Monday, June 13, 2011

უმუშევრობა - მთავარი დათვლის მეთოდია

ეკოპალიტრა (30.05.2011)


  
ქვეყანაში უმუშევრობის დონე მცირდება – ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ 2010 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 0,6%-ით დაიკლო და ისიც დაამატა, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის დონე იმატებდა.

რას უნდა გამოეწვია საქართველოში უმუშევრობის შემცირება? მთავრობაში ამას არ აკონკრეტებენ. ჯერ არც "საქსტატის" 2010 წლის მაჩვენებლებიც გამოქვეყნებულა. შესაბამისად, ნიკა გილაურის განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებს ემყარება და სკეპტიკოსებში ეჭვსაც იწვევს.

"საქსტატის" ცნობით, 2009 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 16,9% იყო; 2008 წელს 16,5%, ხოლო 2007-ში - 13,3%. 2009 წელს უმუშევარი 335600 ადამიანი იყო. 2010 წლის მონაცემები წესით, მალე უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა, თუ პრემიერ-მინისტრს დავუჯერებთ, უმუშევართა რაოდენობა 2000-ზე მეტით უნდა იყოს შემცირებული. ცხადია, გილაური მიიჩნევს, რომ უმუშევრობის 0,6%-ით შემცირება ბევრი არ არის, მაგრამ დადებითი სიგნალია და მომდევნო თვეებში უმუშევრობა კიდევ უფრო დაიკლებს...


ძნელი სათქმელია, საქართველოსთან რამდენად არის კავშირში, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, უმუშევრობის დონე მცირდება აშშ-ში. ამერიკის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის დონემ მარტში 0,1%-ით დაიკლო და 8,8% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე საშუალოდ 10%-ია. თუმცა მაგალითად ჰოლანდიაში უმუშევრობა დაახლოებით 4,5%-ია, ხოლო ესპანეთში 20%-საც აჭარბებს. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაჩვენებელი დაახლოებით 18%-მდეა.

განვითარებული ქვეყნების ფონზე, სადაც უმუშევრობის დონე საქართველოზე უარესია, სავსებით ლოგიკურად ჩნდება აზრი, რომ სინამდვილეში საქართველოში უმუშევრობა 16-17%-ზე მეტია. თუმცა აქ საყურადღებოა, როგორ იანგარიშება მაჩვენებელი და შეიძლება თუ არა, როცა, ვთქვათ, საფრანგეთში უმუშევრობის დონე დაახლოებით 10%-ია, საქართველოში 16%-ზე მეტი არ იყოს?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) თანახმად, უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არის 15 წლის და მეტი ასაკის; არ უმუშავია (1 საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში; ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

გამოკითხვას "საქსტატი" კვარტალში ერთხელ აწყობს. ხდება 6700 შინამეურნეობის (ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახების) შერჩევა საქართველოს მასშტაბით.
განვითარებული ქვეყნებისგან, განსაკუთრებით ევროპისგან განსხვავებით, სადაც უმუშევრებს სახელმწიფო არცთუ მცირე დახმარებას აძლევს, საქართველოში სხვა ვითარებაა. აქ ადამიანი მუშაობს თუ უმუშევარია, სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებს და შესაბამისად, არც იმის ინტერესი აქვს, შრომის ბირჟაზე გამოცხადდეს და უმუშევრობის რაღაც მონაკვეთში რამე თანხა მიიღოს. შრომის ბირჟა კი ქვეყანაში უმუშევრობის დონის ყველაზე ზუსტი განმსაზღვრელია.

