებაც?
-
არა, არ შეეძლება. ვნახოთ ციფრები. ჰოსპიტალური რეფორმის შემდეგ თბილისში იქნება დაახლოებით 4000 საწოლი. საქართველოში მთლიანად იქნება ეფექტური 7-8 ათასი საწოლი. თუ უფასო იქნებოდა, დაგენაძლევებით, ვისაც შანსი აქვს და ჩალიჩი შეუძლია, მხოლოდ მისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, ნაწილი კიდევ, რიგში იდგებოდა.

-
თქვენი სიტყვებია: „მინდა ვიყო იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლების პატივისცემას, კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას. არსებობს კიდევ სხვა ევროპა, რომელიც ბიუროკრატიული არსებაა და განსაზღვრულია, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კიტრს. მე არ მინდა ასეთი ევროპა. სწორედ ასეთი ევროპაა კრიზისში". ჩვენ როგორ გავმიჯნოთ "ორი ევროპა"?
-
არის ევროპული ღირებულებები, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან. ეს ჩვენ რაც უფრო მეტი გვექნება -კარგია. რაც უფრო უმცირესობის აზრს დავიცავთ, უფრო ჰუმანური კანონმდებლობა გვექნება, ყველაფერი ეს კარგია. ეს არის ადამიანის პატივისცემა. ეს შეიქმნა ევროპაში და ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
არის მეორე დამოკიდებულებაც ევროპაში, რაც ძირითადად 60-იანი წლების ევროპის განვითარებამ მოიტანა, როდესაც შეიქმნა ბევრი ჭარბი ბიუროკრატიული შეზღუდვა, მათ შორის სულელურიც. მაგალითად, ევროკავშირში მიღებულია კანონი, რომელიც, თუ ღორი გყავთ, გავალდებულებთ, რომ მას რამე მისცეთ სათამაშოდ. თუ დამრღვევ ფერმერს იპოვიან, დაახლოებით 1000 ევროს ფარგლებშია ჯარიმა.
ამ კანონის წარმომავლობის არსი რა არის -ღორები ერთმანეთს ხშირად აკვნეტენ კუდებს, ამიტომ მათ აჭრიან. კანონი კი კრძალავს კუდების მოჭრას, რაც ცხოველისადმი უხეშ მოქცევას ნიშნავს. რომ არ მოკვნიტონ, ამიტომ უნდა მისცენ სათამაშოები. მოგწონთ ასეთი ევროპა?

-
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა რეალისტური მიზანია? კეთდება ხოლმე განცხადებები, რომ შეუძლებელია ქვეყანა ერთდროულად ევროპისკენაც ისწრაფოდეს და სინგაპურის მოდელისკენაც...
-
არანაირი პრობლემა არ არის. ევროპული ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ნაწილი. ჩვენ ხომ არ ვართ ადამიანის წამების მომხრე? ვართ ჩვენ მომხრე სიკვდილით დასჯისა? იმედია -არა. ვართ ჩვენ მომხრე, რომ არჩევნები გაყალბდეს? და ასე შემდეგ... ეს არის ევროპაში ჩასახული ღირებულებები. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, უნდა გვქონდეს კარგი საფუძველი თავისუფალი ეკონომიკისა და გვქონდეს კარგი ვაჭრობა ევროპასთან. ევროპასთან ვაჭრობა ჩინეთსაც აქვს და სინგაპურსაც. სინგაპურის სავაჭრო ბრუნვა ევროპასთან 60 მილიარდი დოლარია -ხედავთ რამე პრობლემას?

