Tuesday, May 19, 2020

ვის წაადგა კომენდანტის საათი?

ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“ №1(62)


საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონა ვირუსის პანდემიის შეკავების მიზეზით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა. 10 დღეში კომენდანტის საათიც შემოიღეს და უკვე შემოღებული მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა. 15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ როგორც იქნა დააანონსა: საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება, მაგრამ, მთელი რიგი შეზღუდვები დარჩება – ეპიდემიოლოგები ასე თვლიან საჭიროდო.














დიდი კვლევა და სოციოლოგიური გამოკითხვები არ არის საჭირო, ისედაც აშკარაა, რომ ხელისუფლებას კომენდანტის საათის პერიოდში რეიტინგი გაეზარდა. თუ გავიხსენებთ შარშანდელი 20 ივნისის (ე.წ. გავრილოვის ღამის) მოვლენებს, ხელისუფლების რეპუტაცია მაშინ ძალიან შეილახა. მაშინ საპროტესტო აქციაზე მყოფი დემონსტრანტების და 50-ზე მეტი ჟურნალისტის დასახიჩრება ხელისუფლებას ნამდვილად არ წაადგა. ხალხმა დაინახა, რომ პოლიციამ მიზანმიმართულად დასაჯა პროტესტის გამოსახატად გამოსული ადამიანები. შემდეგაც, რამდენჯერმე იყო, როცა პოლიციამ უკვე წყლის ჭავლით დაშალა საპროტესტო დემონსტრაცია. ხელისუფლება სჯის იმას, ვისაც არ მოსწონს არსებული მდგომარეობა. უკმაყოფილო ადამიანების პროტესტისშესაჩერებლად და დასასჯელად საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების შანსია, კომენდანტის საათი კი მთლად მისწრებაა. იგივე „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებაც რომ დასჯა იყო და ბევრი არაფერი აკავშირებდა წარდგენილ ბრალდებებთან „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან“, ან მით უმეტეს „პარლამენტის შტურმით აღებასთან“ – ავტორიტეტული ორგანიზაციების რეაქციამაც დაადასტურა.

იანვარ-თებერვალში ლამის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი და ავტორიტეტული ორგანიზაციები, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მმართველ ძალას სწორედ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დადებულ პირობას ახსენებდნენ. 24 ივნისს, პირადად „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბარიერის გარეშე, სრულიად პროპორციული სისტემით გაიმართებოდა. რამდენიმე თვეში იმავე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და ძალაში ძველი საარჩევნო სისტემა დატოვა.

პირობის დარღვევის გამო, ხელახალი პროტესტი ძალას იკრებდა, საერთაშორისო ზეწოლაც გაძლიერდა, ხელისუფლებაც თითქოს დათანხმდაპროპორციული სისტემა დაემტკიცებინა, მაგრამ... მაგრამ, გამოჩნდა კორონა ვირუსი, რომელიც ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა და საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა კვლავ „დაივიწყა“.

გააპროტესტებს ვინმე? კომენდანტის საათის დროს 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია!

კომენდანტის საათი გამოცხადდა პანდემიის შესაკავებლად. საზღვრები ჩაკეტილია. უცხოეთიდან ვერავინ შემოიტანს ვირუსს. დღეის მდგომარეობით 695 ინფიცირების შემთხვევაა 3.7 მილიონიან საქართველოში. ანუ, კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბი ქვეყანაში არის 0.018%. რაც შეეხება სიკვდილიანობას, გარდაიცვალა 12 პაციენტი. ანუ, გამოვლენილი შემთხვევების 0.017%-ია ლეტალობა. ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 3 ადამიანია გარდაცვლილი. მსგავსი მასშტაბის „ეპიდემიას“ სამყარო არ იცნობს და თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება ამ მდგომარეობის კატასტროფად გასაღებას, ცხადი ხდება. გულდასაწყვეტია, როდესაც ცნობილი მედიცინის მუშაკები ხელისუფლებას ხალხის დაპანიკებაში ეხმარებიან ხან იმით აშინებენ, „შინ დარჩით, თორემ კუბოებს ვერ დავითვლითო“, ხან იმას ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული ჯანდაცვის სისტემა სანიმუშოდ უმკლავდება ვირუსს. მეტიც – თურმე ამერიკაზე თუ ევროპის ქვეყნებზე უკეთესი შედეგები გვაქვს...