"საქსტატი" ასე ითვლის - უმუშევრად არ ითვლება ის, ვინც: არ იმყოფება შინამეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; არის სამხედრო პირი და ცხოვრობს ყაზარმაში; არის პატიმარი; იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მოხუცთა თავშესაფარში ან სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებაში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დასაქმებულად მიიჩნევს 15 წლის და უფროსი ასაკის პირს, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, 1 საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით; ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

ასე რომ, ის ადამიანი, ვინც საკუთარ ბოსტანში იმუშავებს ან საქონელს მოუვლის, უმუშევრად არ ითვლება. სწორედ ამიტომ, სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქად. თვითდასაქმებული ადამიანი უმუშევრად არ ითვლება. საქართველოში კი სოფლის მოსახლეობის წილი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. უმუშევრად არ ითვლება ისიც, ვინც აქტიურად არ ეძებს სამსახურს.

ამიტომაც აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური ამგვარ ციფრებს და მათ მთავრობაც ენერგიულად იშველიებს. სანამ საქართველოში მიწაზე მუშაობაზე ხელი საბოლოოდ არ აუღიათ, როგორც ჩანს, უმუშევრობის მაჩვენებლები ჩვენთან, "მტრის ჯინაზე", სულ დაბალი იქნება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის მიერ საქართველოში მოწყობილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. რამდენიმე მონაცემი "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 46% ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 45% კი ტერიტორიულ მთლიანობას.


Wednesday, May 25, 2011

მცირე საწარმოს... მეტს ახდევინებენ

ეკოპალიტრა (24.05.2011)


ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდა, მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეაფასეს როგორც ”რევოლუციური”. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრის შემოღება. თუმცა, ზეპირი განცხადებები სხვაა და რეალობა სხვა.

როგორც ირკვევა, ის მეწარმე, რომელიც ”მცირე საწარმოს” სტატუსს მიიღებს, გაცილებით მეტად დაიბეგრება, ვიდრე ფიზიკური პირი, რომელსაც ინდმეწარმის სტატუსი აქვს და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე შპს-ის სტატუსის მქონე მეწარმე.

ახალი კოდექსით პირველად შემოვიდა ”მცირე საწარმოს” დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმი. ასევე გაჩნდა ”მიკროსაწარმოს” სტატუსი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს მხოლოდ მაშინ, თუ მისი წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, ანუ დღეში საშუალოდ 80-ლარიანი ბრუნვა აქვს. ასეთი სტატუსის მქონე მეწარმე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, რაც წინა კოდექსითაც გათვალისწინებული იყო.

ექსპერტების განმარტებით, წლიური 30 ათასი ბრუნვა ძალიან მცირე მოცულობაა. საწარმოს, რომელსაც დღეში 80-ლარიანი ბრუნვა აქვს და თუ მოგება დარჩა 10%, თვეში დაახლოებით 250 ლარის მოგება გამოუვა. ასეთი მეწარმეები კი ძნელი საპოვნელია. ისიც გაუგებარია, როგორ დაითვლება წლიური 30-ათასიანი ბრუნვა, როცა ”მიკრომეწარმეებს” აღრიცხვის წარმოებას არავითარი კანონი არ ავალდებულებს. საგადასახადოს დაინტერესების შემთხვევაში ასეთ მეწარმესთან კონფლიქტი გარდაუვალია.

”მცირე საწარმოს” სტატუსი ენიჭება ფიზიკურ პირს, რომლის წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. ასეთი ”მცირე საწარმო” იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. ამავე დროს, თუ ეს ფიზიკური პირი საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე ან აქვს გაწეული ხარჯებიდან 60%-ის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.

იურიდიული პირები მოგების გადასახადით იბეგრებიან, ფიზიკური პირები - საშემოსავლოთი. შპს იბეგრება 15%-იანი მოგების გადასახადით; ინდმეწარმე იბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ”მცირე საწარმოს” დაბეგვრის რეჟიმი კი 5% და 3%-იანი საშემოსავლო გადასახადია. ერთი შეხედვით, ეს დიდი შეღავათია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით.