-
თუმცა, სინგაპურში სიკვდილით დასჯაც არის და ევროპისგან განსხვავებული დამოკიდებულებებიც...
-
მით უმეტეს -რით არის შეუძლებელი, რომ გვქონდეს ევროპული მიდგომა ადამიანის უფლებებთან და ამასთანავე, სინგაპურივით განვითარებული ეკონომიკა? რაც შეეხება ევროპული გადასახადების ზომას, რეგულირებასა და ასეთ რაღაცებს, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ამას ჩვენთვის პოზიტიური შედეგი არ მოაქვს. ევროპა მდიდარია და მათი საკანონმდებლო რეგულაციები სულზე წელიწადში საშუალოდ ჯდება 10 ათასი.
საქართველოში რეგულირების ტვირთი რომ იყოს 10 ათასი ევრო, საქართველო საერთოდ არ იარსებებდა. ჩვენ ბევრად ღარიბები ვართ, და მდიდრულ ევროპულ რეგულაციებს ვერ გავწვდებით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რეგულირების მხოლოდ რაღაც მცირე ნაწილი.

როცა ქვეყანა შედის ევროკავშირში და ვალდებულებებს იღებს, მას ეუბნებიან -თუ პრობლემა გექნება, დაგაფინანსებთო. მაგალითად, ლიტვა, სადაც რძის პროდუქტების დიდი წარმოებაა, რომ შედიოდა ევროკავშირში, ევროკავშირმა მოითხოვა, პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს რეგულირებასო. გამოუყო 2 მილიარდი ევრო. ფაქტობრივად, უნდა შეეცვალათ მთელი ინდუსტრია. ეს შეეხებოდა მრავალ სხვა რამესაც. მაგალითად, ევროპაში განსაზღვრულია, რა ზომის უნდა იყოს შეფუთვა. ზოგ შემთხვევაში რეგულირება შეეხება კომპონენტებს -რა შეიძლება შედიოდეს ამ პროდუქციაში; როგორი უნდა იყოს წარმოების პროცესი; აღრიცხვის წესები.
მაგალითად, თუ გსურს გააკეთო ყველი და ევროპაში გაყიდო, ის უნდა დამზადდეს მხოლოდ პასტერიზირებული რძისგან. საფრანგეთს ჰქონდა მნიშვნელოვანი პრობლემები, იმიტომ რომ როკფორი კეთდება არაპასტერიზირებული რძისგან.

მიკვლევადობის კანონმდებლობა, რაც არის ევროპაში, მოითხოვს, რომ საკვები პროდუქტის მწარმოებელსა და ყველას, ვინც მას რამეს აწვდის, ჰქონდეს აღნუსხვის თანამედროვე სისტემები. თუ ადამიანი აწარმოებს ყველს, მას უნდა ჰქონდეს აღრიცხვის ეს სისტემა, მაგრამ ასევე უნდა ჰქონდეს მას, ვინც აწვდის რძეს; იმ ფერმერს, ვისაც ჰყავს ძროხა და რძეს აწვდის შემგროვებელს; ვინც ამ ფერმერს ძროხების გამოსაკვებად მიაწვდის თივას... ევროპაში არის მსხვილი მეურნეობები და ასეთ სისტემას იტანენ. ზოგს იქ 40 ჰექტარი მიწა აქვს. მაგრამ, ჩვენთან, როცა სოფლად დაახლოებით 800 ათასი ოჯახია და სულ არის დაახლოებით 800 ათასი ჰექტარი მიწა, ანუ, საშუალოდ 1 ოჯახს აქვს 1 ჰექტარი მიწა, შეუძლებელია ევროპის მსგავსად დავიცვათ ეს ნორმები. საქართველოში არის საშუალოდ 1 ჰექტარი ერთ მეურნეობაზე და ამერიკაში არის 68 ჰექტარი ერთ ფერმერზე. ხომ არის განსხვავება? ამიტომ, ჩვენთან ამ ნორმების ავტომატური გადმოწერა არ გამოვა. თუ გადმოვწერეთ, ნიშნავს, რომ ან ეს კანონი ვერ შესრულდება. კანონი, რომელიც არ სრულდება -არის სახიფათო: ან კორუფცია იქნება, ან შერჩევითი გამოყენება. როცა მინდა მოვალ, იობაშვილს დავაჯარიმებ და სიკინჭილაშვილს არ დავაჯარიმებ. თუ აღვასრულებთ -გაანადგურებს ყველაფერს. ჩვენ რომ ევროკავშირში შესვლაზე შევთანხმებულიყავით, მაშინ სტრუქტურული ფონდები დაგვეხმარებოდნენ და მსგავსი კანონებიც არ იქნებოდა პრობლემა.