ეს მოსაზრებები ცხადია, ხელისუფლების რეიტინგის ზრდას უწყობს ხელს. ისევ სტატისტიკა. იგივე მეზობელ აზერბაიჯანს თუ შევედრებით, გამოვლენილი ინფიცირებულებიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.15%-ია, სომხეთში იგივე მაჩვენებელი 1.34%-ია, საქართველოში კი ინფიცირებულთა ლეტალობის მაჩვენებელი 1.73%-ია. გამოდის, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკეთ მკურნალობენ? ჩვენზე უფრო სანიმუშოები არიან?

ალბათ, ჯანდაცვის სისტემის სიძლიერე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენით იზომება. როგორც ვიცით, კოვიდ-19 უმეტესობას უსიმპტომოდ, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე გადააქვს. ასეთი ადამიანების გამოჯანმრთელების „ექიმების დამსახურებად“ გამოცხადება – არასერიოზულია. მოცემულ მომენტში საქართველოში 6 პაციენტის მდგომარეობაა „კრიტიკულად“ შეფასებული, როცა აზერბაიჯანში ასეთი პაციენტი 29, ხოლო სომხეთში 10-ია. ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ კრიტიკულ მდგომარეობაში 16 240 პაციენტია, ცხადია, მსხვერპლი იქ მეტი იქნება. მაგრამ, იმის თქმა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკეთ უმკლავდება ვირუსს, მით უმეტეს, უფრო მეტი კრიტიკული პაციენტი გამოაჯანმრთელა – რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.

კომიკურია მასობრივი თერმოსკრინინგები – სიცხის გაზომვა სრულად კარანტინში მოქცეულ სოფლებში. სადაც ინფიცირებულების გამოვლენას ცდილობენ, იქ სიცხეს კი არ უზომავენ მოქალაქეებს, ტესტებს უტარებენ. ამ მხრივ კი ჩვენი მეზობლები გაცილებით მეტ ადამიანს ტესტავენ – აზერბაიჯანში 1 მილიონ მოსახლეზე 21,135 ტესტია გაკეთებული, სომხეთში 12,154, საქართველოში კი 8,648. ამერიკაში, ყოველ 1 მილიონ ადამიანზე 31,963 ტესტია გაკეთებული. რუსეთში იგივე მაჩვენებელი უკვე 42,403-ია. ასე რომ საქართველოში ნაკლები ინფიცირებულის გამოვლენა შესაძლოა ნაკლებ ტესტსაც უკავშირდებოდეს.

რაშიც უკეთესი მდგომარეობაა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელება საქართველოში მართლაც დაბალია. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე, კოვიდ-19 საქართველოში 167 ადამიანს დაუდგინდა, სომხეთში 1303-ს, აზერბაიჯანში კი 284-ს. ვირუსის ასეთი დაბალი გავრცელება გნებავთ ხელისუფლების დამსახურებად ჩავთვალოთ, გნებავთ იღბალს მივაწეროთ, მაგრამ კომენდანტის საათის და კარანტინის ასეთი გაჭიანურება ყოველგვარ ანტივირუსულ ლოგიკას მოკლებულია.

ცხადია, სრული აბსურდია ერთი ავტომობილში 3 ადამიანზე მეტის შეზღუდვა – 4 სულიანი ოჯახის წევრებს გადაადგილება ხელისუფლებამ სრულიად უაზროდ გაურთულა. უკანა სავარძელზე მგზავრების გვერდი-გვერდ ყოფნა სახიფათო არ არის და მძღოლის გვერდით სავარძელზე ჯდომა სარისკოა? იმავდროულად დაშვებულია მოტოციკლზე 2 ადამიანის ჩახუტებული ჯდომა, ველოსიპედებით მოძრაობა და ჯგუფურად სეირნობა.

სრული აბსურდია 70 წლის ზემოთ ადამიანებისთვის ქუჩაში გამოსვლის აკრძალვა და იმავდროულად, მათთან საკვების თუ წამლის მიმტანების მისვლის აკრძალვა. 15 აპრილიდან 11 მაისამდე თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ქუთაისის ჩაკეტვა, 17-დან 27 აპრილამდე ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა ნიშნავდა, რომ 70 წელს აცილებულ მშობლებს საკუთარი შვილებიც ვერ აკითხავდნენ. რთულია ასეთ გადაწყვეტილებას სწორი უწოდო, მით უმეტეს, დაიჯერო, რომ საქართველოს მთავრობა უფრო გაუფრთხილდება შინ გამოკეტილ 70 წელს გადაცილებულ მოხუცს, ვიდრე საკუთარი შვილი...