თემურ კოპალეიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი):
”ვინც ეს პროექტი თავის დროზე პარლამენტში წარადგინა, 5%- და 3%-იანი დაბეგვრის რეჟიმებით, მან ალბათ მექანიკურად იგულისხმა, რომ რადგან ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია 15% და 20%-ზე, კარგი შეღავათი იქნებოდა. გაანგარიშება, როგორც ჩანს, არ გაუკეთებიათ. ცხრილის სახით შევადარე, როგორ იბეგრებიან შპს, ინდმეწარმე და მცირე საწარმოს სტატუსის მქონე ფიზიკური პირი შესაბამისი განაკვეთებით”.

დავუშვათ, მეწარმეთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 ათას ლარს, ხოლო დღიური ბრუნვა 240 ლარია; აქედან 200 ლარად მასალები შეიძინეს და 20% ფასნამატია, რათა მოგება დარჩეს (200+40=240); დღეში 240 ლარი ნიშნავს თვეში 7200-ლარიან ერთობლივი შემოსავალს, ანუ ბრუნვას, წელიწადში კი 86400 ლარს (20%-იანი ფასნამატი 14400 ლარი გამოდის). დავუშვათ, დღეში ყველას 10 ლარის ხარჯი აქვს, ანუ წელიწადში დაახლოებით 3600 ლარი (ელექტროენერგიის ხარჯი, შენობის ქირა და სხვ.), მაგრამ ასეთ ხარჯებს მნიშვნელობა აქვს შპს-სა და ინდმეწარმისთვის, და არა ”მცირე საწარმოსათვის”. რადგან, შპს-ს და ინდმეწარმის დასაბეგრ ბაზას, ანუ წლიურ შემოსავალს, 14400 ლარს ხარჯები უნდა დააკლდეს. შპს-სთვის დაგეგვრის ობიექტი განსაზღვრულია დასაბეგრი მოგება. დასაბეგრი მოგება ეს არის შემოსავალს მინუს ხარჯები. ასევე არის ინდმეწარმესათვის. დასაბეგრი შემოსავალი ეს არის ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ხარჯები. ერთობლივი შემოსავალი ჩვენს მაგალითზე შპს-მაც და ინდმეწარმემაც მიიღო თანაბრად – 10800 ლარი. შესაბამისად, 1400-3600=10800 სწორედ 10800 ლარია შპს-ს და ინდმეწარმის დასაბეგრი ბაზა. რაც შეეხება მცირე საწარმოს, მათ დასაბეგრ ბაზას ხარჯები არ აკლდება და ამიტომაც მათი დასაბეგრი ბაზა წლიური ბრუნვის ტოლია. ანუ, მცირე საწარმო იბეგრება 86400 ლარიდან.

ამგვარად, წლის ბოლოს შპს გადაიხდის 10800 ლარის 15%-ს (1620 ლარს), ინდმეწარმე გადაიხდის 10800 ლარის 20%-ს (2160 ლარს), მცირე საწარმო კი 86400 ლარის 3% (2592 ლარს) ან 5%-ს (4320 ლარს).

თემურ კოპალეიშვილი: ”ვისაც მცირე საწარმოს სტატუსის მიღება სურს, შემოსავლების სამსახურში განცხადება უნდა დაწეროს. სტატუსს ან მიანიჭებენ, ან არა. თუმცა აზრს ვერ ვხედავ, რატომ უნდა მოითხოვოს ფიზიკურმა პირმა ”მცირე საწარმოს” სტატუსი”.

შევამოწმოთ, ხომ არ იძლევა სხვაობას სხვა გადასახადები. სულ საქართველოში ექვსი გადასახადი მოქმედებს. 1. მოგების გადასახადი; 2. საშემოსავლო გადასახადი - მეწარმე ან ერთით იბეგრება ან მეორით; 3. დამატებული ღირებულების გადასახადი ანუ დღგ-ი, გადამხდელია პირი (ფიზიკური პირიც თუ შპს-ც), თუ ბრუნვა 100 ათასს აღამატება; 4. აქციზი. მოქმედებს აქციზურ საქონელზე მომუშავე ყველა საწარმოსთვის სტატუსის მიუხედავად; 5. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის შემთხვევაში, სტატუსისგან დამოუკიდებლად, ანუ აქაც ყველა თანაბარ პირობებშია; 6. ქონების გადასახადი. ამ წლიური გადასახადით დაბეგვრა ქონებაზეა დამოკიდებული და სხვაობას არ იძლევა ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის. ასე რომ, არც ერთ სხვა გადასახადში შეღავათი ”მცირე საწარმოს” არ აქვს.