 

Tuesday, November 15, 2011

სტიგ ლარსონის - „გოგონა დრაკონის ტატუთი“

რამ გადამაფიქრებინა დეტექტივების კითხვა

დეტექტივი, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და მე საჩუქრად შევიხვედრე - სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. შვედეთში მომხდარი ამბები, სადაც ნაწარმოების მთავარი გმირების მიზანი 40 წლის წინანდელი მკვლელობის გახსნა, ასევე ფინანსური მაქინატორის გამოაშკარავება და სასამართლოში შელახული რეპუტაციის აღდგენაა, საქართველოშიც ძალიან საინტერესოდ იკითხება. მეტადრე მაშინ, როდესაც „ქალთმოძულე კაცები“ (ნაწარმოების დასახელება შვედურ ორიგინალში) არც საქართველოშია დეფიციტი.

ნაწარმოებში, ვინც უარყოფით მამაკაც გმირს წარმოადგენს, ყველა „ქალთმოძულეა“. მათი „დაბალანსებაც“ დადებით -  „ქალების მოყვარულ“ გმირებს უხდებათ. თუმცა, მსხვერპლი ქალი იქნებოდა თუ კაცი, მწერლის დამსახურებით მაინც მშვენიერი დეტექტივი გამოვიდოდა.

ამ ჟანრის ნაწარმოებები კარგა ხანია არ წამეკითხა. დეტექტივები როგორ არ მიყვარდა?! აგატა კრისტის ნაწარმოებებსაც ვკითხულობდი ხოლმე და საბჭოთა მილიციელების „თავდაუზოგავი შრომის“ შედეგად გახსნილი საქმეების შესახებაც წამიკითხავს რამდენიმე თხზულება. მაგრამ, დეტექტივების მიმართ ჩემი ინტერესი დიდი ხნით მოკლა არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსმა“. მართალია, ჰოლმსის თავგადასავალი მეცხრამეტე საუკუნის პერიოდში ხდებოდა, მაგრამ კონან დოილის დამსახურებით ყოველი მოთხრობის წაკითხვისას სწორედ მაშინდელ დროში და მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში აღმოვჩნდებოდი ხოლმე - ტორფის ჭაობებშიც დავაბიჯებდი და ზურგსუკან ბასკერვილების ძაღლის სუნთქვასაც ვგრძნობდი; წვიმიანი ლონდონის ქუჩებში ჩავლილი კების ბორბლების ხმაც ჩამესმოდა და ბეიკერ სტრიტის 221/ბ-ში ფიქრებში ჩაფლული ჰოლმსის ვიოლინოს ხმაც. სხვა დეტექტივებში მსგავსი „თანამონაწილეობა“ რომ ვერ ვიგრძენი დეტექტივების კითხვას კარგა ხნით თავიც დავანებე.