შეუძლებელია აქა-იქ ქუჩების ქაფიანი წყლით მორეცხვა და ჯაგრისებით ხეხვა ვირუსს აკავებდეს, თუმცა, თბილისის მერია ასფალტის რეცხვას მაინც ვირუსის შემაკავებელ ღონისძიებად მიიჩნევს და ამ რეცხვაში ბიუჯეტის ფულსაც ხარჯავს.

აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელისუფლების ძიძგილაობა საქართველოს საპატრიარქოსთან. როდესაც ლამის ყველა და ყველაფერი დაკეტეს, უამრავ ადამიანს მუშაობა აუკრძალეს, მაღაზიის რიგში დისტანციის დაუცველობის გამო მამა-შვილი დააჯარიმეს, ქუჩაში 3-ზე მეტ შეკრებილ ადამიანებს 3 ათას ლარიანი ჯარიმები ჩამოურიგეს – ეკლესიებში კი ჩვეულებრივ იკრიბებოდა მრევლი, გრძელდებოდა წირვა და საერთო კოვზით ზიარება. არ დაგვავიწყდეს, რომ იმავე პერიოდში სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა მსახურება შეაჩერეს.

ეკლესიის გარდა გამონაკლისები სხვა შემთხვევებშიც გამოჩნდა. როდესაც ავტომობილების გადაადგილება აკრძალეს, იმდენ „შინაურზე“ თუ „უცხოზე“ გასცეს საშვი, თბილისის ქუჩებში საცობები წარმოიქმნა. „გამონაკლისების“ დაშვება ყოველთვის აჩენს შეკითხვებს. შეკითხვებს კი ამომწურავი პასუხები სჭირდება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. შეკითხვები გაჩნდა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში სწრაფად დაბრუნების საკითხში. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელისუფლებას მხოლოდ თანხმობა სთხოვა, დანარჩენ ხარჯებს თავად კისრულობდა. შესთავაზა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის თანხის მოძიება...

ხელისუფლებამ ამ შეთავაზებებზე გასაგებად არც სააკაშვილს უპასუხა და არც ხალხს აუხსნა, რატომ თქვა უარი. ჩვენს ჟურნალში არის რუბრიკა „სახელმწიფო მოხელე“, სადაც თითქმის ყველა ნომერში მაღალი რანგის მოხელეებთან ვწერთ ინტერვიუს. ინტერვიუს ფორმატი საკმაოდ გაწონასწორებულია, რესპონდენტი კი „სიურპრიზებისგან“ დაზღვეული – გამოქვეყნებამდე ტექსტს აუცილებლად ვაკითხებთ. ამ სიტუაციაშიც კი, სულ უფრო ჭირს ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერვიუზე დათანხმება. მეტიც, ამ ნომერში ერთ-ერთი საკმაოდ მაღალჩინოსანი თანახმაც კი იყო, მაგრამ, შემდეგ მოგვიბოდიშა – ჩვენმა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არ დამრთო ინტერვიუს ნებაო.

ვხედავთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები საერთო დირექტივით მოქმედებენ მედიასთან მიმართებაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ხელისუფლება ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს და პასუხობდეს მისთვის თუნდაც არაკომფორტულ შეკითხვებს. მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედია-საშუალებებში სტუმრობა საკმარისი არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველდღე მართავს ბრიფინგებს და ყველანაირ, ზოგჯერ არცთუ კორექტულ შეკითხვებს ისმენს და პასუხობს.

ამ სიტუაციაში, აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების განცხადება, რომ 1 ივლისიდან უცხოელ ტურისტებს მივიღებთ და არაფერს ამბობენ როგორი იქნება რუსეთიდან ტურისტების მიღების პოლიტიკა – რუსეთში კი ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელება იმდენად მასშტაბური გახდა, ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

იმ სიტუაციაში, როცა მთავრობა ვირუსით ჩვენ ყოველდღე გვაშინებს, რუსი ტურისტების მოპატიჟება – არ შეიძლება.

ახლაც და კოვიდ-19-ის გამოჩენამდეც – რუსეთი ოკუპანტია.

და ერთიც. ვისაც ხელისუფლების შემოღებული შეზღუდვები სწორი ჰგონია, სცადოს საკუთარი მშობლების ან ახლობლის საფლავზე მისვლა – სასაფლაოების დღემდე დაკეტვა რა კავშირშია ვირუსის შეკავებასთან, თანაც იმ დროს, როცა ხალხი ქუჩაშიც დადის და მაღაზიების დიდი ნაწილიც გახსნილია – სრულიად გაუგებარია.

თემურ იობაშვილი