გამოდის, ვისაც თუნდაც მცირე ბრუნვა აქვს, მისთვის ”მცირე საწარმოს” სტატუსის მინიჭება გაცილებით უარეს დღეში ჩაყენებას გულისხმობს, ვიდრე ეს ინდმეწარმესა და შპს-ს შემთხვევაში იქნება. ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე უკეთესი ფორმა შპს-ა. ნაკლები გადასახადის გარდა, ის პასუხს მხოლოდ საწარმოს ბალანსზე არსებული ქონებით აგებს. ინდმეწარმეს კი ბიზნესსაქმიანობისას ვალი თუ დაედო, მთელი ქონებით მოუწევს პასუხისგება, შესაძლოა სახლის თუ საკუთარი ავტომობილის გაყიდვამ მოუწიოს.

დაწინაურებულ ქვეყნებში მცირე საწარმოებისთვის შეღავათიანი რეჟიმის მინიჭება ჩვეულებრივი მოვლენაა, შეღავათის მინიჭება ბრუნვიდან გამომდინარე ხდება. ჩვენთან კი საწარმოების დაბეგვრის რეჟიმი რატომღაც სტატუსის მიხედვით არის განსაზღვრული. ხოლო ”მცირე საწარმოს” მიმართ შეღავათებზე საუბარი ახალი საგადასახადო კოდექსის პირობებში, საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილი აღმოჩნდა.

Tuesday, April 26, 2011

შეღავათი თუ ბადე ჯარიმებზე „სათევზაოდ“

ეკოპალიტრა (25.04.2011)

აუდიტორების მეშვეობით საგასადასახადო მეტი კომპანიის შემოწმებას შეძლებს

 ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომ მეწარმემ მაკონტროლებელი ორგანო თავად აირჩიოს, ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, საგადასახადო ინსპექტორი შესაძლოა კერძო აუდიტორმა ჩაანაცვლოს და აუდიტორული კომპანიის შემოწმების აქტი საგადასახადოს შემოწმების აქტად ჩაითვალოს. აუდიტორი კი საგადასახადოსგან უნდა იყოს ლიცენზირებული. მაგრამ ერთია მთავრობის მხრიდან შეთავაზება, მეორე - მისი ხორცშესხმა. კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოკვეთამდე, მეწარმეებსაც და კერძო აუდიტორებსაც ჯერჯერობით"დალოდების საათები" აქვთ. პირველ ეტაპზე პროექტი 3-6 თვის განმავლობაში, პილოტურ რეჟიმში ამოქმედდება.

ზურაბ ლალაზაშვილი (საერთაშორისო აუდიტური კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში არსებული საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე):
"ჯერ იდეის განხილვა მიმდინარეობს და კომპანიებისთვის საქმიანი შეთავაზებები არ დაწყებულა. საუბარია საპილოტე რეჟიმში გადამხდელების შერჩევაზე, რომლებსაც აუდიტური კომპანიები შეამოწმებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან თვით აუდიტური კომპანიები. სავარაუდოდ, აკრედიტაციის მისაღებად აუდიტორებსა და ასევე გადამხდელებსაც რამე პრინციპით დაყოფენ.