რატომ დამაინტერესა „გოგონამ დრაკონის ტატუთი“

მთავარი მიზეზი, მარტივია: „მუქთა კუბოც კარგიაო“. ჰოდა, რაც წიგნი ხელში მუქთად ჩავიგდე, „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გადავშალე და კითხვას შევუდექი, სულ მალე მოთხრობის შინაარსსა და ჩემს შორის უამრავი საერთოც აღმოვაჩინე. მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი ჟურნალისტი, ეკონომიკის თემების მიმომხილველია. ჩემი ჟურნალისტური დებიუტი გაზეთის ეკონომიკის განყოფილებაში შედგა. მას შემდეგ კი, ძირითადად სწორედ ეკონომიკის თემებზე მიწევს მუშაობა. ბლუმკვისტი შვედეთში ცნობილი ჟურნალ „მილენიუმის“ რედაქტორი გახლავთ -  მართალია ნაკლებადცნობილი, მაგრამ მე საქართველოში გამომავალი ეკონომიკური ჟურნალის რედაქტორი და ჟურნალისტი ვარ; ბლუმკვისტი კოლეგებს არ ინდობს და ეკონომიკურ საკითხებზე  მომუშავე რეპორტიორების უმეტესობას აქილიკებს, მეც არამგონია ქართველი რეპორტიორების მეხოტბე ვიყო - უგუნურ ჟურნალისტებზე ჩემს დამოკიდებულებას არასოდეს ვმალავ. ჰოდა, როდესაც მიქაელ ბლუმკვისტმა თაღლით ბიზნესმენ ევენერსტრომის საქმიანობას ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა, ბიზნესმენმა კი უჩივლა და სასამართლოშიც მოუგო, ბლუმკვისტის მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდა. სწორედ, ცილისწამებაში ბრალდებულმა და სასამართლოსგან გვარიანად დაჯარიმებულმა ბლუმკვისტმა მიიღო 82 წლის ჰენრიკ ვანგერის შემოთავაზება ორმოციოდე წლის წინანდელი გაუხსნელი საქმის გამოძიებაში მონაწილეობაზე კარგი ჰონორარის სანაცვლოდ...

კიდევ ერთი საერთო, რაც ლარსონის ნაწარმოებში აღმოჩნდა, ეს მეორე მთავარი გმირის  - ჰაკერ ლიზბეთ სალანდერის საქმიანობაა. ჩემმა სამეგობრომ, ვინც „ფეისბუკის“ მომხმარებელია, იციან როგორ დამებლოკა პროფილი. მას შემდეგ, რაც პროფილი გამოვიგლოვე და მეორედ დავრეგისტრირდი ახალმა პროფილმაც პირველის ბედი გაიზიარა - ვიღაც „მანიაკი“ გადამეკიდა. იმავდროულად „იაჰუს“ ფოსტაც დამებლოკა - ეს ყველაფერი „დრაკონის ტატუიანი გოგონას“ ჰაკერული საქმიანობის წაკითხვისას კიდევ ერთხელ გამახსენდა. რომელმა დრაკონის ტატუიანმა გოგონამ მოიცალა ჩემთვის? ოცდაოთხი წლის ლიზბეთ სალანდერის მსგავსი ნიჭიერი ჰაკერი ჩემს ნაცნობებში არავინ მეგულება...

ალბათ, იმის გამო, რომ თანამედროვე ნაწარმოებებს იშვიათად ვკითხულობ, სტიგ ლარსონის „გოგონამ დრაკონის ტატუთი“ დღევანდელ დღეს განვითარებული მოვლენებითაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. მეოცე საუკუნის მწერლებისთვის არც ინტერნეტი ყოფილა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არც უახლესი ლეპტოპები და არც აიპოდი - ამ ყველაფერმა იმის საშუალება მომცა, ნაწარმოების გმირებთან ერთად აღმოვჩენილიყავი მოვლენების ეპიცენტრში. ავტორის დამსახურებაც ხომ სწორედ ესაა - მკითხველი თავის შემქნილ სამყაროში გადაათრიოს და ის ემოცია გადასდოს, რაც მთავარ გმირებს აქვთ.

მშვენივრად არის ამ დეტექტივში სხვადასხვა ჯურის ადამიანების თვისებები აღწერილი. უხამსი გარყვნილების მოყვარული ადვოკატი ბიურმანი და დანაშაულის ჩამდენი მანიაკის ქმედებები; მთავარი გმირების სასიყვარულო სცენები მწერალს კარგად აქვს აღწერილი და ნაწარმოებს რასაც ჰქვია, ალამაზებს. დასასრულიც ისეთია, რომ „ტრილოგიის“ შემდეგი ნაწილების წაკითხვის  მადას აღძრავს. საკითხავი ახლა ის არის: დაველოდო სულაკაურის გამომცემლობას, როდის გამოსცემს შემდეგ წიგნებს თუ რუსულად წავიკითხო? თანაც, იქნებ ჩემი ჰაკერის ამოცნობაშიც დამეხმაროს „მილენიუმის საგას“ დარჩენილი წიგნები?