ეს შეიძლება იყოს წვრილი, საშუალო და მსხვილი გადამხდელები და მათი შემმოწმებელი აუდიტური კომპანიების გამორჩევა. მნიშვნელოვანია, როგორ გადაამოწმებს კერძო აუდიტორის მიერ უკვე შემოწმებულ მეწარმეს შემოსავლების სამსახური, ან თუ სახელმწიფომ მეწარმის შემოწმებისას დარღვევა აღმოაჩინა, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება. ამჟამად განვიხილავთ ასეთ ვარიანტს, რომ მეწარმეს, რომელსაც აუდიტური კომპანია შეამოწმებს, შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმება აღარ დაემუქროს, არამედ შემოწმდეს მეწარმის შემმოწმებელი კერძო აუდიტური კომპანია“.

შიშობენ, რომ აუდიტორი, რომელიც მეწარმეების შემოწმების უფლებას მიიღებს, შესაძლოა სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მოექცეს და შემოსავლების სამსახურის „საქმე აკეთოს“, ანუ მეწარმეების სერიულ დაჯარიმებას მიჰყოს ხელი. ზურაბ ლალაზაშვილი იმედოვნებს, რომ კერძო აუდიტორი პასუხისმგებელი არ იქნება შემოსავლების სამსახურის მიმართ, შესაბამისად, არც მეწარმის"გამოჭერაზე" იქნება გაფაციცებული, თუმცა ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია.

რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს აუდიტური კომპანიებისთვის შემოწმებაზე მუშაობა? როგორც ირკვევა, შესაძლოა ბევრს ამ მიზნით აკრედიტაციის მიღება არც უღირდეს.

ფრიდონ ალშიბაია (აუდიტური ფირმა შპს „ააფ-კონსალტინგის“ მმართველი პარტნიორი):"აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ნებისმიერ აუდიტურ კომპანიაზე, რომელშიც ერთი სერტიფიცირებული აუდიტორი მაინც მუშაობს. ლიცენზიას აუდიტორული საქმიანობის საბჭო გასცემს. ამ პროექტის მიზნებისთვის კი ლიცენზია შემოსავლების სამსახურმა უნდა გასცეს. ალბათ ეს არ გაკეთდება ყველა აუდიტური კომპანიისთვის. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა მათგანმა ეს ლიცენზია არც აიღოს. მართალია, პროექტი თითქოს დამატებითი შემოსავლის მომტანია, მაგრამ ძალიან დიდია პასუხისმგებლობაც“.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებისგან ეს იდეა წამოვიდა, ის არის, რომ შემოსავლების სამსახურს რესურსი არ ჰყოფნის, არ უღირს წვრილი კომპანიების დევნა. კერძო აუდიტორების მეშვეობით კი სახელმწიფო უფრო მეტ მეწარმეს შეამოწმებს. შესაბამისად, ბიუჯეტიც უფრო მეტად"იხეირებს". აქამდე შეუმოწმებელი ფირმების თუნდაც მცირე ჯარიმებმა, რომლებსაც კერძო აუდიტი დაარიცხავს, ჯამში შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხა შეადგინოს.
თუმცა ხელისუფლება, ცხადია, ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობისთვის იდგმება.

ფრიდონ ალშიბაია: „ჩემი აზრით, შემოსავლების სამსახურს რესურსი მართლაც არ ჰყოფნის. ვიცი რამდენიმე საწარმო, რომელთა შემოწმება ჯერ კიდევ შარშან უნდა დამთავრებულიყო და დღესაც გრძელდება. შეუძლებელია წინასწარ თქმა, ეს ინიციატივა რეალურად წაადგება ბიზნესს თუ არა. თუ არაკვალიფიციურად ჩატარებული აუდიტის გამო აუდიტური კომპანიისთვის დაკისრებული სანქციები დიდი იქნება, ბევრი აუდიტორი აღარ გარისკავს, შემოწმებას მაქსიმალური სიმკაცრით ჩაატარებს და ყველა სადავო თუ უდავო საკითხს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაწყვეტს... საბოლოოდ მაინც მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ გადამხდელისთვის მნიშვნელობა არ ექნება, „მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ტურა“. თუმცა ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს “.

გიორგი ცერცვაძე (შპს აუდიტურ კონცერნს „ცოდნისას“ გენერალური დირექტორი):"ახალი ინიციატივის ფარგლებში რამე შეთავაზება სახელმწიფოსგან არ მიგვიღია. თუ გადამხდელთა შემოწმების უფლება განურჩევლად ყველა აუდიტურ ფირმას მისცეს (მაგალითად, ახალლიცენზირებულ ფირმებსაც), ეს მძიმე შეცდომა იქნება. შესაძლოა ზემოაღნიშნული მიზეზები რეალური იყოს - შემოსავლების სამსახურს რესურსი არ ჰყოფნიდეს, ან ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობდეს. მინდა ვთქვა, რომ თუ იდეამ არ გაამართლა, „ბიზნესის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი“ შეიძლება „ბიზნესისთვის გაწეულ დათვურ სამსახურად“ გადაიქცეს. დაჯარიმების საფრთხემ თითქმის ყველა მეწარმე აიძულა, აღრიცხვიანობა მოეწესრიგებინა და თავისი ბიზნესი „გაეთეთრებინა“, ახლა კი მას შეიძლება გაუჩნდეს იმედი, რომ დაჯარიმების საფრთხის წინაშე აღარ დგას და აუდიტურ კომპანიას ადვილად გაურიგდება“.

ბიზმესომბუდსმენი კი ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივის მიზანი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობის აღდგენაა. გიორგი პერტაიას განცხადებით, კერძო აუდიტორის შემოწმება საგადასახადო სამსახურისთვის ხშირად არაფერს ნიშნავდა, მაინც ამოწმებდნენ და აჯარიმებდნენ კიდეც. გადამწყვეტი კი იქნება აუდიტური კომპანიების შერჩევა. რამდენად შესწვდება მათ მომსახურებას საშუალო ბიზნესი, ეს იმაზეა დამოკიდებული, მაგალითად, მხოლოდ ე.წ. „დიდი ოთხეული“ შეირჩევა (PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche Tohmatsu, Ernst & Young, KPMG), თუ აუდიტორების უფრო ფართო სპექტრი.

აუდიტური კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება საგადასახადო შემოწმებაზე აკრედიტაციის გაცემის პრინციპი და შემდეგ უკვე კონტროლის მექანიზმი. ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, მისი კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ დაინახავს, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა და არა ერთჯერადი ღონისძიება.

ციფრების ენით
- საქართველოში რეგისტრირებულია სამასზე მეტი აუდიტური კომპანია.
- რეგისტრირებულთაგან აქტიურად მოქმედია 20-30 კომპანია.
- 2011 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 350 241 ბიზნესსუბიექტი.

Tuesday, April 5, 2011

საბანკო სესხის ანატომია

ეკოპალიტრა (04.004.2011)

"კრედიტი მხოლოდ მსესხებელთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი"


 არის თუ არა საქართველოში კრედიტები ძვირი, ვის შეუძლია ბანკიდან კრედიტის შედარებით იაფად მიღება და რა ტენდენციებია ამ მხრივ საქართველოში? - ამ საკითხებზე „ეკოპალიტრა“ ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტს, პროფესორ მერაბ კაკულიას ესაუბრა.
 
- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რასაც ინფლაციის შესაჩერებელ ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს. ამით გაიზარდა პროცენტი ბანკების მიერ სებ-ისგან ნასესხებ სახსრებზე. ეს კლიენტებს სესხებს საგრძნობლად გაუძვირებს, თუ ბანკებს მარჟის შემცირებით შეუძლიათ განაკვეთების მეტ-ნაკლებად შენარჩუნება?
- ზაფხულიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის მიზნით რამდენჯერმე ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას კრედიტის გაძვირება არ გამოუწვევია არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში. ლარში გაცემული კრედიტების განაკვეთებზე ამ ინსტრუმენტის ზემოქმედება უმნიშვნელოა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების მატებას, ეს ძირითადად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას უკავშირდებოდა.

ვთქვათ, თუ ადრე ბანკი მის მიერ დეპოზიტის სახით მოზიდული ყოველი $100-იდან ეროვნულ ბანკში $5-ს არეზერვებდა, ახლა უკვე $15 უნდა დაარეზერვოს. საკრედიტო რესურსის ამ გზით გაძვირება საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების ნაკლებ შანსს ტოვებს.

- „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო სესხების მიუწვდომლობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა...
- ბანკების საკრედიტო პორტფელი შარშან თითქმის 21%-ით გაიზარდა, მაგრამ კრედიტი მხოლოდ მსესხებელთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი. იურიდიული პირებიდან - ძირითადად, მსხვილი იმპორტიორებისთვის, სამრეწველო და სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც შედარებით სტაბილური ბიზნესი აქვთ; ფიზიკური პირებიდან მსესხებელთა პრივილეგირებულ ჯგუფში, პირველ რიგში, იმავე კომპანიებისა და ბანკების მესაკუთრეები და თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე ის მოქალაქეები შედიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად არიან დასაქმებული ან/და მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.

ამ ტიპის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა რაოდენობა ერთობ მცირეა და ამდენად გასაკვირიც არ არის, რომ სესხების წვდომის მიხედვით საქართველოს რეიტინგი დაბალია, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ 139 ქვეყნიდან ამ მხრივ მხოლოდ 14 ქვეყანას ჰქონდეს საქართველოზე უარესი მდგომარეობა. მართალია, საქართველოში კრედიტის აღება ძნელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რეიტინგი სინამდვილეს არ ასახავს. საქართველო ასეულში მაინც უნდა იყოს.

- რამდენად სამართლიანად არის სესხების განაკვეთები განსაზღვრული? შეიძლება თქმა, რომ ბანკები ერთმანეთში გარიგებული არიან მაღალი ფასის დაწესებაზე, ან იქნებ არც არის კრედიტი საქართველოში ძვირი?
- განაკვეთებს საკრედიტო რესურსების მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. მართალია, საქართველოში საკრედიტო რესურსების მიწოდება, დეპოზიტების სახით, შარშან არსებითად გაიზარდა, იგი მაინც ჩამორჩება კრედიტებზე მოთხოვნას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული დადებითი ძვრების მიუხედავად, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში მაინც არამდგრადია და ბანკები რისკებს ერთობ კონსერვატიულად აფასებენ. ამიტომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში, ზოგადად, მაღალია.

ბანკები დაინტერესებული არიან კრედიტის გაცემით და არ აწყობთ საპროცენტო განაკვეთების ისეთი დონე, რომელიც მათთვის მისაღებ მსესხებელს დააფრთხობს. ასეთი მსესხებელი კი, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბევრი არ არის. ამიტომ ბანკები მათ გადაბირებას ყველანაირად ცდილობენ. სთავაზობენ შედარებით ხელსაყრელ საპროცენტო განაკვეთებს, რომელშიც რისკის პრემია მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვა მსესხებლებისთვის კი რისკის პრემია მაღალია. ამდენად, საქართველოში კრედიტები იმ მსესხებლებისთვის არის შედარებით ძვირი, რომლებიც, ბანკების აზრით, მაღალი რისკის მატარებელი არიან.

- სხვა ქვეყნებში საშუალოდ რა განაკვეთებია დაწესებული კრედიტებზე და რა განაპირობებს მათ შორის განსხვავებებს?
- საშუალო საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში კრედიტებზე დაახლოებით 7%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტის ზოგიერთ სახეობაზე განაკვეთი 7%-ზე მეტია, ზოგზეც ნაკლები, მაგალითად, იპოთეკური კრედიტი აშშ-ში 6%-ის ფარგლებშია. გერმანიაში საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 6%-ია, დიდ ბრიტანეთში - 5,5%. ყველაზე დაბალი საშუალო საკრედიტო განაკვეთები შვეიცარიაშია - 3%-ზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთში - 10%-ია, ყაზახეთში - 12%, უკრაინაში - 15%, მოლდავეთში - 19%, ყირგიზეთში - 25%. რაკი ასეთი განაკვეთები არსებობს, ესე იგი, არსებობს მოთხოვნა.

საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 19%-ია. განსხვავების მიზეზი, პირველ რიგში, საკრედიტო რესურსის ფასია. სწორედ ის არის კრედიტის ფასის მთავარი კომპონენტი. საქართველოში რომ საშუალო განაკვეთი 19%-ია, მისი უდიდესი ნაწილი დეპოზიტების ფასზე მოდის. თუმცა ბანკი მხოლოდ დეპოზიტებით მოზიდული სახსრებიდან არ გასცემს კრედიტს, შესაძლოა რომელიმე უცხოური ბანკიდან ჰქონდეს სესხი აღებული. გარდა ამისა, კრედიტის ფასის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემია. არის კიდევ საოპერაციო ხარჯებიც, თუმცა ისინი საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ.

- უცხოური ბანკებიდან საკრედიტო რესურსი დაახლოებით რა უჯდება ადგილობრივ ბანკებს?
- საპროცენტო განაკვეთი უცხოური ბანკიდან ნასესხებ სახსრებზე ამ ბანკის ქვეყანაში არსებულ საშუალო განაკვეთზე დაბალია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებს უცხოური ბანკი მსესხებელი ბანკის ქვეყნის რისკს. მხედველობაში მიიღება ისიც, თუ, რისთვის არის ნასესხები საკრედიტო რესურსი - იპოთეკური, მცირე და საშუალო ბიზნესის თუ სამომხმარებლო კრედიტების გასაცემად. ფაქტია, რომ ქართული ბანკებისთვის უფრო იაფია უცხოური ბანკებისგან ნასესხები რესურსი, ვიდრე დეპოზიტების სახით მოზიდული. ამიტომ უცხოური საკრედიტო ხაზების ხარჯზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე დეპოზიტების რესურსის შემთხვევაში.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან უფრო დაბალი საკრედიტო რისკია, ვიდრე მაგალითად ყირგიზეთში, რაკი იქ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 25%-ია?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად ბანკი როგორ აფასებს თავისსავე ქვეყანაში არსებულ საკრედიტო რისკს. შეიძლება რისკი რეალურად უფრო ნაკლები იყოს. ამასთან, მაღალი საპროცენტო განაკვეთები მოცემულ ქვეყანაში, შესაძლოა, აღურიცხავი ეკონომიკის ანუ არალეგალური ბიზნესის დიდმა მასშტაბმაც განსაზღვროს. მაგალითად, თუ ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდის კონტრაბანდული საქონელი, იმპორტიორები ძალიან მაღალ მოგებას იღებენ და უღირთ ძვირი კრედიტის აღება. ასეთი ვითარება იყო საქართველოში 10-12 წლის წინ და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე გაცილებით მაღალი იყო.

- თებერვალში, იანვართან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა სამი მილიონით გაიზარდა და 183,471 მილიონი შეადგინა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და ხომ არ უნდა ველოდოთ კრედიტების გაცემის კიდევ უფრო გამკაცრებას?
- წინა თვესთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების 3 მლნ ლარით ზრდა თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, უმოქმედო (უიმედო და საეჭვო) სესხები არ გაიზარდოს. ასეთი სესხების საერთო მოცულობა იანვარში 4,3%-ით შემცირდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი თითქმის 20%-ით. შეიძლება ითქვას, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხი არ გაუარესებულა და ამ მოტივით ბანკების საკრედიტო პოლიტიკაში რამე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ანუ, ყველა ვადაგადაცილებული სესხი უიმედო და საეჭვო არ არის.