შენიშვნები

ნაწარმოები კარგად იკითხება. ჩემი აზრით ინგლისურიდან კარგი თარგმანია, მაგრამ შვედური ვინც იცის, ორიგინალს ის უკეთ შეადარებს. თუმცა, თვალში რამდენიმე სტილისტური და კორექტული შეცდომაც მომხვდა. მომეჩვენა, რომ ნაწარმოების დასაწყისი ცოტა გაწელილი იყო, მაგრამ რაც წიგნი დავასრულე და ხელახლა გადავხედე - მშვენივრად იკითხება.

Friday, November 4, 2011

მოლაპარაკეები, მოჭიდავეები და მდუმარენი

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციამ ხალხს ლაპარაკის ახალი მიზეზი მისცა. ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება ლაპარაკი. არც არის გასაკვირი - ერთი რამ, რაც აქ თითქმის არ ეზერებათ - ლაპარაკია. ჰოდა, მოხალისე მოლაპარაკეები ალაპარაკდნენ ყველაფერზე, რაც იყო და რაც არ იყო: ბიძინამ ქართველ ჟურნალისტებს მასტერ-კლასი ჩაუტარა, ზოგი უფრო რადიკალია - ბიძინამ ქართველ ჟურნალისტებს „დაახურა“, ან კიდევ უფრო შორს წავიდა - „ბიძინამ ჟურნალისტებს ჩახადა“.

„ეს რა ნახირია, ესენი კოიოტები არიან - ამათ მკითხავი ვერ უშველით, მაგათთვის ფსიქიატრია საჭირო, ვაი და ვუი...“ ყველა ისე ლანძღავს ამ ჟურნალისტებს, თითქოს, სულ მაგათი ბრალია ნატოში რომ არ გვიშვებენ, რუსეთი რომ საქართველოდან ფეხს არ იცვლის და ამერიკულმა სიმინდმა რომ ქართული სოფლის მეურნეობა ვერ ააყვავა.

პრესკონფერენციაზე ზედმეტ აქტიურობაში და არც თუ დახვეწილი შეკითხვების დასმაში  შემჩნეულ ჟურნალისტებს ძირითადად ისევ ჟურნალისტები ლანძღავენ. ოღონდ ისინი, ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის იმედად რომ ჩუმად არიან და „გამაღიზიანებელ“ შეკითხვებს ჩურჩულითაც არ ამბობენ. ასეთი ჟურნალისტები თუ ექსპერტები სდუმან და ელიან. უსაზღვროა მათი მოლოდინი...

სამაგიეროდ, ზომაზე მეტად ხმაურობენ, მიკროფონებს ეჭიდავებიან და ცდილობენ მორიგი პასუხგაუცემლობისთვის განწირული შეკითხვა დასვან ბიძინასთან მოლოდინის რიგში არ-ჩამდგარმა ჟურნალისტებმა.

„ეს არის ჟურნალისტების საქციელი? ასეთი რამ არცერთ პრესკონფერენციაზე ხდება! ეს არის ქართველი ჟურნალისტის დონე?“ - შფოთავს ყველა.

მაგრამ, ამდენ მოლაპარაკეთაგან რატომ არავინ დასვა შეკითხვა ან პრესკონფერენციისას ან შემდეგ - ბატონო ბიძინა, ერთი საწყალი პრესკონფერენციის ორგანიზება ვერ შეძელით, სადაც ჟურნალისტებს ჭიდაობის გარეშე მიკროფონს არავინ მისცემდა  და რატომ გგონიათ რომ ქვეყნის მართვას შეძლებთ? იმ ქვეყნის მართვას, რომელსაც არც საგარეო მტერი აკლია და არც ფულზე იოლად დახურდავებული საკუთარი მოქალაქეები? ან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ნუთუ არავის აინტერესებს - რატომ აიღო საფრანგეთის მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მას რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭა? ხომ იცოდა ივანიშვილმა, მესამე ქვეყნის მოქალაქეობას თუ მოინდომებდა, საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთმეოდა?